„თუ საქმე მივიდა სისხლიან დაპირისპირებამდე, კლიჩკოს კისერზე ჩამოკიდებენ ყველა მკვდარ კატას“

„თუ საქმე მივიდა სისხლიან დაპირისპირებამდე, კლიჩკოს კისერზე ჩამოკიდებენ ყველა მკვდარ კატას“

რუსეთსა და დასავლეთს შორის გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა მძაფრად აისახება უკრაინაზე. მოვლენები უკრაინაში მოულოდნელობით ხასიათდება. ოდიოზური ფიგურა, პრემიერ ნიკოლაი აზაროვის სახით, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევრომაიდნის მომიტინგეებს ტერორისტები უწოდა, გადადგა. უკრაინის კონსტიტუციით, პრემიერის პოსტიდან გადადგომა მთავრობის მთელი შემადგენლობის დაშლას ნიშნავს. ამიტომ პოსტები მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც დატოვეს, თუმცა პრეზიდენტის განკარგულებით, ისინი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ მანამ, სანამ ახალი მთავრობა არ დამტკიცდება.

უკრაინაში უკვე ამბობენ, რომ ნიკოლაი აზაროვის განცხადება გადადგომის თაობაზე ხელისუფლების ტაქტიკა იყო; პარტია „უდარ“-ის ლიდერი, ვიტალი კლიჩკო კი ფიქრობს, რომ პრემიერი ნიკოლაი აზაროვი გადადგა იმის გამო, რომ "სახე შეინარჩუნოს". თუმცა კლიჩკოს თვალთახედვით, "ეს გამარჯვება არ არის, ეს ნაბიჯია გამარჯვებისკენ". სხვათა შორის, აზაროვმა მოასწრო და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს უკვე მოახსენა.

ნიშნავს თუ არა პრემიერ აზაროვის გადადგომა დათმობას მომიტინგეების წინაშე და რამდენად შესაძლებელია, უკრაინა რუსულენოვან და უკრაინულენოვან მხარეებად დაიყოს? ამის შესახებ For.ge-ს  პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

უკრაინის პრემიერი ნიკოლაი აზაროვი გადადგა. მიზეზი მარტივი იყო -შეიქმნას შესაძლებლობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა საკმაოდ დიდი თანამდებობები შესთავაზა ოპოზიციის ლიდერებს, ვიტალი კლიჩკოს -ვიცე პრემიერის პოსტი, ხოლო არსენ იაცენუკს პრემიერის თანამდებობა, თუმცა მათ თანხმობა მაინც ვერ მოიპოვა. როგორ ფიქრობთ, ბოლოდროინდელი მოვლენები ტაქტიკური სვლაა, თუ კრიზისის დარეგულირების მიზნით იანუკოვიჩი მზადაა, დათმობაზე წავიდეს?

- აზაროვის გადადგომა მისგან ჭკვიანურ ნაბიჯს ნიშნავს, აზაროვს მშვენივრად ესმის, როგორი სიზიფეს შრომა ელის ახალ პრემიერს და ახალ მთავრობას. აზაროვი თავის თავს უფლებას აძლევდა, იმავე დავოსში სუპერმკვეთრი განცხადებებით გამოსულიყო და ტერორისტები, ბარბაროსები, ველურები ეწოდებინა მომიტინგეებისთვის. როგორც ჩანს, მას მაშინვე გადაწყვეტილი ჰქონდა გადადგომა და ეს გადაწყვეტილება მან თვითონვე მიიღო იანუკოვიჩის ან სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალის ზეწოლის გარეშე, ვინაიდან, თუკი რაიმე სირთულეები ოდესმე რომელიმე ქვეყანაში მთავრობას ჰქონია, ყველა ეს ერთად, გეომეტრიული პროპორციით გაზრდილი ელოდება უკრაინის მომავალ მთავრობას, მომავალ პრემიერს.

კონკრეტულად რა არის მოსალოდნელი? ქვეყნის ეკონიმიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. დიდი რისკი იქნება იაცენუკის მხრიდან,  დათანხმდეს პრემიერის პოსტს. ევროპა არ არის მზად, ჩაენაცვლოს რუსეთს ფინანსურ დახმარებაში. ის 15 მილიარდი დოლარი, რომელიც აზაროვს უკვე დაგულებული ჰქონდა ქვეყნის ბიუჯეტში, დღეს უკვე ღრუბლებს მიღმაა. პუტინის ამოცანაში არ შედის მომავალი, მით უმეტეს, პროევროპული ხელისუფლების დაფინანსება. ასევე, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება ფასები გაზზე.

ევროპაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. არის კი ევროპა მზად, ჯიბეში ხელი ჩაიყოს და უკრაინას აღმოუჩინოს ის ფინანსური დახმარება, რაც მას ჟანგბადივით სჭირდება? თავის მხრივ, დღეს ოპოზიციას შეუძლია, იზეიმოს ნაწილობრივი გამარჯვება, მაგრამ ჯერჯერობით კვანძი კი არ იხსნება, არამედ უფრო მაგრად და მკვეთრად იკვრება. მოვლენათა დრამატული განვითარება პიკს მიაღწევს, ალბათ, სადღაც თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, როცა პუტინს ხელ-ფეხი გაეხსნება და სოჭის ოლიმპიადა უკვე ისტორიის საკუთრება გახდება. მას შემდეგ უნდა ველოდოთ მოვლენათა დრამატულ განვითარებას.

რაც შეეხება თვითონ იანუკოვიჩს, თითქოს მიღწეული იყო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ 2004 წლის კონსტიტუცია ამოქმედდება და უკრაინა იქცევა საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკად, ანუ აღარ იქნება ისეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა, როგორც დღემდე იყო.

თანამდებობების შეთავაზებები ვიქტორ იანუკოვიჩის მხრიდან სპეციალურად გაკეთდა ოპოზიციის ანკესზე წამოსაგებად?

- რასაკვირველია. ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი სტუდენტობის პერიოდში იტალიაში, როდესაც ეკონომიკური კრიზისი იყო, დანაშაული და სხვა, იტალიის ხელისუფლება მიდიოდა იმაზე, რომ კომუნისტებისთვის მიეცა ორი პოსტი - შრომის მინისტრის (რადგან უმუშევრობა, გაფიცვები, დემონსტრაციები დიდი იყო) და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი. მაგრამ მაშინ კომუნისტების ლიდერმა - ბერლინგუერმა ჭკუა იხმარა და უარი თქვა ამ ორი ყველაზე რთული პოსტის-მაფიასა და უმუშევრობასთან ბრძოლის პოსტების დაკავებაზე, არ შედგა ეს გარიგება.

არა მგონია, უკრაინაშიც ამ ანკესზე წამოეგოს ოპოზიცია. კლიჩკოსთვის თვითმკვლელობა იქნება, დათანხმდეს ვიცე-პრემიერის როლს, თანაც ჰუმანიტარულ სფეროში, რადგან ყველაზე დიდი სირთულეები სწორედ ამ სფეროს ელის უკრაინაში. ეს ხარაკირი იქნებოდა. ერთადერთი თანამდებობა, რომელიც დღეს მისაღებია, ეს არის პრეზიდენტის პოსტი კლიჩკოსთვის. ოპოზიციის ლიდერები მძიმე მდგომარეობაში არიან დღეს. თითქოს მიღწეულია შეთანხმება იმაზე, რომ დაიწყოს ქუჩებისა და დაკავებული შენობების გათავისუფლება, მაგრამ ერთია, რამდენად შეუძლია ამ სამ მუშკეტერს მართოს ქვეყანაში სიტუაცია.

ხელისუფლების მხრიდან უკვე შეინიშნება ტრიუმვირატის გათიშვის ტენდენცია. განსაკუთრებით, „თავისუფლების“ ლიდერის კონტექსტში, რადგან უკრაინის ავტონომიური რესპუბლიკის- ყირიმის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც რევოლუციურ-რადიკალურ პარტია „თავისუფლებას“ თავიანთ რესპუბლიკაში მოქმედების უფლებას არ აძლევს. ასევე, მიმდინარეობს ადმინისტრაციების დაკავება. თითქმის მთლიანად დასავლეთი და ცენტრალური უკრაინა პროტესტანტების ხელშია. ადმინისტრაციებს უკვე ისინი მართავენ. კლიჩკომ დღეს რომ უთხრას, გამოდით, მიატოვეთ ეს ადმინისტრაციები, საინტერესოა, გამოვა კი ეს ხალხი იქიდან? ძნელი სავარაუდოა. ევროპასაც არ მოსწონს ასეთი საქციელი. შტეფან ფულე დღეს ჩაფრინდა ისევ კიევში და ის ურჩევს ოპოზიციას, თავი შეიკავონ რადიკალური ქმედებისგან, მაგრამ თვითონ ოპოზიციის ლიდერებს ძალუძთ ეს? ამიტომ საბოლოო დასკვნების გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

არსებობს იმის საფრთხე, რომ უკრაინა რუსულენოვან და უკრაინულენოვან მხარეებად გაიყოს? ამის რისკი რამდენად დიდია, მით უფრო, მაშინ, როცა უკრაინას რუსულენოვანი ნაწილი მართავს?

- ამისი საფრთხე და რისკი არსებობს, მაგრამ მაინც უნდა ვიმედოვნოთ, რომ ეს არ მოხდება. თვითონ იანუკოვიჩს, რომლის ინტელექტუალური რესურსი დიდი არ არის, იმდენი ჭკუა მაინც ყოფნის, რომ მიხვდეს, ისტორია მას ამას არ აპატიებს. მით უმეტეს, როდესაც მათ თვალწინ აქვთ საქართველოს მაგალითი, ზუსტად ასე იწყებოდა აფხაზეთის ომი. აფხაზეთი-ყირიმი- ეს ერთი-ერთზეა, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ყირიმში უფრი მეტი რუსი ცხოვრობს, ვიდრე-უკრაინელი. აფხაზეთში კი უფრო მეტი ქართველი ცხოვრობდა, ვიდრე-აფხაზი. დანარჩენი ზუსტად იგივეა-ადგილობრივი პარლამენტი, კანონების მიღება ცენტრალური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, განცხადებები იმის თაობაზე, „პროტესტანტებს თუ უნდათ, ევროპისკენ წავიდნენ, მაშინ ჩვენ გამოვალთ უკრაინიდან“, „ჩვენ უკვე ავტონომიური რესპუბლიკა ვართ“.

ზუსტად ასეთი განცხადებები კეთდებოდა 90-იანი წლების დასაწყისში სოხუმში. ეს ერთი სცენარია და სცენარის ავტორი ვინც არის, არ არის რთული მისახვედრი. თვითონ უკრაინის პოლიტიკური ელიტა ძალზე თავშეკავებულად იქცევა. ჯერჯერობით, ის ხალხი, ვინც იანუკოვიჩი მოიყვანა ხელისუფლების სათავეში, უკრაინელი ოლიგარქები, ისინიც თავშკავებულად არიან. გარდა ამისა, სხვა რეგიონებში, გარდა ყირიმისა, იმავე აღმოსავლეთში, დონეცკში, დონბასში, ლუგანსკში უკრაინული მოსახლეობა ორჯერ აღემატება რუსულენოვან მოსახლეობას. ამიტომ იქ არ არის საფრთხე, რომ გამოეყონ. ერთადერთი, ყირიმია განსხვავებული, მაგრამ ყირიმი არის მთავარი პრიზი, აქ არის სევასტოპოლი, აქ არის სიმფეროპოლი. გარდა ამისა, მოვლენათა იმ ჭრილში განვითარებას, რაც საქართველოში მოხდა, სერიოზულად აფერხებს სოჭის ოლიმპიადა. არა მგონია, ამ ავანტიურაზე მოსკოვი დღეს წავიდეს, რადგან ეს პუტინის მიმართ სერიოზული დარტყმა იქნება.

არც ის მგონია, პუტინს ეს შეარჩინოს დასავლეთმა. უკრაინა საქართველო არ არის. რაც შერჩა პუტინს საქართველოში, ეს უკრაინაში არ შერჩება. მართალია, იგივე ევროპა და შტატები ძალზე თავშეკავებულნი არიან, ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებებითა და სანქციებით იმუქრებიან, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, არა მგონია, უკრაინა ასე ადვილად დათმოს ევროკავშირმა, ისევე, როგორც დათმო საქართველო 90-იან წლებში. აქ სულ სხვადასხვა სიმძიმე და შედეგია მოსალოდნელი.

თუკი მოვლენები ასე გაგრძელდება, ევროპის პასიურბა რამდენად აისახება ევრომაიდანზე? რიგით უკრაინელებს, რომლებიც იდანზე ამდენი ხნის განმავლობაში დგანან, ხომ არ გაუქრებათ ის მოლოდინი ევროპის მიმართ, რაც ადრე ჰქონდათ? ხომ არ აღმოჩნდება, რომ ევროპა არ ყოფილა მთლად ისეთი საიმედო, როგორც მათ ეგონათ?

- თუ ევროპა მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა, უკრაინაში უკვე სულ სხვა რეალობები დადგება. დღეს იანუკოვიჩსაც, მოსკოვსაც რისი იმედი აქვთ? იმის, რომ შეიძლება დროებით ჩაცხრეს ეს სიტუაცია. რევოლუციის შემდეგ ყოველთვის მოდის სადილობის დრო და, თუ სადილზე საჭმელი აღარ არის, ევროპის განცხადებები, დახმარებები და სანქციები ადამიანს ვერ გააძღობს. საკითხი ასე დგას, უკრაინა გაკოტრდება გარედან სერიოზული დახმარების გარეშე, უკრაინა ვერასდროს ვერ გადაიხდის იმ გაზის საფასურს, რასაც რუსეთი ითხოვს და ვერავინ აიძულებს რუსეთს, დემპინგის რეჟიმში მიაწოდოს გაზი უკრაინას.

არის მსოფლიო ფასები, არის ევროპული ფასები და ვერავინ აიძულებს, რუსეთმა ამის ნახევარ ფასად, მუქთად მისცეს გაზი უკრაინას და ის 15 მილიარდდოლარიანი ტრანშები რეგულარულად წავიდეს უკრაინისკენ. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი შეილოკის სიძუნწით ეხმარება ევროპა ევროკავშირის კრიზისში მყოფ ქვეყნებს, რა ხდება საბერძნეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ასი ათასობით მომიტინგეები, კრიზისი, პროტესტი. ბრიუსელს ერთი პასუხი აქვს-ხელმომჭირნეობა, ხელმომჭირნეობა, პურიტანული ხელმომჭირნეობა... ასეა საქართველოსთან მიმართებითაც.

ასოცირების ხელშეკრულება, რასაკვირველია, დაიდება, მაგრამ შემდეგ რა მოხდება? რა დღეც დაადგა საბერძნეთს, როდესაც იქ ევროპელები, ევროკომისიის დელეგაციები ჩადიოდნენ და ჰქონდათ პრემიები, წარმატებები ხელფასებზე. თუ ევროპა გვინდა, ჩვენ ევროპული ფასეულობებიც უნდა ვაღიაროთ. ეს არც უკრაინაშია, არც ჩვენთან. ამაზრზენია, როდესაც ნაციონალებმა ორჯერ აიღეს პრემიები, ახლა ახლები მოვიდნენ და ამათაც აიღეს. მაშინ რა განსხვავებაა ნაციონალებსა და „ოცნებას“ შორის?

ოპოზიციამ კლიჩკო უკრაინის დროებით პრეზიდენტად დაასახელა. იგი დარწმუნებულია, რომ უსისხლოდ შეცვლის ხელისუფლებას და აღიარებს, რომ მას ეშინია ადამიანების სიკვდილის; ეშინია, დედებს რა უთხრას, თავიანთი შვილების დაღუპვის თაობაზე, მაგრამ რა საბედისწერო შეცდომა უნდა დაუშვას კლიჩკომ, რომ საპროტესტო მუხტი მინელდეს? ალბათ, რუსეთი ამაზეა სწორედ ორიენტირებული, რომ მაიდანზე მდგომნი, ჯერ კიდევ რადიკალურად განწყობილი ადამიანები,  ფსიქოლოგიურად გატყდნენ?

- კლიჩკოს საბედისწერო შეცდომა თუ მოუვიდა, თუ საქმე მივიდა სისხლიან, შეირაღებულ დაპირისპირებამდე, მაშინ კლიჩკოს კისერზე ჩამოკიდებენ ყველა მკვდარ კატას. უკრაინელები, მით უმეტეს, დასავლეთ უკრაინელები ცოტა სხვა მენტალობის ხალხია. შემთხვევითი არ იყო, როცა ჩვენ გვიჭირდა 90-იან წლებში და თითქმის რუსეთს ვეომებოდით აფხაზეთში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, რომლებიც მაშინ მოძმეებად ითვლებოდნენ, მხოლოდ დასავლეთ უკრაინიდან ჩამოვიდნენ მეომრები. პოლიტიკოსები არ მყავს მხედველობაში. აფხაზეთის ომში დაიღუპნენ კიდეც უკრაინელი ბიჭები. ამიტომ პროვოკაციაზე წამოგების ძალიან დიდი რისკი არსებობს. რასაკვირველია, რუსეთი შეეცდება ეს ყველაფერი კლიჩკოს დააბრალოს. თვითონ ევროპაც, რბილად რომ ვთქვათ, კლიჩკოს არ მოუწონებს ამას.

ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. 2015 წელს უკრაინაში დაგეგმილია არჩევნები, მაგრამ კლიჩკო 2015 წლამდე არ მოიცდის. ამის შემდეგაც არის რისკები, იანუკოვიჩის გადადგომა ნიშნავს ტიმოშენკოს ციხიდან გამოსვლას ავტომატურ რეჟიმში. დიდი ეჭვი მეპარება, რომ იულია ტიმოშენკომ პენსიონერის ცხოვრება დაიწყოს და დიდი პოლიტიკიდან წავიდეს. რასაკვირველია, მასაც ექნება პრეზიდენტობის პრეტენზია. შეიძლება, პრემიერობა მოინდომოს, მაგრამ მაშინაც გაიხლიჩება ოპოზიცია. თუ ამ ქალბატონის ამბიციებს გავიხსენებთ, ნუ დავივიწყებთ, როგორ იქცეოდა ტიმოშენკო მაიდნის პირველი რევოლუციის დროს, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდგომ პერიოდში. ამ ქალბატონის ფასეულობები და მორალური სახე ძალზე შორს დგას ევროპული ტრადიციებისგან.

ნიჰილისტური მოსაზრებებიც ისმის, რომ კლიჩკო წავა დასავლეთში და ხალხი ისევ რუსეთის პირისპირ დარჩება.

- არა მგონია, კლიჩკო სადმე წამსვლელი იყოს. ის არსად არ არის წამსვლელი. ყოველ შემთხვევაში, თავისი ბიოგრაფიით, მით უმეტეს, უკანასკნელ პერიოდში, მას ასეთი რენეგატული ეჭვებისთვის საფუძველი არ მიუცია უკრაინელი ხალხისთვის. თვითონ კლიჩკოსაც არ აქვს დღეს ზუსტი სცენარი, როგორ იმოქმედოს. საქმე ისაა, რომ უკრაინას არ ჰყავს გარედან ისეთი მრჩეველი, მენტორი, როგორიც ჰყავდათ ჩვენი ვარდების რევოლუციის ავტორებს. ჩვენი რევოლუციის ავტორები მიყვებოდნენ სხვაგან დაწერილ ერთ სცენარს.

ჩვენი ხალხის მართვა ადვილია, უკრაინაში კი დუღს ყველაფერი.  „გრეჩიხამ“ გამოიყვანა 200 ათასი ადამიანი, მერე უთხრა, წადით სახლშიო. ყველანი წავიდნენ. საკმარისი იყო, სააკაშვილს ეთქვა, მოდით, შევვარდეთ პარლამენტში, მართლაც, ყველა შევარდა. სააკაშვილს რომ ეთქვა, ახლა ყველანი წადით სახლში, ყველა წავიდოდა; მაგრამ უკრაინაში არავინ არ წავა სახლში. დღეს რომ კლიჩკომ თქვას და ის  ვერც გაბედავს ამის თქმას, მაცალეთ, მოვილაპარაკო პრეზიდენტთან, თქვენ კი ამ დროს დაშალეთ ბარიკადები, მოშალეთ ყველაფერი და წადით სახლშიო, ამაზე უკრაინელები ისე მკვეთრად უპასუხებენ, რომ კლიჩკოს თავ-ბედს აწყევლინებენ.

ვიტალი კლიჩკო სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს. თუკი სამოქალაქო ომის პრეცედენტი ჩანს, შესაძლებელია, როგორც ოპოზიციის ლიდერმა, კლიჩკომ აღარ ისურვოს მორიგი სისხლისღვრა და გაერიდოს მოვლენებს? მით უმეტეს, უკვე დაიღვარა სისხლი.

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თვითონ უკრაინული საზოგადოების შიგნით რადიკალები იმძლავრებენ თუ ზომიერები. რასაკვირველია, კლიჩკო იქნება ზომიერი ძალა, მან სცილასა და ქარიბდას შორის უნდა იაროს. ერთი მხრივ, მან არც რადიკალები უნდა გაანაწყენოს და მეორე მხრივ, არც სამოქალაქო ომი არ უნდა დაუშვას. ძალიან რთული ამოცანა დგას კლიჩკოს წინაშე და როგორ გადაწყვეტს ამ ამოცანას, ვერავინ იტყვის. თქვენს მწვავე კითხვაზე პასუხი ურთულესია. ძალიან რთული მდგომარეობაა, უკვე ძალიან ბევრი მოთამაშე ჩაერთო-გარედან, შიგნიდან, ბევრია დამოკიდებული თვითონ ევროპაზე.

თუმცა იცით, რა არის საინტერესო? არცერთი ევროპელი ემისარი არ გამოჩენილა უკრაინის ცხელ წერტილებში, სადაც ხალხია შეკრებილი, ჩამოდიან ევროჩინოვნიკები, შეხვდებიან იანუკოვიჩს, ჩასხდებიან თვითმფრინავში, მიფრინავენ თავიანთ მშვიდ და წყნარ ბრიუსელში. ამიტომ ახლა მთავარია, არ მოხდეს გაუცხოება. ერთი გაუცხოება უკვე მოხდა კიევში ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ისე არ მოხდეს, რომ ხალხმა ევროკავშირიც, ნატოც, ასოცირების ხელშეკრულებაც დაივიწყოს და მთელი ჯავრი იყაროს მხოლოდ იანუკოვიჩზე. უკვე აღარავინ ლაპარაკობს დღეს იმაზე, ჩვენ ევროკავშირში გვინდოდა და ამიტომ გამოვედითო.

დღეს უკვე ლაპარაკობენ, რომ ჩვენ თავისუფლება გვინდა ქვეყნის შიგნით, არ გვინდა დიქტატურაში ცხოვრება. 16 იანვრის კანონები იყო შედეგი იმ უკმაყოფილების, რაც წლების მანძილზე გროვდებოდა უკრაინაში. ელემენტარულად ასოცირების ხელშეკრულებამ დეტონატორის როლი შეასრულა, თორემ წინააღმდეგობა უკვე სერიოზული იყო. ასოცირების ხელშეკრულებაზე ჯერ საუბარი არ იყო რადაში, მაგრამ გასული წლის მთელი ზაფხულის განმავლობაში ნორმალურად ერთი სხდომა არ ჩატარებულა რადაში, ხან ერთი ფრაქცია ავარდებოდა მიკროფონთან ტრიბუნაზე, ხან -მეორე. ამიტომ ამ მოვლენებს გაცილებით ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ის, რომ მთელ უკრაინას უნდოდა ევროკავშირი. იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირზე, ამიტომ მთელი უკრაინა ყალყზე დადგა. შინაგანმა წინააღმდეგობამ განაპირობა ეს ყველაფერი, იმავე იულია ტიმოშენკოს ფაქტორმაც.