იქნება წლევანდელ დავოსის ფორუმი საქართველოსთვის შედეგიანი? შარშანდელი პროგნოზების დიდი ნაწილი გაქარწყლდა - ინვესტორებს კარები არ შემოუმტვრევიათ და შედეგად, ქვეყანამ ეკონომიკური სტაგნაცია მიიღო.
როგორც 2013 წლის ფორუმზე, წელსაც უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელობის უცხოელ ბიზნესმენებთან შეხვედრა. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი შეხვდა ინდურ „ტატა ჯგუფს“, რომელმაც 2013 წლის შემოდგომიდან აჭარაში ჰესების მშენებლობა მართლაც წამოიწყო.
ქართულმა დელეგაციამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო ამერიკული კომპანია „აგკოს“ ხელმძღვანელობას. ქართულმა დელეგაციამ „აგკო“-ს პრეზიდენტთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოში წარმოების დაწყების პერპექტივა განიხილა, რაზეც მარტინ რიხენჰაგენმა თანხმობა გამოთქვა. შეხვედრაზე ასევე განიხილა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გაზრდა.
პრემიერმა შეხვედრა გამართა ქუვეითური უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანიის „აჯილითი ლოგისტიკის“ თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს ტარეკ სულთან ალ ესსასთან. როგორც ცნობილია, აღნიშნული კომპანია წარმოადგენს ინტეგრირებული ლოგისტიკის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მიმწოდებელს 22 000-ზე მეტი დაქირავებული თანამშრომლით, რომლებიც 100-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტ ოფისში არიან დასაქმებულნი.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ფრანგული ინდუსტრიული კომპანია „ლაფარჟეს“ აღმასრულებელ დირექტორთანაც. პრემიერ-მინისტრის თქმით, იგეგმება დიდი ჰიდროელექტროპროექტების მშენებლობა, რაც ცემენტისა და ბეტონის მოხმარების სწრაფ ზრდას გამოიწვევს.
პრემიერს შეხვედრები ჰქონდა საუდის არაბეთის პრინცთანაც, რომელმაც განაცხადა, რომ საუდის არაბეთი მზადაა საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განსახორციელებლად.
ასევე ცნობილი ხდება საფინანსო-საკონსულტაციო კომპანია „ლაზარდის“ საქართველოთი დაინტერესების შესახებ. შესაძლოა კომპანიამ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და ქვეყანაში ინვესტირება გადაწყვიტოს.
ბოლოს კი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ საკითხებზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბამაც ისაუბრეს.
ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დავოსში ჩასულ ბიზნეს წრეებისადმი ქართულ მხარეს აქვს ინვესტირების შეთავაზებები საფინანსო-საინვესტიციო, ასევე უძრავი ქონების და საკურორტო ბიზნესის მიმართულებაში. ეს კი ქვეყნისადმი დაინტერესებას ზრდის.
სხვათა შორის, კვირიკაშვილი დავოსის შარშანდელ ფორუმზეც ვარაუდობდა, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით „ძალიან საინტერესო შედეგები“ გვექნებოდა უკვე 2013 წლის მეორე ნახევრისთვის. ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, 2013 წლის პირველი ცხრა თვის საინვესტიციო მაჩვენებელი, მართალია, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა, მაგრამ 697.3 მილიონ დოლარს არ აღემატება.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე რადიო „თავისუფლებასთან“ აცხადებს, რომ ვიდრე უცხოელი ინვესტორები ადგილობრივი ბიზნესის აქტიურობასა და წარმატებებს არ დაინახავენ, ისინი არც კი იფიქრებენ სერიოზული თანხების დაბანდებაზე საქართველოში და ამას ვერც დავოსის ფორუმი უშველის.
„როცა ისინი ხედავენ ასეთ უმოძრაობას, რა თქმა უნდა, სიტუაციის შეცვლას ელიან. თუ სიტუაცია შეიცვალა და სერიოზული ძვრები იქნა, მაშინ ინვესტორებს თვითონ საქმიანი ადამიანები მოიძიებენ და ამ ინვესტორებს არ დასჭირდებათ პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები...
სიმართლე გითხრათ, მთავრობის მეთაურმა კარგი მონახაზები გააკეთა, ეს არის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი სააგენტოს შექმნა; 50 მილიონი ბიუჯეტიდან გადაცემა ბანკებისთვის, რითაც დაფინანსდება „სტარტი“; ნასესხები 600 მილიონიდან 150 მილიონი წავა ბიზნესის დასაფინანსებლად და სხვა ცვლილებები, რაც კარგი მონახაზია. ახლა უნდა ვნახოთ, თუ რა გამოვა რეალურად“, - აღნიშნავს გიორხელიძე.