ედ ლუკასთან, რომელსაც უამრავი საინტერესო მოსაზრება აქვს, მაგრამ ფაქტობრივად არასდროს ვეთანხმები, საინტერესო ბმული ვიპოვე, მოხსენება, რომელიც ეხება ცენტრალური ევროპის ქვეყნების მდგომარეობას ევროკავშირში მათი გაწევრიანებიდან 10 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში გულწრფელად ასახავს არსებულ სირთულეებს, მისი ავტორები დიდი ოპტიმიზმით წერენ რეგიონის ეკონომიკის პერსპექტივებზე, რეგიონისა, რომელსაც ისინი „მთლიანობაში ევროკავშირისთვის ზრდის მამოძრავაბელ ძალად“ მიიჩნევენ. ისინი აღნიშნავენ, რომ პროგნოზების თანახმად, თვალსაწიერ მომავალში ეკონომიკური ზრდა ცენტრალურ ევროპაში უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე დასავლეთში. ანგარიშში ფაქტობრივად ნათქვამია, რომ „დაახლოება“ გაგრძელდება და რომ მომდევნო თაობის შემდეგ ეს რეგიონი განვითარების დონით დასავლეთ ევროპას გაუტოლდება.
დოკუმენტში სამართლიანად არის აღნიშნული ის, რომ ვალების დინამიკა ცენტრალურ ევროპაში უკეთესია, ვიდრე დასავლეთში და რომ ეს რეგიონი მიმზიდველი წყაროა იაფი და მაღალი კვალიფიკაციის მუშახელის თვალსაზრისით დასავლური ბიზნესისათვის, რომელიც ცდილობს კონკურენტული პოზიციების გაუმჯობესებას. პრობლემა ის არის, რომ ფინანსური კრიზისის დაწყებასთან ერთად რეგიონის დაახლოება დასავლეთ ევროპასთან კუს ტემპებამდე შენელდა.
უხეშად შევადგინე გრაფიკი, რომელიც ასახავს ევროკავშირის ახალი წევრების (ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ხორვატია, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი) საშულო შემოსავლების თანაფარდობას „საკვანძო“ ქვეყნების (ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, შვეიცარია და დანია) საშუალო შემოსავლებთან. PIGS-ის ქვეყნები ამ სიიდან საგანგებოდ გამოვრიცხე, რადგან მათ ცენტრალური ევროპა სრული სტაგნაციის პირობებშიც დაუახლოვდება. ისინი იძირებიან, ამიტომ მათთან შედარებით ნებისმიერი კარგი მცურავია. ჩემი აზრით, უფრო სასარგებლოა ცენტრალური ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარება, რომელთა ეკონომიკაც კრიზისის დროს ბოლომდე არ ჩამოიშალა (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი არ იფურჩქნება: საფრანგეთის, ბრიტანეთის და ჰოლანდიის მშპ დღემდე კრიზისამდელი პიკის დონეზეა ან ამ დონეს ვერც აღწევს).
ჩემს გრაფიკზე გამოჩნდა, რომ ევროკავშირის ახალი წვრები გამალებით უახლოვდებოდნენ დასავლეთს, ვიდრე საკრედიტო ბუშტი არ გასკდა, ხოლო შემდეგ დაახლოება მკვეთრად შენელდა. თუკი ის 2008-2013 წლის ტემპით (დაახლოებით 0,37% წელიწადში) განაგრძობს სვლას, ამ ქვეყნებს 100 წელიწადზე მეტი დასჭირდებათ იმისთვის, რომ „საკვანძო ქვეყნების“ შემოსავლების საშუალო დონეს მიაღწიონ. რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველაფერი ამდენად სწორხაზოვნად და წინასწარ განსაზღვრულად წარიმართება, და არ ვამტკიცებ, რომ ცენტრალური ევროპა დასავლეთს საშუალო შემოსავლით 2115 წელს დაეწევა. მაგრამ რადგან გამალებული და მდგრადი დაახლოება დაემთხვა საკრედიტო ბუშტის ზრდას, რომელიც საეჭვოა კიდევ გაიბეროს, ყველაზე რეალურია, რომ მომავალში რეგიონი ევროკავშირის მეზობლებს წარსულზე კიდევ უფრო ნელა დაუახლოვდება.
ერთი შეხედვით, შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ეკონომიის პოლიტიკის ფონზე შედარებით დინამიკურ და ვალებით ნაკლებად დამძიმებული ცენტრალური ევროპის ქვეყნებს გაცილებით უკეთესი შედეგები ექნებათ, ვიდრე მათ დასავლელ ძმებს. თუმცა, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სიმართლე სწორედაც რომ საპირისპიროა: ძვირფასი ფულის და მკაცრი ბიუჯეტების პირობებში განვითარებული ქვეყნები თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ, ვიდრე ნაკლებად განვითარებული პოსტკომუნისტური ეკონომიკები. ამგვარად, თუკი მომავალში ევროპას ელის ძვირფასი ფული და მკაცრი ბიუჯეტები, ცენტრალურ ევროპას, როგორც ჩანს, სერიოზულად გაუჭირდება.
foreignpress.ge