„ვინც მათ კარვებში შევა, ის ფიზიკურად და პოლიტიკურად დალპება, როგორც ეს ადრეც მომხდარა. „ქართულმა ოცნებამ“ რომ გაიმარჯვა და ხმების ნახევარზე მეტი მიიღო, ამის გასაპროტესტებლად სპონტანურად არავინ გასულა ქუჩაში, არც ამომრჩეველი და არც ანტიეროვნული ძალების წარმომადგენლები. ეს ისეთივე განაჩენია, როგორც სააკაშვილი რომ დააპატიმრეს და მიაბრძანეს ციხეში და ეს აჩვენეს მთელი საქართველოს მასშტაბით, არავინ განძრეულა, ქუჩაში არავინ გასულა“, - აცხადებს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბარში.
უკვე წლებია, საქართველოში მაიდანი არ გამოდის და ქუჩაში პროცესების გადატანა ყოველ ჯერზე რადიკალების მარცხით მთავრდება. ამის მიუხედავად, ისინი კვლავ ცდილობენ კარვების გაშლას, რომ იქნებ, ამით შეთხელებული მომიტინგეების რიცხვი უფრო სოლიდურად წარმოაჩინონ. ამჯერადაც ოპოზიცია აპირებს, არაღიარების პოლიტიკას დაადგეს ქვეყნის შიგნით და გარეთ და პროცესები ქუჩაში გადაიტანოს. თუმცა ერთია საარჩევნო ყუთთან ამომრჩევლის მიყვანა და მეორეა კარვებში ცხოვრების შეთავაზება. აქვს კი მზაობა ელექტორატს, ქუჩებში გაშლილ კარვებში განაგრძოს ცხოვრება?
- კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებებს ეწოდოს ოპოზიცია. ყოველ შემთხვევაში, ჩემს სიტყვებში მათ ოპოზიციას არ ვუწოდებ. ეს არ არის ოპოზიცია, რომელიც, წესით, ერთგული უნდა იყოს ეროვნული ინტერესების. ესენი მტრობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს სახელმწიფოს. მათთვის განაჩენი იყო, როდესაც არჩევნების დასრულების შემდეგ ძალიან მალე, საღამოს ათის ნახევარზე, გამოცხადდა არჩევნების შედეგები. ასე სწრაფად ეს მოხდა იმის გამო, რომ კომპიუტერული წესით იყო არჩევნების დიდი ნაწილი ჩატარებული და კომპიუტერს საერთოდ დრო არ სჭირდება, მყისიერად თვლის ამ შედეგებს. შედეგების გამოცხადების შემდეგ, რომ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და ხმების ნახევარზე მეტი მიიღო, ანტიეროვნული ძალები რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ცხადია, ეს შედეგები აცდენელი იყო მათ მიერ გამოცხადებულ შედეგებთან, ამის მიუხედავად, სპონტანურად არავინ გასულა ქუჩაში, არც ამომრჩეველი და არც ანტიეროვნული ძალების წარმომადგენლები. უფრო მეტიც, რაღაცას რომ აპირებდნენ და რაღაც სცენას აწყობდნენ, ისიც სამარცხვინოდ დაშალეს და მე პირადად ვუყურებდი, ტელევიზიით როგორ აცხადებდნენ ჟურნალისტები, ვიყავით დაბარებულები რუსთაველზე და ახლა გვირეკავენ, რომ არაფერს აღარ აწყობენ. ეს განაჩენია ხალხის მხრიდან, ისეთივე განაჩენია, როგორც როცა სააკაშვილის დააპატიმრეს და მერე ციხეში მიაბრძანეს, ხელბორკილები დაადეს და ეს აჩვენეს მთელი საქართველოს მასშტაბით, არავინ განძრეულა, ქუჩაში არავინ გასულა. მერე სააკაშვილის ნაცისტებს მოუწიათ მუშაობა, ორგანიზება, საკუთარი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვა, რომ ხალხის მცირე რაოდენობა მაინც შეეგროვებინათ ციხესთან. მაშინ თვითონვე ამბობდნენ, „ეს ხალხი ვაბშე არ გაინძრა, ტო“. ახლაც იგივეა, არჩევნების შემდეგ მოუწიათ მუშაობა ენჯეოებთან და საელჩოებთან და ორშაბათს მოაწყვეს მიტინგი რუსთაველზე. იმ მიტინგსაც ეტყობოდა, რომ არ იყო ხალხმრავალი, ისეთი, როგორიც იქნებოდა, მართლაც რომ ყოფილიყო საპროტესტო მუხტი ხალხში. რაც მთავარია, მუხტი არ ჩანდა იმ შეხვედრაზე, იდგნენ, იდგნენ და დაიშალნენ. შედარებისთვის, ნამდვილად იყო ახალგაზრდების ნაწილში ჭეშმარიტი მუხტი, როდესაც ღებულობდნენ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, მაშინ ნამდვილად მოტყუვდა ახალგაზრდების ნაწილი, რომ ეს არის რუსული კანონი და თურმე გვიფუჭებს გზას ევროპისკენ. მაშინ ეს ახალგაზრდები თავისით გამოდიოდნენ.
ასეთივე მუხტი იგრძნობოდა გავრილოვის ღამესაც, რადგან რუსეთის დუმის დეპუტატი ჩაჯდა ოკუპირებული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და რუსულ ენაზე განიზრახა სესიის ჩატარება.
- ნამდვილად, მუხტი მაშინაც იგრძნობოდა, თუმცა ესეც პროვოკაცია იყო, მაშინ გამოვარდნენ, რატომ ზის რუსი სავარძელშიო, ამ დროს რასაც თვითონ ნაცისტები იმ გავრილოვს ხვდებოდნენ... სხვათა შორის, ჩემი მეგობარი შეესწრო ასეთ ფაქტს და ის მეუბნებოდა, აეროპორტში გიგი წერეთელი გავრილოვს ისე კოცნიდა, რომ ხონეკერს და ბრეჟნევს შეშურდებოდაო, მათი ცნობილი კოცნა რომ გავიხსენოთ.
ორშაბათს აპირებენ საპროტესტო აქციების დაწყებას, საშუალო და დიდი კარვების გაშლას, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების წარმოდგენას არჩევნების გაყალბების შესახებ. რატომ ელოდებიან აქციებს და მიტინგს, წესით, აქამდე არ უნდა გამოეჩინათ ეს ვიდეოჩანაწერები, თუკი ასეთი ჰქონდათ?
- არაფერი არ აქვთ, ძალიან ბინძურ საქმიანობას ეწევიან, თუნდაც რომ ყვირიან, არჩევნებზე დაფარულობა დარღვეული იყოო, ამ დროს წარმოდგენილია სულ 25 შემთხვევა 700 ათასზე მეტ ამომრჩეველთან დაკავშირებით. ამ თაღლითებს და ანტიეროვნულ ძალებს სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ აქვთ. ეს ხომ ის ძალებია, რომლებიც ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. კი ბატონო, საკუთარი ადმინისტრაციული რესურსი და ფინანსები, მათ შორის, დასავლეთიდან მიღებული ფინანსები, საკმარისია იმისთვის, რომ ერთჯერადი აქციები მოაწყონ გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ამ ერთჯერად აქციებს მაშინვე დაეტყობა, რომ მილევად რეჟიმშია და დიდხანს არ ეყოფათ ეს რესურსი.
როდესაც ჩვენს რადიკალებს შიდა რესურსი ეწურებათ, გარე ძალები შეენაცვლებიან ხოლმე და ასე მონაცვლეობით გააქვთ თავი. მართალია, დასავლეთი ცდილობს, ფრთხილი იყოს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ბოლომდე არ ჩატეხოს ხიდი საქართველოსთან, თუმცა რა დაანახა ამ არჩევნებმა დასავლეთს, არ დადგა დრო, რომ მათ უფრო სანდო ინფორმატორები მოძებნონ საქართველოში?
- ზუსტად ვიცი, დასავლელ პარტნიორებშიც დიდი გაწბილებაა. ესენი ატყუებდნენ დასავლელ პარტნიორებს, თითქოს სხვაგვარად იყო საქმე. რამდენიმე უცხოელი არჩევნებამდე მელაპარაკა და ძალიან გამიკვირდა, რომ მათი აღქმით, ჩვენი ოპოზიცია თურმე დიდი ანგარიშით უგებდა „ქართულ ოცნებას“. ვეკითხებოდი, რატომ ფიქრობთ ასე? მპასუხობდნენ, როგორ, ამ „რუსული კანონის“ შემდეგ, გამოკითხვის შედეგებით, თურმე ოპოზიცია იგებს. ვეუბნებოდი, ამ ბლეფს არ წამოეგოთ, ბოლოს და ბოლოს, გაიხსენეთ, მილიონზე მეტი ადამიანი რომ შეგროვდა 17 მაისს და ეს მილიონზე მეტი ადამიანი, თითქმის ყველა მათგანი, ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას“. უცხოელები ამას არ იჯერებდნენ, მაგრამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ. უდანაშაულობის პრეზუმფცია არის ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. ანტიკური საბერძნეთიდან და ძველი რომიდან წამოსული, უდანაშაულობის პრეზუმფცია საზოგადოების საფუძველია და მდგომარეობს იმაში, რომ ბრალმდებელმა უნდა წარმოადგინოს რაიმე მტკიცებულება. ვთქვათ, ვიღაცამ თქვას, რომ ზურაბიშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია, ხომ ყველამ იცის, ზურაბ ჟვანია ვერ იტანდა დღევანდელ ჩვენს პრეზიდენტს და გარდაიცვალა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ზურაბიშვილი იყო მინისტრი.
რატომ ვერ იტანდა ჟვანია ზურაბიშვილს?
- ვერ იტანდა, რადგან ზურაბიშვილმა მოახდინა საგარეო საქმეთა სამინისტროს მთლიანი პარალიზება, ამის გამო მთელი ელჩები მიდიოდნენ ზურაბ ჟვანიასთან, რომელიც ელჩების ნაწილს მიგზავნიდა მე, როგორც კანცელარიის უფროსს, რადგან ვეღარ ასწრებდა მათ მიღებას. ყველა ჩიოდა იმას, რა ვქნათ, ჩვენ პარტნიორები ვართ, საქართველოსთვის დახმარება გვინდა და ამ ქალბატონმა ყველაფერი გააჩერა, ზურაბიშვილის მოადგილეებიც კი ვერ გვეუბნებიან ვერაფერს, რადგან ვერ შედიან მასთან და ვერ ეკითხებიან. საერთოდ ეს ქალბატონი გამომწვევად არ დადიოდა მთავრობის სხდომებზე, აგზავნიდა ან მოადგილეს, ან დეპარტამენტის უფროსს, მიაჩნდა, რომ სააკაშვილი და თავად წყვეტდნენ ყველაფერს ამ ქვეყანაში. ბოლოს მიშამაც ვეღარ აიტანა და მოხსნა. ახლა ვიღაცამ რომ თქვას, რომ ზურაბიშვილმა მოკლა ჟვანია, ხომ შევეკითხებით, რის საფუძველზე გამოიტანა ეს უცნაური ჰიპოთეზა? ხომ შეიძლება, მან გვიპასუხოს, არაფერსაც არ წარმოვადგენ, აწი თქვენ გამოიძიეთ, მე ჩემი ვთქვი და მორჩაო. ეს ხომ მარაზმია, ამას ხომ ჩეკისტები იყენებდნენ, სააკაშვილის სულიერი მამები და პაპები. დააბრალებდნენ ადამიანს, რომ თხრიდა გვირაბს ბომბეიდან ლონდონამდე და მერე იმ ადამიანს უნდა ემტკიცებინა, რომ არ თხრიდა.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციამ უცხოეთიდან მიიღო დირექტივა, რომ სჯობს ქუჩაში გახვიდეთ, ეგებ, ხელისუფლებამ რაიმე შეცდომა დაუშვას, მათ შორის, შეიძლება უნებურად გივი თარგამაძის მსგავსი ტერაქტიც გათამაშდეს. მკვლელობა კი მუხტს აწევს ინდიფერენტულ საზოგადოებაში.
- უცხოეთიდან უკვე გაისმა ხმები, რომ ამ ანტიეროვნული ძალების სასარგებლოდ მტკიცებულება არ ჩანს. უცხოელებს კი უხარიათ, რომ ესენი ბრალდებებს დებენ, მაგრამ მტკიცებულება რომ არ ჩანს? ამდენად, უცხოეთიდან არ იქნება ეს დირექტივა მიღებული.
მაგრამ სწორედ უცხოეთშია გლობალური ომის პარტია, ანუ ისინი, ვინც ქართველ რევანშისტებს მართავენ. მათ არ ექნებათ საკუთარი ინტერესები საქართველოში?
- დიახ, ექნებათ ეს ინტერესი, მაგრამ უცხოეთში შენარჩუნებულია სრულიად თავისუფალი პრესა. რატომ მოხდა, რომ ერთ დღეზე მეტხანს ვერ გაჩერდა ვერსია იმის შესახებ, რომ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, როდესაც რევანშისტები თავს დაესხნენ პარლამენტის შენობას, ანგრევდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ ყველაფერს?! მაშინ ნაცისტების ტელევიზიებმა ხომ თქვეს, რეზინის ტყვიები დააყარეს მომიტინგეებსო, მაგრამ მეორე დღეს შეწყდა ეს ინფორმაცია, რადგან უცხოელმა ჟურნალისტებმა თქვეს, ჩვენც გვინდა ამ თემაზე დავწეროთ, მაგრამ გვაჩვენეთ ეს რეზინის ტყვიები, ერთი ტყვია მაინც თუ არისო. ვერაფერი ვერ აჩვენეს და მითქმა-მოთქმაც შეწყდა.
საქართველოში რჩება რევანშისტების გამწევი ძალა-ფრანკლინის კლუბი, ორგანიზაცია „კანვასი“, რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც არასამთავრობოების ეგიდით გამოდიოდნენ და იძახდნენ - „არა რუსულ კანონს“. ამ ძალას არ გამოიყენებენ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად?
- ეს არ არის საკმარისი რესურსი. ჩვენი საზოგადოება არ არის მზად კარვებში საცხოვრებლად, ძალიან კურიოზული ვითარებაა, თვითონ ლიდერები, კოლექტიური გვარამიები, რომლებიც ჰპირდებოდნენ ქართველ ხალხს, რომ მოშარდავდნენ ქართველების ღვინოში და დალევდნენ ქართველების სისხლს, გირჩი ჯაფარიძეები, რომლებიც შიშველ უკანალს უშვერდნენ რუსეთს და პუტინს ათქმევინებდნენ, რომ ქართველებმა თავიანთი ნამდვილი სახე უჩვენეს მთელ მსოფლიოს, თაღლითი ბოკუჩავები, ვაშაძეები, ასევე, ხაზარაძე, რომლის ხელშიც გადადიოდა ნაცისტების მიერ დიდი ბიზნესებისაგან წართმეული ქონება, ესენი ყველანი არიან ძალიან მდიდარი ადამიანები, მილიონერები და ზოგიერთი მათგანი მულტი მილიონერიც კი. მათ ჭირივით ეზარებათ ქუჩაში ყოფნა, ქუჩის აქციები, მათთვის პარლამენტარის ხელფასიც არაფერი არ არის, ჯიბის ფულადაც არ ჰყოფნით, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ხალხში მუხტი არ არის. ასე რომ, მხოლოდ უცხოეთიდან მიღებული ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით თუ შეუძლიათ ხალხის შეგროვება. 2020 წელს უფრო მეტი რესურსი ჰქონდათ, იმ პერიოდში იერიში მიიტანეს საარჩევნო კომისიის შენობაზე, ბარიერებს აქცევდნენ და მირბოდნენ, ახლა ესეც ვერ გააკეთეს.
მაგრამ განა მათი რესურსი არ იქნება, შეცდომა რომ დაუშვას ხელისუფლებამ და „შემთხვევით“ ვიღაც დაიღუპოს?
- ამიტომაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. განა გვარამიას არ ეუბნებოდა სააკაშვილი, „რუსთავი 2“-ის შენობასთან შტორმი უნდა მოვაწყოთ და არეულობისას უნდა მოკვდეს ჟურნალისტი ქალიო? მერე „დიდი სტრატეგი“ სააკაშვილი ფიქრობდა, სჯობია, რომ იყოს ორსული. არა მხოლოდ ორი გვამი მოიტანეთო, არამედ მოკვდეს ჟურნალისტი ქალი, თანაც ორსულიო.
ამდენად, მათ კარვებში შესვლაც უსაფრთხო არ იქნება?
- რა თქმა უნდა, საფრთხილო იქნება, მაგრამ, ვინც შევა იმ კარვებში, ის ფიზიკურად და პოლიტიკურად დალპება, როგორც ეს მომხდარა ადრეც. ასე რომ, მაგათ კარვებში შესვლას მართლაც არავის ვურჩევ, იმათაც კი, ვისაც ენატრება, რომ გვარამიამ მოშარდოს მათ ღვინოში, არიან ეგეთებიც. გვარამიამ თქვა, ჩემი იმედი გქონდეთო, ჰქონდეთ იმედი, რომ გვარამია ამას გააკეთებს, ის ამის გამკეთებელია.
ამას წინათ გიორგი ვაშაძემ დააანონსა, რომ 40-45-დღიან ბრძოლას ელოდება. შეიძლება ასე გაიწელოს პროცესები ქუჩაში?
- რატომაც არა, მათ შეიძლება დანიშნონ, რომ კვირაში ერთხელ ვიკრიბებით და 45 დღის განმავლობაში რამდენი კვირაც იქნება, ვთქვათ, 6 კვირა, გაწელონ პროცესები. ამის რესურსი ეყოფათ, მაგრამ ამის შედეგი რა იქნება? ერთადერთი, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ წამოეგონ პროვოკაციაზე, არ გამოიყენონ ძალა, არამედ მთელ საქართველოს და მსოფლიოს დაანახონ, ვინ ყოფილან ნაცისტები, მე ხაზს ვუსვამ, აშკარად დასავლეთს ყოველნაირი ხალისი აქვს დაკარგული ამ ნაცისტების მიმართ. ძალიან გაწბილებულები არიან უცხოელები, ვინც მართლა დაიჯერა, რომ ახლა გაისტუმრებენ „პრორუსულ“ ხელისუფლებას, რომელიც არაფრით არ ჩაერთო ომში.