არსებობს თუ არა აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე და როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში თბილისი?!

არსებობს თუ არა აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე და როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში თბილისი?!

არსებობს თუ არა აფხაზეთში შეიარაღებული და სამოქალაქო დაპირიპირების საფრთხე? რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ და არსებობს თუ არა ამ რთული ვითარების განმუხტვის რესურსი? ბოლო ორი დღის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტუაცია იმდენად იყო დაძაბული, რომ სოხუმში მოსახლეობამ 19-საათის განმავლობაში კოდორის ხიდის პარალიზება მოახდინა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

ე.წ. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ დე ფაქტო სამართალდამცველები ხიდიდან აქციის მონაწილეების მდინარე კოდორში გადაგდებას და მათ დაკავებას ცდილობდნენ, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კი პროტესტი 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. ოპოზიციის ლიდერების დაკავებას მოყვა. ისინი გუდაუთაში გამართული იმ შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე ანუ საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ და რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოების პრივილეგია მიანიჭა. დე-ფაქტო გენერალური პროკურორი ამტკიცებდა, რომ დაკავების მიზეზი ამ სხდომის დასრულების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან ერთ-ერთ ე.წ. დეპუტატზე განხორციელებული შეურაცხყოფა გახდა.

დაკავებულები ე.წ. უშიშროების სამსახურში გადაიყვანეს. სწორედ ამ დროს დაიწყეს მათმა მხარდამჭერებმა შეკრება. იყო შენობის შტურმით აღებისა და ავტომობილით კარის შენგრევის მცდელობაც. მოგვიანებით აქციამ სოხუმის თავისუფლების მოედანზეც გადაინაცვლა.

კრიტიკული ვითარებიდან გამომდინარე, სოხუმში სამხედრო ტექნიკა ღამითვე გამოჩნდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა კი ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. ასლან ბჟანია ამტკიცებდა, რომ სიტუაცია მათი კონტროლის ქვეშ იყო.

ე.წ. ოპოზიციასა და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი რუსეთთან შეთანხმების გაფორმება გახდა, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების შეღავათებით განხორციელების საშუალებას აძლევს, რასაც ადგილობრივი კომპანიები მოკლებული არიან. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროტესტი არ დასრულებულა. მათ უკვე დააანონსეს ფართომასშტაბიანი აქცია 15 ნოემბერს. სწორედ ამ დღეს აქვს დაგეგმილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება.

თითქმის 20-საათიანი პატიმრობის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის 5 ლიდერი გაათავისუფლეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ომარ სმირის, გარი კოკაიას, ალმასხან არძინბას, რამაზ ჯოპუასა და ასლან გვარამიას მხარდამჭერებმა ბლოკირებული ხიდების გახსნაზე უარი თქვეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ პირობა შეასრულა და მათი ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გუმისთის, ქვემო გუმისთისა და კოდორის ხიდები გახსნა. თუმცა საკითხავია სიტუაცია როდემდე განიმუხტა და არსებობს თუ არა კვლავ დაპირიპირების ალბათობა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც ბჟანიას უპირისპირდება, ვეტერანთა მოძრაობაა. ისინი თავიდანვე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან ოპოზიციაში იყვნენ. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ამ ოპოზიციონერ ლიდერებს საკუთარი მიზნები ამოძრავებთ და ღიად ამბობენ, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს არძინბას დაუჭერენ.

„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს ოპოზიცონერი ლიდერები მართლები არიან, რადგან ის კანონპროექტი, რომელიც ჯერ ერთი მოსმენით მიიღეს, აფხაზეთში ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს შექმნის. ყველა ხელისუფლებას აქვს იმის ცდუნება, ყველა ოპონენტი იზოლირებული ყავდეს. ფაქტია, რომ აფხაზეთში წინააღმდეგობა სერიოზულია და აფხაზეთში ე.წ. პატრიოტული განწყობები პიკშია. უკვე მესამე წელია, რომ რუსული წესების თავს მოხვევას წინააღმდეგობას უწევენ. ამ განწყობის ფონზე ოპოზიცია ცდილობს სარგებელი მიიღოს და ვხედავთ სიტუაცია სადამდეც მივიდა. ფაქტია, რომ ბჟანია ამ ყველფერს რუსეთის ზეწოლის ფონზე აკეთებს. ამ შემთხვევაში ცალსახად კრემლი ბჟანიას მხარეს იქნება. თავიდან ბჟანია ციდლობდა რაღაცა ლავირებას. თბილისთან დიალოგის მზაობაც გამოთქვა, აქ მისი მოადგილეც იყო თბილისში ჩამოსული და ეკონომიკურ დიალოგთან დაკავშირებით რაღაცა სხვა გზებს ეძებდა. თუმცა რუსეთის ამხელა წნეხის ფონზე, როცა აფხაზეთის ეკონომიკის 80% კრემლზეა დამოკიდებული, ასეთი ნაბიჯები უნდა გადადგას, სხვა გზა არა აქვს“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს შეიარაღებული დაპირისპირების რისკები, რადგან დაკავებული ოპოზიციის ლიდერები დე ფაქტო პრეზიდენტმა ბჟანიამ გაათავისუფლა.

„მე მაინც არ მგონია, რომ ამ ეტაპზე, აფხაზეთში არსებული ძალიან დაძაბული სიტუაციის  მიუხედავად, ვითარება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ასევე არსებობს მოსკოვის ფაქტორიც, რომელიც ამ დაპირისპირებაში მხარს მაინც ბჟანიას დაუჭერს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება და ეს პროცესები ჩვენც არანაირად არ გვაწყობს. თუმცა ამ სიტუაციაში ჩვენმა ხელისუფლებამ კონტაქტები, რაღაცა კომუნიკაცია უნდა იქონიოს აფხაზებთან. გამონახოს საერთო იმ ხალხთან, რომლებიც რუსულ საფრთხეს რეალურად ხედავენ და ამას აპროტესტებენ. მეორე მხრივ კი, რაიმე ქმედით სარგებელს არ უნდა ველოდოთ. მთავარია ჩვენთვის იქ სიმშვიდე იყოს და ხალხი არ დაზარალდეს. იქ არის გალის მოსახლეობა, რომელიც შესაძლოა ამ პროცესებში ჩათრული აღმოჩნდეს. ჩვენ ჰუმანიტარული მზადყოფნა უნდა გვქონდეს ნებისმიერ შემთხვევაში“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბჟანიამ მოსკოვში საკითხი დააყენა, რომ თუ მას არ დაეხმარებოდნენ ოპოზიციის მოთოკვაში, მაშინ ის იმ პრობლემას ვერ მოაგვარებდა, რომელიც საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას მოჰყვება. არეშიძე for.ge-სთან ამბობს, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ აფხაზური არმია ფორმალურია და გენერალურ შტაბში უმრავლესობას რუსი ოფიცრები წარმოადგენენ. რუსების გავლენა გადამწყვეტია, როგორც თავდაცვის სისტემაში, ასევე - უშიშროებაში. ამიტომაც კრემლის დახმარებას ბჟანიასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„რთულია ვივარუდო მოვლენები როგორ განვითარდება და რა შეიძლება ამ დაპირისპირებას მოჰვეს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ბჟანია ყველაფერზეა წამსვლელი. ეს კი ამ დღეებში ნათლად გამოჩნდა. ბჟანიამ უკვე განაცხადა, რომ მომავალ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ამიტომ მისთვის ახლა ეს ინვესტიციებთან დაკავშირებული კანონი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ მან მისი გატანა ვერ შეძლო, არჩევნებში მონაწილეობა კი არა, აფხაზეთში არავინ გააჩერებს. ზუსტად ამ სიტუაციაშია ე.წ. პრემიერი ანქვაბი.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ე.წ. ოპოზიცია საკმაოდ თვალთმაქცია და კუდს ისინიც კრემლს უქიცინებენ. ამიტომაც არიან ცუდ დღეში - რუსეთზე, როგორც პრობლემაზე, არ საუბრობენ - ყველაფერს ერთ კაცს - ტკაჩოვს აბრალებენ, რომელსაც აფხაზეთში ინვესტიციის ჩადების დიდი ინტერესი ამოძრავებს. ზოგადად, ისინი არასდროს ამბობენ, რომ რუსეთი რაღაცას აიძულებს, რუსეთისგან საფრთხე ელით, გამუდმებით მითიურ რუს ოლიგარქებზე საუბრობენ. ამიტომ მათი მდგომარეობაც ძალიან სასაცილო და სავალალოა. ამ ოლიგარქს ტკაჩოვს ბევრი რამ შეუძლია, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმება და მასზე ხელის მოწერა - ნამდვილად არა. ეს ყველაფერი ხომ კრემლის დაკვეთით მოდის. ამიტომ აფხაზი ხალხის პრობლემა იმაზე რთული და წარმოუდგენელია, რომ ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს. ჯერ ერთი, რომ ცოტანი არიან, თანაც სუსტები, მათ წინაშე კი დგას რუსეთი, რომლის სამხედრო კონტიგენტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. ამიტომ მგონია, რომ მხოლოდ ფორმალურად ფაფხურობენ და ამ ყველაფერს არანაიირ შედეგი არ მოჰყვება“,-ამბობს არეშიძე.