ავტოტექდათვალიერება გარდაუვალია, ტარიფები მალე დაზუსტდება

ავტოტექდათვალიერება გარდაუვალია, ტარიფები მალე დაზუსტდება

საქართველოში რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებას 2015 წლის 1-ლი მარტიდან სავალდებულო ტექდათვალიერების გავლა მოუწევს. ამ საქმეს გერმანული კომპნაი მიხედავს. ფასი ჯერჯერობით გასაზღვრული არ არის, მაგრამ მთავრობა ეცდება მოსახლეობის ჯიბეს გაუფრთხილდეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ნათია მიქელაძის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში რეგისტრირებულია დაახლოებით 900 ათასი მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, საავტომობილო პარკი კი საკმაოდ მოძველებულია. 2012 წლის მონაცემებით, მანქანების 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა და კონტროლის არარსებობის პირობებში ავტომობილების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია.

“ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ყველა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა ევროსტანდარტებთან მოვიდეს შესაბამისობაში. ეს თავის მხრივ გაზრდის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და დადებითად აისახება გარემოს დაცვაზე. საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანები მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთვევაში საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში ჩართვას შეძლებენ”, - აცხადებს მიქელაძე.

ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, მთავარობა მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო ოპერატორებთან.  მიქელაძის თქმით, საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ინტერესი გამოხატა ტექნიკური უსაფრთხოების და სერტიფიცირების სფეროში წარმატებულმა გერმანულმა კომპანიამ TUV RHEINLAND GROUP-მა.  მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და კომპანია უახლოეს პერიოდში შემოვა ბაზარზე.

რაც შეეხება ტექდათვალიერების საფასურს, მიქელაძე აცხადებს, რომ გადასახადის დადგენისას ქვეყნის რეალობა გათვალისწინებული იქნება.

“საფასური არ იქნება ისეთი, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნებში. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის რეალობა და მთავრობა აქცენტს გააკეთებს საფასურის ხელმისაწვდომობაზე. ეს ინვესტორთან შემდგომი მოლაპარეკებების ეტაპია, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას განახორციელებს”, - განაცხადა მიქელაძემ.

TUV RHEINLAND GROUP-ს საქმიანობის 140-წლიანი გამოცდილება აქვს, იგი მსოფლიოს მასშტაბით 500-ზე მეტ ფილიალ ფლობს და მისი წლიური ბრუნვა 1 მლრდ 300 მილიონ ევროს აღემატება.

TUV RHEINLAND GROUP-ის სამუშაო ჯგუფს საქართველოში მიმდინარე კვირას ელოდებიან, რის შემდეგაც ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა დაიწყება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ განაცხადა, პროექტის მომზადებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, რის შემდეგაც ურთიერთთანამშრომლობის პირობები გაცხადდება.

“წლების განმავლობაში ეს არ კეთდებოდა, სავარაუდოდ, იმ მიზეზით, რომ პოლიტიკურად არამომგებიანი იყო. ჩვენ კი ვფიქრობთ, ეს სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტია და მის განხორციელებას წინ ვერაფერი დაუდგება. ტექდათვალიერების მოქმედების ვადები,  სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება ავტომობილის გამოშვების თარიღზეც, ვინაიდან სალონიდან გამოყვანილ და 20 წლის ავტომანქანებზე ტექდათვალიერების ფასი ერთი და იგივე ვერ იქნება. 

გარდა ამისა, არ გამოვრიცხავთ ავტომანქანების სეგმენტაციას, თუმცა დეტალებზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან სტატისტიკური მონაცემებიც ჯერ ბოლომდე დამუშავებული არ არის. ყველაზე მთავარია, რომ ავტომანქანა ტექნიკურად გამართული იყოს”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

“საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” განკარგულება მთავრობამ უკვე მოიწონა.

კანონმდებლობის თანახმად, 2015 წლის 1-ლი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება.

დანელიას თქმით, ზუსტი დეტალები, თუ რა კრიტერიუმებით მოხდება ტექდათვალიერება, სწორედ ამ კომპანიასთან მუშაობის შედეგად გამოიკვეთება.

“საერთაშორისო დონის კომპანიის შემოსვლას მიენიჭა უპირატესობა იქიდან გამომდინარე, რომ ტესტირების პროცესი დაიწყოს გარანტირებულად დადგენილ დროში და საჭირო სიმძლავრით.  ეს არა მხოლოდ უზრუნველყოფს ტესტირების ხარისხის გაზრდას, არამედ მოახდენს სისტემაში კორუფციის მაქსიმალურ პრევენციას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას”, - აღნიშნა დანელიამ.

როგორც აღვნიშნეთ, დღეს საქართველოში დაახლოებით 900 ათასამდე მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება არის დარეგისტრირებული და ამ რიცხვის გაზრდას 2015 წლის მარტამდე შსს-ს მომსახურების სააგენტოში კიდევ ვარაუდობენ.

ავტომობილების ტექდათვალიერების საკითხთან დაკაშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია და მისი წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს.

“ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, 1_3 დათავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების 40%, რომლის წილი ქალაქის დაბინძურებაში 95%-ზე მეტია.

დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც ამ მავნე ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიების მოცულობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობაა.

გამონაბოლქვი აირის მოცულობა და ტოქსიკურობა კი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ძრავის კონსტრუქციაზე, ტექნიკურ მდგომარეობასა და მუშაობის რეჟიმზე. მაგალითად, დიზელის ძრავის გაუმართაობის შემთხვევაში ჭვარტლის წარმოქმნა შეიძლება 20-ჯერ გაიზარდოს. კარბურატორის გაუმართაობის შემთხვევაში კი 2-10-ჯერ იმატებს გამონაბოლქვ აირში ნახშირბადის ოქსიდის რაოდენობა”, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.