10 ნოემბერს, უკრაინელებმა რუსეთის ბრიანსკის ოლქში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრზე დრონებით იერიში მიიტანეს. უკრაინულმა მედიამ, ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტერიტორიაზე, სულ მცირე, 8 აფეთქება და ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 70 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 14 ბრიანსკის ოლქში. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული სამხედრო ობიექტები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება უკრაინული ძალებისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა მათ, ვინც ფრონტზე რუსულ აღჭურვილობას ანადგურებენ. ინფორმაცია უკრაინული მედია ავრცელებს.
„უპირველეს ყოვლისა, მადლიერების სიტყვა ყველა ჩვენს ჯარისკაცს, რომლებიც ახორციელებენ დარტყმებს ჩვენი დრონებით. ყველა ხედავს, თუ როგორ მუშაობენ ეს დრონები ფრონტზე, ისევე როგორც ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი დრონები. რუსული სამხედრო ობიექტები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი ჯარისკაცებისთვის. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს და ბიჭებს სპეციალური ოპერაციების ძალებიდან. რუსული სამხედრო საწყობები, აეროდრომები და მათი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები არ დაიმალება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ უშუალოდ, სანამ აშშ-ში ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციით შეიცვლება, ზელენსკი ცდილობს გამოიყენოს ის რესურსი, რასაც ახლა უკრაიანა ამერიკისგან იღებს და სერიოზული დარტყმები მიაყენოს რუსეთს.
„ვიდრე აშშ-ში ადმინისტრაცია არ შეიცვლება, რაც იანვარში მოხდება, არ მგონია, რომ მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ვიდრე ბაიდენი ჯერ კიდევ ადმინისტრაციაშია, უკრაინა მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ეს ფაქტი და გარკვეული ნაბიჯები გადაადგმევინოს ბაიდენს - ტრამპი რომ მოვა, ახალი რეალობა დახვდება. ტრამპი ბევრს კი საუბრობს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლია - მხოლოდ იანვრიდან დაიწყება მისი აქტიურობა. ზელენსკი ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ბაიდენის ყოფნა ჯერ კიდევ ამერიკის ხელმძღვანელობაში და გარკვეული მხარდაჭერა მიიღოს - ეს იქნება ფინანსური, იარაღით თუ დიპლომატიური. ამიტომ გააქტიურდა უკრაინა და მეტად იყენებს იმ რესურსებს, რაც გააჩნია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, დონალდ ტრამპისთვის მთავარია რუსეთი, რადგან სურს რუსეთ-ჩინეთის ალიანსის დაშალოს და ჩინეთის გაძლიერება შეაფერხოს.
„ტრამპს უნდა ომის დასრულება, მაგრამ როგორ დაასრულებს არ იცის. მან უნდა მოსინჯოს ძალები პუტინთან, რაზე წამსვლელია რუსეთი და ამის მიხედვით მოარგებს უკრაინასთან ურთიერთობებს. ტრამპისთვის მთავარია რუსეთი, რადგან მისთვის მთავარია ჩინეთი, რომელიც რუსეთის მეგობარია. მას უნდა, როგორმე გახლიჩოს რუსეთ-ჩინეთის ალიანსი. ტრამპმა კარგად იცის, რომ ამერიკა ყველაფერს გაუძლებს, ყველას დაამარცხებს, მაგრამ მას არ უნდა სუსხლისღვრა, უბრალოდ, სურს, ამერიკა იყოს ძლიერი და ამერიკის გარდა მას არაფერი აინტერესებს დედამიწის ზურგზე“, - აღნიშნა კონფლოქტოლოგმა.
მისი შეფასებით, დღეს ფრონტის ხაზზე რუსეთს სამხედრო უპირატესობა აქვს, მაგრამ უკრაინა ცდილობს ამერიკას აჩვენოს, რომ არც თავად არის სუსტი:
„რუსეთს გარკვეული უპირატესობა გააჩნია მხოლოდ ფრონტის ხაზზე - იარაღი მეტი აქვს, მეტი ჯარისკაცი ჰყავს. ამის ფონზე, რუსეთს სამხედრო უპირატესობა აქვს. უკრაინას უნდა, რომ რუსეთის უპირატესობა შეაჩეროს და აჩვენოს, რომ ის არის თანასწორი სამხედრო ძალა რუსეთთან და არა სუსტი - სურს ეს აჩვენოს პირველ რიგში, ბაიდენს და შემდეგ ეს ამბავი დაახვედროს ტრამპს“, - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ელოდონ განცხადებებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თარიღსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, ტუსკმა აღნიშნა, რომ ასეთი გეგმა, მოსამზადებელ ეტაპზეა. მისი აზრით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია დეკლარაცია, კერძოდ ცეცხლის შეწყვეტის თარიღთან დაკავშირებით, რომელ საზღვარზე იმოქმედებს ის და ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.
„ეს იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც გაითვალისწინებს აშშ-ის ნაკლებ ჩარევას უკრაინის საქმეებში“, - განმარტა ტუსკმა.