აფხაზეთი მანდარინს ჰგავს - მასსავით ეგზოტიკური, მრავალფენოვანი და წვნიანია. თითოული მისი ნაწილი თითქოს ერთმანეთს ჰგავს, სინამდვილეში კი განსხვავებულია და მისი ნაჭრებად დაყოფაც ძალზედ ადვილია. ვოჩეკ გორეცკის „აფხაზეთიც“ ასეთივე წვნიანი და მრავალფენოვანია. რუსულ ბაზარზე მანდარინების მთავარი ექსპორტიორის, კვაზი-სახელმწიფოს ეს ისტორია ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ავტორის კავკასიაში მოგზაურობისათვის თვალის გადავლება. „აფხაზეთი“ მისი, როგორც რეპორტიორის ცხოვრების ერთგვარი მწარე რეზიუმეა და ყველაზე პესრონალური ადგილი უჭირავს მის მიერ შექმნილ ტრილოგიაში.
გორეცკის საოცარი შთაბეჭდილებები კავკასიაზე მის სამ წიგნშია თავმოყრილი: „პლანეტა კავკასია“, „წინაპრების სადღეგრძელო“ (ამ ორი წიგნის განხილვის გასაცნობად იხ.New Eastern Europe Issue 1(I)/2011 იაჩეკ ბორკოვიცის „ქედი და საზღვარი“) და „აფხაზეთი“. ეს უკანასკნელი გორეცკის ჩანახატებია, რომელიც იმ ოცდაერთწლიან პერიოდში შეიქმნა, როდესაც ავტორი ზღვასა და მთებს შორის მდებარე ამ მხარეს სტუმრობდა. ჩანაწერები ძალიან თავისებური ხასიათისაა, ის აღწერს ავტორის შეჭიდებას საკუთარი ვიზიტების ისტორიასთან. რატომ ამთავრებს ტრილოგიას მაინცდამაინც „აფხაზეთი“? იმიტომ რომ ეს მივიწყებული ლეგენდების მიწაა, ეთნიკური და კულტურული ქვაკუთხედი, პაწაწინა წერტილი მსოფლიო რუკაზე, რომელიც თვითმყოფადობისათვის იბრძვის.
აფხაზეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ კვაზი-სახელმწიფოთაგან ერთ-ერთია. ევროკავშირი მას საქართველოს ნაწილად მიიჩნევს და მის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ვანუატუ და ტუვალო აღიარებენ. აფხაზეთს ჰყავს თავისი პრეზიდენტი, მთავრობა და შეიარაღებული ძალები. მისი საჰაერო ძალები ერთი ვერტმფრენისაგან, ხოლო ფლოტი - დამწყები ბეჯითი მსახიობი ლონიკ აჩბას სათევზაო გემისაგან შედგება. აფხაზეთი აფხაზთა - მეზღვაურთა და მთის ხალხთა მიწაა; გეოგრაფიულად კი ხმელთაშუა ზღვის და კავკასიის დამაკავშირებელ რგოლად გვევლინება.
მეცხრამეტე საუკუნეში აფხაზეთის, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი ისტორიული მონაკვეთის ერთ-ერთი მარშრუტი რუსების მიერ სუჩომსკას სამხედრო გზად გადაკეთდა. გორეცკი ცდილობს მოიძიოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ნიშნები: სახელმწიფოებრიობა და რელიგია და მიაკვლიოს სიმართლეს. აფხაზები ბევრს საუბრობენ თავიანთ დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებისათვის ბრძოლის დროს ხშირად მიუთითებენ ისტორიაზე. აქ მხოლოდ საქართველოსა და აფხაზეთის ინტერესების აღრევასთან არ გვაქვს საქმე. ამ მულტიკულტურულ ქვაკუთხედში ჩეჩნები, ყაბარდოელები, დაღესტნელები და ინგუშებიც არიან გარეულნი და ყველა მათგანი თავის უფლებებს აცხადებს აფხაზეთზე. ამ შავიზღვისპირა მიწაზე ვხვდებით როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლებს, ასევე ომის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელ ხალხს. დაუდგენელი ნაციონალური იდენტობის ადამიანებს აქ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით.
ირონიულია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი თავის სამშობლოს დიდ პერსპექტივას უწინასწარმეტყველებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება ფაზილ ისკანდერი, აფხაზთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერალი და ზოგიერთი ლიტერატურის სპეციალისტის აზრით, ნობელის პრემიის შესაძლო ლაურეატი. იგი უკვე დიდი ხანია რაც მოსკოვში ცხოვრობს , თავის წიგნებს რუსულ ენაზე წერს და აფხაზეთისათვის საერთაშორისო არენაზე იბრძვის. მისივე სიტყვებით, ის ისეთ ბარიერებს ამარცხებს, რომელთა მსგავსიც ჯერ არცერთ ემისარს არ გადაულახავს.
გორეცკის მსჯელობა რელიგიაზე დეტალურად აღწერს რთულ საკითხებს, რომელიც ამ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოში გვხვდება. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გორეცკიმ აღმოაჩინა, რომ აფხაზთა 60% მართლმადიდებელია, 20% მუსლიმი, ხოლო 10% კერპთთაყვანისმცემელი. მაგალითად შეგვიძლია ის პოლიტიკოსები ავიღოთ, რომლებიც ქვეყანას მართავენ, ან ისინი, ვინც ოპოზიციაში არიან. აფხაზეთის მომავალ ბედ-იღბალს მისი ეხლანდელი ლიდერები არ წყვეტენ. სინამდვილეში ამას რუსეთი აკეთებს, რომელსაც ეკუთვნის პოლიტიკური ძალაუფლება ამ რეგიონზე და აკონტროლებს მას. ხოლო ქართველები არ მისცემენ რუსებს საშუალებას წაიღონ ის, რასაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევენ. პოლიტიკურ-განმათავისუფლებელი მოძრაობების და ორმხრივი შიდასახელმწიფოებრივი ურთიერთობების ეს რთული ისტორია საოცარი სიცხადით არის გადმოცემული გორეცკის მიერ.
წიგნი სხვადასხვა ჟანრების სინთეზია - ქალაქის აღმწერი პასაჟებიდან ისტორიულ სკეჩებამდე. ყოველივე ამას ავტორი მოგზაურობისას ჩანიშნული დიალოგებით ამდიდრებს. ყოველი შეხვედრა როგორც წესი მოკლეა, მოსაუბრე - მოუხეშავი და ლაპარაკს მიუჩვეველი. ამას ავტორი იმით ხსნის, რომ აფხაზურ სულში შეღწევა ძნელია. აფხაზები ყველაზე ნაკლებად სპონტანურები არიან კავკასიის ხალხთა შორის. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჟურნალისტები ამ რეგიონით ინტერესდებიან, ესეც არის.
ავტორს აფხაზეთში პოლონური კვალის აღმოსაჩენ მოგზაურობაზეც მივყავართ. გორეცკი დიდი გულმოდგინებით წერს იან გოდავას, იმ პოლონელის შესახებ, რომელიც აფხაზეთ-საქართველოს ომში აფხაზების მხარეზე იბრძოდა; აგრეთვე თეოფილე ლაპინსკის შესახებაც, რომელიც მე-19 საუკუნის კავკასიაში მეფის რუსეთის წინააღმდეგ ილაშქრებდა. 1950-იან წლებში დაბადებულ ბევრ აფხაზს პოლონური სახელი ჰქვია: სტანისლავს, ან თეოფილეს აქ ხშირად შეხვდებით.
კავკასიური ტრილოგიის დასკვნით ნაწილში ავტორი თავის ისტორიასაც გვიყვება. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩვენ ვხვდებით ახალგაზრდა, აღმოსავლეთში მოგზაურ სტუდენტს, რომელიც ამ რეგიონზე წერს და ორი საუნივერსიტეტო დისერტაციის დაცვას ცდილობს. იგი სვამს კითხვებს, მაგრამ ყოველთვის პასუხს ვერ პოულობს - ამიტომაც უფრო ღრმად იკვლევს საკითხს. იგი ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებს, რომ როგორმე აღმოსავლეთში იმოგზაუროს. 1992-93 წლების აფხაზეთ-საქართველოს ომი გორეცკისთვის პირველი სამხედრო კონფლიქტი იყო, სადაც ის სამხედრო კორესპონდენტის ამპლუაში იმყოფებოდა. რაც მეტი დრო გადიოდა, მისი სამუშაო მას სულ უფრო და უფრო მეტ კითხვას, ენთუზიაზმს და შესაძლებლობას უჩენდა. მისი წიგნების კოლექცია იოლად შეგვიძლია ვიპოვოთ რუსეთში, მეორადი წიგნების რომელიმე მაღაზიაში.
გორეცკი "აფხაზეთს" პირადი ჩანაწერით ამთავრებს. როდესაც ის ერევანში, გაეროს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე ჩადის, უკვე ორმოცსაა გადაცილებული. ის უკვე სოლიდური ადამიანია, კოსტუმსა და ჰალსტუხს ატარებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში სტუდენტი ლექტორად იქცა, ხოლო რეპორტიორი აღმოსავლეთის კვლევითი ცენტრის მკვლევარი გახდა. მას უკვე აღარაფრის დაგეგმვა აღარ უწევს. მისი მოგზაურობის ყველა დეტალი უკვე წინასწარაა დაგეგმილი - პოლონეთის აეროპორტიდან აფრენიდან ერევანში სასტუმრო „მარიოტში“ დაბინავებამდე. მას უკვე აღარ სჭირდება თემების მოძიება - როგორც კონფერენციის მონაწილე, ის თავად ადგენს განსახილველ თემებს და ამით თითქოს მახეს უგებს საკუთარ თავს; ამას მაშინ ხვდება, როდესაც „მარიოტის“ წინ სურათებით მოვაჭრე ბიჭს უყურებს. "ადამიანი ორ სხვადასხვა როლს ვერ ითამაშებს, ორ სხვადასხვა გარემოს ერთმანეთში ვერ შეურევს. არ შეიძლება ერთდროულად მოხეტიალეც იყო და სოლიდური ადამიანიც. არ შეიძლება თან მარიოტში გეძინოს და თან რეპორტიორადაც დარჩე" - აღიარებს გორეცკი.
რამდენიმე ხნის წინ, თავისი მოგზაურობის დასაწყისში, "აფხაზეთის" პირველი თავის წერისას, განადგურებულ სანატორიუმ "ჩერნომორეცში" დარჩა, სადაც ალკოჰოლით თბებოდა, კონსერვებით იკვებებოდა და ფიქრობდა, მეორე დღეს გაიღვიძებდა თუ არა. გამოხდა ხანი და უელექტროენერგიო ადგილებიდან მსოფლიო კლასის კომფორტული სასტუმროების ქსელში გადაინაცვლა და ადგილობრივი მცხოვრებლების ისტორიების მოყოლის ნაცვლად სოციო-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზზე გადავიდა. და თუმცა ეს შემაჯამებელი აკორდი შეიძლება ცოტათი მწარედაც მოგვეჩვენოს, მაგრამ სწორედ ის არის "აფხაზეთის", რეპორტიორი გორეცკის ყველაზე ნაყოფიერი ნაშრომის მთავარი ხიბლი.
foreignpress.ge