Reuters: პაკისტანში რკინიგზის სადგურზე აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters: პაკისტანში რკინიგზის სადგურზე აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ კვეტას რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, კვეტას რკინიგზის სადგურზე ბომბი აფეთქდა.

დაღუპულთა შორის არიან სამხედროები. „აფეთქების ორგანიზატორთა მიზანს ქვეითთა სკოლის სამხედრო მოსამსახურეები წარმოადგენდა“, - ციტირებს Reuters-ი ბელუჯისტანის ოლქის პოლიციის გენერალურ ინსპექტორს მუზამ ჯაჰ ანსარის.

მომხდარზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ „ბელუჯისტანის გამათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო. დაჯგუფება პროვინცია ბელუჯისტანის დამოუკიდებლობას ითხოვს.