„ხალხის გაბრაზება კი არ გაიზარდა, კიდევ უფრო შენელდა, ოპოზიცია კი არარსებულ რესურსზეა ჩამოკიდებული“

„ხალხის გაბრაზება კი არ გაიზარდა, კიდევ უფრო შენელდა, ოპოზიცია კი არარსებულ რესურსზეა ჩამოკიდებული“

მას შემდეგ, რაც ოპოზიციას 8 ევროპელი პოლიტიკოსის თბილისში ჩამოსვლამაც ვერ უშველა, ახლა სტრატეგიის შეცვლას ცდილობენ. აქამდე თუკი ამბობდნენ, რომ მათთვის საპროტესტო აქციების მნიშვნელოვანი დღე პარლამენტის პირველი სხდომა იყო, რომელიც 1 დეკემბრამდე უნდა შეიკრიბოს, ახლა აცხადებენ, რომ შესაძლოა ასეთი საკვანძო დღე ცესკოს შემაჯამებელი ოქმების თარიღი გახდეს. ოპოზიაში აცხადებენ, რომ ცესკო აპირებს 21 ნოემბრის ნაცვლად შემაჯამებელი ოქმები 16 ნოემბერს გამოსცეს. ამის მიზანი კი მათი გეგმების არევაა. აქვე მუქარასაც აყოლებენ და ამტკიცებენ, რომ ეს დღე ხელისუფლებისთვის დიდი თავისტკივილი გახდება. 

მუქარაზეა გადასული „ახალი“-ს ლიდერი ნიკა გვარამია და სოციალურ ქსელში წერს, რომ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც საზოგადოება მალე ნახავს.

„რაღაც ჩქარ-ჩქარა ფაციფუცობთ ცესკოდ წოდებულნო. ახლა, თქვენ თუ გგონიათ, რომ 21-ის ნაცვლად 16 ნოემბერს თუ გამოგვიცხადებთ შემაჯამაბელ ოქმს (ისტორიულ განაჩენს), მანამდე ვერ მოგისწრებთ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, ძაან მიგიქარავთ. ფეხს ვერ გამოადგამთ მაგ თქვენი მცირე ქაჯეთის ციხიდან! და ის პატივცემული გვამები ფეხს ვერ შეადგამენ დიდ ქაჯეთის ციხეში.

შემთხვევით, ვინმემ ხომ არ დაიჯერა, რომ კარვებს და „კიდო იმგენს“ აღარ ვიმარაგებთ? ვიმარაგებთ, ვიმარაგებთ. და „კიდო იმგენი“ ბევრად საინტერესო და მნიშვნელოვანია კარვებზე. ახლა რომ აქ არ მოგიყვებით, ხვდებით ალბათ. საჭირო დროს და საჭირო ადგილზე გაიგებთ, დაგველოდეთ“, - წერს გვარამია.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში კი ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ყველა ინსტანციის სასამართლოში საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ შეაჯამებს, მაგრამ არაუგვიანეს 21 ნოემბრისა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია სასამართლოს პირველი და შემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს აუცილებლად დაელოდება და ამის შემდეგ მიღებული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო, ოფიციალური, შემაჯამებელი ოქმი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ.

11 ნოემბერს, ცესკომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და ოპოზიციური გაერთიანებების „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების გაბათილების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

ცესკოში არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვა თითქმის რვა საათი გაგრძელდა. მომჩივანი მხარის ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

7 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევის აღიარების და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღმოსავლეთ საქართველოში 1293-ვე საარჩევნო უბანზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები იყო გამოყენებული.

ერთი დღით ადრე კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ეღიარებინა არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევა და დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.

26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია შემდგარია - პირველი სხდომაც კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად ჩატარდება! - განაცხადა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, „26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის ოპოზიციის ტყუილები და უარგუმენტო ჭორაობა, რომლის ფასიც ნულოვანია“.

მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტში შესასვლელად რადიკალი ოპოზიციონერების რიგიც დადგება.

ოპოზიცია ახლა დიდ გაჭირვებაშია! არც პროტესტის რეალური რესურსი გააჩნიათ და თან საკუთარი ამომრჩეველიც მოტყუებული ჰყავთ. ცხადია, მათ დღის წესრიგში უდგათ, რომ რაიმე ფორმით თავი იმართლონ.

ოპოზიციამ ამ გასაჭირში თავი საკუთარი ტყუილების გამო ჩაიგდო. მათ საარჩევნო კამპანია არ უწარმოებიათ, ამომრჩეველთან არ უსაუბრიათ და როცა არჩევნებს მწარედ წააგებ, შემდეგ არაფერი უნდა გაგიკვირდეს.

ოპოზიცია ლაბირინთშია შესული და ახლა ცდილობს, ლაბირინთიდან გამოაღწიოს, სადაც კედლებს აწყდება. მათ მცდელობას ნულოვანი ეფექტი ექნება, რადგან ეს კინო რამდენიმე წლის წინ უკვე ვნახეთ.

ალბათ, პარლამენტში რადიკალი ოპოზიციონერების შემოსასვლელად რიგიც დადგება. მათ მანდატებს შევუწყვეტთ თუ არა, ეს საკითხი შემდეგ გადაწყდება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციას არანაირი გეგმა არა აქვს, ეს არაერთხელ უკვე გამოჩნდა და საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებას და ფუჭი იმედის მიცემას აგრძელებენ. ახლა ცესკოს შემაჯამებელი ოქმების დღეა ვითომ ის მნიშვნელოვანი თარიღი, რომელმაც მათ „ბრძოლაში“ რაღაცა გარდატეხა უნდა შეიტანოს.

„ოპოზიცია ახლა დიდ იმედებს ამყარებდა ამ 8 ევროპელ დეპუტატზე, თუმცა იმედები ისევ გუცრუვდათ. სადღაც ათის ნახევარზე, ხალხი, რომელიც ასევე მცირე რაოდენობით იყო მისული, გარშემო შემოეფანტათ. ფაქტობრივად, ამ დროისთვის აქცია უკვე დასრულდა. ამ დროს კი როცა მუხტი არის, ჯერ ერთი ხალხიც ბევრია და მეორეც „გაბრაზებულ“ ხალხს, როგორც თავად ამბობენ, ასე მალე რა დაშლის. უმეტესწილად ძნელია თავმოყრილი ხალხის დაშლა, იმდენად უნდათ ხოლმე ერთად ყოფნა. 11 ნოემბერს კი, როგორც თავად ოპოზიცია აპიარებდა, ამხელა ევროპელი პოლიტიკური ლიდერები ჩამოვიდნენ მხარდასაჭერად და იმ ხალხის რაოდენობის 1%-იც კი ვერ გამოიყვანეს, რომლებმაც ოპოზიციას არჩევნებზე ხმა მისცა. ეს ყველაფერი ხომ უკვე ოპოზიციისთვის ცუდია და ხედავენ რომ საპროტესტო მუხტი დაბალია. შესაბამისად, ოპოზიცია ცდილობს გეგმების შეცვლას, რადგან შიში აქვს, რომ რაც უფრო დროში გაიწელება ეს პროცესი, ხალხი მით უფრო შემოეფანტება. ამიტომ პარლამენტის პირველ სხდომამდე ეშინიათ, რომ ხალხი იმ რაოდენობით რაც ახლა მისდით, საერთოდაც გაიფანტება, განიავდება.

ამიტომ ეხლა დაიწყეს საუბარი ცესკოს შემაჯამებელი ოქმების დღეზე. გვარამიამ დღის წესრიგში ისევ კარვები დააბრუნა და ვითომ დაიწყო ბაქი-ბუქი, რომ ხელისუფლებას რაღაცა სიუპრიზებს უმზადებენ. არა მგონია, რომ დროის აქეთ გადმოტანამ მაგათ აქციებს რამე უშველოს. აქციებს ასევე კრავს შედეგიანობა, აზრიანობა, 11 ნოემბრის აქციაზე სტუმრების გამოსვლები და მათი განცხადებები იმდენად ალოგიკური იყო, რომ ბოლოს თავად ოპოზიციის ლიდერებმაც ვერ გაიგეს ეს ხალხი რისთვის ჩამოვიდა. ერთმა ევროპელმა ლიდერმა საერთოდ გამოაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის და საქართველოში ვიზიტი ბოლო იყო. მეორემ კი თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოხდეს. თან დაგვემუქრნენ, რომ ვიზალიბერალიზაციას წაგართმევთო“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე და სვამს კითხვას, ამ განცხადებებით რა მიიღო ოპოზიციამ? მოახერხებს ამის შემდეგ ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ხალხის გამოყვანას?

„გვარამიას განცხადება ყალბია და მხოლოდ იმაზეა გათვლილი, რომ დაფაროს ის დაბნეულობა, გაურკვევლობა, რომელიც თავად ოპოზიციის შიგნით არსებობს. ამის აღიარება არ უნდათ და სულ იძახიან, რომ გეგმა აქვთ, მაგრამ არ ამბობენ. ჩვენი ოპოზიციის პირველი შეცდომა ის არის, რომ ყველაზე დიდ ფსონს დებენ აქციებზე, ხალხის პროტესტზე. არადა ჯერ აქციები ასეთი უნივერსალური საშუალება არ არის იმისთვის, რომ პოლიტიკური ძვრები გამოიწვიოს, მით უმეტეს, როცა გარეთ ხალხის საკმაოდ მცირე რაოდენობა გამოდის. არჩევნების დღის შემდეგ ხალხის გაბრაზება კი არ გაიზარდა, კიდევ უფრო შენელდა. ამიტომ ოპოზიცია არის ჩამოკიდებული იმ რესურსზე, რომელიც რეალობაში არ არსებობს. ცესკოს შემაჯამებელი დღე იქნება, თუ პარლამენტის პირველი სხოდმა, ისევე ჩაივლის, როგორიც აქამდე გვინახია. ოპოზიცია ცოტა სიტუაციის დაძბვას შეეცდება, იქნება გაქაჩვა-გამოქაჩვა, მაგრამ ვერაფერს შეძლებენ“, - ამბობს საყვარელიძე.

მარბიელი ხალხს გასაბრაზებელი არაფერი აქვს, გაბრაზებულობანას თამაშობენ ვაშაძე, ხაზარაძე, ბეჟაშვილი, ცისკარიშვილი და მათი მსგავსი უნიჭო და ამბიციით შეპყრობილი სალახანა - ზოგს პრემიერობა ესიზმრება, ზოგს მინისტრობა ...
5 დღის უკან