ნატოს ქვეყნები მსოფლიოს წინაშე ერთობის დემონსტრირებას ცდილობენ. თუმცა დახურულ კარს მიღმა მის წევრებს მუდმივად სერიოზული უთანხმოებები აქვთ.
როდესაც კავკასიაში ყუმბარების აფეთქებისა და ტანკების გრუხუნის ხმა ისმოდა, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსში დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული. ნატოს წევრი ქვეყნები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (მართალია - მხოლოდ სიტყვიერად) თემაზე: როგორ უნდა მომხდარიყო ამ ომის თავიდან აცილება.
„გერმანელები პრორუსულ არგუმენტებს იყენებენ“, – ჩიოდნენ ამერიკელები. „ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს დროის ხარჯვა იმაზე, რომ ერთობას მივაღწიოთ“, – აცხადებდა ნატოს გენერალური მდივანი.
იმ დროს, როდესაც ომი კავკასიაში სულ უფრო მასშტაბური ხდებოდა, მსხვერლის რაოდენობა ასეულებს აღწევდა და ყველას ეშინოდა, რომ კონფლიქტი მთელ რეგიონს მოედებოდა, დასავლეთის თავდაცვითი ალიანსი ფაქტობრივად უუნარო იყო. მართალია ნატოს უმაღლესმა საბჭომ 2008 წლის 12 აგვისტოს კრიზისული სხდომა გამართა, რათა განეხილა ის, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ალიანსი კონფლიქტის დროს, თუმცა საბოლოო ჯამში, ერთკვირიანი დისკუსიები იმით დასრულდა, რომ ალიანსის წევრები მხოლოდ ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმდნენ.
ქართული კრიზისი ერთ–ერთია იმ მრავალ თემას შორის, რომელსაც 2006 წლიდან 2010 წლამდე ნატოს საბჭოს სხდომების 250 საიდუმლო ოქმი ეხება. ეს დოკუმენტები ცხადყოფს იმას, თუ როგორ ებრძვის თავდაცვითი ალიანსი მის რიგებში არსებულ განხეთქილებას, რომელიც სინამდვილეში იმაზე ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ამას ნატოს ქვეყნების პოლიტიკოსები აღიარებენ. თავად ალიანსი ბევრ საკითხთან მიმართებაში ძალიან დაქსაქსულია. ქრონიკული პრობლემაა ცივი ომის ეპოქის ყოფილ მეტოქესთან რუსეთთან ურთიერთობა. „არაფერი ისე არ ჰყოფს ნატოს, როგორც რუსეთი“, – თქვა 2009 წლის ივნისში აშშ–ს ელჩმა ნატოში ივო დაალდერმა. მან სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, რომელიც ობამასთან ერთად საკუთარი მოვალეობების შესრულებას მხოლოდ იანვარში შეუდგა, „ალიანსის ისტორიაში ყველაზე რთული წლების“ სურათი შელამაზების გარეშე დაუხატა, რასაც ნატოს დოკუმენტები მოწმობს.
ნორვეგიულ გაზეთთან Aftenposten–თან თანამშრომლობით, Welt Online–ის ელექტრონულ გამოცემას საშუალება აქვს გაეცნოს 250 000–ზე მეტ დეპეშას, რომელიც მისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი.
მივიღოთ საქართველო თუ არა?
რუსეთ–საქართველოს ომმა გააშიშვლა ის პრობლემები, რომელიც ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში აქვს. კრიზისის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ფედერალური კანცლერი გამოდის წინადადებით, რომ საქართველოს დასავლურ სამხედრო ალიანსში მიღება გადაიდოს იმ პირობით, თუ „რამე საშინელება არ მოხდება“. მერკელი ვარაუდობდა, რომ ამ ფორმით რუსეთზე ზეწოლას შეინარჩუნებდა. თავის მხრივ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ეს ძალიან სახიფათო სტრატეგიაა და მას შეიძლება ომი მოჰყვეს.
„ასეთმა მიდგომამ შეიძლება რუსეთს რაღაც საშინელების გაკეთების არაჯანსაღი სტიმული გაუჩინოს“ - ხაზგასმით აღნიშნა აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენ ფრიდმა, 2008 წლის ივლისში ნატოს ხელმძღვანელობის წინაშე გამოსვლისას. გამოთქმა „არაჯანსაღი სტიმული“ ნიშნავდა ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებული ალიანსის სურვილის საწინააღმდეგოს. ორ კვირაში ომი დაიწყო.
საქართველოს კონფლიქტი პიკს აღწევდა, როდესაც ნატოს უმაღლესმა ორგანომ 12 აგვისტოს ზემოთხსენებული კრიზისული სხდომა გამართა. სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელებს დელიკატური საკითხი უნდა განეხილათ, კონკრეტულად კი ის, თუ როგორ უნდა ერეაგირა ალიანსს ომზე, რომელსაც მის რიგებში გაწევრიანების მსურველი სახელმწიფო აწარმოებდა. ბევრ ქვეყანას რუსეთის მკაცრად გაკრიტიკება სურდა, მაშინ როდესაც გერმანია „მკვეთრი და დამგმობი ტექსტის“ მიღების წინააღმდეგ გამოვიდა.
ნატოში ამერიკის საელჩოს დოკუმენტებიდან ჩანს, რომ სხდომის დროს ბევრს კამათობდნენ იმაზე, თუ ნატოს რომელი წევრი ქვეყნები იყვნენ დამნაშავენი ომის გაჩაღებაში. ყურადღების ცენტრში 2008 წლის აპრილში სახელმწიფოს მეთაურთა და მთავრობების მიერ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გახლდათ, რომლითაც საქართველომ და უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე მიწვევა მიიღეს. თუკი შეერთებული შტატები ამ შეთანხმებას აღიქვამდა, როგორც ამ ქვეყნების ალიანსში მიღებაზე მკაფიო სიგნალს საშუალოვადიან პერსპექტივაში, გერმანელებისთვის ის ვალდებულებისგან დაცლილი გამოცდა გახდლათ.
„ოპონენტები გერმანიის ხელმძღვანელობიდან ვარაუდობდნენ, რომ ბუქარესტში მიღებულმა გადაწყვეტილებამ რუსული აგრესიის პროვოცირება მოახდინა, მაშინ როდესაც სხვა სახელმწიფოთა უმრავლესობა (მათ შორის ახალი წევრები და კანადა) ჩვენს მოსაზრებას იზიარებდა, რომ რუსეთმა ნატოში გაწევრიანებისთვის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარის თქმა აღიქვა, როგორც მწვანე შუქი საქართველოს წინააღმდეგ სამოქმედოდ“, – აღნიშნულია სხდომის ამერიკულ ოქმში. „გერმანელები, მათი მუდმივი წარმომადგენლის ჩათვლით, აქტიურად უარყოფენ იმ მოსაზრებას, რომ ბუქარესტის შეთანხმება ალიანსში ორივე კანდიდატის წევრობას ითვალისწინებს“, – ხაზგასმით აღნიშნავს ნატოში აშშ–ს ელჩი დაადლერი თავის წერილში.
საგრძნობლად დაღლილმა გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოფ სხეფერმა განაცხადა, რომ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ნატოს საბჭო შეიძლება წარმოჩინდეს როგორც კრება, რომელიც მუდმივ დისკუსიებშია და არ აქვს უნარი საერთო შეხედულება გამომუშაოს“. მხოლოდ 19 აგვისტოს, ხუთდღიანი ომის დაწყებიდან 11 დღის შემდეგ და კრიზისული სხდომის ჩატარებიდან ერთი კვირის თავზე, ალიანსმა შეძლო პრესისთვის პირველი ერთობლივი განცხადების მიღება.
„გერმანია ხუთთა ბანდას ხელმძღვანელობს“
პოლონური დეპეშები ახალ სინათლეს ჰფენს ნატოში არსებულ განხეთქილებას, განსაკუთრებით აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში. გარეგნულად, ნატო ცდილობდა ერთობის იმიტაციის შექმნას, თუმცა, როგორც ამას მაღალი რანგის ამერიკელ დიპლომატთა წერილები მოწმობს, „ალიანსში დისკუსიები საკმაოდ ემოციური, მიდგომები კი პოლარული“ იყო. შეერთებული შტატები უკმაყოფილო იყო იმ ჯგუფის საქმიანობით, რომელსაც ის gang of five–ს ანუ ხუთთა ბანდას უწოდებს, რომლის წარმომადგენლებსაც მუდმივად „პრორუსული არგუმენტები“ ჰქონდათ. „გერმანია ხუთთა ბანდის კრიტიკოსებს ხელმძღვანელობს და საფრანგეთთან, ჰოლანდიასთან, ესპანეთთან, ნორვეგიასთან და ზოგჯერ პორტუგალიასთან ერთად გამოდის“, – აღნიშნავდნენ ამერიკელები 2008 წლის 27 ივნისის დეპეშაში.
დიდ ბრიტანეთს, დანიას და იტალიას ამერიკელები „მერყევ დასავლეთს“ უწოდებდნენ და აცხადებდნენ რომ სხდომების დიდ ნაწილს ისინი „გარე დამკვირვებლებივით“ ესწრებოდნენ. თავად შეერთებული შტატები კანადელებთან, პოლონელებთან, ბალტიისპირელებთან, ჩეხებთან, რუმინელებთან და ბულგარელებთან ერთად „მხარდამჭერთა ჯგუფს“ წარმოადგენდა, ანუ ჯგუფს, რომელიც აღმოსავლეთით გაფართოვებას, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებას და მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრი კურსის გატარებას ემხრობოდა.
ახალი კვიპროსი?
ერთობლივ შეხვედრაზე გერმანია წევრებს აფრთხილებდა, რომ ალიანსში საქართველოს წევრობით, ბლოკს შეიძლება „ახალი კვიპროსის იმპორტირება“ მოეხდინა. ამასთან დაკავშირებით დამკვირვებლებს აშშ–დან გაუჩნდათ ეჭვები იმის თაობაზე, რომ ბერლინს თავად გაფართოების „დანაღმვა“ სურდა. ერთ–ერთ დეპეშაში აღნიშნულია, რომ გერმანიის საგარეოპოლიტიკური უწყება მუდმივად იმითაა დაკავებული, რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთის შეშფოთების მიზეზებს არკვევს, მაშინ როდესაც ფედერალური კანცლერის მერკელის ფიქრები კონცენტრირებულია უკრაინაში რეფორმების საკითხებზე და ამ ქვეყანაში არსებულ განხეთქილებაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამერიკელების აზრით, საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული ფრანგული წინააღმდეგობა, ჩვეულებრივ შემოფარგლებოდა „შემსრულებლის“ როლით „ხუთთა ბანდის“ შემადგენლობაში, მაგრამ ის აბსოლუტურად შეესაბამებოდა იმ მიმართულებას, რომელიც გერმანელებმა დისკუსიის პროცესში განსაზღვრეს.
”ნორვეგია გერმანელებისა და ჰოლანდიელების არგუმენტების მხარდაჭერით, ხელმძღვანელობდა ტაქტიკით „ჩვენც“, განსაკუთრებით - საქართველოს შემთხვევაში” - აღნიშნულია ამერიკულ დეპეშებში. უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით საკუთარი ნეგატიური პოზიციის მიზეზად ნორვეგიელებს მოჰყავდათ „უპასუხოდ დარჩენილ სტრატეგიულ საკითხებთან“ დაკავშირებული საკუთარი შეშფოთება. ჰოლანდიელები საქართველოს „მოუმწიფებელ დემოკრატიად“ მიიჩნევდნენ და მიხეილ სააკაშვილს ახასიათებდნენ, როგორც „ემოციურ, კორუმპირებულ სახელმწიფო მეთაურს, რომლის ნდობაც არ შეიძლება“, მაშინ როდესაც გერმანელები მას „გიჟს და სახიფათოს“ უწოდებდნენ. გერმანიის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთთან ომის შემდეგ საქართველოს ნატოს წევრობა უფრო გაუჭირდებოდა, ვიდრე მანამდე.
ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენციას, რომელიც 2008 წლის დეკემბერში გაიმართა, დაადლერი ასე აფასებს: „ეს რთული შეხვედრა იყო, რომლის დროსაც პერიოდულად მწვავე დისკუსიები იმართებოდა. ამ კონფერენციაზეც საუბარი კვლავ უკრაინის და საქართველოს წევრობას ეხებოდა, ასევე - რუსეთი–ნატოს ურთიერთობებს. მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემები გვაქვს ალიანსის ორ საკვანძო წევრთან – გერმანიასთან და საფრანგეთთან“, – აღნიშნავს დაადლერი.
სინამდვილეში, ამ ხუთთა ბანდისთვის რუსული საკითხის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი დიდ მეზობელთან ურთიერთობების გაციებას უფრთხოდნენ - ეს ნატოში აშშ–ს ელჩმა აღნიშნა, როდესაც 2009 წლის ოქტომბერში პოტენციური რუსული საფრთხისგან ბალტიისპირული სახელმწიფოების დაცვის გეგმებზე საუბრობდა. გერმანიის მსგავსად, ალიანსის ბევრი წევრი „მთელი ძალით იბრძოლებს იმის წინააღმდეგ, რომ როგორმე შთაბეჭდილებაც კი არ შეიქმნას იმის, თითქოს ნატო და რუსეთი ახალი ცივი ომის გზას ადგანან“, – ვკითხულობთ დაადლერის დეპეშაში.
[foreignpress.ge]