განსაკუთრებით ბევრია შემთხვევა, როდესაც ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული პირები ავტომანქანებს უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს (მაგალითად, ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს 81 000 ლარის ღირებულების BMW მარკის ავტომობილი აჩუქა).
კომპანია „მათე მოტორსმა“ 66 497 ლარის ღირებულების „ტოიტა პრადო“ გადასცა სახელმწიფოს. საქველმოქმედო ფონდმა „ცისკარი“ - 300 000 ლარზე მეტი ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო შპს „Melvale Corporatin“-მა 216 960 ლარის ღირებულების დამცავი ფარები აჩუქა სახელმწიფოს. საქართველოს სპორტულმა საზოგადოება „მართვემ“ კი 800 000 აშშ დოლარად შეფასებული, თბილისში, ცოტნე დადიანის N134-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (16 994 კვ.მ.) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. ამავე პერიოდში, შპს „გოგირდის აბანომ“ სახელმწიფოს 650 000 აშშ დოლარად შეფასებული შენობა-ნაგებობები გადასცა. 2006 წელს ერთ-ერთი ყველზე მაღალი ღირებულების უძრავი ქონება - 1 227 554 ლარად შეფასებული თბილისში დადიანის ქუჩა N28-ში მდებარე შენობა, საერთო ფართით 412 კვ.მ. და მისი მიწის ნაკვეთი ფართით 566 კვ.მ. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
2006 წელს შვიდმა ფიზიკურმა პირმა თბილისში რიყის ტერიტორიაზე მდებარე, 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ფართი სახელმწიფოს „აჩუქა“, შპს „ნატვრის ხემ“ კი - ამავე ტერიტორიაზე 650 000 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება.
2007 წელს შპს „ჯორჯიან ეარვეისმა“ 3 182 924 ლარის ღირებულების TOYOTA PRADO, TOYOTA CAMRY და TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომობილები (ჯამში 75 ერთეული) აჩუქა სახელმწიფოს. ამავე წელს კავშირმა „თანადგომა XXI საუკუნემ“ 18 351 165 ლარის სამედიცინო მოწყობილობა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
ეს არის ათიათასობით მსგავსი ან თითქმის მსგავსი ისტორიიდან მხოლოდ რამდენიმე ამბის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი, რომლებიც ე.წ. „გახმაურებული საქმეების“ კატეგორიას არ მიეკუთვნება. ეს საქმეები ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან დაზარალდნენ სხვადასხვა ადამიანები, ზოგს უძრავი ქონება წაართვეს, ზოგს ბიზნესი, ზოგს პირდაპირ ფული, ზოგი ციხეში გამოკეტეს და შემდეგ აიძულეს, დაეთმო საკუთრება, ზოგჯერ, ართმევდნენ საკუთრებას და ამის შემდეგ ისტუმრებდნენ საპყრობილეში.
მხოლოდ 2004-2005 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 4 449 292 ლარი და 218 500 აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წელს ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ − ჯამში 9 990 898 ლარი, 5 616 800 აშშ დოლარი და 10 100 ევრო, 2007 წელს კი ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 123 396 887 ლარსა და 167 780 აშშ დოლარს გადააჭარბა. სახელმწიფოს ამ პერიოდში ჩუქნიდნენ როგორც მოძრავ, ასევე − უძრავ ქონებასა და სამეწარმეო წილებს. 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 137 837 077 ლარი, 6 003 080 აშშ დოლარი და 10 100 ევრო.
2007 წელს გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა, როდესაც ფიზიკური პირები უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს ქალაქის ცენტრში მდებარე უძრავ ქონებას. ჯამში ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული უძრავი ქონება რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.
2008-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის მიერ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილმა ძარცვა-გლეჯვამ არნახული მასშტაბი შეიძინა. ართმევდნენ ყველას, ვინც მათი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი არ იყო, ართმევდნენ ყველაფერს - ავტომობილიდან, მიწის ნაკვეთიდან და ბიზნესიდან დაწყებული, ჯანმრთელობით, სიცოცხლით და ღირსებით დამთავრებული
„კავკასუს ონლაინი“, „არტი ჯგუფი“, „მაგნატი“, კუს ტბა, „სენტა“, რიყე, „ინტელექტბანკი“, და სხვ. და სხვ. - ეს გახმაურებული საქმეებია. მათი გახმაურება იმ ცალკეული ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების ძალისხმევის შედეგია, რომლებმაც გაუძლეს ყველანაირ წნეხს, ცთუნებას, მუქარას და ადამიანებს ეუბნებოდნენ სიმართლეს.
„იმედი“, „იბერია“, „202“, პრესა.ჯი - ნაციონალურმა მოძრაობამ დახურა, მიიტაცა, საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა. ჟურნალისტებს იჭერდნენ, აიძულებდნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა, ემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით, ხდებოდა მათი მოსყიდვა, ფარული ჩანაწერებით დაშანტაჟება, აიძულებდნენ შეშვებოდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას, რათა არავის ცოდნოდა ის, რაც ხდებოდა.
ხელისუფლება, რომელიც ანტენებს ებრძოდა. ხელისუფლება, რომელმაც შვა ალისტრახო.
ცხელი ამბების დასტა
2016 წლის 9 აპრილს საინფორმაციო სააგენტოებმა მეტად უცნაური ინფორმაცია გაავრცელეს: „სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე, ბესო გაზდელიანი წუხელ, 9 აპრილის მემორიალთან, სლოვაკეთის დელეგაციის, რომელსაც ვიცე-პრემიერი, მიროსლავ ლაიჩაკი ხელმძღვანელობდა, გვირგვინის ლენტის დაწვისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაზდელიანმა განუცხადა, უმჯობესი იქნებოდა, სლოვაკეთის დელეგაციას გვირგვინზე არა რუსეთის დროშის ინდენტური ფერების ლენტი, არამედ მინაწერი გაეკეთებინა. „ლენტის მაგივრად ჯობდა, რომ მინაწერი გაეკეთებინათ, თუ რომელი ქვეყნის დელეგაციის მიერ იყო გვირგვინი დადებული. სლოვაკეთის დელეგაციას და მათ ქვეყანას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ეს მათი შეცდომაა. უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს გარკვეულ რეაქციებს გამოიწვევდა. ლენტის დაწვა არა ჩემი პირადი, არამედ იქ შეკრებილი ხალხის რეაქცია იყო. ბოდიში არავის არ აქვს მოსახდელი", - განაცხადა ბესო გაზდელიანმა, რომელმაც 9 აპრილის მემორიალთან სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მიტანილი გვირგვინის ლენტი დაწვა, რადგან მიიჩნია, რომ ლენტი რუსეთის დროში ნაწილი იყო“.
ცოტა არ იყოს სასაცილოა, როგორც თავად ფაქტი, ასევე - გიგი უგულავასადმი დაქვემდებარებული ბესო გაზდელიანის ის განცხადება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის ვიცე-პრემიერს ასწავლის, როგორი უნდა იყოს გვირგვინი, რა ფერებში უნდა იყოს ლენტი და რა უნდა ეწეროს ლენტს. საინტერესოა, რომ 2009 წელს, სამხედრო ექსპერტი, პროფესორი ვახტანგ მაისაია სწორედ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის, სლოვაკეთის, სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და გაასამართლეს.
ასე იყო თუ ისე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაწვა მეგობარი ქვეყნის დროშა და ბოდიშიც არ მოიხადა. ნაციონალები იგივე წარმატებით დაწვავდნენ საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და ყველა იმ ქვეყნების სამფეროვან, ლურჯ-თეთრ-წითელ დროშებს და... ბოდიშსაც არ მოიხდიდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" და ასევე, აწ უკვე მათი გამონაყოფის, "ევროპული საქართველოს" ლიდერთა ერთ ნაწილს მართლა არ გაუგია, რომ აღნიშნული ფერებით მხოლოდ რუსეთის დროშა არ არის შემკული, მაგრამ ეს იცის მეორე ნაწილმა. ორივე ნაწილს კი ის აერთიანებს რომ შეცდომას არასოდეს აღიარებენ და ბოდიშს არასოდეს იხდიან, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა კონკრეტული დანაშაული, დანაშაულთა მთელი ჯაჭვი წლების შემდეგ შეცდომად მიიჩნიეს, თუმცა ბოდიში არ მოუხდიათ - „ძველი ამბავია, რაღა დროს ეგენია, დავივიწყოთ, წინ ვიაროთ“.
ასე, ამგვარად და ამნაირად: რაღა დროს ვაზაგაშვილი, გამცემლიძე, რობაქიძე და გირგვლიანია? 7 ნოემბრის, 6 მაისის, 26 მაისის და 15 ივნისის სისხლიანი დარბევები?! ეგ ხომ ძველი ამბებია?! ჯიხურზე შემოწყობილი გვამები? ხდება ხოლმე! პატიმრები? პატიმრები, პატიმრები... შემოეცემათ, შეამოეწამათ, შემოემტვრიათ, შემოეინვალიდათ, შემოეუპატიურათ, შემოაკვდათ! ქვების გროვა? იხუმრა!.. დავივიწყოთ, წინ ვიაროთ!“
იმისი არ იყოს, ერთ-ერთი ნაციონალი დეზერტირებში ნაყიდ ხორცს იერუსალიმიდან ჩამოტანილ ქაშერულ პროდუქტად რომ ასაღებდა და ჩემმა მეგობარმა მართებულად რომ შენიშნა - თვისტომს, სისხლს და ხორცს, მორწმუნე ადამიანებს ასე რომ ექცეოდა, ჩვენ რაღას გვიზამდაო... ნატოსა და ევროკავშირის წევრი საქართველოს მეგობარი ქვეყნის დროშას რომ დაწვავ და ბოდიშსაც არ მოიხდი, როგორ მოექცევი იმ ქვეყანას, რომელიც სათარეშოდ გაგიხდია?! ისიც კი არ უთქვამთ - შემოგვეწვაო. თქვეს - დავწვით და ბოდიშსაც არ მოვიხდითო.
არ შემოპატიმრებიათ, სრულიად შეგნებულად, 26 მაისისა და სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ღრეობის ამსახველი ფოტოსურათების გადაღების გამო, დააკავეს სამი ცნობილი ფოტორეპორტიორი, ოფიციალური ბრალდება - რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა. ქართული მედიის ერთი ნაწილისა და დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევით, იძულებულები გახდნენ, ფოტორეპორტიორები გაეთავისუფლებინათ, თუმცა დღემდე არ განუმარტავთ, რატომ გაათავისუფლეს, თუ ისინი ჯაშუშები იყვნენ და რად არ მოუბოდიშეს, თუ ჯაშუშობის ბრალდება მოგონილი იყო.
არის თემები, რომელთა გახსენებაც არ უნდათ, რადგან არათუ „ძველი ამბავია“ და „რაღა დროს ეგენია“, არამედ ბოდიშის მოხდაც კი უდიდესი ცინიზმია. ერთ-ერთი მათგანია ომის ვეტერანთა აქციის დარბევა, რადგან კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანებს, ომის ვეტერანებს, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ბიჭებს, კაცებს, პოლიციელები ხელკეტებით გაუსწორდნენ და ქალბატონიც „შემოელახათ“.
9 წლის განმავლობაში, სასამართლოს მიერ არსებითად განხილული საქმეებიდან, გამამტყუნებელი განაჩენი 64 140 პირის მიმართ იქნა გამოტანილი (64 537-დან). გამამტყუნებელი განაჩენების ცხრა წლის საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 98.5%-ს უდრის.
სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს აჩუქა 200 ათასი პრობაციონერი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სასჯელთა შეკრებითობის ფონზე, როცა მაგალითად, ორი პურის მოპარვისთვის ბრალდებულს სასჯელი უორმაგდებოდა, ხოლო ერთი ავტომობილის ოთხი საბურავის მოპარვისთვის - უოთხმაგდებოდა, პრობაცია ჰუმანიზმის მწვერვალი იყო.
თბილისის მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში უაღრესად გაჭირვებული ბებია და შვილიშვილი ცხოვრობდნენ. მათი სახლის უკან, მიწაში რაღაც კაბელი იდო, რომელიც არ ფუნქციონირებდა, ორივე მხრიდან დიდი ხნის წინ იყო გადაჭრილი და მოპარული. ბებოს წინდადადებით შვილიშვილმა კაბელის ნაგლეჯი ამოთხარა და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტს ჩააბარა, აღებული ფულით კი ფქვილი, ზეთი და შაქარი იყიდა. შვილიშვილი ქურდობისთვის დააპატიმრეს და ციხეში მრავალი წლით გაისტუმრეს, ხოლო 82 წლის ბებოს, როგორც „საქმის მიმცემს“, პრობაცია აკმარეს. კეთილმა ადამიანებმა 25 ათასი ლარის საფასურად ბიჭი ციხიდან დაიხსნეს, ბებო კი... ბებო წლების განმავლობაში აკურატულად ცხადდებოდა თბილისში, პრობაციის ბიუროში და კვირაში ერთხელ აფიქსირებდა, რომ არსად გაქცეულა.
საწყალი ბებო... და რამდენი ასეთი საწყალი, თუნდაც ის კაცი, მწყემსის მკვლელობაზე რომ დაიჭირეს, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მწყემსი ცოცხალიც იყო და საღ-სალამათიც, მაგრამ „რადგან ზიხარ, ბარემ ბოლომდე იჯექიო“.
ირაკლი ბათიაშვილს მეგობრის ინტელექტუალური დახმარება დასდეს ბრალად. მეგობარი კოდორის ხეობას იცავდა. მეგობრის დაც დააპატიმრეს, ცუდი ძმა გყავსო.
„...რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო“.
2012 წლის თბერვალში 47 წლის სოლომონ ქიმერიძე სოფელ ქვიშხეთში საკუთარი სახლიდან პოლიციელებმა გასასაუბრელად ხაშურის პოლიციის გამჭირვალე შენობაში წაიყვანეს, ცოტა ხნის შემდეგ კი ოჯახს უკან ქიმერიძის ცხედარი მიუსვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქიმერიძე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან თავისით გადმოვარდა და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევას მხოლოდ პოლიციელები შეესწრნენ. ქიმერიძის გადმოვარდნის ფაქტი ვერ დააფიქსირა ხაშურის პოლიციაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა. პოლიციის განცხადებით, ვიდეოკამერა არ მუშაობდა.
მუშაობდა პარლამენტი, მუშაობდა ნაციონალური მოძრაობის სადამსჯელო მანქანა. აქტიურად განიხილებოდა წინადადება, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ 12 წლის ბავშვებს. ამავე დროს, ფუნქციონირებდნენ ე.წ. პატრიოტთა ბანაკები, 12 წლის გოგო-ბიჭებს სააკაშვილი ბუჩქებში აგზავნიდა.
ასარჩევად იყო საქმე: ან ციხე, ან ბუჩქები.
ასარჩევად იყო საქმე: ან სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, ანაც „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა“, და აღარც რჩებოდა ქვა ქვაზე იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანასაც სააკაშვილის ბანდა „ქვების გროვად“ მიიჩნევდა.
ეს ქვეყანა საქართველო იყო. საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მარცხს ზეიმობდა. მარცხში თავად ედოთ ლომის წილი, ლომის წილს ფლობდნენ ყველა ბიზნესში - მანქანას ვერ გააჩერებდი, მიკროავტობუსს ვერ დაძრავდი, კომპიუტერს ვერ ჩართავდი, სიმინდს ვერ დათესავდი და მადლზე მარილს ვერ მოაყრიდი.
საქართველოს საპატრიარქომ გადაწყვიტა, დაეწყო მოლაპარაკებები იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. ინფორმაციამ გაჟონა და სააკაშვილმა ისე წარმოაჩინა, თითქოს მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან ხელისუფლება აწარმოებდა. ამით სააკაშვილმა მის ნაცად მეთოდს მიმართა, რომლითაც ის ბევრჯერ შეეცადა საქართველოს პატრიარქის დამსახურება საკუთარ ანგარიშზე ჩაეწერა. ყველას კარგად გვახსოვს, საქართველოს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში 2010 წლის შემოდგომაზე და შედეგი, რომელიც ამ ვიზიტს მოჰყვა. მაშინ რუსულმა საჯარისო შენაერთებმა დატოვეს საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. ამას მაშინვე გამოეხმაურა პრეზიდენტი სააკაშვილი და ყველაფერი თვითონ მიიწერა. მისმა განცხადებებმა რუსული მხარის კიდევ უფრო გაღიზიანება და რუსი სამხედროების პერევში დაბრუნება გამოიწვია. იგივე მოხდა ჯვრის მონასტერთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემთხვევაში. სააკაშვილის ამ განცხადებამ იერუსალიმის საპატრიარქო გააღიზიანა და მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა.
ნამდვილად ღირს გახსენებად ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა, როცა ნახევარ საათის არჩეულმა ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა პირდაპირი ეთერით განაცხადა გადადგომის შესახებ. თუ არ გადადგებოდა, დაიჭერდნენ მისი ოჯახის წევრებს, დაიჭერდნენ მეგობრებს და ალბათ იმავე ტელევიზიას დაევალებოდა მისი მეგობრების და ახლობლების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გასაჯაროვება, ფარული ჩანაწერებს კი, ასიათასობით ფლობდნენ. იწერდნენ უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ ყველას და ყველგან, შიში უნდა ყოფილიყო საყოველთაო. მათ საქმეს ასე ჭირდებოდა.
ამბობენ, რომ 2009 წელს უგულავამ მეუღლეს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადა და ვივიენ ვესტვუდის ქუდი აჩუქა, რომლის ფასიც 50 000 ევროს შეადგენდა. მეორე სკანდალიც საქართველოს დედაქალაქის მერის მეუღლეს უკავშირდება, რომელმაც ავსტრიის დედაქალაქში იმშობიარა, სადაც უგულავების ოჯახი მეგობრებთან ერთად იყო ჩასული. ქართველები ვენაში ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში "ზაჰირი" 5 დღით დაბინავდნენ. ავსტრიაში გადამოწმებული ინფორმაციით, ეს ვოიაჟი და უგულავას მემკვიდრის დაბადება 22 000 ევრო დაჯდა. უგულავამ 2011 წლის დეკლარაციაში აღნიშნული ხარჯები 12 000 ლარად გაატარა.
ყველას გვახსოვს, როგორ დაემგვანა დედაქალაქის მთავარი თუ მეორეხარისხოვანი გზები სოფლის შარაგზებს, მაგრამ ბევრს აღარ ახსოვს, მაგრამ მეხსიერების ბარათი გვახსენებს „თბილსერვისჯგუფის“ სკანდალს, სადაც, როგორც გამოირკვა, ალპინისტ-დამლაგებლებად, მძღოლებად, ელექტრიკოსებად, სანტექნიკოსებად, სინოპტიკოსებად და მედიკოსებად ნაციონალური მოძრაობის ბარბაროსებს ფიქტიურად ყავდათ გაფორმებული დამკვრელები და მოცეკვავეები. ნაციონალები უკვეთავდნენ მუსიკას, დამკვრელები უკრავდნენ, მოცეკვავეები ცეკვავდნენ მათ დაკრულზე. უკრავდნენ ვერის უბნისა თუ სხვა უბნების მელოდიებს, ცეკვავდნენ სააკაშვილის ქეთოები, ცეკვავდნენ მერაბიშვილი-ადეიშვილის კოტეები, ხოლო ტაშს ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები უკრავდნენ. რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები დაფინანსებული იყო „თბილსერვისჯგუფიდან“.
ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც ორი წლის განმავლობაში ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას სამსამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პარალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ.
რომ კითხო - ევროპელები ვართო.
რომ კითხო - ოკუპაციის წინააღმდეგ ვიბრძვითო.
ცოტას თუ ახსოვს, რომ ოკუპირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ამაყად ატარებდა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქის დამადასტურებელ საბუთს...
და აქ - მრავალწერტილი, რადგან ამბები არის ძალიან ბევრი, უამრავი. ბევრი რამ გვავიწყდება, მაგრამ ერთი, რომელიმეს გახსენებაც საკმარისია დასკვნის გამოსატანად. ბევრი რამ აღარ გვახსოვს, არადა, ამბები ჯერ კიდევ ცხელია, გუშინდელი.
ეს ჩვენი თავგადასავალია, თავს გადაგვხდა.
ბოლოთქმა
არტურ კონან დოილი წერდა: „წვეთ წყალზე დაკვირვებით, ლოგიკურად მოაზროვნე გონება იოლად დაასკვნის ატლანტის ოკეანისა და ნიაგარას არსებობას, თუნდაც არაფერი იცოდეს ერთის ან მეორის არსებობაზე. მთლი სიცოცხლე ერთი დიდი ჯაჭვია, რომლის ბუნებას იოლად შევიცნობთ მისი ერთი რგოლის მიხედვით“.
ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ცხრაწლიანი პერიოდის შეცნობა ერთი რომელიმე რგოლის მიხედვით შეიძლება, მაგრამ ამას, ალბათ, წლები დაჭირდება, ყოველ რგოლში ხომ უამრავი წვეთია, თითოეულ წვეთში ხომ - უამრავი მრავალწერტილი.
წვეთ წყალზე დაკვირვებით დედამიწაზე ატლანტის ოკეანეს აღმოვაჩენთ, წვეთ ცრემლზე დაკვირვებით - ცრემლების ზღვას საქართველოში.
„ჩემი ცრუ ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს ოთხი პიროვნება...“
„მაფრთხილებდა, რომ მე ცოცხალი ვერ გავიდოდი ციხიდან და ჩემთვისვე უკეთესი იქნებოდა, თუ ჩემი ხელით დავასრულებდი სიცოცხლეს...“
„იძახდნენ, აიტანს თუ არა, ეგეც ჩვენი დარდიო...“
„ალბათ, მთელი ცხოვრება ვერ გამოვჯანმრთელდები...“
„წინ დამიდეს ჩემივე გარდაცვალების დასკვნა...“
“დავრჩი სამსახურის გარეშე, ნასამართლევი, და ახლობლების დახმარებით ვფარავ ბანკიდან აღებულ ვალს...“
ირინა ენუქიძის ერთ ცრემლზე დაკვირვებით შევიცნობთ ყველაფერს და კიდევ ერთხელ გავიფიქრებთ: „ეს აღარ უნდა განმეორდეს“.
(დასასრული)