„სანამ ახალი ოპოზიცია არ გაჩნდება, არარაციონალურია, არარენტაბელურია ამ ოპოზიციის მოშლა“

„სანამ ახალი ოპოზიცია არ გაჩნდება, არარაციონალურია, არარენტაბელურია ამ ოპოზიციის მოშლა“

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მთავარი საარჩევნო დაპირების შესრულების განხორციელებაში. თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს მუშაობა ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივი ქმედებების ჩამდენთა მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე. კახა კალაძის თქმით, გამოძიების შესაძლებლობა საკონსტიტუციო უმრავლესობის არქონის შემთხვევაშიც არსებობს.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საარჩევნო კამპანიის დროს გავაკეთეთ განცხადება და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, იმიტომ რომ იყო მთელი რიგი გეგმები და გადასადგმელი ნაბიჯები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავ, დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მმართველ გუნდს ჯერჯერობით გენერალური პროკურატურისთვის არ მიუმართავს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა, როგორც ჩანს, პროცესი იწყება. აგვისტოს ომის გამოძიების პარალელურად კი დგება კიდევ ერთ-ერთი მთავარი საკითხი - „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა უნდა გაუქმდეს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სვლაში დაადანაშაულა. მან ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება არ გამორიცხა.

„აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც დეპუტატების მცირე რაოდენობა სჭირდება. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს გააგრძელებენ, ამ შემთხვევაში, შეიძლება ჩვენ ეს საკითხი განვიხილოთ. მეორე მხრივ, დღეს ოპოზიცია იმდენად დასუსტებულია, რომ შეიძლება ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა დამოკიდებულია ოპოზიციის ქმედებებზე. მისი თქმით, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, როგორ დაჭირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„საკონონსტიტუციო სასამართლოს გაცილებით მეტი მტკიცებულება ექნება, ვიდრე პოლიტიკური პარტიის აკრძალვას შეიძლება დაედოს საფუძვლად. პოლიტიკური ძალები ქვეყანას მტრობენ და ამას საჯაროდ აკეთებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ვიდრე ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობაა“, პოლიტიკურ სივრცეში ჯანსაღი ოპოზიციის ადგილი ვერ მოიძებნება.

საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შესაბამისი სარჩელის საფუძველზე, აკრძალოს პოლიტიკური პარტია, რომელიც მოწოდებულია, ანტიკონსტიტუციური განცხადებები აკეთოს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს გაუწიოს ორგანიზება. ასეთი პოლიტიკური პარტიები ევროპაშიც ბევრი აკრძალულა, რისი მაგალითებიც გვაქვს. პარტიების აკრძალვის პრაქტიკა არსებობს ევროპაში და გარწმუნებთ, რომ იმაზე მეტი მტკიცებულებები გვაქვს, ვიდრე პარტიის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ტრადიციულად, მტრის ხატს იგონებენ ხოლმე სპეციალურად და ვიცით იგივე სტალინის პეროდში როგორ აცხობდნენ მტრებს სხვადასხვა კუთხეში და რატომ. საჭირო ხდება ეს მტრის ხატი, რადგან ბევრი მექანიზმი იწყებს მუშაობას.

„როდესაც ასეთი მტერი, მეტოქე არსებობს ოცნებისთვის, რომელიც ვერც ერთ არჩევნებში ვერ იმარჯვებს, ვეღარც ხალხი გამოჰყავს და ძირითადად სიცილის საგანი ხდება და განსაკუთრებით 11 ნოემბრის აქციის შემდეგ, ასეთი ოპოზიციის მოსპობა შეიძლება? სანამ ახალი ოპოზიცია არ გაჩნდება და ისეთი, რომელიც შეავსებს ამ ადგილს, პოლიტიკურ სცენაზე ცარიელი ადგილი რჩება. თუ ოპოზიციას არ ამოიყვან, მაშინ ვერც უცხოელებს აუხსნი რა მოხდა და პრინციპში „ქართულ ოცნებასაც“ მოსწყინდება მარტოობა და მერე დაიშლება თვითონ. ამიტომ, ჯერჯერობით არარაციონალურია, არარენტაბელურია ამ ოპოზიციის მოშლა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

მარბიელი ანუ, თუ /სანამ/ მეწველ ძროხას ვერ ვიშოვით, ბერწი ძროხა ვარჩინოთ მუქთად?
5 დღის უკან