ყველა საარჩევნო ოლქისა და უბნის შედეგების მიხედვით, XI მოწვევის პარლამენტში, ე.წ. ნამდვილი ხმების მიხედვით, 148 მანდატი განაწილდა, 2 გადაუნაწილებელი მანდატი საუკეთესო შედეგის მქონე „ქართულ ოცნებასა“ და გვარამია-მელიას კოალიციაზე „ცვლილებისთვის“ იყოფა. საერთო ჯამში 5%-იანი ბარიერი ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. სადეპუტატო მანდატები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 89 მანდატი; „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ - 19 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა“ -16 მანდატი; „ლელო“ -14 მანდატი; „გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი.
შედეგების მიუხედავად, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სახელისუფლო პარტიას გაყალბებაში ადანაშაულებს. ამ დროის მდგომარეობით, არც ერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური სუბიექტი ახალ პარლამენტში შესვლას არ აპირებს - მათ მანდატებზე უარი თქმა და საარჩევნო სიების ჩახსნა დააანონსეს. თუმცა, ეს მხოლოდ ზეპირი განცხადებაა. for.ge წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სიების ჩახსნაზე უარს აცხადებს გიორგი გახარიას პარტია, ისევე როგორც, დიდი ალბათობით, საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს არ იტყვის ნიკა გვარამიას „კოალიცია ცვლილებებისთვის“.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით დაპირისპირებაა „ნაციონალურ მოძრაობაში“. კერძოდ, როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, სიების ჩახსნის წინააღმდეგია „სტრატეგია აღმაშენებლი“ და კერძოდ, გიორგი ვაშაძე. იგივე ვითარება არის „ლელოს“ გაერთიანებაში. საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს ანა დოლიძე და თვლის, რომ ოპოზიციამ საპარლამენტრო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს.
როგორც ირკვევა, სიების ჩახსნა გახდა დაპირისპირების მიზეზი თვითონ ოპოზიციაში, თუმცა ამ ნაწილში საკუთარი პოზიცია აქვს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ ლიდერებს შეხვედრაზე განუცხადა, რომ ოპოზიციამ საერთო განცხადება უნდა გააკეთოს სიების ჩახსნაზე. სალომე ზურაბიშვილის ეს ულტიმატუმი მიუღებელი გახდა ნიკა გავარამიასთვის, რომელმაც პრეზიდენტს შეახსენა, რომ ულტიმატუმით საუბრის უფლება არ აქვს.
მაშ ასე, სიების ჩახსნა-არჩახსნის გამო ოპოზიციაში დაწყებული დაპირისპირება იმდენად მწვავეა, რომ საპროტესტო აქციისთვის დრო არ რჩებათ. ამომრჩეველს კი ისევ დეზინფორმაციით კვებავენ, რომ არჩევნები გაყალბდა და გამოყენებული იქნა ე.წ. სომხური კარუსული.
ბრალდების საპასუხოდ კი, ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება იმ ბრალდებების შესასწავლად, რომელიც სალომე ზურაბიშვილისგან და გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან ისმის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოთქმული ბრალდებები საჭიროებს კომპლექსურ და ობიექტურ გამოძიებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადგან ოპოზიციამ სასურველი შედეგი ვერ მიიღო, ახლა ფსევდოდარღვევებზე საუბრობენ, რომლის მტკიცებულება არ აქვთ. მისივე თქმით, ეს მათ მიერ წინასწარ დაწერილი სცენარის ნაწილია.
„ამ არჩევნებზე, მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას, ქვეყნის სუვერენიტეტის და ევროპულ გზაზე მდგრად განვითარებას. სარეფერენდუმო მნიშვნელობის საარჩევნო პროცესი მსოფლიოში და რეგიონში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა, თუმცა ვხედავთ ადრევე დაწერილი სცენარის ამოქმედების დასაწყისს. იწერება საჩივრები, სადაც ლაპარაკია, თითქოსდა, არსებული დარღვევების გამოძიებაზე, რომელსაც თან ურთავენ კრიტიკას შეფასებას მოკლებულ ფოტო თუ ვიდეო მასალას. ფსევდომტკიცებულებების ეს ფაბრიკაცია სურთ გამოიყენონ იმ აღქმის შესაქმნელად, თითქოს, მათ გააჩნიათ რაიმე რეალური საბუთები, ან თითქოსდა გაშიფრეს გაყალბების არსებული სქემები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გამოძიებისთვის მტკიცებულებების გადაცემა მოუწევს გიორგი გახარიას, რომელის შეფასებით, ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა.
„ამხელა დაძაბულობის და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როცა ამხელა საერთაშორისო წნეხია ქვეყანაზე, ქვეყანას ევროპული განვითარების გზა ეკეტება, თუ სახელმწიფო მართლა ამბობს, არჩევნებზე არაფერი მომხდარაო, ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ერთხელ და სამუდამოდ დახურავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, არჩევნების შედეგებით მანიპულირება მოხდა თუ არ მოხდა. ამ ინფორმაციის გასაჯაროება ნებისმიერი სახით ცესკო-ს შეუძლია, ეს შეიძლება იყოს დაცული, ნეიტრალური პლატფორმა. ცესკო-ს თუ უნდა, ნდობა აღადგინოს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგან, თუ არ აინტერესებთ და ფეხებზე ჰკიდიათ, მაშინ ეს პასუხიც, პასუხი იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის ერთადერთი მოთხოვნაა, ახალი არჩევნების ჩატარება, რომელსაც, მისი თქმით, არა კალანდარიშვილის და სუს-ის მიერ კონტროლირებადი ცესკო, არამედ საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
„როდესაც არჩევნების არა 1% ან 2%-ით გაყალბება, არამედ ტოტალურად მიტაცება მოხდა, ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება ამ მოცემულობაში რაციონალური იყოს, ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, რომელსაც არა კალანდარიშვილის და სუს-ის მიერ კონტროლირებადი ცესკო ჩაატარებს, არამედ საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. ამის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს და ამ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება აისახოს პარლამენტში, მთავრობაში და ხელისუფლების მმართველობაში, მაშინ როცა ახლა ხელისუფლება მიტაცებულია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რადიკალურად განსხვავებულია ნიკა გვარამიას პოზიცია, რომელიც, პრაქტიკულად, პოლიტიკურ პოზიციას ყოველ დღე იცვლის. რაც შეეხება საპარლამენტო სიების ჩახსნას, გვარამია ამბობს, რომ სიებს მაშინ ჩახსნიან, როდესაც სამართლებრივად იქნება შესაძლებელი.
„რამდენადაც მივხვდი, „ქოცებმა“ უარი თქვეს საერთაშორისო გამოძიებაზე, ხომ? კარგია, ყოჩაღ! ეს იმის ინდიკატორია, რომ გამოძიების ეშინიათ, ვინც გამოძიებაზე უარს ამბობს, იმას დასამალი ბევრი რამ აქვს, მაგრამ არ არის დამალული, რომ არ გაცხადდეს! რაც შეეხება სიებს, ხომ არ გვითქვამს, რომ დღეს ვაკეთებთ? როდესაც სამართლებრივად იქნება შესაძლებელი, მაშინ მოხდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ანა დოლიძე, რომელიც სადეპუტატო მანდადტზე უარს არ ამბობს, აცხადებს, რომ კოორდინაციაში არის პრეზიდენტთან, რომელსაც პრინციპული პოზიცია აქვს არჩევნების დემოკრატიულობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ითანამშრომლებენ ყველასთან, რათა მტკიცებულებების შეგროვება მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ.
„ოპოზიცია ახლა აგროვებს მტკიცებულებებს, ვთანამშრომლობთ ყველასთან, რათა მტკიცებულებების შეგროვება მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები გვთხოვენ - გამოძიებისთვის, პრეზიდენტი ინფორმირებულია, ეს რუსეთის ახალი სიტყვაა, რითაც ის ინარჩუნებს მარიონეტ მთავრობებს, შესაბამისად ჩვენ მას სერიოზული, კომპეტენტური მტკიცებულებებით უნდა დავუპირისპირდეთ“, -განაცხადა ანა დოლიძემ.