ქართველ გადამზიდავებს თურქეთმა გადასახადი მაინც დააკისრა

ქართველ გადამზიდავებს თურქეთმა გადასახადი მაინც დააკისრა

რამდენჯერმე გადავადებული სატრანზიტო მოსაკრებელი თურქეთმა ქართველ მძოღლებს მაინც დაუწესა. პირველი თებერვლიდან თურქეთში ტრანზიტული გადაადგილება ქართველი გადამზიდავებისთვის ფასიანი იქნება. ადგილობრივი გადამზიდავები ამბობენ, რომ მუშაობა ისედაც უჭირდათ და ამიერიდან უფრო გაუჭირდებათ.

სატრანზიტო მოსაკრებელის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო და კავშირგაბმულობის სამინისტრომ უკვე მიიღო.

„გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1-ლი თებერვლიდან თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო და კავშირგაბმულობის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაწესდა გადასახადი 113 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი თურქული ლირის ოდენობით, როგორც საპასუხო ზომა, მესამე ქვეყანაში სატრანზიტო გადაზიდვების განმახორციელებელი (ცარიელი-დატვირთული) ქართული სანომრე ნიშნიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ნებართვით ქვეყანაში შესვლისა და გამოსვლის დროს ცალ-ცალკე“, - ნათქვამია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საავტომობილო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზაზა ავალიანი ამბობს, რომ თურქეთის მიერ ქართული გადამზიდავი კომპანიებისთვის 113-დოლარიანი გადასახადის შემოღების გამო, საქართველოში სურსათზე ფასი არ გაიზრდება. იგი ადასტურებს, რომ ახალი გადასახადი ქვეყნებს შორის პარიტეტის აღდგენის მიზნით არის დაწესებული.

„ეს გადასახადი დაწესებულია ადეკვატური გადასახადის სახით, ანუ ეს არის პარიტეტის აღდგენის მიზნით. ეს კანონი ეხება მხოლოდ და მხოლოდ ნებართვებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც ადრე ისინი არ ახდევინებდნენ გადასახადს. ჩვენები ახდევინებდნენ ყველა დიდ სატვირთო თურქულ ავტომობილებს, ხოლო თურქები არ ახდევინებდნენ ამ ნებართვებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს თანხას. ახლა ამ ნებართვებით მოძრავებსაც დაუწესეს ეს გადასახადი, რომელიც პირველი თებერვლიდან ამოქმედდება და დაახლოებით 500 სატრანსპორტო საშუალებას შეეხება“, - განაცხადა ავალიანმა.

მსგავსი გადასახადი საქართველომ თურქ გადამზიდავებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, 3 წლის წინ, 200 ლარის ოდენობით დაუდგინა. დაახლოებით ამდენივეა ახალი მოსაკრებელიც, რომლის გადახდა თურქეთში ქართველ გადამზიდავებს დაევალათ.

„თურქული კომპანიებისთვის საქართველოს კანონმდებლობით მოქმედებს გადასახადი, არა მარტო თურქული კომპანიებისთვის, ყველა კომპანიისთვის ვინც საქართველოში შემოდის და ეს გადასახადი 200 ლარის ოდენობით განისაზღვრება“, - დასძინა ავალიანმა.

აღსანიშანვია, რომ ეს გადასახადი ჯერ კიდევ 2010 წლის მარტში შემოიღეს, თუმცა მისი მოქმედება საქართველოს მოქალაქეებისთვის რამდენჯერმე გადავადდა. თავდაპირველად 2010 წლის 1-ელ მაისამდე, შემდეგ 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე და 2013 წლის 30 ივნისამდე. საბოლოოდ კი, თურქული გადასახადი ძალაში 2014 წლის 1-ლი თებერვლიდან შევა.

რაც შეეხება საქონლის მოსალოდნელ გაძვირებას, ამას არც ეკონომიკის ექსპერტი ელიან, თუმცა თვლიან, რომ შეიძლება ქართველებს თურქი გადამზიდავები ჩაენაცვლონ. მათი აზრით, გადაწყვეტილება სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ ქართველებს პრობლემები შეუქმნან.

მოსაკრებლის დაწესებას ქართველი გადამზიდავების მხრიდან უაყოფითი შეფასება მოჰყვა. როგორც კომპანია „იკა ტრანსის“ მენეჯერი ალექსანდრე ღიბრაძე ამბობს, ევროპიდან თურქეთის გავლით საკმაო რაოდენობის საყოფაცხოვრებო პროდუქცია შემოდის, თუმცა ადგილობრივ კომპანიებს მუშაობა მაინც უჭირთ.

„კონკურენციას თურქი გადამზიდავები გვიწევენ, რომელთაც გაცილებით დიდი ავტოპარკი აქვთ. ისინი მოგების მინიმალურ მარჟებზე, მაგრამ დიდ ბრუნვაზე მუშაობენ, რაც ჩვენს შემთხვევაში, წარმოუდგენელია. ახალი მოსაკრებელი ჩვენთვის დამატებითი ხარჯია, მაგრამ გადაზიდვის ტარიფებს კონკურენციის გამო ვერ გავზრდით, შესაბამისად, ისევ ჩვენ დავზარალდებით“, - განაცხადა ალექსანდრე ღიბრაძემ.