გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე. ერთ-ერთ სტატიაში პირდაპირ იყო მოთხრობილი ნაციონალი ლიდერების შეკრების შესახებ, რომლის დროსაც გიგა ბოკერიამ ე.წ. ძველ სახეებს ( ჟვანიას გუნდი, ვანო მერაბიშვილი) პარტიის რებრენდინგის მიზნით უკანა პლანზე გადანაცვლება მოსთხოვა. ამ მოთხოვნას სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა, რა დროსაც გივი თარგამაძე ე.წ. ჟვანიას გუნდის წევრებს კომპრომატების გამოქვეყნებით და სამართალდამცავებისთვის გადაცემით დაემუქრა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისედაც ყველასთვის ცნობილი იყო ბ-ნი თარგამაძის 4-5 წლის წინანდელი გატაცება, რაც თანაგუნდელების წინააღმდეგ შსს არქივებში კომპრომატების შეგროვებაში გამოიხატებოდა. როგორც ჩანს მათ გაითვალისწინეს თანამებრძოლის ეს უცნაური ჰობი და პრევენციის მიზნით თავადაც შეიარაღდნენ კომპრომატებით. შესაბამისად, თარგამაძის ამ მუქარას საწინააღმდეგო მხრიდანაც დაუპირისპირეს სამხილები და მიახვედრეს, რომ ეს ბერკეტი მხოლოდ მას არ გააჩნდა. საბოლოოდ, პარტიის რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და შიდა დაპირისპირება უფრო გაღრმავდა. ამ შეხვედრის დეტალების გამჟღავნებიდან რამდენიმე დღეში გიგა ბოკერიამ გააკეთა განცხადება, რომ პარტიის შიგნით არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. ხსენებული განცხადების კვალდაკვალ 27 იანვარს ბოკერიას სხვა განცხადებაც გამოქვეყნდა, სადაც ორ მნიშვნელოვანი ფრაზა იყო გამოყენებული (ციტატა):
1.„სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები სჩადიოდნენ დანაშაულს. ეს ადასტურებს იმას, რომ უწყებაში არსებობდნენ ელიტარული სპეცჯგუფები, რომლებიც არასაკმარისად კონტროლდებოდა";
2. „ვერ გავექცევით რეალობას, რომ ზოგიერთ ციხეში სისტემური დანაშაულის ნიშნები ნამდვილად იყო"
ამ განცხადებებით გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობაში“ შეთანხმებულ თემას დაუპირისპირდა, გავიდა წითელი ხაზებიდან და პარტიულ მესიჯბოქსში აკრძლული ტერმინები „სისტემური დანაშაული“ და „სამართალდამცავი სტრუქტურის ელიტური დაჯგუფებები“ იხმარა. აღნიშნული ტერმინების გამოყენება ფაქტობრივად ნიშნავს ივანე მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიას დანაშაულების აღიარებას, რაც „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მკაცრად ეკრძალებათ.
ამ განცხადებით დადასტურდა მედიაში გასული ინფორმაციაც, რომ შიდა დაპირისპირებაში ვანო მერაბიშვილი დავით ბაქრაძისა და ე.წ. ჟვანიას გუნდის მხარეს იჭერს. სწორედ ვანო მერაბიშვილის ძალისხმევით დაინიშნა მის შემცვლელად მიშა მაჭავარიანი, მიხეილ სააკაშვილმა კი არჩევანი მოიწონა, რადგან ჯგუფებს შორის ძალთა ბალანსი ერთადერთი საშუალებაა პარტიის შიგნით მისი გავლენის შესანარჩუნებლად.
ხსენებული განცხადებების პარალელურად, დაკვირვებულ თვალს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა უგულავასთან (რომელიც ამჟამად ბოკერიას გუნდის წევრია) ასოცირებულ გაზეთში დავით ბაქრაძისა და გია ბარამიძის ბიზნეს ინტერესებზე გამოქვეყნებული მასალები, სადაც კონკრეტულად არის მითითებული ბაქრაძის სიმამრის კუთვნილი სამშენებლო კომპანიების ("ბელდ ინვესტი" და "ჯიშსაშენში") ქონებრივი მდგომარეობა, მოგებული სახელმწიფო ტენდერების ნომრები და ერთობლივი შემოსავალი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები 30 მილიონ ლარს შეადგენს. ამით დაიმსხვრა ბაქრაძის “უმანკო“ იმიჯი.
შთამბეჭდავია გია ბარამიძესთან და მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საწარმოების ჩამონათვალიც: სასტუმრო "ვარაზი", შპს „ოპერა, შპს "ეკო-სფერო", რომელთა ერთობლივი შემოსავალიც 23 მილიონ ლარს შეადგენს და არაერთ სახელმწიფო ტენდერშია გამარჯვებული. ასევე მითითებულია გია ბარამიძის მიერ ხელისუფლებაში ყოფნისას აშენებული საცხოვრებელი სახლი ძველ თბილისში, რომლის რეალიზებითაც დეპუტატს 2 მილიონი ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
რა თქმა უნდა, ამ „უმანკო“ დეპუტატებს დეკლარაციებიც ასეთივე „უმანკო“ ჰქონდათ და ხალხის თვალში „რიგით“ დეპუტატებად ცდილობდნენ დარჩენას.
ზემოთ ჩამოთვლილი მასალების დიდი ნაწილი საჯაროა და დაინტერესებულ პირებს თავისუფლად შეუძლიათ მისი გადამოწმება, თუმცა სტატიაში ისეთი მონაცემებიც არის მითითებული, რომელთა მოპოვებაც ყველას არ შეუძლია, რაც ბადებს ეჭვს, რომ ჟურნალისტს მასალის ნაწილი საკითხში კარგად ჩახედულმა პირმა მიაწოდა.
სტატიას იმავე დღეს მოყვა ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ბრიფინგი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ გაეცნენ გაზეთში გასულ ინფორმაციას და საჭიროდ მიიჩნიეს საზოგადოებას სხვა პოლიტიკოსების ქონებრივი მდგომარეობის შესახებაც ქონოდა ინფორმაცია. ამ მიზნით მათ წარმოგვიდგინეს გიგი უგულავას და გივი თარგამაძის ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საწარმოების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას ოჯახის წევრები წილებს ფლობენ შპს „მანი“-ში, შპს „ჯეოლენდი“-ში, შპს „თ.ფ“-ში,შპს „ლთ ჯგუფი“-ში და ა.შ.
გამოქვეყნდა ინფორმაცია ამ საწარმოების მიერ მოგებული რამდენიმე ათეული სახელმწიფო ტენდერის და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებული ასზე მეტი ხელშეკრულების შესახებ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ იმ საწარმოებს, რომლებშიც ქალაქის ყოფილი მერის ოჯახის წევრები უშუალოდ მონაწილეობდნენ ბოლო წლებში 13 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ მიღებული.
იგივე ტიპის ინფორმაცია გამოქვეყნდა გივი თარგამაძესთან და მის ძმასთან დაკავშირებულ კომპანიებზე -შპს „პაულ შულერ უნდ ირაო გრუპ“, შპს „მილკ ვეი“, შპს „ირაო არტ“, შპს „კალანდა“, რომელთა საერთო შემოსავალიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით 85 მლნ ლარს აღწევს, სახელმწიფოსგან უამრავი შეკვეთა აქვთ მიღებული და სამშენებლო ბიზნესსა და რძის პროდუქტების იმპორტში მნიშვნელოვანი პოზიცია უჭირავთ ბაზარზე.
სტატიაში მოყვანილი ფაქტები, კომპრომატების გავრცელების საშუალებები და დინამიკა ცალსახა სურათს ქმნის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე.
როგორც ჩანს კონფლიქტი დღითი დღე უფრო მწვავდება და საზოგადოება ნაციონალი ლიდერების ფინანსური თუ სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ კიდევ ბევრ კომპრომატს იხილავს.