ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს „ნაგავი“ უწოდა

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს „ნაგავი“ უწოდა

ერთადერთი ნაგავი, რომელსაც მე ვხედავ რომ ტივტივებს, ტრამპის მხარდამჭერები არიან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში.

აღნიშნულ განცხადებას კრიტიკა და უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, რის გამოც, ბაიდენს განმარტების გაკეთება მოუხდა და აღნიშნა, რომ ამ სიტყვით აღწერდა ტრამპის მხარდამჭერის მიერ პუერტო რიკოელების სიძულვილის რიტორიკას.

„დღეს მე ნაგავი ვუწოდე სიძულვილის რიტორიკას პუერტო რიკოს შესახებ, რომელიც ტრამპის მხარდამჭერის მიერ მედისონ სკვერ გარდენის მიტინგზე წარმოთქვა - ეს ერთადერთი სიტყვაა, რაც შემიძლია ამის აღსაწერად გამოვიყენო. მის მიერ ლათინოსების დემონიზება არაკეთილსინდისიერია. სულ ეს მინდოდა მეთქვა. იმ აქციაზე კომენტარები არ ასახავს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც ერი.“ - დაწერა ბაიდენმა X-ზე.

თავის მხრივ, თავისი მხარდამჭერებისთვის „ნაგვის“ წოდებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამერიკის ლიდერი ვერ იქნები, თუ არ გიყვარს ამერიკელი ხალხი. კამალა ჰარისმა და ჯო ბაიდენმა კი აჩვენეს, რომ ისინი პრეზიდენტობისთვის შეუფერებლები არიან.

„სანამ მე ვაწარმოებ პოზიტიური გადაწყვეტილებების კამპანიას ამერიკის გადასარჩენად, კამალა ჰარისი აწარმოებს სიძულვილის კამპანიას. მან მთელი კვირა გაატარა თავისი პოლიტიკური ოპონენტების ისტორიაში ყველაზე ბოროტ მასობრივ მკვლელებთან შედარებაში. ახლა კი ეს დააგვირგვინა იმან, რომ ჯო ბაიდენი ჩვენს მხარდამჭერებს „ნაგავს" უწოდებს. ვერ იქნები ამერიკის ლიდერი, თუ არ გიყვარს ამერიკელი ხალხი. კამალა ჰარისმა და ჯო ბაიდენმა აჩვენეს, რომ ორივე შეუფერებელია შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის. მე ვამაყობ, რომ ვხელმძღვანელობ ყველაზე დიდ, ფართო და ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ კოალიციას ამერიკის ისტორიაში. ჩვენ მივესალმებით ლათინოსებს, აფრო-ამერიკელების, აზიელ ამერიკელების და ყველა რასის, რელიგიის, ფერისა და აღმსარებლობის მოქალაქეებს. ჩემი სურვილია ვიყო ყველა ადამიანის პრეზიდენტი.“ - დაწერა დონალდ ტრამპმა.