ვადაგასულ როთზე დამოკიდებული პრეზიდენტი და ოპოზიცია

ვადაგასულ როთზე დამოკიდებული პრეზიდენტი და ოპოზიცია

ევროპარლამენტარებმა, რომლებიც საქართველოში რევოლუციას ლობირებენ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართეს და მოუწოდეს არ დათმონ. როგორც მიხაილ როთმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა, თუ საქართველო გადარჩება, ასეთ შემთხვევაში გადარჩება ევროკავშირიც. რევოლუციის წამახალისებელი ევროპარლამენტარები სწორედ ასეთი ფრაზით მიმართავდნენ უკრაინელებს, რომლებიც საკუთარი ხელისუფლების დამსახურებით, 993-ე დღეა რუსეთთან უთანასწორო ომში არიან.

უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა ომში არ ჩართო, შესაბამისად, დასავლეთმა გადაწყვიტა მათთვის ურჩი ხელისუფლება დასაჯოს და ღიად ლობირებს სახელწიფო გადატრიალებს. ცხადია, ერთია სურვილი და მეორეა შედეგი. 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ამომრჩეველმა აგრესიულ ევროკავშირს და მის სატელიტ რადიკალურ ოპოზიციას უთხრა - არა!

მიუხედავად ამომრჩევლის გადაწყვეტილებისა, დასავლეთი გეგმებს არ ცვლის. ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავდა. ევროპელი დეპუტატები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციას, არასამთავრობოებს და ბოლოს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა.

პრეზეიდენტმა ევროპიდან გამოგზავნილი დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში კრიზისი სახეზეა და ევროპელი მეგობრები აქ არიან იმისთვის, რომ მოიპოვონ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ქვეყანა გამოვა ამ კრიზისიდან სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი.

„ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის მართლაც ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა, პრაქტიკულად, ამ ქვეყნის ინსტიტუტებს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში. ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები, სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. ამიტომაც არის, რომ ჩვენ შევდივართ კრიზისში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელი არის რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება რომ იყოს. კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენ ერთად ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან... ეს არის ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან ჩვენთან ერთად ღრმად დარწმუნებული,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხაილ როთი აცხადებს, რომ აქ არიან იმიტომ, რომ უკიდურესად შეშფოთებულია ბოლო დროს ჩატარებული არჩევნების გამო და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. მისი თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. როგორც როთმა აღნიშნა, უმეტეს საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი.

„ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა. ვიცი, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ასევე ჩვენთვის. მაგრამ ძალიან სერიოზული სიტუაციაა და ჩვენ მაგიდაზე ყველა ინსტრუმენტი უნდა დავდოთ, რაც ხელთ გვაქვს. მტკიცედ ვუდგავართ ქართველ ხალხს გვერდით ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულებაში. თუმცა, თუკი ამჟამინდელი მთავრობა განაგრძობს ანტიევროპულ ტრაექტორიას, არ გააუქმებს კანონებს, როგორიცაა რუსული „აგენტების კანონი“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონი, გააგრძელებს ევროკავშირის პრინციპებისთვის ძირის გამოთხრას, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს პროგრესი შეჩერებული დარჩება. საქართველოს პოლიტიკა შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან“, - აღნიშნა მიხაილ როთმა.

ოპოზიციონერი ანა დოლიძე ამბობს, რომ 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე პირდაპირ ითქვა, რომ იქნება სხვადასხვა ტიპის სანქცია, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც არჩევნები გააყალბა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

„წარმოიდგინეთ, სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ევროკავშირში პოლიტიკური ნება გადაწყვეტილია - ამ არჩევნების აღიარება არ მოხდება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს გადასადგმელ ნაბიჯებზე, მათ შორის სანქციების საკითხზე.

„ვისაუბრეთ გამოძიების მექანიზმებზე, ყველაფერზე, მათ შორის, სანქციებზე, ევროპის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე, მაგრამ ვისაუბრეთ ისეთ ახალ მექანიზმებზე, რომლებზეც ჯერ საჯაროდ საუბარს არ ვაპირებთ. საზოგადოება დაინახავს, რომ გვაქვს მკაფიო გეგმა, საბოლოო ჯამში, როგორ მივაღწიოთ სამართლიანობას, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდეს. პირდაპირ ვამბობ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მძიმე დღე ელოდება ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამას აუცილებლად დაინახავთ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დასავლეთმა ამჯერად როთის პირით გაახმოვა სურვილი, რა შემთხვევაში აღიარებენ ისინი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ხელისუფლების პასუხი ამჯერადაც ანალოგიურია - კანონები არ გაუქმდება. ხელისუფლების პოზიციას იზარებენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, ქვეყანაში კრიზისი არ არის, მაგრამ კრიზისი უნდათ. ანალიტიკოს თემურ მაისურაძის განცხადებით, ეს არის ბოლო შესაძლებლობები, როდესაც შეიძლება ევროპამ თავისი ჭკუით სიტუაცია გადაათამაშოს თავის სასარგებლოდ.

„ისინი აშკარად კარგავენ საქართველოზე გავლენას. შეჩვეული არ არიან იმას, რომ საქართველო რაღაცაში ეწინააღმდეგება. წლების მანძილზე ყველა მათი მოთხოვნა სრულდებოდა და სადაც წინააღმდეგობა იყო, აშშ-ის საელჩოს ზეწოლით ღებულობდნენ იმას, რაც უნდოდათ. ახლა, გარკვეულწილად, აშშ-ის შესაძლო ხვალინდელი გეგმები და ევროკავშირის გეგმები შეიძლება ერთმანეთს ვეღარ დაემთხვეს, ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია თუ რამე გავლენის მოხდენა შეუძლიათ საქართველოზე, ეს მოხდეს დღეს, რადგან ასეთი მომენტი არ იქნება არასოდეს.

არსებობს პროტოკოლი, როდის უნდა ჩამოვიდეს, რა ფორმატში ვის უნდა შეხვდეს და როდის. ის, რომ მაგათ მოეპრიანებათ, როცა მინდა ჩავალ და აბა, კარგი დედისშვილები არიან და არ შემხვდნენ - ეს დრო გავიდა და ამას ვერ გრძნობენ. როდესაც ასეთი მომენტი დგება, ცხადია, დაბრძენებულ ადამიანებს ვერ გამოაგზავნიან და უნდა გააგზავნონ ისეთი გიჟი, როგორიც არის როთი, რომელიც ცალსახად ისეთი ტიპაჟის ადამიანია, როგორიც სააკაშვილი, ქალბატონო პრეზო და ნაცმოძრაობის წევრები არიან“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

თემურ მაისურაძის განცხადებით, როდესაც ქვეყნის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ლობირებს კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსი, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ვალდებულია, დაასანქციროს ეს პირები და პერსონა „ნონ გრატად“ გამოაცხადონ და აუკრძალონ საქართველოში შემოსვლა.

„დავასანქცირებდი და საქართველოში პერსონა „ნონ გრატად“ გამოვაცხადებდი და იმ პატარა გრეტასაც ზედ მივაყოლებდი. ვინ მიგდია ეს პატარა ღლაპი, რომელიც ჩემს ქვეყანაში განცხადებებს მიკეთებს! გავაძევებდი ქვეყნიდან და ევროპა მიხვდებოდა, რომ ამ ქვეყანასთან ასე ლაპარაკის დრო წავიდა. გარემოს ცვლილების და გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის აღქმა აღარ აქვთ. ვერანაირ კრიზისს ვერ შექმნიან. ასეთი მოქმედებები მხოლოდ და მხოლოდ მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ანუ, ევროპასა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბებას უშლიან ხელს. უფრო სცილდებიან სამიზნეს, ვიდრე ჰგონიათ, რომ უახლოვდებიან. არც არაფერი გამოუვათ, უფრო მეტიც დისკრედიტაცია მოხდება, როგორც თავად ეძახიან, დასავლური „ღირებულებების“ და „ფასეულობების“, რასაც ევროპის ძველი ავტორიტეტით ბრმად მისდევდა საქართველოს მოსახლეობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძე.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, სურთ შექმნილი ვითარება გაასაღონ კრიზისი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თავად ეს ტერმინი - „კრიზისი“ არის იმის მანიშნებელი, რომ კრიზისის დასაძლევად მოქმედებებია საჭირო, ამიტომაც ამ ტერმინის ექსპლუატაციაში ჩაშვება ნიშნავს, ფაქტობრივად, მოწოდებას მოქმედებისკენ.

„კრიზისი რომ დაიძლიოს, საჭიროა გადაიდგას ეს და ეს ნაბიჯები. ადგილობრივ დონეზე, როგორც მათ წარმოუდგენიათ, ეს უნდა იყოს პერმანენტული საპროტესტო გამოსვლები, რომ ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნან და აიძლულონ დათანხმდეს ოპოზიციის მოთხოვნებს, აღიაროს არჩევნების გაყალბება და დანიშნოს ახალი არჩევნები, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის გზავნილი, რომ გააძლიეროს წნეხი ხელისუფლებაზე, აიძულოს დანიშნოს საერთაშორისო გამოძიება, რომლის დასკვნებიც, ვფიქრობ, მარტივად პროგნოზირებადია.

ის იტყვის, რომ არჩევნები არ ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში და საჭიროა ხელახალი არჩევნები და ამით, ფაქტობრივად, მათი აზრით, უზრუნველყონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, ეს არის მთავარი მიზანი და ამ დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ იყო ის, რადგან ევროპაში დაინახეს, რომ ოპოზიცია მიტინგებზე საკმარისი რაოდენობით ხალხს ვერ აგროვებს. შესაბამისად, ქარწყლდება ის თეზისი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არის პროევროპული. თუ საქართველოს მოსახლეობა პროევროპულია, მაშინ ისმის კითხვა - რატომ არ გამოდის ის პროევროპულ აქციებზე მათ მხარდასაჭერად? როგორც ჩანს, ჩაითვალა, რომ საჭიროა გარედან სტიმულატორი და ეს სტიმულატორი არის ეს დელეგაცია, რომელიც იმყოფება თბილისში და მიტინგიდან მიმართეს საზოგადოებას“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

აქედან გამომდინარე, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ალბათ, გარკვეული პერიოდის მანძილზე დააკვირდებიან როგორ განვითარდება პროცესები. გახდება თუ არა ამ დელეგაციის წევრების ვიზიტი საპროტესტო აქციების სტიმული.

„მანამდე, ალბათ, წამოგვეწევა ეუთო-ოდირის საბოლოო დასკვნა. 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ საქართველოს საკითხზე და სავარაუდოდ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაკეთდება ეუთო-ოდირის დასკვნა. ისეთ რამესაც მინდა მივაქციოთ ყურადღება - დელეგეციის წევრების ნეგატიური განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით, გარკვეულწილად იყო ზეწოლა და ზემოქმედება ეუთო-ოდირზე, რომ მათ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

 

Gami ეს "შვიდფერი როტი" ამ უსქესო ოპოზიციის დედაც არის და ნაშაც.
1 კვირის უკან