უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკრაინა-საქართველოს შორის იმპორტ-ექპორტზე ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი მწვავე ეკონომიკური კრიზისის წინაშეა და ეს, სავარაუდოდ, საქართველოზეც აისახება. ყოველ შემთხვევაში, ქართველი ექსპოტიორები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო პრობლემებზე უკვე ალაპარაკდნენ.
სხვათა შორის, ამაზე უკვე საუბრობს საქრთველოს ფინანსთა მინისტრი. ნოდარ ხადურის თქმით, თუ უკრაინაში ვითარება არ დასტაბილურდა, ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი დაეცემა.
„ჯერჯერობით შეფერხებების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ხორციელდება ექსპორტიც და იმპორტიც და იმედი მაქვს სიტუაცია ძალიან მალე დასტაბილურდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაგებია, რომ უკრაინაში ეკონომიკური აქტივობა დაეცემა, რაც ჩვენს ექსპორტზეც ზეგავლენას მოახდენს“, - განაცხადა ხადურმა.
უკრაინა საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2013 წელს 795.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უკრაინაში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 15.4%–ით გაიზარდა და 192.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 602.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 1%–ზე ნაკლებით გაიზარდა.
საქართველოდან უკრაინაში განხორციელებული უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი არადენატურირებული ეთილის სპირტია, რომლის საერთო მოცულობამ 33.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის ღვინო – 30.4 მილიონი აშშ დოლარით; წინა წელთან შედარებით, მოცულობით ღვინის ექსპორტი უკრაინაში თითქმის იგივე დარჩა 2013 წელს, ხოლო ღირებულებით 11.3%–ით გაიზარდა. 2013 წელს საქართველომ ამ ქვეყანაში 29.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი განახორციელა.
გარდა ამისა, უკრაინაში დიდ რაოდენობით გადის ჩვენი ციტრუსი. მიუხედავად რუსეთის ბაზრის გახსნისა, ქართული ნარინჯოვანი ნაყოფის უმეტესი ნაწილი მაინც ძველი გზით გაიგზავნა. უკრაინაშივე ხორცილდება სხვა აგრარული პროდუქტის (ხურმა, კარალიოკი, ვაშლი, წაბლი) ექსპორტიც.
ასეთი სავაჭრო ურთიერთობების ფონზე არყის მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის „უშბა დისტილერის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ უსიამოვნების განცდას აჩენს, როცა ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა. დიმიტრი აბესაძის თქმით, ამ დრომდე უკრაინაში ექსპორტი უპრობლემოდ ხორციელდება, მაგრამ თუ მდგომარეობა უკონტროლო სიტუაციაში გადაიზრდება, გამორიცხული არ არის, რომ ექსპორტს პრობლემა შეექმნას.
„უშბა დისტილერის“ ექსპორტის წილი უკრაინაში 2013 წლის მონაცემებით 10%-ს შეადგენს, ხოლო რა წილი ექნება კომპანიას წელს უკრაინაში, ვითარების დასტაბილურებამდე, პროგნოზები ვერ კეთდება. „უშბა დისტილერი“ ამ დროისთვის ექსპორტს უკრაინასა და თურქეთში ახორციელებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ჯერჯერობით პრობლემები არც საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ იმპორტიორ „კანტისთვის“ შეუქმნია. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა „კომერსანტს“ განუცხადეს, უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობა ჯერ სტაბილურ რეჟიმში მიმდინარეობს და კიევში განვითარებულ მოვლენებს უკრაინა-საქართველოს შორის იმპორტ-ექპორტზე ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია.
მომავლის პროგნოზირება ბიზნესმენებს უჭირთ. მათ იმედი აქვთ, რომ ეკონომიკური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის არ მოიშლება. საფრთხეს უფრო ექსპერტები ამჩნევენ, რომლებიც თვლიან, რომ თუკი კიევში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა, ვითარება შეიცვლება, ხოლო უკრაინის პოლიტიკური კურსის ცვლილება საქართველოს აუცილებლად დაეტყობა.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ რუსეთის ემბარგოს შემდეგ უკრაინა ჩვენთვის დიდი ბაზარი გახდა. ახლა კი ყველაფერი საფთხის წინაშეა.
„ეს იყო უზარმაზარი ბაზარი და დღესაც ქართული პროდუქციის გასაღების კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ ახლა იმ სიტუაციაში ვართ, როდესაც არ გვაქვს გარანტია, რუსეთი მომავალში ემბარგოს ისევ დაგვიწესებს თუ არა. აქედან გამომდინარე, მეორე მნიშვნელოვანი ბაზრის დაკარგვა, ჩვენთვის კატასტროფა იქნება.
თუ უკრაინა საბოლოოდ ევრაზიული კავშირისკენ შებრუნდა, მაშინ, რა თქმა უნდა, მათ ერთიანი საგარეო, უსაფრთხოების და საბაჟო ეკონომიკური პოლიტიკა იქნებათ და უკრაინას რომც არ უნდოდეს, ერთიანი კავშირის პირობებში ერთიანი კანონებით იმოქმედებს. ეს კი საქართველოსთან ურთიერთობების თავისთავად შეზღუდვას გამოიწვევს“, - ამბობს კაკაჩია.