„სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება - შერაცხადია თუ არა საქართველოს პრეზიდენტი?“

„სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება - შერაცხადია თუ არა საქართველოს პრეზიდენტი?“

მოლოდინი არ გამრთლდა. სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ტექნიკური მთავრობა ვერ დააკომპლექტა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედი კონსტიტუციის პირობებში არანაირი შანსი ზურაბიშვილის ქარტიის რეალიზებას არ აქვს. ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ამ დესტრუქციულ პროცესებს, რომელიც 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში ვითარდება და, რომელსაც სათავეში ვითომ სალომე ზურაბიშვილი უდგას, ერთი დირიჟორი არ ჰყავს. ანალიტიკოსის შეფასებით, „გლობალური ომის პარტია“ საქართველოს კოლექტიურად ებრძვის. ჰიბრიდული შეტევა საქართველოზე - სწორედ ეს არის არჩევნებში საგარეო ჩარევის უპრეცენდენტოდ უტიფარი მცდელობანი.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

როგორც მოსალოდნელი იყო სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნები არ სცნო და მოსახლეობას მოუწოდა რევოლუციისკენ. იგი აცხადებს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სტრუქტურა არის პრეზიდენტის ინსტიტუტი. ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, რა ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები შეიძლება გადადგას სალომე ზურაბიშვილმა და რას ნიშნავს, მისი განცხადება, რომ პრეზიდენტის ინტსტიტუტია მხოლოდ ლეგიტიმური ორგანო ქვეყანაში?

დავით ზარდიაშვილი: პრეზიდენტის ყოვლად არანორმალური პოზიცია, გარდა იმისა, რომ სრულიად ანტი-კონსტიტუციურია, კომიკურობამდე აბსურდულიც არის. მას ვერავითარი სხვა შედეგი, ვერც სამართლებრივად, ვერც პროცესებზე რაიმე პოლიტიკური ზემოქმედების და საერთოდაც, ნებისმიერი სხვა თვალსაზრისითაც, გარდა თავად სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი კონფუზისა, ვერასგზით ვერ ექნება. როცა სახელმწიფოს ჯერ კიდევ ფორმალურად მეთაური - ქვეყნის პრეზიდენტი მსგავსი ექსტრემისტული პათოსით, სრულიად უარგუმენტოდ, არა მხოლოდ სამართლის, არამედ საღი აზრის საწინააღმდეგოდ, მსგავსი კატეგორიულობით უარჰყოფს უკლებლივ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის ლეგიტიმურობას და შეუვალი ტონით აცხადებს, რომ თავად მის გარდა, ხელისუფლების სამივე შტო - პარლამენტიც, მთავრობაცა და სასამართლოც, ყველა კონსტიტუციური ორგანო, მათ შორის - ცენტრალური სარჩევნო კომისია და საერთოდაც, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება თურმე არალეგიტიმური და კანონგარეშეა, იგი გამაოგნებლად უცნაურ (ზრდილობიანად რომ ვთვათ) მდგომარეობაში იგდებს თავს და უარესიც: სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება - შერაცხადია თუ არა საქართველოს პრეზიდენტი? ხომ არა გვაქვს საქმე იმგვარად მძიმე მენტალურ პრობლემასთან, რაც ობიექტურად გამორიცხავს მის მიერ რაიმე საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას?

ვფიქრობ, მისი მდგომარეობის შეფასება სამართლისა და საჯარო პოლიტიკის სფეროს მიღმაა და პროფესიულად ფსიქიატრების საქმეა... მისი შემხედვარე, ჩვენდა სავალალოდ, სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ძალზე სერიოზული მკურნალობა ესაჭიროება. ან მართლა ჭკუაზე შეცდა, ანდა საქმე გვაქვს - თავის მოგიჟიანებასთან, რაც კიდევ უარესია. პარლამენტის ადგილას, ვიმსჯელებდი პრეზიდენტის შერაცხადობაზე და მას არა იმპიჩმენტით, არამედ მძიმე მენტალური მდგომარეობის გამო გავათავისუფლებდი ყოველგვარი საჯარო მოვალეობის შესრულებისგან.

ალბათ ხუმრობთ, მაგრამ რას ამბობს კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში?

- არ ვხუმრობ, რადგან მდგომარეობა მართლაც სავალალოა და სრულიად უპრეცენდენტო. საერთოდ, ამ თვალსაზრისით ჩვენს კანონმდებლობას არსებითი სრულყოფა სჭირდება, რადგან მოქმედი სამართლით მკაფიო პასუხი არ გვაქვს - რა ხდება ისეთ შემთხვევებში, როცა უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, მაგალითად, პრეზიდენტი - ფაქტობრივად, შეურაცხადია და მაშასადამე, ყოვლად შეუძლებელია, მან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს? ამ საკითხს მკაფიო სამართლებრივი რეგულირება სჭირდება. ვფიქრობ, სწორედ ასეთ, საგანგებოდ კრიტიკულ შემთხვევასთან გვაქვს სალომე ზურაბიშვილის სახით, საქმე. მისი არანორმალური განცხადებები, ჩემი აზრით, სწორედ ამას მიუთითებს.

კანონით, რა ბერკეტები აქვს ზურაბიშვილს, რომელიც შეიძლება გამოიყენოს და რას გამოიწვევს ეს ქვეყანაში? მას ხომ არ მიჰყავს ვითრება სამოქალაქო დაპირისპირებამდე და ასეთ შემთხვევაში, როგორი იქნება უკვე უმრავლესობის გადაწყვეტილება, ვგულისხმობ მოსახლეობას?

- ვიმეორებ: ზურაბიშვილს არანაირი ბერკეტი არა აქვს, რომ მთლიანად სახელმწიფოს, მის სახელისუფლებო შტოებს, კონსტიტუციურ ორგანოებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს, რასაც ერთობლიობაში და ცალკ-ცალკე არალეგიტიმურად და კანონგარეშედ აცხადებს, რეალურად დაუპირისპირდეს. ბუნებრივია, ეს ქართველ ხალხთან დაპირისპირებაა. მაგრამ, გარდა მისი ამ ყოვლად არანორმალური განცხადებებისა, ხალხთან და სახლემწიფოსთან დაპირისპირების რაიმე სხვა რესურსი, არც თეორიულად და მით უმეტეს, არც პრაქტიკულად, მას არ გააჩნია. მისი უცნაურად ექსცენტრული პოზიცია არავითარ საფრთხეს სახელმწიფოსა და კონსტიტუციური ორგანოებისთვის არ შეიცავს, მას არა აქვს არც სერიოზული საზოგადოებრივი მღელვარებისა ანდა რაიმე არეულობის გამოწვევის არანაირი შესაძლებლობა. არამედ პირიქით - მისი არანორმალურობა საერთოდაც გამანადგურებელია უწინარესად ზურაბიშვილის პიროვნებისათვის. ვშიშობ, მან ოდესმე ამ შემზარავი ზიანის, რაც საკუთარ პიროვნებას მიაყენა, გამოსწორება შეძლოს. ისიც მართლა მგონია, რომ დიახ, მას დახმარება სჭირდება, უწინარესად - გადაუდებელი სამდიცინო, ფსიქიატრიული დახმარება. მის ახლობლებს მოვუწოდებდი, რომ ეგება დაეხმარონ!

როდესაც არჩევნებს არ აქვს საერთაშორის ლეგიტიმაცია და იგივეს აკეთებს პრეზიდენტი, ამან შეიძლება გამოიწვიოს კრიზი და ხელისუფლებამ ვერ დააკომპლექტოს მთავრობა?

- ვერასგზით ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არა აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ცხადია, რეალურად პირიქითაა - ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს უდავოდ აქვს და ამას ადასტურებს ეუთო-ოდირის დასკვნაც. მეტიც: არაერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს და რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ - ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას, ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით მყარად მიაჩნია, რომ არჩევნები საუკეთესოდ, სამაგალითოდ იყო ორგანიზებული და მისი შედეგები არავითარ ეჭვს არ იწვევს.

რასაკვირველია, არანაირი პრობლემა, რომ ხელისუფლება შეძლებს მთავრობის ფორმირებას კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში და წესით, არ არსებობს. რაც შეეხება დისკუსიებს, რაც ამ არჩევნების გარშემო მიმდინარეობს, ეს ზუსტად შეაფასა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში ვიზიტის დროს: ლიბერალები ყოველ არჩევნებს, სადაც ვერ იმარჯვებენ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან - სადავოდ ხდიან, რაც, ცხადია, სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. ვერც მივიღებთ, რადგან სიმართლე, სამართლიანობა და სამართალი მთლიანად ჩვენს მხარესაა.

ისევ ზურაბიშვილის განცხადება რომ განვიხილოთ, იგი ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. კერძოდ, ეს იყო რუსული არჩევნები და გამოყენებული იქნა „სომხური კარუსელი“, როდესაც ერთი ადამიანი 17 საარჩევნო უბანზე აძლევდა ხმას. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და მიმართა პრეზიდენტს, რომ წარადგიონოს მტკიცებულება, მაგრამ რას ამბობს ზურაბიშვილი? - პროკურატურამ თავად უნდა მოიპოვოს მტკიცებულება. ეს უკვე ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად აკეთებს განცხადებას არჩევნების გაყალბებაზე და რა გეგმა დგას ამის უკან, ვის ინტერესებს ემსახურება ზურაბიშვილის ტყუილები?

- მნიშვნელობა არა აქვს, რას და ვის ემსახურება სალომე ზურაბიშვილის ეს უტიფარი ტყულები, რადგან არჩევნების უდავო შედეგებს ვერანაირად ვერ შეცვლის. ცხადია, ამას ახალისებს, აინსპირირებს და იყენებს „გლობალური ომის პარტია“ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში, მაგრამ, ვიმეორებ, ვერანაირი შედეგი ამ სიცრუეს ვერ ექნება. ხოლო ზურაბიშვილის არანორმალური პოზიცია, ამასაც ვიმეორებ, თავად მისთვისაა პიროვნულად გამანადგურებელი.

ერთადერთი ხელშესახები ზიანი, რაც ამან შეიძლება მოიტანოს, ეს პრეზიდენტობის ინსტიტუტზე მორიგი რეპუტაციული დარტყმაა: ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტობის ინსტიტუტს, თუნდაც საპარლამენტო წყობის პირობებშიც, ასე გაუტეხეს სახელი უღირსმა პრეზიდენტებმა. ეგებ ეს იმასაც ნიშნავდეს, რომ ეს ინსტიტუტი შეუთავსებელია საქართველოს შინაგან კონსტიტუციასთან? შეიძლება ვიფიქროთ ამაზე, მე, მაგალითად, უფრო კონსტიტუციურ მონარქიას დავუჭერდი მხარს, ვიდრე პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნებას... მაგრამ ეს სამომავლოდ.

იყო მოლოდინი და დაანონსებულიც, რომ ზურაბიშვილი გამოაცხადებდა ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას, მაგრამ ეს საკითხი გაიყინა, როგორ ფიქრობთ რატომ? არსებული ინფორმაციით, სწორედ პრემიერის კანდიდატზე ვერ შედგა შეთანხმება...

- ტექნიკური მთავრობისა და დროებითი პარლამენტის იდეა, რაც ზურაბიშვილის ე.წ. ქართულ ქარტიაში იყო მოცემული, აშკარად შეიცავს ანტიკონსტიტუციური შეთქმულების მკაფიო ნიშნებს. ადრე ვთქვი და კვლავ გავიმეორებ, კონსტიტუციის მოქმედების პირობებში არანაირი შანსი, რომ ამ ე.წ. ქარტიის რეალიზება რაიმე სახით მოხდეს, არ არსებობს. რეალურად ასეც ხდება - კონსტიტუციური წეს-წყობილება საქართველოში საკმარისად მტკიცე და ურყევია, ამიტომაც ვერც ე.წ. ტექნიკური მთავრობა ვერ შეიქმნა და არც არასდროს შეიქმნება.

ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, ვინ არის ამ პროცესების დირიჟორი და ფიქრობთ, რომ მას შეიძლება ჯოხი გაუვარდეს ხელიდან და ეს რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს?

- ერთი დირიჟორი ამ დესტრუქციულ პროცესს, რასაც თავში სალომე ზურაბიშვილი ვითომც უდგას, არ ჰყავს: „გლობალური ომის პარტია“ საქართველოს კოლექტიურად ებრძვის. ჰიბრიდული შეტევა საქართველოზე - სწორედ ეს გახლდათ არჩევნებში საგარეო ჩარევის უპრეცენდენტოდ უტიფარი მცდელობანი. მიუხედავად ამისა, არჩევნებმა და მისმა შედეგებმა მკაფიოდ დაგვანახა - „გლობალური ომის პარტია“ ქართველ ხალხთან ამ ჰიბიდულ ომში მძიმედ მარცხდება. ამას კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახებს პოსტ-საარჩევნო პერიოდი.

დასავლეთი გვაშანტაჟებს, მაგალითად, ბორელი საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას სთავაზობს ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის - „უცხოური გავლენის შესახებ“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონების გაწვევის შემდეგ. ანუ, გამოდის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა ქვეყანაში და საერთოდ, რა კავშირშია არჩევნები კანონის მიღებასთან? რა უნდა დასავლეთს, რომელთა მითითებით ისევ ქუჩაში გადის ოპოზიცია და უკვე პრეზიდენტიც გაიყვანეს?

- ბორელის, რომელიც სწორედაც კოლექტიური „გლობალური ომის პარტიის“ რიგითი წარმომადგენელია, გაიგევება მთლიანად დასავლეთთან შეუძლებელია. „დასავლეთი“ ჩვენთვის, ქართველებისთვის არის, უწინარეს ყოვლისა, საერთო ღირებულებები და ფასეულობების ის ტრადიციული სისტემა, რაც ორგანულად ჩვენიცაა: ეს ფასეულობები მკაფიოა, რადგან სიმართლის, სამართლიანობისა და სამართლის, რასაც ოდითგანვე ქართულად „სჯული“ ერქვა, მიმართ ურყევი ერთგულებით გამოიხატება. ამ ფასეულებებზე დგას ნამდვილი დასავლეთიცა და საქართველოც. მათ ბოლომდე დავიცავთ და ვერავინ შეძლებს, ეს დაგვათმობინოს.

 

მერაბ.g ზურაბიშვილი ქვებს არ ისვრის, ის არის საშუალო გონების, საშუალო განათლების გაქართველებული, რომელიც პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იქცევა!
სხვაა საინტერესო: როგორ გაარკვია დასავლეთმა მოლდოვას არჩევნების დემოკრატიულობა და რამოდენიმე საათში და მიულოცა სანდუს? ან რითი ხელმძთვანელობენ, როცა ჩვენსას ეჭვის თვალით უყურებენ? სიზმარი ნახეს, თუ ჩიტმა მიუტანათ ამბავი? პასუხი მარტივია - თუ შედეგი აწყობთ, დემოკრატიულია, თუ არადა გევაჭრებიან - ეს კანონი გააუქმე, ის გამოიძიე!
2 კვირის უკან