„შარლ მიშელ 2-ს ელოდებიან... თუ ვინმე მოჰკიდებს ხელს და შეიყვანს პარლამენტში, ნაწყენი სახით დათანხმდებიან“

„შარლ მიშელ 2-ს ელოდებიან... თუ ვინმე მოჰკიდებს ხელს და შეიყვანს პარლამენტში, ნაწყენი სახით დათანხმდებიან“

პოლიტიკური კეკლუცობა შარლ მიშელ 2-ის მოლოდინში. რადიკალური ოპოზიციის ნაწილი არ აპირებს პარლამენტში შესვლას და სიების ჩახსნის იურიდიული ნონსენსითაა დაკავებული. სავარაუდოდ, მათი ბოიკოტი გასტანს მანამ, სანამ არ გამოჩნდება ვინმე ევროპელი შუამავალი, რომელიც მათ ვითომც ნაძალადევად შეუძღვება პარლამენტში. 

მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს?! კამერის წინაშე დავდეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ, - ასეთნაირად ამართლებს ნიკა გვარამია იმ ფაქტს, რომ თინა ბოკუჩავასთან ერთად საზეიმოდ გვამცნო საპარლამენტო სიების ჩახსნის თაობაზე.

წესით, იურისტ გვარამიას ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე ე.წ. სიების ჩახსნა იურიდიული ნონსენსია და ეს არ შეიძლება. მით უმეტეს, ოპოზიცია ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გაფრთხილებული იყო პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერავინ ვერანაირ სიას ვერ ჩახსნიდა, რადგან ეს აკრძალული იყო.

ამის მიუხედავად, ნაცმოძრაობამ თინა ბოკუჩავას მეშვეობით და კოალიცია ცვლილებებისთვის ნიკა გვარამიამ ცესკოს მიმართეს სიების გაუქმების თაობაზე, რომ არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.

ბოკუჩავას თქმით, მისი პარტია უარს ამბობს მანდატები მიიღოს იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, თუმცა ბოკუჩავა დღემდე არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ტოტალურ გაყალბებაში. მისი თქმით, ცესკოს არ აქვს უფლება უფლებამოსილების ცნობის მიზნით ნაცმოძრაობის წევრების საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს.

ნიკა გვარამიაც იმავეს აჟღერებს, რომ მისი კოალიციის ყველა წევრი, ვინც საარჩევნო სიაშია, უარს აცხადებს რეჟიმთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე.

ნაცმოძრაობის და კოალიცია ცვლილებებისთვის აბსურდულ განცხადებას ემიჯნება გახარია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი და ამბობს, რომ არ არსებობს სიების ჩახსნა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე. ამდენად, ნათია მეზვრიშვილის თქმით, როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვათ, ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას იწვევ.

რამდენად პრინციპულნი აღმოჩნდებიან ოპოზიციონრები პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის საქმეში და საგაზაფხულო სესიისთვის მაინც ხომ არ წაუცდებათ ხელი პარლამენტარებისთვის განკუთვნილ ხელფასსა და პრივილეგიებზე?!

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე არ არსებობს სიების ჩახსნის პროცედურა და საკითხავია, როგორ ჩახსნეს სიები გვარამიამ და ბოკუჩავამ, როცა ეს პროცედურა არ არის? სიტყვიერად ჩახსნეს? ეს ხომ ნიშნავს, რომ მოგვატყუეს, თითქოს სიები ჩახსნეს, თორემ ქართულ ენას აქვს ამ მოქმედების გადმოცემის შესანიშნავი გამოხატულება - ვაპირებთ, რომ ჩავხსნათ სიები. წესით, ეს არ უნდა შეშლოდა ნიკა გვარამიას, მაგრამ იმდენი ასპექტი აქვს მის პიროვნებას, შეიძლება ბევრი რამ გამოტოვოს.

პოლიტიკოსობა მაცდური რამეა, შეცდომას გაშვებინებს ადამიანს. რაც შეეხება საკითხს, მოგვიანებით შევლენ თუ არა პარლამენტში ჩვენი ოპოზიციონრები, მეც მგონია, რომ დაახლოებით იმ ტიპის მოტივი უნდა ჰქონდეთ, რაც თავის დროზე შარლ მიშელის მოთხოვნა იყო, რომელმაც, ფაქტობრივად, ჩაჰკიდა ხელი ორივე მხარეს და დააყენა ერთმანეთის პირისპირ. რაღაც ასეთი იძულების მექანიზმი უნდა იყოს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ საპროტესტო რეჟიმში უნდა გადავიდნენ და ბოიკოტი გამოაცხადონ. რატომღაც ოპოზიციას საქართველოში ჩამოუყალიბდა ასეთი მოდელი, რომ რახან ოპოზიციაა, ჯერ ერთი, ყველაფრით უკმაყოფილო უნდა იყოს, არ უნდა აღიაროს არაფერი და მაქსიმალურად სცადოს წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას. არადა, წააგეს არჩევნები და ხომ შეიძლება, ადგნენ სათამაშო მაგიდიდან?! ჭადრაკი, ნარდი, ან კარტი რომ წააგო და თქვა, არ ავდგები, კიდევ ვითამაშებ, თქვენ მომატყუეთო, ეს კარგი ტონი იქნება?!- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ამასთან, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ამ კონკრეტულ ოპოზიციონრებს პარლამენტში შესვლა ახლაც უნდათ, მაგრამ ე.წ. ოპოზიციური მოდელი ხელს უშლით. შესაბამისად, მათ ასე წარმოუდგენიათ, რადგან ოპოზიცია ჰქვიათ და ისინი დამარცხდნენ, არ უნდა შეეგუონ ბედს და უნდა იჩხუბონონ. ფაქტობრივად, ისინი ქართულად გაწერილი ოპოზიციონერობის როლს ასრულებენ. ეს როლი აიძულებს, მოიქცნენ ისე, როგორც იქცევიან და მერე, თუ ვინმე მოჰკიდებს ხელს და შეიყვანს პარლამენტში, ნაწყენი სახით დათანხმდებიან, თითქოს თვითონ კი აპირებდნენ პროტესტს, მაგრამ ჯანდაბას, პარლამენტში შევლენ. ანუ ეს ადამიანები შარლ მიშელ 2-ს ელოდებიან.

მათ ცნობიერებაში უნდა მოხდეს მცირე შესწორება, რომ ოპოზიციონრობის პროფილი არ არის მხოლოდ ქუჩის პროტესტი, უფრო სწორად, ძალიან მცირე დოზითაა ქუჩის პროტესტის გამოხატვა სავალდებულო. ძირითადად მათთვის, როგორც ოპოზიციონერებისთვის, სავალდებულოა საკანონმდებლო მუშაობაში ჩართვა, ბიუჯეტის დამტკიცებისას კამათი. პარლამენტის ძირითადი ფუნქციაა ბიუჯეტის დამტკიცება, მათ წინაშე ბიუჯეტი ღიაა. მე და თქვენ რომ მოვინდომოთ, ვერც გავიგებთ, რა წერია ბიუჯეტის პროექტში, ჩვენთვის ეს დაფარულია. ნაცვლად იმისა, დასხდნენ და ბიუჯეტის ამბები გაარკვიონ, ქუჩაში დგებიან და ვერ ხვდებიან, არ არის ქუჩაში დგომა შედეგიანი, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ეს პროტესტი დროებითია, რადგან ზუსტად გვახსოვს, რასაც ისინი აკეთებდნენ 2020 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინაც იძახდნენ, არჩევნები გაყალბდა, ჩატარდეს ხელმეორე არჩევნები, ანუ შალიკოს ფანჩატურიდან ისინი მივიდნენ ზურაბიშვილის სეფამდე, გადახურულ ადგილამდე, სადაც აბსურდის შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა, მიმდინარეობს საუბარი ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე და ეს ადამიანები იმასაც გვიმტკიცებენ, ჩვენ ვართ არჩეული ხელისუფლებაო.

ჩემს სოფელთან ახლოს არის ბუკნარის წიაღოვანი, სადაც ნიგვზებია, იმ ნიგვზებში შეუძლიათ შევიდნენ, შემოღობონ და ითამაშონ სახლობანა. რა პრობლემაა. იქ ეყოლებათ თავიანთი პრეზიდენტი, თავიანთი პრემიერ-მინისტი და იგულაონ. პარლამენტში მათ შესვლას არავითარი ფასი არ აქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ესენი ახალ წლამდე კისრის ტეხვით შევლენ პარლამენტში, ვინაიდან მათი ხელფასები 8 ათასია, იქ მივლინებებია, იქ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებია, გულაობაა, არც ერთ შემთხვევაში, ამას არ შეელევიან. ამიტომ ახლა იძახიან, სიები ჩავხსნათო, მაგრამ მერე იტყვიან, სიები მივაბათო. ჯერჯერობით სიების ჩახსნა არ შეიძლება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე. ვფიქრობ, რეალურად მათ ინტერესში არცაა სიების ჩახსნა, მათ სულს იმდენად დიდი წადილი აქვს ფულისკენ. ამიტომაც არიან ყველაფრის მკადრებელნი, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ for ge-სთან საუბრისას.