ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სამიტი ისე დასრულდა, რომ საქართველოზე საუბარი ვერ მოესწრო. თუმცა, როგორც ცნობილია, 18 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. რას ნიშნავს თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსიის გასამართად დრო არ ეყოთ, რას უნდა ველოდოთ ერთი კვირის შემდეგ ბრიუსელის შეხვედრიდან? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით For.ge ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
ზაალ ანჯაფარიძე: უფრო პრიორიტეტული საკითხები განიხილეს და საქართველო, ამ შემთხვევაში, არ აღმოჩნდა პრიორიტეტულ საკითხებს შორის იმ ადგილზე, რა ადგილზეც ჩვენ გვინდოდა, რომ აღმოჩენილიყო. შესაბამისად, მოიტოვეს ბოლოსთვის და ხდება ხოლმე ასეთი რამ, როდესაც დრო არ ჰყოფნით. როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ეს საკითხი არ იყო იმდენად მნიშვნელოვანი და გადადეს 18 ნოემბრისთვის, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაუბრუნდებიან ამ საკითხის განხილვას, მაგრამ იქ უნდა განხილულიყო უვიზო რეჟიმის შეჩერებიც. ასე რომ, შესაძლოა, კარგიც არის, რომ გადაიდო.
რამდენად არის შესაძლებელი, ევროკავშირმა 18 ნოემბერს გასამართ სამიტზე მიიღოს გადაწყვეტილება და საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს?
- ევროპაში ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებული, შეუჩერონ უვიზო რეჟიმი საქართველოს თუ არა, ისევე, როგორც არ არიან ჩამოყალიბებული ბოლომდე, აღიარონ ამ არჩევნების შედეგები თუ არა. ყველა ელოდება ეუთო-ოდირის მისიის საბოლოო დასკვნას ამ არჩევნების შეფასების შესახებ, რომელიც, ალბათ, უფრო მკაფიოდ გამოკვეთს იმას, თუ რა პოზიცია შეიძლება დაიკავოს ევროკავშირმა არჩევნებთან მიმართებაში.
არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგორდეს და საბოლოოდ, მივიდეთ რევოლუციამდე. რამდენად უშვებთ ამის ალბათობას თქვენ პირადად?
- ყველაფერ დამოუკიდებული იქნება იმაზე, მიიღებს თუ არა ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას, ვგულისხმობ უვიზო რეჟიმის შეჩერებას. ეს ისეთი თემა, რომელიც ეხება ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს, მათ შორის ხელისუფლების მომხრეებსაც - მათ ისევ მოუწევთ წასვლა საელჩოში, რიგში ჩადგომა, პროცედურების გავლა და ა.შ. გასაგებია, რომ ეს შეიძლება იყოს, მაღალი ალბათობით, ტრიგერი იმისა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, შეიძლება არც კი დასჭირდეს ოპოზიციის დიდი ძალისხმევა. ევროპაში ეშინიათ ამან საქართველოში ევროსკეპტიკური განწყობები არ გააღვივოს და კიდევ უფრო არ მოწყვიტოს საქართველო ევროპას. ხოლო, ხელისუფლება, რომელიც ჩათვლის, რომ ევროპამ საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერებით თავიდან მოიცილა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამკაცროს პოლიტიკა და აქ განვითარდეს ევროკავშირისთვის არასასურველი პროცესები.
რამდენად მიიღებს საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს და იქონებს თუ არა ეს გავლენას ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე საქართველოსთან მიმართებაში?
- ეს აქციები არ არის მაინდამაინც მრავალრიცხოვანი და ორგანიზაბული. ის, რაც ევროპას სურს, რომ დაინახოს, მასობრივი, სახალხო პროტესტი, ჯერჯერობით არ ჩანს, რაც იქნებოდა გარკვეული სტიმული იმისა, რომ არ ეღიარებინა არჩევნების შედეგები. მათთვის ეს რაოდენობრივი ინდიკატორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც ამ რაოდენობრივ ინდიკატორს ვერ ხედავენ, იქ კითხვები ჩნდება, რომ ხალხი მართლაც მოტივირებულია იმისათვის, რომ საკუთარი ხმები დაიცვას და ევროპური ღირებულებების გამო ქუჩაში გამოვიდეს და ა.შ. ასე რომ, დიდი გაურკვევლობაშია ახლა ევროპა.
ამასთან, არის ასეთი ფაქტორი, რომელზეც დღეს არ საუბრობენ - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელიც ახდენს ზეგავლენას იმაზე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს საბჭოთა კავშირის ყოფილ სივრცეზე, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ითვლებიან მის მოკავშირეებად - ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, თუ რატომ შეიძლება ევროპამ გარკვეული თავშეკავება გამოიჩინოს და არ წავიდეს ასეთ დამსჯელ ღონისძიებაზე, როგორიც არის უვიზო რეჟიმის შეჩერება.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რამდენად ელოდებით, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები გადაიტვირთოს?
- ამ ეტაპზე ნამდვილად ნაადრევად მივიჩნევ ამ საკითხზე პროგრნოზების გაკეთებას, რადგან ჯერ ჩვენ უნდა ვნახოთ როგორი ტიპის პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება ტრამპის ადმინისტრაცია, ვინ იქნება სახელმწიფო მდივანი, ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებელი იქნება ევროპისა და ევრაზიის საკითხების კურატორობაზე - ბევრი ფაქტორია. სავარაუდოდ, ზეწოლა საქართველოზე, რომ მან გააუქმოს ანტი-ლგბტ კანონი, შეიძლება ისეთი ინტენსიური არ იყოს, როგორიც ახლა არის და ასევე, მოხდეს საკითხების შეჯერება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკა აირჩიოს საქართველომ სამომავლოდ - ვგულისხმობ ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვას. ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, მისთვის ამ რთულ პერიოდში, შეეცდება ტრამპის ადმინისტრაციასთან მისთვის მისაღები შედეგები გამოივაჭროს.