რადიკალები პროკურატურაში გამოიძახეს

რადიკალები პროკურატურაში გამოიძახეს

ცესკოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაბარებულია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიები უწყებაში 31 ოქტომბეტს იყო ჩანიშნული, მაგრამ ამ სკანდალური ბრალდების ავტორი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. თავის მხრივ, პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა პირი, რომლებიც შესაძლებელია ფლობდნენ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის მსგავსად, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა რა მტკიცებულებას ეყრდნობა ბრალდება, რასაკვირველია, ამაზე პასუხი არ აქვთ. „გახარია საქართველოსათვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ცესკო ამ დრომდე მალავს არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას, კერძოდ, იმ ამომრჩეველთა შესახებ სრულ ინფორმაციას, ვინც არჩევნებზე გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს. როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, ის მზადაა საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურა მათ მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებზე ცალკე გამოძიებას დაიწყებს.

„პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარცხად გამოძიება რომ დავიწყეთ, მაგაზე გიბარებთ, რადგან თქვენ გაყალბების მტკიცებულებებსა და სქემებზე საუბრობთო. კარგია, რომ გაყალბების მტკიცებულებებმა და სქემებმა შეაშინათ, მაგრამ ჩვენ დაკვეთილ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და არჩევნების მოპარვის გაფორმების მიზნით წარმოებულ გამოძიებებში არ დავდივარ.

უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ათობით განცხადება გვაქვს ოფიციალურად შემოტანილი, რომელიც არჩევნების გაყალბების მიზნით ძალადობაზე, მუქარაზე, კორუფციაზე მიუთითებს. არც ერთზე არათუ გამოძიება არ დაუწყიათ, არც კი დაგვირეკეს. როგორც კი ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ ამ ნამდვილ დანაშაულებზე ნამდვილ გამოძიებას დაიწყებენ, რა თქმა უნდა, მოვალთ და ყველაფერს მოვიტანთ“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

პროკურატურაშია დაბარებილი სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია, რომელიც საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.

„წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას ვთხოვდით. პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ ვაპირებ. თუ რეალურად მნიშვნელოვანია ამ უწყებისთვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, თუმცა ყველაფერი უკვე საჯაროა - ტელევიზორში და სოციალურ ქსელში, მივალ სასამართლოში, სადაც მინიმუმ ერთით მეტი ადამიანი მოისმენს როგორი უმოქმედო იყო პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - წერს ლონდა თოლორაია.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სარჩელი, რომლითაც კოალიცია, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, აპარატში მოთავსებული სიების გამოქვეყნებას ითხოვდა. ანა დოლიძის განცხადებით, „ოცნების“ სასამართლო მალავს მტკიცებულებებს, მაგრამ საერთაშორისო გამოძიება მაინც ამოიღებს ყველაფერს.

„ყველა სასამართლოში, სადაც ეს მოვითხოვეთ, ჩვენ გვითხრეს უარი, სხვადასხვა ფორმალური მიზეზით. მათ არ უნდათ გამოაჩინონ მთავარი მტკიცებულება, რითაც გამოჩნდება რომ მათ არჩევნები მოპარული აქვთ“, - აცხადებს ანა დოლიძე.

რადიკალური ოპოზიცია არ აპირებს მტკიცებულებებით მივიდნენ საგამოძიებო უწყებაში, თუმცა როგორც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, მტკიცებულებები გროვდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, რომელიც გააცნეს უცხოელ პარტნიორებს. მტკიცებულების გასაჯაროვებას არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით, პროკურატურამ თავად უნდა გადასცეს მტკიცებულება.

თავისთავად ცხადია, თუკი არსებობს მტკიცებულება არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით, რატომაც რადიკალები და ქვეყნის პრეზიდენტი ცდილობენ პროცესების ქუჩაში გადატანას, ცხადია მტკიცებულება უნდა წარადგინონ პროკურატურაში, რასაც რადიკალები არ აკეთებენ და მხოლოდ ზეპირი განცხადებებით ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

თავის მხრივ კი თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, რომ წარადგინოს მტკიცებულებები.

„პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება და მოწოდებებიც გაკეთდა, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს და წაბრძანდეს, პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარადგინოს მტკიცებულებები. არ გაგიგიათ მოწოდებები აღნიშნულთან დაკავშირებით? კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, წარმოადგინოს მტკიცებულებები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პროფესორ თემურ მაისურაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში მტკიცებულების ტვირთი მბრალმდებელზეა. მბრალდებელი არის ენჯეო სექტორი, თუ რომელიღაც პოლიტიკური პარტია, მათ ეს მტკიცებულება უნდა წარმოადგინონ და თუ მტკიცებულებით დადასტურდება ვინმეს ბრალეულობა, პროკურატურამ უნდა დაიწყოს მოქმედება. მაგრამ როგორც პროფესორი აცხადებს, არანაირი მტკიცებულება რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს.

„ყველაფერი არის წმინდა წყლის ბლეფი. რა იყო მელაძის გადაცემაში? - აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ბრალდება. ის, რომ პოლიტიკური პარტიები თავიანთ ამომრჩევლებს მიიყვანენ, ის, რომ ისინი აკონტროლებენ მივლენ თუ არა ადამიანები არჩევნებზე, ეს ყველა პოლიტიკური სუბიექტის ფუნქცია და ამოცანაა. ის, რომ შენი ამომრჩეველი მიიყვანო არჩევნებზე, ამას აკეთებს ყველა მთელს მსოფლიოში. არ არსებობს სახელმწიფო სადაც ეს არ კეთდება. აპელირებენ იმაზე, რომ „ქოლცენტრიდან“ იმართებოდა არჩევნებიო. უკაცრავად, 112-იც „ქოლცენტრია“. ანუ, ის, რომ არსებობს სწორი კოორდინაცია, საფეხურები, ვინ, ვისთან რა პასუხისმეგბლობაშია, ეს ხომ ძალიან ნორმალურია და არავითარი ადამიანის უფლებების დარღვევა ეს არ არის. ერთადერთი ისინი რაზეც აპელირებას აკეთებენ არის ის, რომ ახალქალაქის რაიონში ვიღაცა ამბობდა100 ლარი გადაუხადეს. დიდი ბოდიში და იქნებადა ნაცები არიან, რომლებიც ამას სპეციალურად აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც არის“, - აცხადებს მაისურაძე.

როგორც პროფესორი აცხადებს, ეს არის შეთითხნილი ბრალდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მყარი მტკიცებულებით წავიდოდა პროკურატურაში.

„მათ ინტერესში უნდა იყოს მათ მიერ წაყენებული ბრალდების სისწორე, მაგრამ ვერ მიდიან, იმიტომ რომ არაფერი არ აქვთ. მიზანია ქუჩის პროცესების აგორება, რადგან მაგათ პარტნიორებს საქართველოში უნდათ მორჩილი ხელისუფლება და ეს ყველაფერი ღიად ჩანს. საბოლოო ჯამში მათი პარტნიორები არჩევნების თითქოსდა გაყალბების საკითხს წერტილს უსვამენ, მაგრამ რითი? - სახელმწიფომ უნდა გაიწვიოს კანონი გამჭვირვალეობის და ლგბტს შესახებ.

თუ თქვენ ხართ ჩემი პარტნიორი, ე.ი. რაც გინდათ ის უნდა აკეთოთ და მე არ მაქვს კონტროლის უფლება. აი, ამას ითხოვენ ჩვენგან და მეორე, რომელი კულტურის შემოტანასაც შეეცდებიან, უსიტყვოდ უნდა მივიღოთ? ეს არის აბსოლუტური მონობისკენ მისწრაფებული დინება, რაც მიუღებელია საქართველოსთვის. ის, რომ პარტიორები მხარს უჭერენ, ეს გასაგებია, მაგრამ პროკურატურამ უნდა იმოქმედოს მარტივად - არსებობს მტკიცებულებები, კი ბატონო. მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, დიდი ბოდიში, არჩევნები ჩატარდა. რა არგუმენტი აქვთ? ის, რომ ბიულეტენის ბოლოს წერტილი ჩანს? პაპუაშვილმა ბრიფინგზე აჩვენა დემოკრატიული ქვეყნების მაგალითები, სადაც ბიულეტენები პირდაპირ იკითხება - ვინ, ვის მისცა ხმა. ვიმეორებ, ამ ოპოზიციის მიზანია ქუჩის პროცესები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ვერ შეძლებენ, რადგან მათ არ აქვთ მოსახლოების მხარდაჭერა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თემურ მაისურაძე.