საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები (ნაწილი მეორე)

საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები (ნაწილი მეორე)

5. ადგილობრივი დანაზოგების, ანუ ინვესტიციების განსახორციელებლად აუცილებელი ადგილობრივი რესურსების ფორმირების წახალისება (უცხოური ინვესტიციები რა თქმა უნდა არსებითია და მნიშვნელოვანი, მაგრამ მათ, ჯერ ერთი, გააჩნიათ არასტაბილური ხასიათი, ვინაიდან მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან როგორც საშინაო, აგრეთვე საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ცვლილების მიმართ და მეორე, აღნიშნული ინვესტიციები ძირითადად მიმართულია უკვე  არსებული სტრატეგიული ობიექტების შესაძენად და/ან  შედარებით მოკლევადიან პერიოდში მოგების მკვეთრად მაღალი ნორმის მქონე სფეროებში. შესაბამისად, მათი მხედველობის მიღმა რჩება სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის და  ქვეყნის ეკონომიკური განვითარება–უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მთელი რიგი დარგები, რომელთა ასაღორძინებლად აუცილებელია ადგილობრივი რესურესების მობილიზაცია).

ამ მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხელფასის სახით დარიცხული თანხის ნაწილი, რომელიც დანაზოგის სახით მინიმუმ ერთი წლის ვადით განთავსდება კომერციულ ბანკებში, განთავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან. ასეთ დანაზოგზე არ უნდა გაიცეს ანაბრებზე  განსაზღვრული პროცენტული დანამატი, ვინაიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან განთავისუფლებული თანხა (დარიცხული ხელფასის დასაზოგად გამიზნული ნაწილი) ისედაც 25%–ით აღემატება აღნიშნული გადასახადის გადახდის შემთხვევაში დარჩენილ თანხას. აღნიშნულის საილუსტარციოდ განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: დასაქმებულმა პირმა გადაწყვიტა, რომ დარიცხული ხელფასიდან, რომელიც თვეში შეადგენს 2500 ლარს, 1000 ლარი დაზოგოს და განათავსოს კომერციულ ბანკში ერთი წლის ვადით. ამ შემთხვევაში მისი წლიური პროცენტული შემოსავალი შეადგენს 25%. მას რომ 1000 ლარი არ დაეზოგა, დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოუწევდა 200 ლარის გადახდა, ანუ ხელზე დარჩებოდა 800 ლარი. დარიცხული ხელფასიდან 1000 ლარის დაზოგვა იმ პირობით, რომ აღნიშნულ თანხას სრულად მიიღებს ერთი წლის თავზე, იმის ტოლფასია, რომ გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილი 800 ლარი განეთავსებინა საბანკო დეპოზიტზე და მიეღო 25%–იანი დანარიცხი. ამ შემთხვევაში შეიძლება დაისვას სრულიად ლეგიტიმური კითხვა: რატომ უნდა შეეხოს აღნიშნული შეღავათი მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა შემოსავლებს და არა ვთქვათ მეწარმეთა და თვითდასაქმებულთა აღრიცხვად შემოსავლებს. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ერთგვარ მოვალეობა–მოწოდება–დანიშნულებას თავისთავად წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობა და ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელება,  ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული მაღალი მოგების სახით შესაბამისი ჯილდოს მიღება.

ასეთი პოლიტიკის გატარება აუცილებლად წაახალისებს ადგილობრივი დანაზოგების ზრდას, რაც ხელს შეუწყობს საკრედიტო რესურსის გაიაფებას და ადგილობრივი ინვესტიციების გადიდებას, რაც გრძელვადიანი განვითარების საწინდარია. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გლობალიზაციის პირობებში ადგილი აქვს ფინანსური რესურსების ქვეყნებს შორის თავისუფალ გადაადგილებას.  ინვესტიციები, სხვა თანაბარ პირობებში, მიემართება იქ სადაც მაღალია პროცენტის განაკვეთი და მოგების ნორმა, რის შედეგადაც შესაძლოა ზემოაღნიშნული პოლიტიკის შედეგად ფორმირებული დანაზოგები ქვეყნის გარეთ გავიდეს, ხოლო ლარის კურსი კი მკვეთრად დაეცეს. ასეთი პრობლემის თავიდან ასაცილებლად და აღნიშნული რესურსების ადგილზე დასამაგრებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის (საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულის) უზრუნველსაყოფად საჭიროა საერთაშორისო საფინანსო–ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, საბოლოო შედეგზე ორიენტირებული, პრინციპული და მიზანმიმართული მოლაპარაკება–კონსულტაციების წარმოება.

6.  მიზანშეწონილად მიგვაჩნია საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე სპეციალური ფონდის შექმნა, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება: მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში  დასაქმებული მეწარმეების (მცირე ბიზნესისა და მცირე საწარმოების) სამეწარმეო რისკების მთლიანი ან ნაწილობრივი დაზღვევა, აგრეთვე მათი უფასო ინფორმაციული უზრუნველყოფა. მაგალითად, საწარმოომ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის შედეგად განიცადა 30 ათასი ლარის ზარალი, ანუ აღნიშნულ პერიოდში სამეწარმეო მიზნებისათვის გასწია ვთქვათ, 150 ათასი ლარის დანახარჯები და ამონაგების სახით, გარკვეული არახელსაყრელი ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებების  შედეგად, მიიღო მხოლოდ 120 ათასი ლარი. აღნიშნულმა ფონდმა მთლიანად, ან უკიდურეს შემთხვევაში ნაწილობრივ, მინიმუმ 80–90%–ის ფარგლებში, უნდა აანაზღაუროს აღნიშნული ზარალი, რაც მეწარმეს შესაძლებლობას მისცემს იმავე, ან სხვა სფეროში გააგრძელოს სამეწარმეო საქმიანობა.

7.  სპეციალური სამსახურის შექმნა, რომლის დანიშნულებაც იქნება ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ან ამა თუ იმ კანონის  და კანონქვემდებარე აქტის რომელიმე მუხლის შესახებ  მეწარმეთა წინადადებების და საჩივრების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების (მომჩივანის სასარგებლოდ, ან პირიქით) მიღება, ვთქვათ 60 კალენდარული დღის მანძილზე. თუ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული აღნიშნულ ვადაში, მაშინ მეწარმის წინადადება უნდა ჩაითვალოს საყოველთაოდ აღიარებულად, ანუ უნდა მიენიჭოს კანონის ძალა, ხოლო საჩივარში დასმული საკითხი მომჩივანის სასარგებლოდ გადაწყვეტილად და ეს გადაწყვეტილება პრეცედენტის სახით უნდა გავრცელდეს ყველა ანალოგიურ შემთხვევაზე.  ამასთან, ნებისმიერ ორგანოს, რომლის მიერ მიღებულ კანონს ან გადაწყვეტილებასაც შეეხება წინადადება თუ საჩივარი, უნდა გააჩნდეს აღნიშნული სპეციალური სამსახურის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადებში (მაგალითად ერთი ან ორი კვირის მანძილზე), გასაჩივრების უფლება შესაბამის სასამართლო ინსტანციაში. სასამართლოს მიერ აღნიშნული სპეციალური სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ან მისი უმოქმედობით განპირობებული შედეგის (გადაწყვეტილების არ მიღებისას) ძალაში დატოვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებაც.

8. საგადასახადო კოდექსის გამარტივება. იგი თავიდან უნდა დაიწეროს გასაგები და კარგად გამართული ენით. მისი ცალკეული მუხლები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს. არ უნდა იყოს ბუნდოვანი და ორაზროვანი, ანუ არ უნდა იძლეოდეს ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. საგადასახადო კოდექსის სირთულე იწვევს მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას, რაც დამატებით ტვირთად აწვება მეწარმეებს (განსაკუთრებით მცირე  და საშუალო საწარმოებს).

9. გადასახადის გადახდის საყოველთაობის პრინციპის არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურ ცხოვრებაში განხორციელება. ნაციონალური ხელისუფლების მიერ სამეწარმეო სექტორის დაბეგვრისას განხორციელებული შერჩევითი ხასიათის ღონისძიებების შედეგად, წინა პერიოდთან შედარებით, ბევრად უკეთესი სასათბურე პირობები შეიქმნა ბიზნესში ჩართული ჩინოვნიკებისა და  ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებთან დაახლოებული ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ამასთან, არსებითად გაუარესდა გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელებისა და ხელისუფლებისგან დისტანცირებულ ბიზნესმენთა მდგომარეობა. ხელისუფლების ფავორიტ ბიზნესმენებთან უშეღავათო კონკურენციულ ბრძოლაში დამარცხებისათვის წინასწარ გაწირვამ ბიზნესმენთა სხვა ჯგუფები (გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელები და ხელისუფლებისგან დისტანცირებულნი) აიძულა, რომ უარეს შემთხვევაში თავი დაენებებინათ სამეწარმეო საქმიანობისათვის, უკეთეს შემთხვევაში კი, ან  უცხოეთში გაეტანათ ბიზნესი, ან ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ნათესავებისათვის დაეთმოთ მისი მსუყე წილები და მფარველობის უზრუნველყოფის სანაცვლოდ  ”მეწილე–პარტნიორებად“ გაეხადათ ისინი.

2003 წლამდე კი დაუცველი, ხელისუფლების მფარველობას მოკლებული ფირმები, რომლებსაც არ ჰყავდათ მფარველები ზედა ეშელონებში, არსებობას ახერხებდნენ საგადასახადო სამსახურებთან კორუფციული გარიგებების ხარჯზე, ანუ მიმართავდნენ გადასახადების გადახდისგან თავის არიდების საყოველთაოდ გავრცელებულ ელიტურ მეთოდებს. საგადასახადო სამსახურებთან კორუფციულ გარიგებებში შესვლა მათ ბევრად უფრო იაფი უჯდებოდათ, ვიდრე გადასახადების გადახდა, რის შედეგადაც ასე თუ ისე წარმატებულ კონკურენციას უწევდნენ ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც პრაქტიკულად არანაირ გადასახადს არ იხდიდნენ. 2003 წლის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ მათთვის ასეთი შესაძლებლობები პრაქტიკულად მოსპო, რამაც გამოიწვია მათი მდგომარეობის არსებითი გაუარესება ხელისუფლების ზედა ეშელონების წარმომადგენლების მფარველობის ქვეშ მყოფი ნომენკლატურულ ბიზნესის წარმომადგენლებთან შედარებით. საბოლოო ანგარიშით, ამან გამოიწვია ხელისუფლების ორგანოებისგან შორს მდგომი ბიზნესმენების გაკოტრება და/ან მათი ქონების, ან მისი ნაწილის ამა თუ იმ ფორმით ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლების ხელში გადასვლა. ამით ცხადია, რომ დაზარალდა, როგორც კონკრეტული ადამიანები (მთავრობისათვის მიუღებელი და სამთავრობო „კრიშის“ არ მქონე ბიზნესმენები) აგრეთვე მთელი საზოგადოება, ვინაიდან ასეთ პირობებში ყოველთვის იწარმოება და/ან ბაზარზე შემოდის ნაკლები და დაბალხარისხიანი საქონელი, მცირდება სამუშაო ადგილები, ხოლო ფასები ბუნებრივთან შდარებით ყოველთვის მაღალია.

ამრიგად, ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლების მიერ გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების წინააღმდეგ და მათი მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან პატიოსანი მეწარმეების დასაცავად კეთილსინდისიერმა და პასუხისმგებლურმა ხელისუფლებამ საჭიროა განახორციელოს მკაცრი ფინანსური სანქციები. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ მათ მიერ გადასახადის გადაუხდელობა, გარდა პატიოსანი გადამხდელებისათვის მიყენებული  ზიანისა, ცუდი ზნეობრივი მაგალითია მთელი საზოგადოებისათვის და განაპირობებს როგორც ხელისუფლების, აგრეთვე ბიზნესის მიმართ მტრული განწყობილების ჩამოყალიბებას მოსახლეობაში, რაც საბოლოოდ სოციალური დაძაბულობის ზრდისა და რევოლუციების მიზეზია.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს მთავარი: ბიზნესი შეიძლება წარმატებით და ჰარმონიულად განვითარდეს შედარებით მაღალი გადასახადების პირობებშიც კი, თუკი კუთვნილ გადასახადს უკლებლივ ყველა გადამხდელი გადაიხდის და არ იქნება იმის საშიშროება, რომ ვიღაცეები შეძლებენ გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებას და ამ გზით კონკურენტებთან შედარებით უპირატესობის მოპოვებას. პირიქით,  დაბალი გადასახადების პირობებში თუკი გარკვეულ ელიტურ ჯგუფს ექნება გადასახადების გადახდისგან თავის არიდებისა და ამ გზით კონკურენტებთან შედარებით უპირატესობის მიპოვების შესაძლებლობა, ეს აუცილებლად გამოიწვევს სამეწარმეო საქმიანობის დეზორგანიზაციას და წარმოების სტრუქტურის დამახინჯებას, ვინაიდან არსებითად გაუარესებს გადასახადების პატიოსანი გადამხდელების მდგომარეობას და შეასუსტებს მათ ბიზნეს აქტივობას.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ისეთი ბიზნესგარემოს შექმნა, რომლის პირობებშიც სამეწარმეო საქმიანობისა და ბიზნესის წარმატება დამოკიდებული იქნება არა ხელისუფლების ცვლაზე, არა მის მაღალ ეშელონებთან სიახლოვეზე, არამედ სტაბილურ კანონებსა და ინსტიტუტებზე, და, რაც მთავარია, მართლმსაჯულების სამართლიან სისტემაზე. ასეთი ბიზნეს–გარემოს შექმნის აუცილებლობა თვალნათლივ აჩვენა 2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომმა გარდამავალმა პერიოდმა, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოწვია სამეწარმეო სექტორის წარმომადგენელთა განწყობა–მოლოდინების ნეგატიური ცვლილება, შესაბამისად კი, ბიზნესის დეზორიენტაცია და ბიზნეს–აქტივობის გარკვეული შემცირება.

10. ეკონომიკური განვითარების ძირითად ფაქტორად უნდა იქცეს კონკურენციული ურთიერთობების გაღრმავება, თანაც ინოვაციების საფუძველზე კონკურენცია, ანუ სამეცნიერო გამოკვლევების, ახალი ტექნოლოგიების, შრომის ორგანიზაციისა და წარმოების მართვის ახალი თანამედროვე მეთოდების საფუძველზე კონკურენცია. მთავარი აქაც არა ფუჭი საუბარი (თუნდაც აკადემიურ დონეზე) და დროის გაყვანაა, არამედ ხელისუფლების ენერგიული მოქმედება შესაბამისი კანონებისა და მათი ეფექტიანი რეალიზაციისათვის აუცილებელი ინსტიტუტებისა და მექანიზმების  შესამუშავებლად.

მოცემულ სტატიაში მცირე ბიზნესის განვითარების წახალისებაზე აქცენტი გამახვილებულია იმიტომ, რომ შესაბამისი სამართლებრივ–ინსტიტუციური გარემო–პირობების შექმნა  ხელს შეუწყობს მეწარმეობის უნარით დაჯილდოებული ადამიანების  ინიციატივების მაქსიმალურ რეალიზაციას და კონკურენციული ურთიერთობების გაღრმავებას. მოვლენების ასეთი განვითარება ოლიგოპოლიურ სტრუქტურებს და მონოპოლისტური კონკურენციის სფეროში დასაქმებულ საწარმოებს არ მისცემს მოდუნების საშუალებას, პირიქით, მათ აიძულებს ზრდაზე ორიენტირებული ახალი ინოვაციური პროექტების განხორციელებას და შესაბამისად, განაპირობებს სამეწარმეო საქმიანობის საყოველთაო აღორძინებას.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ არ შეიძლება მსხვილი საწარმოების, კერძოდ ოლიგოპოლისტური სტრუქტურების როლის დაკნინება და მათ წინააღმდეგ ბრძოლა წინასწარ აკვიატებული ცრუ წარმოდგენების საფუძველზე, თითქოსდა მათი არსებობა ნებისმიერ შემთხვევაში ხელს უშლიდეს ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებას. პირიქით, მასშტაბის მნიშვნელოვანი ეკონომიით და კლებადი ხარჯებით განპირობებული ოლიგოპოლიური სტრუქტურების არსებობა აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, ვინაიდან მათ შეუძლიათ საშუალო ხარჯების შემცირება და პროდუქციის უფრო იაფად გაყიდვა ვიდრე შედარებით მცირე ფირმებს. მსხვილი სამეცნიერო–კვლევითი ღონისძიებების დაფინანსების შესაძლებლობები, მასშტაბიდან ეკონომია და კლებადი ხარჯები არის მსხვილი ფირმების უპირატესობის მიზეზი მცირე საწარმოებთან შედარებით.

ამასთან, ოლიგოპოლიურ წარმონაქმნებს შეუძლიათ გარკვეულწილად გააუარესონ მომხმარებელთა მდგომარეობა და შეაფერხონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თუკი ისინი მიაღწევენ უკანონო (ოლიგოპოლიურ) შეთანხმებებს ბაზრის გაკონტროლების, ანუ წარმოების მოცულობისა და ფასების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ოლიგოპოლიური ბაზარი მონოპოლიურის იდენტური ხდება, ვინაიდან ფასებზე მყარდება აბსოლუტური კონტროლი, ანუ წარმოების მოცულობა, ფასები და მოგება იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც იქნებოდა მონოპოლიის შემთხვევაში.

ოლიგოპოლიური სტრუქტურებისათვის დამახასიათებელი უპირატესობების რეალიზაციისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრა–შერბილების მიზნით საჭიროა ახალი ფირმებისათვის ოლიგოპოლიურ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობათა გაადვილება და აღნიშნულ ბაზრებზე მოქმედი მცირე საწარმოების საქმიანობისათვის ხელის შეწყობა.

საქართველოში არსებული ოლიგოპოლისტური და მით უფრო მონოპოლისტური  სტრუქტურების უმრავლესობას არ გააჩნიათ ეკონომიკური საფუძველი. მათი ჩამოყალიბება ბოლო 20 წლის მანძილზე  ხელოვნურად მოხდა. ხელისუფლებასთან მჭიდროდ ინტეგრირებულმა ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლებმა სახელმწიფო–ბიუროკრატიული აპარატის რესურსების გამოყენებით შეძლეს კონკურენტებისათვის “შესვლის ხელოვნური ბარიერების” დაწესება და ამ გზით მონოპოლისტური, ან მასთან მიახლოებული ძალაუფლების მოპოვება არა მხოლოდ ოლიგოპოლიურ, არამედ მთელ რიგ მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრებზე. შესაბამისად, აღნიშნული სტრუქტურები იქცნენ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორებად.

ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  ანტიმონოპოლიური კანონის მიღება და რეალურ ცხოვრებაში მისი ეფექტიანი რეალიზაციისათვის აუცილებელი მექანიზმების შემუშავება. ამასთან, ანტიმონოპოლიური კანონის რეალურ ცხოვრებაში განხორციელებისას აუცილებელია ეკონომიკის ამა თუ იმ სფეროს სპეციფიკის გათვალისწინება. მაგალითად, შესაძლოა ამა თუ იმ სამრეწველო საწარმოს მონოპოლიური მდგომარეობა (საუბარია იმ საწარმოებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ბუნებრივ მონოპოლიებს) ძირითადად განპირობებული იყოს ეკონომიკური ფაქტორებით (მასშტაბიდან ეკონომიით და კლებადი ხარჯებით). ასეთ საწარმოების კატეგორიაში ალბათ უნდა მოვიაზროთ, მაგალითად, რუსთავის აზოტის ქარხანა, თბილავიამშენი, თბილისის სავიაციო ქარხანა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. მსხვილმასშტაბიანი წარმოება აღნიშნული პროფილის საწარმოების ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.  მათ მიმართ ნამდვილად არ უნდა გატარდეს ისეთი მკაცრი ანტიმონოპოლიური ღონისძიება, როგორიცაა მაგალითად, მათი დანაწევრება და რამდენიმე საწარმოდ დაყოფა, რადგან ეს გამოიწვევს მასშტაბის ეკონომიის დანაკარგებს და პროდუქციის ერთეულზე დანახარჯების ზრდას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ანტიმონოპოლიური კანონის მიღებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კონკურენციის საყოველთაო წახალისების პოლიტიკის გატარება და ახალი ფირმებისათვის მონოპოლიურ, ოლიგოპოლიურ და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრებზეც შესვლის შესაძლებლობათა გაადვილებაა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა აბზაცში მითითებულ  მონოპოლიურ ბაზრებზე ახალი მწარმოებლების გამოჩენა ეკონომიკური ბარიერების გათვალისწინებით ძნელად სავარაუდებელია, თუმცა გამორიცხულიც არაფერია. ოლიგოპოლისტურ ბაზრებზე კი ოლიგოპოლიური შეთანხმებების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების შემთხვევაში ახალი ფირმების გამოჩენა სრულიად კანონზომიერია. რაც შეეხება მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრებს, ამ სფეროში აუცილებელია ნომენკლატურული ბიზნესის მიერ ხელისუფლებასთან მჭიდრო ტანდემში ხელოვნურად შექმნილი ოლიგოპოლიური სტრუქტურებისა და შესვლის ხელოვნური ბარიერების დემონტაჟი, რაც თავისთავად გამოიწვევს ამ ბაზრებზე ახალი საწარმოების გამოჩენას და კონკურენციული ურთიერთობების (მონოპოლისტური კონკურენციის) გაღრმავებას. 

სტატიის  დასასრულს ყურადღება მინდა გავამახვილო  სავალუტო ბაზარზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. საზოგადოების გარკვეულ შეშფოთებას იწვევს  დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის გაუფასურება და მასთან დაკავშირებული პრობლემები, რის შედეგადაც აღნიშნული საკითხი ექსპერტ–ეკონომისტებისა, თუ ამ სფეროთი დაინტერესებული სხვა პირების საყოველთაო განსჯის საგნად იქცა. მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში საუბარია ლარის საგარეო კურსის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე, აგრეთვე აღნიშნულ პროცესში ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ბრალულობაზე.

ლარის კურსის დაცემის ძირითად მიზეზებად სახელდება: 2013 წელს წინა წელთან შედარებით უცხოური ინვესტიციების შემცირება და კაპიტალის გადინება–გატანის მოცულობის ზრდა; სებ–ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა და უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა; ეროვნული ბანკის მიერ წლების მანძილზე განხორციელებული მცდარი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა, რის შედეგადაც გაცვლითი კურსი ხელოვნურად მაღალ დონეზეა შენარჩუნებული, რაც გარდაუვალს ხდის მის გაუფასურებას; ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს სპეკულაციური მოტივები; თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურების შედეგად საქართველოდან ვალუტის გადინება და ა. შ.

ამასთან,  დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურება, თუ ერთ–ორ გამონაკლისს არ მივიღებთ მხედველობაში, ძირითადად განიხილება ნეგატიურ კონტექსტში. კერძოდ, ყურადღების ცენტრშია იმპორტულ საქონელზე, განსაკუთრებით კი, სურსათსა, წამლებსა და საწვავზე ფასების ზრდა, ან ზრდის საშიშროება, ანუ თუ ბოლო დრომდე კრიტიკის საგანს დეფლაცია წარმოადგენდა, ახლა თითქმის იგივე  პერსონების გამონათქვამებში გამოსჭვივის შეშფოთება ფასების უმნიშვნელო ზრდის (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) გამო.

ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პრიორიტეტებს და მათთან დაკავშირებულ ცვლილებებს ფასების დონესა და გაცვლით კურსებში, როგორც ამ სტატიის დასაწყისში, ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებისას  მივუთითეთ, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ. აქ კი მოკლედ გვსურს რამდენიმე საკითხზე გავამახვილო მკითხველის ყურადღება. 

1. დოლართან თანაფარდობაში ლარის გაცვლითი კურსის ზომიერი გაუფასურება (2012 წლის 31 დეკემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან თანაფარდობაში შეადგენდა 1,6567 ლარს/დოლარზე, 2013 წლის 31 დეკემბერს კი 1,7363 ლარს/დოლარზე. შესაბამისად, 2013 წლის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დოლართან თანაფარდობაში ლარი გაუფასურდა 4,8%–ით. ბოლო 17.01.2014 წლის მონაცემებით ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1,7678-მდე დაეცა, ანუ 2012 წლის 31 დეკემბერთან შედარებით დოლართან თანაფარდობაში ლარი გაუფასურდა 6,7%–ით), სხვა თანაბარ პირობებში, წარმოადგენს ერთ–ერთ სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობას სამამულო წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის და ეკონომიკის აღორძინებისათვის. ამიტომ, ლარის მიმდინარე გაუფასურების ლამის ტრაგედიად გამოცხადება და ლარის გაუფასურების გამო საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს დადანაშაულება, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია.

2. წინა პუნქტიდან გამომდინარე, მართებულად ვთვლი მათ მიერ ლარის გაცვლითი კურსის ზომიერ ფარგლებში გაუფასურების მიზნით გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს.

დოლართან თანაფარდობაში ლარის გაუფასურების ძირითად მიზეზებად მიმაჩნია:

ა) სებ–ის მიერ ფულის, განსაკუთრებით კი ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის  მიწოდების არსებითი გადიდება. 2013 წლის ივლისში აღნიშნულმა მაჩვენებელმა  გადაამეტა 2012 წლის დეკემბრის თვის შესაბამის მაჩვენებელს. ოქტომბრისთვის კი ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის  მასის სიდიდე (1762091 ათასი ლარი) 2012 წლის დეკემბრის თვის შესაბამის მაჩვენებელთან (1550028 ათასი ლარი)  შედარებით გაიზარდა 13,7 %–ით. ნოემბრისთვის კი  აღნიშნული თანაფარდობა შემცირდა 13,4 %–მდე, მაგრამ წინა წლის ოქტომბერ–ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით აშკარაა ფულის მასის არსებითი ზრდა. ასე მაგალითად, 2012 წლის ოქტომბერში ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის  მასის სიდიდე (1555433 ათასი ლარი) წინა 2011 წლის დეკემბრის თვესთან (1438992 ათასი ლარი) შედარებით გაიზარდა 8,1%–ით, ხოლო ნოემბერში  კი, ფულის მიწოდების 1498179 ათას ლარამდე შემცირების შედეგად, აღნიშნული მაჩვენებელი დაეცა 4,1%–მდე.

სებ–ს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების განმაპირობებელი “უმძიმესი” გადაწყვეტილების (მიმოქცევაში არსებული ფულის მასის არსებითი გადიდების შესახებ) მიღება, როგორც ჩანს აიძულა ხანგრძლივმა დეფლაციამ და ამით განპირობებულმა უკმაყოფილებამ აკადემიურ წრეებში, ვინაიდან დეფლაცია საქართველოში იქცა რეცესიის ერთ–ერთ მთავარ მიზეზად. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში, ალბათ არსებითი როლი შეასრულა, საქართველოში არსებული დეფლაციის პროცესის მიმართ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის უარყოფითმა დამოკიდებულებამაც.

ბ) ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის დადებითი მთლიანი სალდოს ათვისება (აღნიშნულმა მაჩვენებელმა, გარკვეული ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, 2013 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 235,1 მილიონი ლარი, ხოლო მესამე კვარტალში შემცირდა 159,8 მილიონ ლარამდე. მეოთხე კვარტლის ოფიციალური მონაცემები ფინანსთა სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა თუკი გავითვალისწინებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას “მეოთხე კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტის ათვისების” შესახებ. ცხადია, რომ არა თუ ბიუჯეტის ზემოაღნიშნული დადებითი მთლიანი სალდო, არამედ დამატებითი თანხებიც იქნა ათვისებული.    

გ) თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება, რამაც გამოიწვია თურქული საქონლის გაიაფება. აღნიშნული პროცესი დროში დაემთხვა 2013 წლის დასასრულსა და ახალი წლის დადგომას. შესაბამისად, გაიზრდებოდა მოთხოვნა თურქულ იმპორტულ საქონელზე (მით უფრო, რომ მიუხედავად იმისა, ცუდია თუ კარგია ეს, თურქეთი ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორია), რაც აუცილებლად გამოიწვევდა დოლარზე, როგორც საერთაშორისო ვალუტაზე მოთხოვნის ზრდას და შესაბამისად ლარის კურსის დაცემას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქული ლირას კურსი 2013 წლის მეორე ნახევარში რამდენჯერმე საპირისპირო მიმართულებითაც შეიცვალა, რაც არ გამორიცხავს საქართველოდან დოლარის თურქეთში გადინებას წმინდა სპეკულაციური მიზნებისთვისაც, რაც თავის მხრივ შეიძლება გამხდარიყო ლარის გაუფასიურების მიზეზი.

ამრიგად, დოლართან თანაფარდობაში ლარის კურსის ზომიერი გაუფასურება მიმაჩნია სრულიად კანონზომიერ და გამართლებულ მოვლენად. მთავარია, სებ–მა უახლოეს მომავალში მოახერხოს ეროვნული ვალუტის გაცვლის კურსის მიღწეული დონის შენარჩუნება–სტაბილიზება. შემდგომი გაუფასურება საჭირო იქნება თუ არა (იმედია, რომ ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი არ არის კაპიტალის გადინება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბევრი რამ იცვლება და მინიმუმ მოსალოდნელია სებ–ის სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი შემცირება), ეს დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე, უწინარეს ყოვლისა კი, ინფლაცის ტემპის ცვლილებაზე.

და, ბოლოს: ამ სტატიის გამოქვეყნებას თავიდან ვფიქრობდი საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისადმი და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე–პრემიერის, ბატონ გიორგი კვირიკაშვილისადმი მიმართვის ფორმით. საბოლოოდ კი ამაზე უარი ვთქვი, ვინაიდან თუ ხელისუფლებას დააინტერესებს აქ დასმული საკითხების განხილვა–გადაწყვეტა, ამას ამა თუ იმ ფორმით მაინც გააკეთებს, ხოლო თუ არ დააინტერესებს, მაშინ სტატიის სტატუსს არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ამასთან, არ ვთვლი, რომ ამ სტატიაში ასახული მოსაზრებები უნივერსალური ჭეშმარიტებაა, მით უფრო ალტერნატიული გადაწყვეტილებების სიუხვის პირობებში. უბრალოდ მიმაჩნია, რომ აქ ასახული მოსაზრებები, მათი გრძელვადიანი დადებითი ეფექტის გათვალისწინებით (მოკლევადიანი პერიოდში, ცალკეულ შემთხვევაში, მაგალითად, მოგების გადასახადის გაუქმებისა და მის ნაცვლად დივიდენდების სახით გაცემულ შემოსავალზე ერთიანი 20%–იანი საშემოსავლო განაკვეთის დადგენისას, აგრეთვე კომერციულ ბანკებში დანაზოგების სახით განთავსებული დარიცხული ხელფასის საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებისას, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ბიუჯეტის შემოსავლების გარკვეული შემცირება), იმსახურებს განხილვას, თუნდაც აკადემიურ დონეზე.