სახელმწიფოს გადატრიალება და ძალადობრივი დამხობა - „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, რურუამ სუს-ს უნდობლობა გამოუცხადა და ჩვენება სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცა. რა თქმა უნდა, რურუა უარყოფს მის კავშირს აღნიშნულ დანაშაულში და აცხადებს, რომ სუს-ს აშკარად შეეშალა მისამართი. მისი თქმით, სახელმწიფოს გადატრიალება და დამხობა „რუსულმა ოცნებამ“ განახორციელა, ერთი კაცის ხელმძღვანელობით და სოლოლაკში გაუშვა.
რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, არანაირი კითხვა არ დასმულა გიორგი რურუას განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით და ეს იყო უბრალოდ საცირკო წარმოდგენა.
„ბატონი გიორგი იმიტომ გამოიკითხა, რომ „რუსთავი2“-მა, „იმედმა“, „პოსტივიმ“ სულელური სიუჟეტები მოამზადონ, თითქოს, შეთქმულებებზე, დამმხობ პირებზე, არანაირი შინაარსი არ ჰქონია კითხვებს, რომელიც გიორგის მიმართ დაისვა, არანაირი კითხვა არ დასმულა გიორგის განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით, ეს იყო უბრალოდ საცირკო წარმოდგენა, იმიტომ რომ საზოგადოებაზე სახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიასაშუალებებით ზეგავლენა მოახდინონ, თითქოს, ვიღაც, რაღაცას გეგმავს.
ვიმეორებ, არც ერთი კითხვა, თუნდაც, ირიბ კავშირში გიორგი რურუას ქმედებებთან ამ გამოკითხვაზე არ გაჟღერებულა, აბსტრაქტული კითხვები იყო, ზუსტად ამიტომ ვამბობ, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პროცესი. რაც შეეხება იმას, რატომ არ მივედით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ბუნებრივია, არ ვენდობით სუს-ს, საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვა ნებაყოფლობითია, ამიტომ არ მივედით იქ, სასამართლოში დაგვიბარეს, იქ გამოვცხადდით და გავეცით „კითხვებს“ პასუხი“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე რურუა ერთელ უკვე იყო პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტის საფუძველზე საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ სავარაუდოა, რომ ძალიან ბევრი მასალები არის საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, მათ შორის გარკვეული სიძველითაც. ამიტომ, მისი თქმით, სამართლებრივი რეაგირება იმიტომ სჭირდება სახელმწიფოს, რომ დაუსჯელობის სინდრომის გამო არ მოხდეს პირების მაღალი დონის დამნაშავეებად ჩამოყალიბება.
„ჩვენ თუ ახლა პირდაპირ ამ ქეისს განვიხილავთ, შეიძლება ვილაპარაკოთ იმ მიმართულებით, რომ თუკი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმე არის ამ კონკრეტული პირის მიმართ და მასზე თავის დროზე არ არის გატარებული ღონისძიებები და მათ შორის დაძველებული დანაშაულისათვის, ყოველთვის მივიღებთ ასეთ შედეგს.
დღეს, რაზეც მას სთხოვენ მისცეს ჩვენება, ეს არის უცხო ქვეყნების პოლიტიკური დაზვერვის მნიშვნელოვანი ინტერესი იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და მასში მონაწილეობა, ეს არის ძირითადად უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული და არც ერთ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება, თუ მას საგარეო მხარდაჭერა არ აქვს“, - აცხადებს კუხალაშვილი.
აქედან გამომდინარე, კუხალაშვილი ვფიქრობს, რომ ჩვენ ვართ გადამწყვეტ ფაზაში და თუ ამ გადამწყვეტი ფაზის დასასრული უმოკლეს ვადაში არ მოხდება ისე, რომ არ დაირღვეს სამართალი, მაშინ უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირების მიმართ, ვინც ვალდებული იყო დანაშაულის შესახებ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაცია დროულად ყოფილიყო გახსნილი და პირები, ან პირთა ჯგუფები მიცემული ყოფილიყვნენ პასუხისგებაში.
„ეს რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამასთან ერთად, უნდა დადგეს პასუხისმგებლობა იმ პირებისა და პირთა ჯგუფების მიმართ, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურაში მოღვაწეობენ, ღებულობდნენ როგორც აგენტურულ-ოპერატიულ ინფორმაციას, ასევე ახორციელებდნენ სისხლის სამართლებრივ დევნას. ამ პროცესის განხორციელება აუცილებელია, იმიტომ რომ რეალურად, ჩვენ გამოვრიცხოთ უცხო ქვეყნების ინტერსების შესაბამისი პროცესები, როგორც სპეცსამსახურებში, ისე პოლიციურ უწყებებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და სასამართლოში პრაქტიკულად გამორიცხული იქნას საბოტაჟი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.