„ჩვენი პოლიტიკა მთლიანობაში რუსეთთან ურთიერთობაში დამთმობ პოზიციაშია “

„ჩვენი პოლიტიკა მთლიანობაში რუსეთთან ურთიერთობაში დამთმობ პოზიციაშია “

პრეზიდენტის და პრემიერის ტონი რუსეთის მიმართ უფრო გამკაცრდა. გვახსოვს პერიოდი, როცა ქართული მხარე თავშეკავებით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან გამოვლენილ პერიოდულ აგრესიას. ასე მოხდა დიცსა და დვანში სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოების განახლებისას. მაშინ ექსპერტების ნაწილი რუსეთთან არჩეული პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებდა ახალ ხელისუფლებას.

პოლიტიკურ ოპონენტებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს რუსეთის ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში არ უხსენებია სიტყვა „ოკუპაცია“ და ყურადღება არ გაუმახვილებია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმის პროცესსა თუ დევნილების პრობლემატიკაზე.

დღეს კი პოზიცია განსხვავებულია. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას ამერიკულ ტელეკომპანიასთან საუბრისას აცხადებს: „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, რადგან ეს ევროპული ქვეყნების, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ნომერ პირველი რეკომენდაცია იყო“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ წელს განხორციელებულ პროვოკაციებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერ შეაცვლევინებს. თუმცა პრემიერი არ მალავს, რომ საქართველო რუსეთისგან პოლიტიკურ პროვოკაციებს ახლაც და მომავალშიც მოელის.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მანაც შეშფოთება გამოთქვა სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების მოტივით რუსეთის მიერ საქართველოსთან შეუთანხმებლად ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში სასაზღვრო ზოლის 11 კილომეტრით გაფართოების გამო.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთი ამ ტერიტორიაზე ფლობს ფაქტობრივად სრულ სამხედრო კონტროლს, მისი ქმედება არ არის უბრალოდ ტექნიკური ნაბიჯი და მას გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამიტომ პრეზიდენტ მარგველაშვილს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გარეშე.

აქვე იგი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობის განვითარებას ის აფერხებს, რომ საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილ რეალობას არ აღიარებს. ამის საპასუხოდ გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს არც ერთი მოქალაქე და არც ერთი ხელისუფლება არ შეეგუება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას.

რით აიხსნება ქართველ ხელისუფალთა ტონის ცვლილება და რა წილი აქვს ამ საქმეში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს?!

„ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ, უბრალოდ, გამოჩნდა ისეთი საკითხები, რომელზედაც რეაგირება აუცილებელი იყო. თუმცა მკვეთრი განცხადება პარლამენტსაც უნდა გაეკეთებინა.

„ეს არ არის საკმარისი, უბრალოდ, ინტერვიუში გამოთქმა აზრის, რომ ეს არ მოგვწონს, რომ რუსეთმა ეს გააკეთა... ვფიქრობ, აქ შეიძლებოდა უფრო მკვეთრი ოფიციალური განაცხადის გაკეთება, საპროტესტო ნოტის გაგზავნა შეიძლებოდა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით. მე მგონი, ჯერ კიდევ დაბნეულობაა იმის გამო, რომ რუსეთმა ამ ორმხრივ საუბარში ჩაგვითრია, მაგრამ, ამავე დროს, ორმხრივ საუბარში დიდი მიღწევების იმედი არ შეიძლება გვქონდეს. სამაგიეროდ, გვაქვს ვალებულებები, მაპროვოცირებელი განცხადებები არ გავაკეთოთ და ვაპატიოთ ერთმანეთს. მე მგონი, ბლანტ სიტუაციაში ვხვდებით, სადაც გვიჭირს მკვეთრი მოძრაობები“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, ექსპერტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ უკრაინის მოვლენები ამძაფრებს მდგომარეობას და გარკვეულ ფონს ქმნის, რომელშიც მეტად არის შესაძლებელი რუსეთის კრიტიკა და ეს საქმე ნაკლებად სარისკოა. იგი მიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა დაიმსახუროს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ამ ფაქტმა, მაგრამ მანამდე უნდა მოვთხოვოთ ჩვენს მთავრობას და პარლამენტს, უფრო ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ან უნდა მოეხდინათ ამ ფაქტზე.

„კაზაკები რომ დადიან გალის რაიონში, ანუ სხვა ქვეყნის ნახევრად გასამხედროებული დაჯგუფებები გადაადგილდებიან შენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, არანაირ ნორმებში არ ჯდება. ზედმეტი თავხედობაა. აქაც არ იყო ისეთი მწვავე რეაგირება, ანუ ჩვენი პოლიტიკა მთლიანობაში რუსეთთან ურთიერთობაში დამთმობ პოზიციაშია. თუ ჩვენ რაღაც პოლიტიკური შორს მიმავალი მიზნები გვაქვს (იგივე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ან რაიმე სხვა) და გვეშინია, რომ ეს გეგმები საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს, მაშინ შეიძლება გამართლებულიც იყოს, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოვახდინოთ, თუმცა ამ პროცესს კარგი მენეჯმენტი სჭირდება, რომ კითხვები არ იბადებოდეს“.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის აზრით, პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც აჟღერებს მკაფიო პოზიციას იმ სრულიად არაადეკვატური ნაბიჯის მიმართ, რასაც ჰქვია 11 კილომეტრით შემოჭრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიის გარუსება.

„იქნება ეს 21 მარტამდე თუ უფრო ხანგრძლივად, ამაზე რეაგირება დროული უნდა ყოფილიყო და ასეც იქცევა საქართველოს ხელისუფლება. ახლა უფრო მკაფიო იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, თუ რასთან გვაქვს საქმე, სრულიად უდიერ უპატივცემულობასთან საქართველოს მიმართ და აბუჩად აგდებად საერთაშორისო კანონმდებლობისა. რასაკვირველია, ჩვენს განწყობებზე მოქმედებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც და უნდა ვეცადოთ ეს პოზიცია შენარჩუნებული იყოს, თუმცა არა რაიმე მუქარის ტონით. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი ევროპამდე“, - გვითხრა სოსო ცისკარიშვილმა.

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეალურად აფასებს ვითარებას, როცა საუბრობს, რომ შესაძლებელია, განხორციელდეს გარკვეული პროვოკაციები საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტების მიზნით.

„თუმცა ამასთან დაკავშირებითაც გარკვეული კითხვები არსებობს, რადგან რამდენიმე დღის წის მიცემულ ინტერვიუში პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს არ ელოდა. მიმაჩნია, რომ იმავე საზღვრის 11 კილომეტრით გადმოწევა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო რუსეთის მხრიდან. თუმცა რუსეთი ამის იგნორირებას აკეთებდა „ნაცმოძრაობის“ დროსაც და დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული და სავაჭრო ბრუნვა რუსეთ-საქართველოს შორის გაიზარდა. ალბათ, დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ რუსეთი ებრძოდა არა სააკაშვილის ხელისუფლებას ან შევარდნაძის რეჟიმს, ან ღარიბაშვილს და მარგველაშვილს, არამედ - საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

მანვე განმარტა, რომ უკრაინის პროცესებმა ქართველ ხელისუფალთა ტონზე გარკვეული ასახვა ჰპოვა, რადგან რუსეთი ცდილობს, ჩაერიოს უკრაინის შიდა საქმებში და არ დაუშვას პროდასავლური ძალების გააქტიურება. უკრაინაზე ზეწოლასთან ერთად კი, შესაძლოა, გაძლიერდეს ზეწოლა საქართველოს მიმართულებით, ოღონდ სხვა კუთხით. კერძოდ, პროვოკაციების მოწყობით საქართველოს ოკუპირებული ზონების სიახლოვეს, ანტიდასავლური ძალების წახალისებით საქართველოში და სხვა.