უმრავლესობის ულტიმატუმი ულტიმატუმად რჩება - გივი თარგამაძე „ნდობის ჯგუფის“ წევრი გახდება

უმრავლესობის ულტიმატუმი ულტიმატუმად რჩება - გივი თარგამაძე „ნდობის ჯგუფის“ წევრი გახდება

საპარლამენტო უმრავლესობა საკუთარი ულტიმატუმის ტყვე აღმოჩნდა. მმართველი გუნდი იმუქრებოდა, რომ „ნდობის ჯგუფის“ წევრი გივი თარგამაძე ვერ გახდებოდა, მაგრამ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის წყალობით, ამ ჯგუფის წევრი მისი წინამორბედი უპრობლემოდ გახდება.

მართალია, ირაკლი სესიაშვილი ირწმუნება, რომ „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონში ცვლილებები უკვე მეორედ, გივი თარგამაძის გამო არ მოამზადა, მაგრამ მის განცხადებაზეა ნათქვამი - „ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო“, რადგან თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ამ კანონის კორექტირებაზე ზრუნვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი ძალის ლიდერებმა მტკიცედ განაცხადეს, რომ იმ პირს ვერ გამოუცხადებდნენ ნდობას, რომელიც მათ წლების წინ „სულის ამოხდით“ ემუქრებოდა.

სესიაშვილმა თარგამაძეს პირველი კანონპროექტი რამდენიმე თვის წინ „მიუძღვნა“, რომლის გათვალისწინებითაც, ნდობის ჯგუფის წევრების დამტკიცება პარლამენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა ხდებოდ, მაგრამ პირველ ჯერზე, ინიციატორს „კოვზი ნაცარში“ ჩაუვარდა, რადგან ამ ნორმის წინააღმდეგ დავით უსუფაშვილი გამოვიდა და აღნიშნა, რომ „ის იქნებოდ წინააღმდეგი, „ნდობის ჯგუფი იყოს არა საკანონმდებლო ორგანოსი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის“.

დავით უსუფაშვილის ამ პოზიციის შემდეგ, სესიაშვილმა რამდენიმე კვირის წინ, კანონში ცვლილებები ისევ მოამზადა, რომლის თანახმად, „ნდობის ჯგუფის“ წევრები პარლამენტის დასამტკიცებელი აღარ იქნება. ანუ, უმცირესობის მიერ თარგამაძის წარდგენა ცნობად იქნება მიღებული. ისევე როგორც უმრავლესობის, მაჟორიტარებისა და უმცირესობა-უმრავლესობის გარეთ არჩეული პირების წარდგენა.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ნდობის ჯგუფში“ ყველამ თავისი კვოტა უნდა შეავსოს.

როგორც for.ge-ს სესიაშვილმა განუცხადა, ამ ჯგუფში ნდობით აღჭურვილი პირი ყველამ უნდა წარადგინოს.

„გივი თარგამაძე არაფერ შუაში არ არის. არ დაგეთანხმებით, რომ ეს კანონპროექტი თარგამაძის გამო მომზადდა. ასეთი პრობლემა იყო დავით გამყრელიძესთან დაკავშირებით და პრინციპს შეხედეთ, უმცირესობას უნდა ჰყავდეს თუ არა „ნდობის ჯგუფში“ წევრი? - ვინ იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უმრავლესობას ბერკეტი აქვს, რომ უმცირესობის კანდიდატი ნებისმიერ დროს უგულებელყოს, მაგრამ უმცირესობა უმრავლესობას არ უნდა ეკითხებოდეს, ჯგუფში შავს წარადგენს თუ თეთრს. თუ მას აქვს კვოტა, მაშინ უნდა გამოიყენოს. ამით უმცირესობის უფლებების განმტკიცება მოხდება“, - განგვინმარტავს დეპუტატი, რომელმაც პარლამენტში საკუთარი ინიციტივის განხილვა დროებით იმის გამო შეაჩერა, რომ კომიტეტზე „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონპროექტის მუხლობრივად განხილვის დროს, მისმა თანაგუნდელებმა აღმოაჩინეს, რომ მაჟორიტარებსა და უმცირესობა-უმრავლესობას გარეთ დარჩენილ დეპუტატებს თითო-თითო წევრების შერჩევა გაუჭირდებათ და საჭიროა, პროექტში მეტი დაზუსტება გაკეთდეს.

კერძოდ, ანი მიროტაძემ სესიაშვილს ურჩია, რომ კანონპროექტის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის დაკონკრეტება მოახდინოს, ხელმოწერებით თუ როგორ შეძლებენ მაჟორიტარები და უმცირესობა-უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები საკუთარი წევრის შერჩევას.

იმის გამო, რომ სესიაშვილმა ანი მიროტაძის შენიშვნა გაითვალისწინა, მან საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა და როგორც ჩანს, სუსტად მომზადებული პროექტი ისევ კორექტირების პროცესშია.

„აქ ფორმალური მხარეა, თუ როგორ უნდა მოხდეს წევრების წარდგენა. უმცირესობა-უმრავლესობა ჩამოყალიბდება და შერჩეული პირის ჯგუფის წევრად წარდგენას ხელს მოაწერენ, მაგრამ რაც შეეხება უმცირესობა-უმრავლესობას გარეთ მყოფ პირებს, მათი რჩეული ის გახდება, ვისაც მეტი მხარდაჭერა ექნება. ეს კი, ხელმოწერით დაფიქსირდება. გარდა ამისა, ვცდილობთ, რომ ერთი ჯგუფიდან ერთ დეპუტატს, ერთ ხელმოწერაზე მეტის უფლება არ ჰქონდეს“, - განგვიცხადა დეპუტატმა, რომლის „რწმუნებაც“ მისმა ოპონენტმა, დავით დარჩიაშვილმაც გააქარწყლა, რომელიც თვლის, რომ კანონპროექტის მომზადების სამოტივაციო ნაწილი გივი თარგამაძის ფაქტორია.

დეპუტატის თქმით, არსად არ ფიგურირებს, რომ ცვლილებები გივი თარგამაძის გამო მომზადდა, მაგრამ როგორც ჩანს, უმრავლესობას „ნდობის ჯგუფის“ არარსებობა აწუხებს.

„თუ ამ სამოტივაციო ნაწილმა კარგი ნაბიჯისკენ გადადგმის ნიადაგი შექმნა, ამას მივესალმებით, რადგან კანონრპოექტით, უმცირესობა უმრავლესობის ნებაზე, თუ ვინ უნდა ყავდეს ჯგუფში, აღარ იქნება დამოკიდებული“, - განუცხადა for.ge-ს დარჩიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილმა დავით გამყრელიძის პრეცედენტი ახსენა და გამახსენდა, რომ წინა ორი მოწვევის პარლამენტში, ნაციონალებმა „ნდობის ჯგუფში“ „ახლების“ ლიდერი არ შეუშვეს. ამ შემთხვევაში კი, ნაციონალებისგან განსხვავებით, „ოცნებისტებს“ საკუთარი ულტიმატუმის უკან წაღება მოუწევთ, რადგან უმცირესობა აცხადებს, რომ „ნდობის ჯგუფში“ გივი თარგამაძე უალტერნატივოა და მის კანდიდატურას არ შეცვლიან. შესაბამისად, 2007 წლის 7 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო - „ნაძირლებო, სულს ამოგხდით“, თარგამაძე არ „დაისჯება“.