ვაჭრობა და ულტიმატუმი საქრათველოს ევროპიდან - საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერი გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და დონალდ ტუსკი ამბობენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერენ.
ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში კი, სამივე ლიდერი ამბობს, რომ პირადად იქნებიან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერები.
მაკრონი, შოლცი და ტუსკი ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები.
ანალოგიური განცხადება ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებში ახლად დანიშნულმა ევროკომისარმაც გააკეთა. სლოვენიელი დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთადერთი დაბრკოლება, სწორედ უცხოური გავლენისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონებია, რომლის გაუქმების შემთხვევაშიც, ევროკავშირი საქართველოსთან პროცესს განაახლებს.
ულტიმატუმად აღიქვეს ევროპელი ლიდერების მოწოდება თბილისში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი საკუთარ ტრადიციებსა და ღირებულებებზე უარს არ იტყვის.
„ჩვენ გარშემო გვივლიან არაპირდაპირი, შემოვლითი არგუმენტებით. წარმოუდგენელია ქართველებისთვის, რომ ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა იმისათვის, რომ ზეგავლენა მოახდინონ სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე. გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა. გვითხრან მაშინ, რომ თურმე ეს არის ევროპული ღირებულება და ჩვენ ვცდებოდით. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ეს არის ერთ-ერთი ევროპული ღირებულებების შესაბამისად მიღებული კანონი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თანხები, რომელიც იხარჯება საჯარო წყაროებიდან და განსაკუთრებით, თანხები, რომელიც იხარჯება უცხოეთიდან სხვა ქვეყანაში, უნდა იყოს გამჭვირვალე. გამოვიდეს ვინმე და თქვას, რომ სხვა ქვეყანაში ფულის ხარჯვის გაუმჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება. თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს ამ ფარულს ფულს საქართველოში ყველა ხედავს, როდესაც შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
ევროპელი ლიდერის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ, კანონების გაუქმების მოთხოვნა არ უკვირთ ოპოზიციაში. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა შოლცის, მაკრონისა და ტუსკის მოწოდებებს ეთანხმება.
ჩვენ ეს არჩევნები შევაფასეთ როგორც რუსეთის სპეცოპერაცია იმისთვის, რომ საქართველოს ჩაეკეტოს დასავლეთში ინტეგრაციის, ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ეს დადასტურდა, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნების შემდეგ ევროკავშირის სამმა წამყვანმა სახელმწიფომ ერთობლივად გააკეთა განცხადება, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას და ნათლად თქვა, რომ ეს უკავშირდება „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ პოლიტიკას. ეს ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც შეასრულა რუსული დავალება, ამ არჩევნების გზით ქართველებისთვის ევროპული მომავალი გააუქმა“, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან, აცხადებს, რომ ამ უმსგავსო ულტიმატუმით, რეალურად, ევროკრატიის სახე დავინახეთ. აბაშიძის თქმით, მათ სინამდვილეში ის კი არ აინტერესებთ, რამდენად დემოკრატიული იყო, ან არადემოკრატიული საქართველოში ჩატარებული არჩევნები, არამედ, პირდაპირ, ულტიმატუმის ენით გველაპარაკებიან.
„ეს არის შანტაჟი და ულტიმატუმი. მათი განცხადებები არის ვაჭრობა, რომელიც დაუშვებელია. გვეუბნებიან, გააუქმეთ კანონი, რომელიც შავ ფულს ამხელს. ეს ფული კი ენჯეოებზე და პოლიიტკურ პარტიებზე იხარჯება, ისინი კი შემდეგ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას ცდილობენ. მეორე კანონი კი, ოჯახურ ღირებულებებს იცავს. სამი ლიდერის ეს ერთბლივი გზავნილი გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ მანამდე მსგავსი ევროკომისიიდანაც ითქვა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და 7 ნოემბერს იგივე თქვა გაფართოვების საკითხებში მომავალმა ევროკომისარმა მარტა კოსმა. პირდაპირ მიმდინარეობს სუვერენული და დამოუკიდებელი სახლემწიფოს დაშანტაჟება. ისინი დირექტივებს აძლევენ ქვეყანას, დასავლური ღირებულებების სახელით, რა კანონი უნდა მიიღოს და რა არა.
აღმაშფოთებელი კიდევ ის არის, რომ 7 ნოემბრის განცხადებაში, ევროკომისარმა კოსიმ თქვა, რომ როცა ამ კანონებს გავაუქმებთ, ქვეყანა დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებსო. ანუ რას ნიშნავს, რომ ქართულმა სახელმწიფომ თვალი უნდა დახუჭოს ცალკეული ენჯეოების შავი ფულით დაფინანსებაზე. რაც კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, არ უნდა დაიცავს ოჯახური ღირებულებები და თურმე ელგებეტე პროპაგანდა, ევროინტეგრაციას უდრის“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში, როცა ამას კრემლის პორპაგანდა ამბობდა, ეს იყო მიჩნეული დეზინფორმაციად, ჰიბრიდულ ომად და ა.შ. ახლა რა გვესმის დასავლელი ლიდერებისგან, ზუსტად ის, რასაც ამბობდა რუსეთი.
„გამოდის, რომ ქართულ საზოგადოებას და ევროკრატიას განსხვავებული ხედვა აქვთ, თუ რა არის ნამდვილი ევროპული ღირებულებები. ეს აღმაშფოთებელია, მაგრამ ამხელა ქვეყნების ლიდერების ასეთი დამუნათება დროებითია. 20 იანვრის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ოფიციალურად ამერიკის მმართველი გახდება, ის ნამდვილად აღკვეთს ამ გავეშებულ ფსევდო ლიბერლურ პროპაგანდას. ეს მოხდება, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის კონტინენტზე. შესაბამისად, ეს დროებითი დამუნათება, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვაზე უარის თქმა ევროპულ ინტეგრაციას უდრის, რასაკვირველია, გაქრება.
რა თქმა უნდა, საქართველოს ამუნათებენ ის პოლიტიკური პერსონაჟები, რომელთა ქვეყნებში არის, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური კრიზისი. მოგეხსენებათ მაკრონს რაც დაემართა და როგორ სამარცხვინო მდგომარეობაში არის ის აღმოჩენილი. საერთოდ არაფრის უფლება არა აქვს, მისი პარტია სამარცხვინოდ დამარცხდა. პოლიტიკურად კოჭლი იხვივით არის. რაც მოუვიდა შოლცს, გერმანიის კანცლერს და როგორ ჩამოიშალა მისი მთავრობა ამ დღეებში, ესეც ვნახეთ. რა დღეშია ქვეყნის შიგნით ტუსკი უკრაინის ომის გამო და რამხელა პრობლემების წინაშე დგას, ესეც ნათელია. ამიტომ კითხვა მაქვს, ამ ხალხს, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის პრობლემებისთვის ვერ მოუვლიათ, ჩვენი ქვეყნის დამუნათებისთვის სცალიათ? “, - ამბობს აბაშიძე.