„ქაჯობას“ და „უნახაობას“ კანონი დაარეგულირებს

„ქაჯობას“ და „უნახაობას“ კანონი დაარეგულირებს

სიამაყით ვერ აივსები, როდესაც ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმადაც მთავრობამ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი და უარი თქვას ახალი ე.წ. პირველი კატეგორიის მანქანების შესყიდვაზე. როდესაც ხელისუფლება იცვლებოდა, ძნელად თუ წარმოიდგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობით გაბეზრებული საზოგადოება, რომ ხელისუფლების შეცვლიდან ერთ წელიწადში ჩინოვნიკების მხრიდან კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტის უყაირათოდ ხაჯვაზე მოუწევდა საუბარი.

დადებითი ის არის, რომ თავად ხელისუფლებაა დაინტერესებული, პრობლემა მოგვარდეს, თუმცა როდესაც ქვეყნის უმაღლესი პირები მთელი დღის განმავლობაში ამ თემით არიან დაკავებული, ეს ყველაფერი საჩევენებელი შოუს სახეს იძენს, რითაც ყოფილი ხელისუფლებაც უხვად გვანებივრებდა.

პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ინიციატივაა, სამინისტროებმა ჩაატარონ არსებული ავტოპარკის მონიტორინგი და მოახდინონ იმ მაღალი კლასის მანქანების რეალიზაცია, რომლებიც არ წარმოადგენენ განსაკუთრებულ საჭიროებას და მათი შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება. მიღებული სახსრები უნდა მოხმარდეს ისევ იმ სტრუქტურის განვითარებას - კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას.

ბოლო დროს ახალი ხელისუფლების მიერ შეძენილ ძვირადღირებულ ავტომობილებზე, ტელეფონებზე, აიფონებზე სადილებსა თუ მივლინებებზე დიდი ხმაურია ატეხილი, რაც მის ღირსებაზე ნაკლებად მეტყველებს. მეტიც, თურმე სპეციალური კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს, ვის რა ფასიანი ავტომობილის შეძენის უფლება აქვს - თუ სხვა გზა არ არსებობს, რაღა დაგვრჩენია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ის რაც ნაციონალური მმართველობის სახასიათო ნიშნად ითვლებოდა, იმ ხელისუფლებისთვისაც დამახასიათებელი აღმოჩნდა, რომელიც ოპოზიციაში ყოფნისას სწორედ ამისთვის ებრძოდა მას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაზე თვლის, რომ ამ საკითხში ძველი და ახალი ხელისუფლება ერთმანეთს ნამდვილად არ ჰგავს.

„თუნდაც მინისტრების ხელფასები ავიღოთ, 6300 ლარიდან 5000 ლარამდე ჩამოვიდა, როცა წინა ხელისუფლების დროს ზოგჯერ 10 000 ლარსაც კი აჭარბებდა. განა ერთი და იგივეა?

რაც შეეხება ძვირადღირებულ ავტომობილებს, იცით, რომ ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ძალზე სერიოზული მუშაობა და შემუშავდება ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, თანამდებობიდან გამომდინარე განსაზღვრული იქნება, ვის რა კატეგორიის ავტომობილის შეძენა შეეძლება საბიუჯეტო თანხებით“, - აცხადებს ტყემალაზე.

ზურაბ ტყემალაძე თვლის, რომ თანამდებობაზე დანიშვნისას ვინმემ საკუთარი ინტერპრეტაციით რომ არ აღიქვას, საკუთარი შესაძლებლობები და უფლებები, ამ საკითხს კანონი უნდა არეგულირებდეს.

„მეტსაც გეტყვით, აუცილებელია რანგირება და რანგირების შესახებ კანონის მიღება, სადაც განისაზღვრება, ვის რა ფარგლებში შეიძლება დაუწესდეს ხელფასი, რომ უწყების ხელმძღვანელებმა საკუთარი შეხედულებისამებრ არ დაინიშნონ ხელფასები, დანამატები და პრემიები“, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

როდესაც საუბარია ზოგიერთი მინისტრის მიერ შეძენილ 100 და 200-ათასიან ჯიპებზე, ალბათ, კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას იმ უწყების გაძლიერებაზეც ეფიქრა, რომელსაც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა ევალება - აუდიტის სამსახურად გადაკეთებულმა კონტროლის პალატამ, შესაძლოა, ნაკლებად დააფიქროს ჩინოვნიკი ძვირადღირებული ავტომობილის შეძენის ან ფეშენ-რესტორანთან ხელშეკრულების გაფორმების წინ. თუმცა, როგორც ირკვევა, ახლა ამ ყველაფერს კანონი დაარეგულირებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი თვლის, რომ მსგავს თემებზე კანონების მიღება დროის კარგვაა.

„თუკი აქამდე არავითარი ლიმიტები არ ყოფილა, მაშინ რაღაც წესების შემოღება აუცილებელია, მაგრამ იყო ასეთი წესები დადგენილი. შეიძლება ყველა უწყებას თავისი წესები ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში - არსებობდა. მაგალითად, წინა ხელისუფლების დროს პარლამენტი რაღაც კრიტერიუმების ფარგლებში ტენდერს ატარებდა-ხოლმე. ეს იყო კარგი გამავლობის „ფოლკსვაგენ პასატები“, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ფუფუნება არ ყოფილა კომიტეტის თავმჯდომარეებისათვის. რაღაც სტანდარტი იყო და დარწმუნებული ვარ, სხვა უწყებებსაც ექნებოდათ. თუ სადმე არ იყო და სტანდარტებს გადაუხვიეს, ეს ცუდია.

თითქოს, მეტი საქმე არ აქვს პრემიერ-მინისტრს, წავა-წამოვა და წარსულს ლანძღავს, ეს მეტისმეტია. ბოლო დროს გახდა აქტუალური, რომ ახალი მანქანების შეძენა დაიწყეს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 2003 წლის შემდეგ შეიძლება რაღაც მანქანები შეძენილი ყოფილიყო, მაგრამ ამას რომ ასეთი მასობრივი სახე ჰქონოდა, არ მახსოვს“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

იმის მიუხედავად, რომ საბიუჯეტო თანხების ყაირათიანად ხარჯვით ყოფილი ხელისუფლება ნამდვილად არ გამოირჩეოდა და ამისი უამრავი მაგალითი არსებობს, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ მსგავსი რამ მათ დროსაც კი არ მომხდარა.

„ასე მასობრივად, რომ ძველი ხელისუფლება მანქანებს ხელთათმანებივით იცვლიდა, მსგავსი არაფერი გამიგია. თუ ვინმე ძვირადღირებულ მანქანას ყიდულობდა წინა ხელისუფლების დროს, ეს საკითხი ცალკე უნდა იყოს განხილული და ყველა ერთ ქვაბში არ უნდა ჩაყარონ. ისევე როგორც ის მაგალითი, რომ გიგა ბოკერიას მანქანაში ჩაჯდომა არ იკადრა ირინა იმერლიშვილმა“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

ექპერტი ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ადამიანების ბუნება არ იცვლება და გარკვეული კომფორტი და ფუფუნება ყველას ხიბლავს.

„როცა საუბარია ევროპულ ქვეყნებზე, სადაც შემოსავლები მაღალია და ადამიანებს გარკვეული შესაძლებლობები გააჩნიათ, ეს თემა ნაკლებად აქტუალურია და ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, განსაკუთრებით მერები, ფეხითაც კი დადიან სამსახურში“.

ვაჟა ბერიძის განმარტებით, საქართველოსნაირ ქვეყნებში ადამიანებს, ძირითადად, შემოსავლები არ აქვთ. მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს შეუძლია ძვირადრირებული ავტომობილის შეძენა და 5%-ზე ცოტა მეტი საშუალო ფენას განეკუთვნება, დანარჩენი კი სიღატაკის ზღვარზეა. როგორც ვაჟა ბერიძე ამბობს, ამ მასიდან მოდიან ჩინოვნიკები, რომლებიც საკუთარი ხელფასით ვერასდროს ვერ იყიდიან მანქანას, მაგრამ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, როცა თანამდებობაზე ხვდებიან, უნდათ, რომ კომფორტი შეიქმნან.

„სააკაშვილის დროს, როცა ელიტური კორუფცია იყო ქვეყანაში, ქვედა დონეებზე, 300 კაცის ქვემოთ, ჩინოვნიკებს უნიშნავდნენ მაღალ ხელფასს, აძლევდნენ ძვირადღირებული ავტომობილის შეძენის საშუალებას, თუმცა კორუფცია არ დაიშვებოდა, ეს იყო გარკვეული კომპენსაცია, ოღონდ უფრო ფარული, ვიდრე აგარაკები საბჭოთა კავშირის დროს. მიშა ამას საჩვენებლად იყენებდა.

ახალი ხელისუფლებაც კეკლუცობს, როდესაც მინისტრების ხელფასებს ამცირებს, მაგრამ, როდესაც, მაგალითად, ფინანსთა მინისტრი მთელი ქვეყნის ფინანსებს განაგებს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმდენი ხელფასი, რომ ოჯახიც არჩინოს და თუ საჭიროა, კომფორტულადაც იცხოვროს. ვისაც სამართლიანი არჩევნებით ავირჩევთ, მას ცხოვრების ჩვენზე უკეთ მოწყობის საშუალებაც უნდა მივცეთ.

ამიტომ, დიდი ენთუზიაზმით არ ვუყურებ ამ ნორმირებას, ვინ რა ფასიანი ავტომობილი შეიძლება შეიძინოს საბიუჯეტო სახსრებით. არა ფეშენებელური, მაგრამ რეგიონის ხელმძღვანელს უნდა ჰყავდეს ნორმალური გამავლობის „ჯიპი“. სტუმარი რომ ჩამოგივა ქვეყანაში, არ უნდა შეგრცხვეს მისი ავტომანქანაში ჩასმა. თუმცა, არც ის უნდა თქვას ვინმემ, რომ ამ ღარიბ ქვეყანაში ეს რა მანქნებით დადის ხელისუფლება“,-მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.

საჭიროა თუ არა ამ ნორმების დადგენაზე დროის კარგვა, როდესაც ქვეყანაში უამრავი სერიოზული პრობლემაა, ძნელი სათქმელია, თუმცა ისიც საკითხავია, რამდენად დაიცავენ ჩინოვნიკები დადგენილ სტანდარტს.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ ბევრი ასეთი საკითხი ამხელა სჯა-ბაასის გარეშე დადაწყდებოდა, ჩვენს მთავრობას რომ სრულყოფილი სტრუქტურა გააჩნდეს.

„ვგულისხმობ, თუნდაც ერთ, სხვა მოვალეობებისგან გათავისუფლებულ ვიცე-პრემიერს. მთავრობის აპარატი არის საკმაოდ მწირი, ვერ ფარავს იმ სივრცეს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს კოორდინირებული მთავრობის დონეზე. შედეგი ის არის, რომ თითოეული მინისტრი საკუთარ თავს შეიძლება თვლიდეს დამოუკიდებელ ფეოდალად.

საბედნიეროდ, ჩვენს მინისტრებს ეს სენი ჯერ არ შეყრიათ, მაგრამ სტრუქტურული ანალიზი მთავრობის საქმიანობის, ამის საფუძველს იძლევა“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

რაც შეეხება მიდგომებს, მსგავსებაც არის და განსხვავებაც, კორუფციასთან ბრძოლის შოუებით ძველ ხელისუფლებას ვერავინ შეედრება, თუმცა შედეგი ყველასათვის ცნობილია. რა შედეგს გამოიღებს ახალი ხელისუფლების მონდომება ეს ჯერ კიდევ სანახავია.

„21-ე საუკუნის ქართული დაავადების მოწმენი ვართ, ვგულისხმობ ჯიპების არაადეკვატურ რაოდენობას დედაქალაქის მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში. წარმოუდგენელია რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიღოს თანხები ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოსდ, თუ ის ერთხელ მაინც ჩამოვა თბილისში და ნახავს, როგორი ჯიპომანიაა საქართველოს დედაქალაქში. ადრე, ეს სავალი გზების მოუწყობლობით აიხსნებოდა. მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურა შეიცვალა, მხოლოდ საკუთარი, არც თუ მორალური ამბიციების დასაკმაყოფილებლად ხდება უკანასკნელი საშუალებების მობილიზება, სესხის აღება და ჯიპის შეძენა. თუ ჯიპია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის განმსაზღვრელი ნიშანი, მაშინ აგვრევია ფასეულობათა ნუსხა“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

როგორც სოსო ცისკარიშვილი თვლის, კარგია, რომ მთავრობა მიუბრუნდა ამ თემას და რაღაც რეგულირებები უნდა შემოიღოს, მაგრამ ის თანხებიც დიდია რაც ამ რეგულაციებით იქნება დასაშვები.

„რატომ უნდა ჰქონდეს ყველა მინისტრს ჯიპი? მე-20 საუკუნე ხელისუფლებებმა ისე გაატარეს, რომ არსად მიუსვლელობის პრობლემა არ გასჩენიათ. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლები კლებულობს, უმუშევრობა იზრდება და ჯიპების რაოდენობა პროპორციული ხდება უმუშევართა რაოდენობის ზრდისა, აქ უკვე პირდაპირი პარალელები შეიძლება გაივლოს სწორედაც რომ არაადეკვატური დამოკიდებულებისა ქართული საზოგადოების და სამწუხაროდ, მისი ხელისუფლების ლტოლვისას ჯიპების მიმართულებით“.

მსგავსი თემების გააქტიურება უბრალოდ დაბალი კულტურითაც შეიძლება აიხსნას, მაგრამ უკვე ჩნდება ეჭვები, რომ ახალი ხელისუფლებაც ძველი ხელისუფლების გზით მიდის, იმ გზით, რომელსაც არც თუ დიდი ხნის წინ თავად გმობდა.

„დღეს რატომღაც ჩათვალეს, რომ ვისაც რა სურს, შეუძლია ის შეიძინოს სახელმწიფოს ხარჯზე. ეს გარკვეული გამოუცდელობის ბრალია, ალბათ. ზოგიერთი საკუთარი თავის მოულოდნელადაც აღმოჩნდა თანამდებობაზე ისე, რომ არ გაუვლია წინა საფეხურები პროფესიული ზრდისა.

ამ საკითხზე კანონის მიღება, ჩემი აზრით, სირცხვილია. ამას უნდა ელემენტარული ინსტრუქცია და სულაც არ არის საჭირო მისი საჯარო დოკუმენტად გადაქცევა. თუ რომელიმე ორგანიზაცია კანონზე დაყრდნობით მოითხოვს ამ ინფორმაციას, კი ბატონო, თუ არა და 30 ათასი იქნება გადახდილი ჯიპში თუ 26, ამისი გაანალიზება მოქალაქისთვის სულაც არ არის სავალდებულო. მისთვის ეს ისედაც უზარმაზარი თანხაა. ამიტომ, თავმდაბლობა, პრაგმატულობა და რაც მთავარია, საკუთარი თავის პატივისცემა უნდა იყოს წინაპირობა იმისა, რომ არ ვეკვეთოთ მაინცდამაინც ბოლო წლის მოდელს ჯიპისა. ვფიქრობ, არც თუ შორს არის დრო, როცა ჯიპომანია და ქაჯობა სინონიმებად ჩამოყალიბდება და შესაბამისი რეაგირება ექნება საზოგადოებისგან. ჯერჯერობით უნახავების დამახასიათებელ კომპლიმენტებს ვიმსახურებთ“, -მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.