პარლამენტის პლენარული სხდომები შესაძლოა, ქუთაისში გაიმართოს, კომიტეტები - თბილისში

პარლამენტის პლენარული სხდომები შესაძლოა, ქუთაისში გაიმართოს, კომიტეტები - თბილისში

„რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობის ტექნიკურად აღჭურვის დასრულებისთანავე, პარლამენტი საქმიანობას თბილისშიც დაიწყებს“, - ამის შესახებ for.ge-ის კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომელსაც კითხვებით მივმართეთ - „თუ როდის დაბრუნდება საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში და ასევე, კმაყოფილია თუ არა დავით უსუფაშვილი კომიტეტების მუშაობით, სადაც კვორუმის შევსების მიზნით, ხშირად, დეპუტატების „თხოვება“ ხდება საჭირო?“.

for.ge-ის მიერ დასმულ კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე „კმაყოფილებით“ შეხვდა და ყურადღება საკომიტეტო სხდომების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა.

სპიკერის მტკიცებით, მათი ამოცანა საკომიტეტო მუშაობის გაუმჯობესებაა.

„თქვენი კითხვის დეტალებით კმაყოფილი ვარ, რადგან ხშირად, კომიტეტების სხდომებს ესწრებით და ტერმინი „დეპუტატის თხოვება“ იცით. თუმცა, ასევე კმაყოფილი ვარ კომიტეტების უმეტესობით. პარლამენტმა თავისი როლი სათანადოდ რომ შეასრულოს, საკომიტეტო მუშაობის ხუთჯერ და ათჯერ გაუმჯობესებაა საჭირო, რადგან მთავარი საქმე სწორედ საკომიტეტო დონეზე კეთდება. პლენარულ სხდომაზე საკითხების სიღრმისეული განხილვა თითქმის შეუძლებელია. პლენარულ სხდომაზე შეჯერებული, ათჯერ აწონილ-დაწონილი საკითხები უნდა შემოვიდეს და იქ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ამიტომ, უახლოეს წლებში საკომიტეტო მუშაობის გაუმჯობესება მოხდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა საკომიტეტო საქმიანობის გარდა, უწყების თბილისში დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნების საკითხი კონსტიტუციურად კვლავ მოსაგვარებელ თემად რჩება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალვე რომ მოვიდეს და თქვას, შეგცოდე ქართველო ხალხო და ხმას ვაძლევთ პარლამენტის გადმოსვლასო, კონსტიტუციურ ცვლილებას თვეები დასჭირდება. თუმცა, რუსთაველზე მდებარე შენობის ტექნიკურად აღჭურვისთანავე პარლამენტი თბილისშიც გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისში ყოფნას, აქ ლაპარაკი სიზარმაცესა და სიარულის ხარჯებზე არ არის, არამედ საუბარია იმაზე, რომ კომიტეტები ვერ მუშაობენ და პარლამენტიც ვერ მუშაობს. პარლამენტი საერთო სისტემიდან გათიშულია, რადგან სახელისუფლებო სისტემასთან დამაგრძელებლით ვართ შეერთებულნი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა, რომელმაც არ დააკონკრეტა, თუ რა ფორმით დაიწყებს მუშაობას პარლამენტი დედაქალაქში. თუმცა, როგორც for.ge-ის საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, თბილისში შესაძლოა, აპარატი გადავიდეს და საკომიტეტი მოსმენები გაიმართოს, ხოლო ქუთაისში პლენარული სხდომები ჩატარდეს.

პარლამენტის ადგილსამყოფელის გარდა, დავით უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მისვლის თაობაზეც ისაუბრა, თუმცა, for.ge-ის კითხვის საპასუხოდ, კონკრეტული თარიღი არ დაასახელა - გიორგი მარგველაშვილი უწყებას რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესიის გახსნის პირველ დღეს ესტუმრება, თუ თვის განმავლობაში.

დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტი მარგველაშვილი პარლამენტში მისასვლელად მზად არის და დეპუტატები მას თებერვლის განმავლობაში მოუსმენენ.

„ამ თემაზე, პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. პრეზიდენტის მოსმენა მოხდება საგაზაფხულო სესიის პირველ, მეორე თუ მესამე დღეს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად როდის მივა პრეზიდენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“, - აღნიშნა სპიკერმა, რომელმაც აქვე დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციონერ დეპუტატს მიხეილ მაჭავარიანსაც ესაუბრა.

ზემოთ აღნიშნული საკითხების გარდა, მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარეს საუბარი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „ბორდის“ დაკომპლექტებაზეც მოუწია და აღნიშნულ საკითხზე საჯარო დებატების გამართვის თაობაზე, მან მზადყოფნაც გამოთქვა.

 მისი თქმით, პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართა.

„ამ პროცესის ნახევრად წარმატებულობაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? - პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ეკისრება. თავის დროზე, კანონპროექტის შემქმნელებმა ძალიან ბევრი იფიქრეს, იკამათეს, თუ როგორი სისტემით ჩატარებულიყო კონკურსი და მარტივი გამოსავალი მოიფიქრეს - მოდი, პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩამოვკიდოთ. პარლამენტის თავმჯდომარეები საქართველოშიც და სხვა ქვეყნებისაც იმიტომ არსებობენ, რომ პასუხისმგებლობა მათ ჩამოეკიდოთ. საჯარო დებატებში ყველას ვიწვევ, ვინც მიიჩნევს, რომ ამ მხრივ კანონები დაირღვა. ვინმემ მითხრას, პარლამენტის თავმჯდომარეს რა ბერკეტებით უნდა მოეხერხება, რომ ექვსი ფრაქცია კონკრეტულ გვარზე შეთანხმებულიყო?! ზოგადად, ძალიან დიდ ბოდიშს იმ ადამინებს ვუხდი, რომელიც ამ პროცესებით უკმაყოფილო არიან და გვედავებიან“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც თვითმართველობის კოდექსსა და ადგილობრივ არჩევნებზეც ისაუბრა.

სპიკერის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო კანონში ცვლილებები ერთ კვირაში მომზადება.

„უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, საკანონდებლო ცვლილებების ფორმით ფორმულირებულ საკითხებს ველით, რომელიც უშუალოდ თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. გვინდა, რომ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა თებერვალში დავასრულოთ, თუმცა დანარჩენ საკითხებზე ინტერფრაქციული ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას“, - დასძინა სპიკერმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ ყოველ ორ კვირაში მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. თუმცა, შეასრულებს თუ არა სპიკერი ამ პირობას, ამის პროგნოზი რთულია, რადგან მან შემოდგომაზე დაგვარწმუნა, რომ საგაზაფხულო სესია თებერვალში თბილისში გაიხსნებოდა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანო რეგლამენტის გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიას 4 თებერვალს ქუთაისში სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გახსნის.