„როგორც ვიცი, ხალხი პარლამენტში შესასვლელად ემზადება - ზოგი ამას ღიად წერს, ზოგი ანკეტებს ავსებს და ა.შ.“

„როგორც ვიცი, ხალხი პარლამენტში შესასვლელად ემზადება - ზოგი ამას ღიად წერს, ზოგი ანკეტებს ავსებს და ა.შ.“

იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია ხალხს საპროტესტო აქციებზე გამოსვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია, „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ისინი პარლამენტში შესასვლელად ემზადებიან. ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა ხალხში არსებული საპროტესო მუხტი შენელდეს, რაც ფაქტია, მოახერხეს და ახლა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მხოლოდ დასავლეთიდან წამოსულ საბოლოო რეაქციებს ელიან, რომ არჩევნების სრული ლეგიტიმაცია მოხდეს. პოლიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ „ოცნებამ“ დასავლეთთან მოლაპარაკების საგანი მონახოს და არჩევნების ირგვლივ დავა საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდეს.

არჩევნებიდან უკვე ორი კვირაზე მეტი გავიდა, ოპოზიციამ როგორც იქნა რაღაცა სამოქმედო გეგმა გამოაცხადა, რომელიც ყოველ დღე აქციებს და საპროტესტო მუხტის კიდევ უფრო გაზრდას გულისხმობდა. ამის მიუხედავად, მათ მიიღეს მუხტის მინელება და ქუჩაში მათივე ამომრჩევლების გამოყვანასაც კი ვეღარ ახერხებენ. როგორ ფიქრობთ, რის მიღწევას შეძლებს ოპოზიცია?

- ერთი, რასაც მე ვეთანხმები და რაზეც ვფიქრობ, რომ ოპოზიციას დავა შეუძლია, ეს არჩევნების დღეს ფარულობის დარღვევაა. ეს პრობლემას წარმოადგენს, სამართლებრივად ყველასთვის, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მიმაჩნია, რომ ამის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, დასავლეთმა არჩენები არ ცნოს. თუმცა ამის მიღმა ჩვენი ოპოზიციის მხრიდან ვერ ვხედავ იმას, რომ ამას შეძლებენ ან ჩვენს ხელისუფლებას რაიმე გზით საფრთხეს უქმნიან. როგორც მე ვიცი, ხალხი პარლამენტში შესასვლელად ემზადება. ზოგი ამას სოციალურ ქსელში ღიად წერს, ზოგი ანკეტებს ავსებს და ა.შ. უფრო მგონია, რომ ეს პროცესი მიდის ახლა და მზადებაა ოპოზიციის მხრიდან, რომ პარლამენტში შევიდნენ. თუმცა ერთადერთი, რა სიურპრიზიც შეიძლება ხელისუფლებას ელოდეს, ეს დასავლეთის დამოკიდებულება იქნება, რომელიც არჩევნების ფარულობის დარღვევას ეხება, თუმცა ამასაც დამტკიცება სჭირდება. მნიშვნელობა ექნება ოპოზიციის პოზიციასაც, რას იზამენ საბოლოოდ.

ანუ, ოპოზიციას უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ ისიც დასავლეთიდან წამოსულ რეაქციას ელოდება? ან დასავლეთისთვის ქმნიან ბრძოლის იმიტაციას, თითქოს არჩევნების გაყალბების დამტკიცებისთვის იბრძვიან?

- ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, როცა ოპოზიციამ აქციები დააანონსა და ხალხის აქეთ-იქით ტარება დაიწყო, რომ ეს იყო შეთანხმებული თამაში, რათა „ოცნებას“ ბოლოს ხელისუფლება შეენარჩუნებინა. ასეც ხდება და ვხედავთ, რომ აქციები მინელდა, ხალხის პროტესტი გაილია და ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს საიმისოდ, რომ „ოცნებამ“ ხელისუფლება ვერ გაიფორმოს. დანარჩენი, მელნის გაჟონვა გამოიწვევს თუ არა რაიმე შედეგს, ეს გამოჩნდება.

თქვენ თქვით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესასვლელად ემზადება და ზოგიერთი ბლანკებსაც ავსებს. ვინ შეიძლება ოპოზიციიდან პირველი იყოს ვინც პარლმენტში შევა?

- პირველი, თუ ვინმე პარლამენტი შევა, ეს გიორგი გახარია და მისი ხალხი იქნება. გასაგებიც იქნება და ახლაც მგონია, ცხადია, რომ მათ შესვლა უნდათ. პარლამენტში შემსვლელთა მსურველების თანმიმდევრობა ვახო მეგრელიშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში დაასახელა. მე ვეთანხმები, რომ ეს შანსები იზრდება. დაიწყება გახარიას გუნდით და დასრულდება ნაციონალებით. მიშას გამოშვების გარეშე, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ, ალბათ, ყველაზე უხერხული იქნება მიშასთანაც და მის ამომრჩეველთანაც, მაგრამ ეს რეალობა რომ დადგება, ამის წინაპირობები ჩანს.

გახარიაზე მინდა ჩაგეკითხოთ, ფიქრობთ, რომ მისი ოპოზიციასთან დისტანცირების მიზეზი ეს არის? ასეთი ინფორმაციაც გამოვიდა მედიაში, რომ გახარია „ოცნებასთან“ ვაჭრობს, გამორიცხავთ ამას?

- არაფერს არ გამოვრიცხავ, უბრალოდ, მე რაც არ უნდა ვთქვა, ამას ადამიანები თავად ნახავენ, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. დავაკვირდეთ და ბევრი რამე მალე ნათელი გახდება.

დასავლეთის პოზიციაზე მინდა გკითხოთ, „ოცნებაში“ ხშირად ამბობენ, რომ ამერიკის არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება. ეს ცვლილება შეეხება, როგორც ამერიკას, ასევე ევროპას და საქართველოსაც. ის მოლოდინი რაც ტრამპის პოლიტიკის მიმართ ხელისუფლებას აქვს, შესაძლოა იყო ის, რომ საბოლოო ჯამში არჩევნების აღიარება ევროპასაც მოუწევს?

- მე არ ვიცი, ტრამპი საერთოდ დაინტერესდება თუ არა საქართველოს პოლიტიკით. ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი გაპრეზიდენტება ძალიან პოზიტიური ამბავია. ტრამპის პრეზიდენტობა მთელ სამყაროზე დადებით მოვლენას მოახდენს და მათ შორის საქართველოზეც.

რას გულისხმობთ, რა კონტექსტით იქნება ეს გავლენა, ხელისუფლების სასარგებლოდ თუ ოპოზიციის?

- მე მგონია, რომ ის ურთიერთობა, რაც ახლა „ოცნებას“ ბაიდენის ადმინისტრაციასთან აქვს, ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერ ექნება. ხელისუფლების რიტორიკა ტრამპის გაპრეზიდენტებასთან ერთად შეიცვლება. „ოცნებაში“ ზუსტად იციან, რომ ბაიდენი მისი ასაკის გამო თუ ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდა, ტრამპს ეს პრობლემა არა აქვს და არც არავისთან დაპირისპირებაში შესვლის არ ეშინია. იმედია საქმე აქამდე არ მივია და „ოცნებაც“ პოლიტიკას შეცვლის. მე ამის მოლოდინი მაქვს.

ბოლო დროს დასავლეთიდან გაისმა მოწოდებები ორ კანონპროექტთან დაკავშირებით და საუბარი იმაზე, რომ თუ უნდა საქართველოს ევროკავშირის კარი გაეხსნას, მაშინ ისინი უნდა გააუქმოს. შესაძლოა „ოცნება“ ამაზე წავიდეს არჩევნების დასავლეთიდან აღიარების სანაცვლოდ? ანუ ვაჭრობა ორივე მხრიდან იქნება?

- ამაზე უკეთესი გარიგება რა შეიძლება „ოცნებას“ ჰქონდეს? არაფერში გამოივაჭროს არჩევნების ცნობა, მაშინ, როცა ხალხი იძახის, რომ არჩევნები გაყალბებულია. უბრალოდ, „ოცნებამ“ ენჯეოების კანონზე ისე გარისკა, რომ, ლამის, მისი ხელისუფლება გადაჰყვა, მისთვის დათმობა მარტივი არ იქნება. თუმცა ფაქტია, შეთანხმების წერტილი არსებობს და რაღაცაზე მოლაპარაკებაც შესაძლებელია. უბრალოდ, ხალხი რჩება მოტყუებული და ეგ არის ყველაზე ცუდი რეალობა. თორემ რაღაცაზე რომ მოხდება შეთანხმება, ეს ფაქტია.

amo ეს პიროვნება "ვო კრუგ და ოკოლო"-ს დიდოსტატია. "ხალხი რჩება მოტყუებული და ეგ არის ყველაზე ცუდი რეალობა"?! რომელი ხალხი და რით რჩება მოტყუებული? დ ა ა კ ო ნ კ რ ე ტ ე!
1 კვირის უკან
დეა ის გიჟი და ლოთი პოლიტიკისები უნდა შესულიყვნენ და შენ გარეთ დარჩეილიყავი, გული დამწყდა. ეს ბიჭი სულ სწორს საუბრობდა.
1 კვირის უკან