„სააკაშვილი დამთავრებულია, მაგრამ გვარამიამ, მელიამ, ვაშაძემ ხომ იციან საზოგადოებრივი განწყობები - ხალხს კარვები არ აინტერესებს“

„სააკაშვილი დამთავრებულია, მაგრამ გვარამიამ, მელიამ, ვაშაძემ ხომ იციან საზოგადოებრივი განწყობები - ხალხს კარვები არ აინტერესებს“

უცხოეთის რეაქციის იმედად ყოფნა არაა საკმარისი, ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში, - განკარგულება გასცა სააკაშვილმა და მეორე ნიკა გვარამიამაც არ დააყოვნა. გვარამიამ ფეისბუკის მეშვეობით საშუალო და დიდი კარვების მიწოდება მოითხოვა და ქუჩაში პროტესტის გადატანა დააანონსა.

არაფრის დამალვას არ ვაპირებ, ღიად ვიზამ ამიერიდან ყველაფერს, სუსიც ფეხებზე მკიდია, პროკურატურაც, პოლიციაც და რაჟდენიც... ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ, გაგვიხარდება, თუ მოგვყიდით, მაინც გაგვიხარდება, რაოდენობა შეუზღუდავია, - აცხადებს ნიკა გვარამია და იმუქრება, რომ კვირებში უნდა მორჩეს ეს ხელისუფლება, პარლამენტი ვერ უნდა შედგეს, ვერ უნდა შევიდნენ იმ შენობაში და შევარდნაძისდროინდელი სასამართლოს მსგავსად, უნდა გააუქმონ არჩევნების შედეგები.

ოპოზიცია არ მალავს, რომ აპირებს, განახორციელოს ქართველი ხალხის გაბრაზება, თუმცა რატომ სჭირდება ხალხს ხელოვნური გაბრაზების გამოწვევა და რატომ არ არის ხალხი იმთავითვე გაბრაზებული, ამას ოპოზიცია არ უფიქრდება.

მხოლოდ გახარიას თანაპარტიელ ნათია მეზვრიშვილს ეპარება ეჭვი, შევა კი ამომრჩეველი იმ კარვებში?! არა მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარვებში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

მწვავე პროტესტზე საუბრობს გიორგი ვაშაძეც და საზოგადოებას ორშაბათს აქციაზე ეპატიჟება.

ნიკა გვარამიას შეძახილმა ეიფოიაში ჩააგდო მრავალი პროტესტის მნახველი ბაჩუკი ქარდავაც. მოქმედების დროა! დასამხობი უკვე დამხობილია, უბრალოდ, საზოგადოება ალტერნატივას ელოდება, - აცხადებს ქარდავა.

გვარამიას ინიციატივას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იაგო ხვიჩია: როგორ შეიძლება, სახალხო პროტესტი ჩაკლა კარვებში, მოსყიდულები არიან თუ სულელები?! იაგო ხვიჩიას აზრით, სწორი მოთხოვნაა ჩამოსაყალიბებელი და მერე ამ მოთხოვნით არის ხალხი ქუჩაში გამოსაყვანი.

ოპოზიცია რამეს თუ აპირებს საერთოდ, სხვა რამეა გასაკეთებელი და არა კარვების დადგმა რუსთაველზე, ან ლეიბების გაფენა. პირველ რიგში, ბევრი ადამიანისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის სათქმელი და დასამტკიცებელია, რომ არჩევნების ფარულობა დაირღვა, -ამბობს იაგო ხვიჩია.

არის თუ არა ამომრჩეველი მზად, კარვებში შევიდეს და რამდენად უსაფრთხოა ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებული კარვები იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია მუხტის აწევას ნებისმიერი ხერხით შეეცდება, თუნდაც ეს ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდეს?!

ანალიტიკოსი გია აბაშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კარვებში ხალხის შესაყვანი მუხტი არ არსებობს. ასე რომ იყოს, პოლიტიკანების მოწოდებების მიუხედავად, ე.წ. მიტაცებული არჩევნების გამო გაბრაზებული ხალხი აქამდეც იქნებოდა პარლამენტთან, ცესკოსთან, თუ ნებისმიერ სხვა ადმინისტრაციულ შენობასთან. იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვხედავთ ამ პროტესტს, ცხადია, ამ პროტესტის ხელოვნურად შექმნას შეეცდებიან.

კარვების გაშლა, პროტესტის სხვადასხვა ფორმის გამოყენება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, მაგრამ აქ საკითხავია, იმ კარავში იქნებიან პროტესტის გამომხატველი ადამიანები?! ცხადია, ვერ იქნებიან. არ სჭირდება ამას ტელემოწოდებები, მე ძალიან კარგად მახსოვს, როცა გაბრაზებული ხალხი გარეთ გამოვიდა 2003 წლის არჩენებში დიდი მანიპულაციების შემდეგ. ამას არ სჭირდებოდა არანაირი პოლიტიკოსების მოწოდებები. გასაგებია, რომ ახლაც ქუჩისკენ მოუწოდებს ხალხს სააკაშვილი, რადგან მისი საქმე დამთავრებულია, მაგრამ გვარამიამ, მელიამ, ვაშაძემ ხომ კარგად იციან საზოგადოებრივი განწყობები?! ყველაზე მარტივად, სამარშუტო ტაქსში, ავტობუსში ხომ არ განიხილავენ არჩევნების ე.წ. გაყალბების თემას ადამიანები?! ტრანსპორტში ნებისმიერი ადამიანი განიხილავს საკუთარ პრობლემებს. ოპოზიციის ტოტალური პრობლემა კი ის არის, რომ ისინი ვერ ამჩნევენ ხალხის პრობლემებს. გასაგებია, აგენტოკრატიამ დაკვეთა მისცა ჩვენს ოპოზიციონრებს, მოაწყონ გარკვეული პროტესტი, მაგრამ პროტესტს ხალხი სჭირდება. ამ დროს სად არის ხალხი? სად არის საზოგადოება? საზოგადოებას ეს არ აინტერესებს, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი მოელის, რომ ოპოზიციონრები კარვებში დაპატიჟებენ ე.წ. ნჯო-ებს, რომლებიც ხან დამკვირვებლებად გვევლინებიან, ხან ნაცმოძრაობასთან აფილირებულ პარტიულ ორგანიზაციებად, ქუჩის აქციებისთვის გამოიყენებენ ყველა რესურსს, მაგრამ გლობალური პოლიტიკა 5 ნოემბერს ძალიან შეიცვლება. არ აქვს მნიშვნელობა, დონალდ ტრამპს აირჩევენ თუ არ აირჩევენ, ამერიკაში რომ დიდი დაპირისპირება იქნება, რომელიც გლობალურ პოლიტიკაზეც აისახება, ეს ფაქტია.

საქართველოში საპროტესტო აქციებისთვის სცალიათ ჩვენი რადიკალების სპონსორებს? რა თქმა უნდა, არ სცალიათ, მაგრამ ბოლო გაფართხალება აქვთ, რომლის ფინალი ისედაც ვიცით-ოპოზიციის აბსოლუტური ლუზერობა, - მიიჩნევს გია აბაშიძე.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, ქუჩის აქციები პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მეთოდია. ბრძოლა საჭიროა და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც უნდა დაინახონ, რომ საზოგადოება არ ეგუება გაყალბებას. თუმცა, ცხადია, ეს არ იქნება ხელისუფლების ახლავე შეცვლის გარანტია.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მუხტს, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ხალხის ნაწილს ეს მუხტი აქვს და ბოლომდე ბრძოლის მზადყოფნაც გააჩნია. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე კარავში დარჩებიან ადამიანები. რა თქმა უნდა, ოპოზიციამ უნდა იმუშაოს დასავლელ პარტნიორებთან, ბევრი რამ არის დამოკიდებული თუნდაც იმავე 5 ნოემბერს, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის არჩევნებში. თუკი კამალა ჰარისი გაიმარჯვებს, მეტი შანსია ივანიშვილს სანქციები დაუწესონ.

არ ვამბობ, ყველამ კარვებში გაატაროს დრო, მაგრამ ხანდახან საჭიროა ის კარავიც. 2012 წელს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ხმას აძლევდა ქართულ ოცნებას, ამბობდა, თუ არ მოგვეწონება, გადავირჩევთო, მაგრამ ასეთ პირობებში როგორ გადავირჩევთ?! მესმის ნათია მეზვრიშვილის განცხადებაც, საეჭვოა, ამომრჩეველი კარვებში შევიდესო, მაგრამ ამის მიზეზი ის არის, რომ ნათია მეზვრიშვილი გახარიას პარტიას განეკუთვნება, გახარია კი ცდილობს, ითამაშოს დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის როლი, რომ ის არ არის კოლექტიურ ნაცებთან ინტეგრირებული. გახარია ვითომ თავის თამაშს თამაშობს. ახლა ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული, ხალხმა იბრძოლა გაზაფხულზე, მართალია, მიიღეს რუსული კანონი, მაგრამ ბრძოლა მაინც საჭიროა, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.

მერაბ.g კარვები დადგან. ოღონდ რუსთაველს ნუ ააყროლებენ, გვახსოვს წლევანდელი და შარშანდელი გაზაფხული, ფანჯრებს ვერ ვაღებდით - ყარდა იქაურობა; ამ ქვეჩაჯვიებით მიდიხართ ევროპაში?
2 კვირის უკან
Gami რამდენ ხანს ეყრებიამ ნაგავში, ფსელში და ქაქში. მაგათი ადგილი მანდ არის!
2 კვირის უკან