„ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება პირველმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიულოცა და ის 28 ოქტომბერს თბილისში ოფიცილური ვიზიტით ჩამოვიდა. რა სახის პოლიტიკური დატვირთვა აქვს ევროკავშირის ქვეყნის ლიდერს და ევროსაბჭოს ხელმძღვანელის ვიზიტს თბილისში? - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თბილისში ვიზიტის პირველი გზავნილია, რომ „საქართველო არის კონსერვატიული, ქრისტიანული და პროევროპული სახელმწიფო, უსარგებლო ლექციების ნაცვლად კი მათ ევროპულ გზაზე ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ“, - ამბობს პრემიერი.
ვიქტორ ორბანი, საქართველოში ვიზიტის შესახებ, სოციალურ ქსელ X-ზე წერს და დახვედრის ამსახველ ფოტოს ურთავს.
საქართველოში უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით. 28 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის დელეგაციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა. დელეგაციის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ორივე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა - საქართველოს ელჩმა უნგრეთში თამარ ლილუაშვილმა და უნგრეთის ელჩმა საქართველოში ანა მარია შიკომ.
ლევან დავითაშვილმა უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის საკითხის კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნა - უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, ჩვენს ევროპულ ასპირაციას და იმ სტრატეგიულ ხაზს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის გააჩნდა, გააჩნია და შეინარჩუნებს მომავალშიც.
„ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ბატონ ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში. ეს არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი გამარჯვების, რომელიც არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სრული მხარდაჭერა. ეს არის მათ შორის, პატივისცემა მოსახლეობის სწორი არჩევანის, და ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საქართველო ყოველთვის მზადაა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, კიდევ უფრო შედეგიანი და პროდუქტიული იყოს.
„თუმცა ეს ურთიერთობები, ბუნებრივია, უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო დაეხმარება ჩვენსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ მზად ვართ, არასოდეს ვყოფილვართ სხვა პოზიციაზე - რომ ეს თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს, კიდევ უფრო გაღრმავდეს. მომავალში, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
უნგრეთის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში იმყოფებიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.
29 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველო-უნგრეთის მთავრობის წევრებს შორის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება და განხილულ იქნება სხვადასხვა სფეროში პარტნიორული ურთიერთობების ფართო სპექტრი. შეხვედრების შემდეგ ორი ქვეყნის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
უნგრეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უნგრელ კოლეგასთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრ მარტონ ნადისთან გამართავს შეხვედრას. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების პირველი პირები საქართველო-უნგრეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და მათი განვითარების საკითხებს განიხილავენ. უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი 29 ოქტომბერს დასრულდება.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ვიქტორ ორბანის საქართველოში ჩამოსვლა მკაფიო სიგნალია ევროკავშირის მხრიდან, ევროსაბჭოს მოქმედი თავმჯდომარის მიერ, რომ ევროკავშირში მოქმედი პრაგმატული ძალები, საქართველოს ხელისუფლების და მისი ამომრჩევლის მხარეს დგანან.
„საქართველოსთან არის დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ციფრული პროექტები, რომელზეც ევროკავშირია დამოკიდებული. ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის საშუალება საქართველოზე ამ პროექტებზე გადის. ამიტომ ყველა უნდა შეეგუოს, რომ მომავალი 4 წელი ევროკავშირს, უნდა ეს თუ არა, ხალხის უმრავლესობის მხრიდან არჩეულ „ოცნების“ მთავრობასთან საქმის დაჭერა მოუწევს.
დღეს გადავხედოთ ევროკავშირში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს, არცერთ მმართველ პარტიას არა აქვს ასეთი მაღალი ნდობის მანდატი, როგორც უკვე მე-12 წელია „ოცნებას“ საქართველოში უკავია. „ოცნებამ“ სარეკორდო ნიშნულს 54%-ს მიაღწია. თან ისეთი არჩევნების დროს, რომ ტექნოლოგიურად და ტექნიკურად რაიმე გაყალბება გამორიცხულია. ამას ადასტურებს აბოსლუტურად ყველა. „ისფედის“ ჩათვლითაც, რომელიც რაღაცა თავისი აგენტოკრატების მიერ გაუგებარ თამაშს თამაშობს. ვიქტორ ორბანის საქართველოში ჩამოსვლა დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლების მიმართ, ევროკავშირის მხრიდან დიდი ნდობაა და იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები არ შეჩერდება“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ვიქტორ ორბანს ევროკავშირში ჰყავს კონსერვატორული ოჯახი და მას საკმაოდ კარგი გავლენა აქვს ამ ჯგუფზე. შესაბამისად, საქართველოს მხარდაჭერა და მხარდამჭერი ქვეყნები ევროკავშირში უფრო მეტი იქნებიან. ამიტომ ოპოზიციის ბოდვა, რომ ვითომ დასავლეთი და ევროპა ამ არჩევნებს არ აღიარებს, ორბანის ვიზიტით უკვე გაქარწყლდა.
„საქართველოს მმართველი პარტია არცერთი თავისი განცახდებით და ქმედებით, არ ჩამოშორებია გაცხადებულ ევროინტეგრაციის გზას. ხალხი ოპოზიციამ ვერ დააჯერა იმაში, რომ „ოცნება“ აცდენილი იყო ევროინტეგრაციის გზას. აუცილბელად უნდა გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი, ოღონდ იქ უნდა შევიდეთ ღირსებით, ჩვენი შენარჩუნებელი ღირებულებებით და საშინაო პოლიტიკა ჩვენ თავადვე ვმართოთ. ეს ეხება მათ შორის არჩევნებსაც. არცერთი ქვეყნის ლიდერს ულფება არა აქვს, ცნოს თუ არა სხვა მეორე ქვეყნის არჩევნები, რომელშიც მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით გაიმარჯვა. ხალხის ნებას ვერც ევრპა და ვერც ამერიკა წინ ვერ აღუდგება. ამიტომ ორბანის ვიზიტი ამ მხრივ კიდევ ერთი დადებითი ნიშანია და ის არის პროევროპული ლიდერი, რომლის მხადაჭერაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს ქართველიშვილი.