აი, კიდევ რას წერდა მაშინ ქართული პრესა:
- “პორტუგალიურმა გამოცემა “Correio da manha” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო-ს სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ჩასულმა ქართულმა დელეგაციამ მსუბუქი ყოფაქცევის 80 ქალი დაიქირავა. ხმაურის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ქართულ დელეგაციას სასტუმროს ადმინისტრაციასთან პირადად უჩივლა. გამოცემის თანახმად, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ხელშეკრულება გაუფორმეს. ქართულ დელეგაციას შეუერთდა რამდენიმე სომეხი დელეგატიც. პოლიციამ ერთ-ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იცნო. შემთხვევა სასტუმროშივე დასრულდა, თუმცა პოლიციის მიერ ინციდენტის სტატუსით ოფიციალურად დარეგისტრირდა”.
- „ხოლო „აგვისტოს ხუთი დღის“ ნახვის შემდეგ რეჟისორმა განაცხადა, რომ ორჯერ იტირა. რურუამ თქვა, რომ ფილმი „მძიმე და დინამიურია“. „კინოთეატრ „რუსთაველში“ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერა დასრულდა. მსახიობებმა და ფილმის შემქმნელებმა კინოთეატრი თვალცერმლიანებმა დატოვეს. ფილმმა ჰოლივუდის მეგავარსკლავი შერონ სტოუნიც აატირა, თუმცა, ის ჟურნალისტებთან არ შეჩერებულა. როგორც ფილმის რეჟისორმა რენი ჰარლინმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას ფილმი უკვე ნანახი აქვს, დარბაზში ფილმის ყურებისას ცრემლები ორჯერ წამოუვიდა. მისი თქით, ეამაყება რომ გადაიღო ფილმი, რომელიც საქართველოსა და ქართველებზეა“.
წარმომიდგენია იმ ფოტოგრაფის სიამაყე, რომელმაც გორში მიწაზე მფორთხავი მიხეილ სააკაშვილი გადაიღო. „მეამაყება, რომ გადავიღე კადრი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტზე და მის გარემოცვაზეა“ - თქვა ალბათ მაშინ ფოტოგრაფმა. „მისი ძირითადი ინსტიქტი“ - ასე უნდა ერქვას იმ ფოტოს. მოკლედ, ყველა კმაყოფილი იყო. რაც შეეხება კობა ნაყოფიას (ფილმის დამფინანსებელს) ნაციონალური ნაყოფიერების ღმერთმა ასეთი სიხარული მან მაშინ უკვე მეოთხედ განიცადა. პირველად, როცა „მაკენას ოქრო ნახა“; მეორედ, როცა მიხეილ სააკაშვილი ნახა; მესამედ, როცა აგვისტოს ომიდან ორიოდე კვირაში თურქეთში 120-დეპუტატიანი (120-კაციანს განგებ არ ვამბობ) ქორწილი გადაიხადა.
შერონ სთოუნი თბილისში მოსკოვიდან ჩამოფრინდა, სადაც რუსეთის პრემიერ მინისტრის თანდასწრებით და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: „მე მიყვარს რუსეთი და მიყვარს ყველაფერი რუსული“. ამის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შერონ სთოუნს მიხეილ სააკაშვილი მოეწონა“.
- „ოპერის მეგობართა ფონდს“ თბილისის მერი გიგი უგულავა უხელმძღვანელებს. ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელია თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. ფონდის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს გაიმართა. ფონდის დაფუძნების დოკუმენტს ხელი მოაწერეს დავით კეზერაშვილმა და ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით საყვარელიძემ...“
„ო, რა საამურია, ზამთარში ბუხრის პირას ნაცრის ქექვა და ფიქრები კაცობრიობის დასაწყისსა და დასასრულზე“- თქვა ყვარყვარემ და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ნაციონალებმა თითქმის ერთი ერთში გაიმეორეს: „ო, რა საამურია ფიქრები ქართველობის დასასრულზე“.
- „თემურ ალასანიას დისშვილმა მეტროთი იმგზავრა და თითქმის ყველაფერი მოეწონა. „მეტრო უკვე თითქმის მცხეთას უახლოვდება“ – კმაყოფილებით აღნიშნა მან და, ალბათ წარმოიგინა, როგორ აცხადებს მეტროს „ადგილობრივი ინფორმატორი: „სალობიე. შემდეგი სადგური გარაჟები“. ეს, რაც შეეხება კმაყოფილებას. უკმაყოფილება კი ასე გამოხატა: „ეს არის ერთ-ერთი სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვაგონები ასეთი სავსე არ უნდა იყოს“.
- „ტრამპის ბათუმური ვოიაჟის ფონზე აჭარის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო „რედისონში“ უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. როგორც გაირკვა ამერიკელი მილიარდერის ვიზიტისას „რედისონ ბლუში“ მოიშალა ფეკალური მასების სატუმბი და აირწინაღიანი პირები ნიღბებით ასრულებდნენ ამ საქმეს. ამის შესახებ Presage.tv-ს სულიკო ჟღენტის ქუჩის მოსახლოებამ აცნობა. უსიამოვნო ფაქტის თვითმხილველები სწორედ ადგილობრივები გახდნენ. „სპეციალური საკანალიზაციო მანქანის მოყვანაზე კი არავინ იზრუნა და პარკებს პირდაპირ ეზოში ისროდნენ. ეს ყველაფერი ღამის 2 საათისთვის ხდებოდა. ძალიან ჩქარობდნენ, რადგან მაგენი ტრამპს და სააკაშვილს ელოდებოდნენ. დაცვის წევრებიც იყვნენ იქ. ყვირილი და ჩოჩქოლი ავტეხეთ. ნიღბებიანები იდგნენ გამსკდარი პარკებით... მართალია დაცვის იმ წევრებს, ვისაც ფეკალურ მასები პლასტიკატის პარკებით გადაჰქონდათ, ამის გაკეთება უფროსობამ უბრძანა, მაგრამ მაგენსაც ხომ უნდა ეფიქრათ, რას აკეთებდნენ“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი ქალბატონი“.
- „სააკაშვილმა ის ოპონენტებიც გააკრიტიკა, რომლებსაც პარლამენტის თბილისში დარჩენა სურთ და ამბობენ, რომ დეპუტატები აუცილებლად დაბრუნდებიან. „ერთმა ჩემმა მეგობარმა მინისტრმა ქუთაისის პარლამენტის ნახვის შემდეგ თქვა - უკან დამბრუნებლისო... ოღონდ უხეშად თქვა და არ გავიმეორებ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და იქვე განმარტა, რომ ეს მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი არ ყოფილა, რადგან ის ძალიან ზრდილობიანია“.
შენ დაუკარ!!!
ამბობენ, დათა და ბაჩო ახალაიების მამას, როლანდ ახალაიას... უფრო სწორად - როლანდ ახალაიას, რომელმაც სამშობლოს დათა და ბაჩო ახალაიები აჩუქა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორად ზეობის პერიოდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობა შეთავაზეს, დათანხმდა, მაგრამ თავისი პირობაც წამოაყენა - რეგიონის მთავარ პროკურორადაც უნდა დავრჩეო.
აქ, მთავარი ის კი არ არის, მართლა თქვა თუ არა მან ეს, არამედ ის, რომ მთქმელი იყო. ასევე - პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება უცნაურ ვითარებაში. ამბობენ, რომ სააკაშვილმა მოაკვლევინა. შესაძლოა, ეს მართლაც უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ საქართველოში ყველა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არის ამის გამკეთებელი... და თავისი ხელითაც მოკლავს, თუ მსხვერპლს ხელ-ფეხს საიმედოდ შეუკრავენ და მანამდე, ყოველი შემთხვევისთვის, დააძინებენ კიდეც.
კიდევ რისი გამკეთებელია და რას აკეთებდა მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გულის ფიცარზე „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ და „საქართველო სიღარიბის გარეშე“ ამოიჭრა?
ქუთაისში გააკეთა პარლამენტი, რომელიც 360 მილიონზე მეტი დაჯდა. პარლამენტის ქუთაისში გადატანამ ტექნიკური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების საცხოვრებლის შეცვლა გამოიწვია. ყოველთვიურად მათთვის ქუთაისში ბინის დასაქირავებლად საშუალოდ 240 000 ლარი იხარჯება. ამას ემატება დანახარჯები პარლამენტარების ბინების დასაქირავებლადაც, რაც ყოველთვიურად დამატებით 110 000 ლარს გულისხმობს.
ეს - რაც თანხაში გამოიხატება, ხოლო რასაც ფულით ვერ შეაფასებ და ვერ განსაზღვრავ - „ქუთაისის 360 მლნ ლარიან პარლამენტის შენობაში ჟანგბადის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში მის შემცველობასთან შედარებით ნაკლებია, ხოლო ნახშირორჟანგის შემცველობა მეტი. ამასთან, ჰაერში ფიქსირდება აქროლადი ორგანული ნივთიერებების არსებობა, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან სამშენებლო მასალების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხდა. ამას გარდა, ხმაურის დონეების მნიშვნელოვანი გადაჭარბება აპარატის შენობის პირველ სართულზე ფიქსირდება - ამის შესახებ ნათქვამია სამეცნიერო კვლევითი ფირის - „გამას“ მიერ მომზადებულ 17-ფურცლიან დასკვნაში, რომელმაც პარლამენტის შენობა-ნაგებობებში მიკროკლიმატის მახასიათებლების კვლევის მიზნით - ჰაერის სიჩქარის, ტემპერატურის, ტენიანობის, ხმაურის, წყლის, ვინტილაციისა და რადიოაქტიური ნივთიერებების სინჯები აიღო და ნიმუშებს ლაბორატიული ანალიზი ჩაუტარა.
ანალიზი, ოღონდ - ფინანსური, ესჭიროება რიყეზე გამოდგმულ უსარგებლო დოქებს, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას, სააკაშვილის რეზიდენციებს თბილისში, მესტიაში, ბობოყვათში, ყვარელში... საერთოდ, ამ გაჭირვებულ და გაუბედურებულ ქვეყანაში რა საჭირო იყო ამდენი რეზიდენცია და მასთან ერთად, ამდენი უსარგებლო არქიტექტურული მარაზმი თავის შლოპანცებიანად, იანუსივით ველოსიპედიანად, ოყნასავით შადრევანთან და სხვ. და სხვ. ერთად?
ამ კითხვაზე პასუხი მსოფლიოს ფსიქიატრებმა გასცეს, თუმცა იმ დროისთვის ჩვენ ეს უკვე ვიცოდით.
ჩვენ უკვე ვიცოდით, იქ კი არ იცოდნენ და იქნებ დღესაც არ იციან, რომ მხოლოდ 2007-2010 წლებში სააკაშვილმა და ნაციონალებმა 70-ზე მეტი ობიექტი გააჩუქეს, სიმბოლურ და მიზერულ თანხებად:
„რუსთავი 2“-ს - საბურთალოზე, სანდრო ეულის ქუჩაზე 226 ათასი კვ მეტრი მიწა გადასცა. "რუსთავი 2"-ს ერთ კვ მეტრში 40 ლარი აქვს გადახდილი, ანუ, საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ ნაკლები. ეს ის ადგილია, სადაც პროექტი "ვარსკვლავების აკადემია" მიმდინარეობდა და შენობაც ჩამოინგრა და ორი ადამიანი დაიღუპა; „რეალ ტვ“-ს - ოფისი გორგასლის ქუჩაზე 3-სართულიან სახლში; მუსიკოს დავით ფორჩხიძეს - 137 კვ მეტრი ფართი პეკინზე 14 ათას ამერიკულ დოლარად; საკონსტიტუციო კომისიის 10 მოსამართლეს - ბათუმში, 700 ათას ლარად შეფასებული ათი სახლი 1000 ლარად; ტელეკომპანია "ალანიას" - მთაწმინდაზე, ზუბალაშვილების #34-ში 234 კვ მიწა სიმბლურ ფასად - 1 ევროდ; ინგა გრიგოლიას მამას, 50 ათას დოლარად ღირებულების მიწის ნაკვეთი პეკინზე - 1310 ლარად...
სასამართლო, მედია, ხელოვნების (ხელოვნების?) წარმომადგენლები და ყველა, ვინც ვაზელინის 30 წლის მარაგი ბითუმად შეიძინა, მათ ასაჩუქრებდნენ და ეს უკანასკნელნიც, ალბათ, თვალსაჩინო ადგილას კიდებდნენ სააკაშვილის ფოტოებს: მიშა თხილამურებზე, მიშა საჭესთან, მიშა შტურვალთან, მიშა მასაჟისტთან, მიშა სოფოსთან და ალანასთან, მიშა ქსენიებთან, მიშა ჭამს, მიშა სვამს, მიშას ცხოვრება უხარია: „ეს ვლასტი რა მაგარი რამე ყოფილააა!“
ამას წერდა მედია, მაგრამ სხვაც იქნებოდა: გივი თარგამაძე ამთქნარებს, გივი თარგამაძეს ძინავს, აკაკი მინაშვილი უსმენს სიდედრს, ვანო მერაბიშვილი ღიმილით ათვალიერებს ორ გვამს, ირაკლი ოქრუაშვილი აგინებს ჯარისკაცებს და მევენახეებს, დავით ბაქრაძე დანა-ჩანგლის ხმარებას ასწავლის მომავალ ჯარისკაცებს, დავით კირკიტაძე ცემს მსაჯს, ბაკურ კვეზერელი წველის მამალ ძროხას...
ანუ, რამდენიმე ეპიზოდი ყაჩაღთა ცხოვრებიდან.
ხოლო რუსთავი-ორები და სხვა დეზინფორატ-ორები და პროვოკატ-ორები სულ სხვას გადმოსცემდნენ. აი, სააკაშვილი ციტირებს შოთა რუსთაველს. ბლუყუნი კადრში არ ხვდება. აი, სააკაშვილი სტუ-ს სტუდენტებს პირდაპირ ეთერში ეუბნება, რომ მათ, სტუდენტებმა, უნდა „მოიტყვანონ გაზაფხული“, ჩანაწერის ჩვენებისას კი „ტ“ ვარდება. აი, სააკაშვილმა გახსნა საწარმო, მაგრამ მეორე დღეს არ ამბობენ, რომ იმ საწარმომ სულ რამდენიმე საათი იარსება...
„ენგურზე გადაჭიმული 540-მეტრიანი საფეხმავლო ხიდი ანაკლიას აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელ განმუხურს აკავშირებს. კურორტის გახსნა ფეირვერკით და კონცერტით აღინიშნა. ვალენსიაში მდებარე არქიტექტურულმა კომპანია CMD Ingenieros-მ, ანაკლიაში საკურორტო ინფრასტრუქტურის დაპროექტებისთვის, კომპანიის მონაცემებით, 16.5 მილიონი ევრო მიიღო. ღონისძიებიდან რამდენიმე დღეში კი ხიდის ხის კონსტრუქციის დაშლა დაიწყო. ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდის აგებაზე, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მუშაობდა. ხიდის აგების აუცილებლობას tspress.ge-სთან პირად საუბარში, მთავარი ინჟინერი, ირაკლი ბაჟუნაიშვილი ახალი ხიდის ასაგებად მუშების სადგომი ადგილის საჭიროებით ხსნის. „ეს გერმანელმა არქიტექტორებმაც გვითხრეს... - ამბობს ის, - ძველი ხიდი სიგანეში 3 მეტრი იყო, ახალი კი, 6 მეტრი იქნება და მისი ძირითადი ნაწილი რკინისგან აშენდება, ხოლო გარედან ხის მასალით დაიფარება. მასალას გერმანიიდან ველოდებით“. კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც tspress.ge-ს ანონიმურობის გარანტიით ესაუბრა, აცხადებს, რომ არსებული ხიდის კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. მისი თქმით, კონსტრუქციას ამწე თავის ადგილას დებს და იქ დამხმარე ხელი, ანუ მუშების ხიდზე დგომა, საჭირო არ არის. მისი თქმით, აღნიშნული ხიდის მშენებლობა 4 თვე მიმდინარეობა და მხოლოდ ხის კონსტრუქციაზე 1,5 მლნ. ლარი დაიხარჯა. „აწი საჩქარო არაფერია, გაკეთდა ყველაფერი, რაც გასაკეთებლი იყო: მიშამ ხიდზე გაიარა. 1,5 მლნ იმ ხეზე(ხის კონსტრუქციაში-ავტ) გადაირიცხა და უკვე იშლება. მასალა სვანეთში მიაქვთ და თუ სადმე ფეხით გადასასვლელია, იქ დადებენ. 1,5 მლნ წყალში ჩაიყარა“ - ეს ინფორმაცია, პირველმა, tspress.ge-მა გაავრცელა და მადლობა მას. მას - ჩვენი მადლობა, „რუსთავი 2“-ს კი - 25 მილიონი ლარი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ჯილდოდ და ავანსად აპატია.
ამბობენ, სამი ქართველი უკვე პარლამენტიაო. სამ ქართველს გააჩნია, მაგრამ როცა ორი ქართველი საუბრობს, ისინი აუცილებლად ახსენებენ მიხეილ სააკაშვილის დედას, რომელმაც თავის დროზე ძალიან საეჭვო ვითარებაში, ჩალის ფასად შეიძინა ტექნიკური უნივერსიტეტის ორი კორპუსი - მეხუთე კორპუსი და პოლიკლინიკის კორპუსი. პოლიკლინიკა იქიდან გაასახლეს და მეორე კორპუსში გადააბარგეს, შემდეგ მიიტაცეს ასევე ვეებერთელა სტადიონი, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო და უცებ აღმოჩნდა „საქართველოს უნივერსიტეტის“ საკუთრება. ამ უნივერსიტეტის მფლობელი კი, გიული ალასანიაა.
სააკაშვილის დედას კიდევ ბევრ საქმესთან დაკავშირებით ახსენებენ, ასევე, ახსენებენ სააკაშვილის მამას.
ეკონომიკის სამინისტრომ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად - გაყიდა მთელ დსთ-ს სივრცეში უნიკალური კურორტი "საირმე", რომლის მფლობელი "საირმის განვითარების კომპანიაა", კომპანიის 100%-იანი წილი კი საქართველოს პარლამენტის ბაღდათის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრს, "თეგეტა მოტორსის" ერთ-ერთ მფლობელ თემურ კოხოძეს ეკუთვნის. თავდაპირველად "კურორტი საირმე" "საირმის განვითარების კომპანიას" 60 ათას ლარად გადაეცა. კომპანიამ ვალდებულება აიღო, კურორტის აღორძინების მიზნით, 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა. მოგვიანებით, როგორც ჩანს, უნიკალურ კურორტში დეპუტატს 60 ათასი ლარის გადახდაც დაენანა და ეკონომიკის სამინისტრომ შემდეგი მოთხოვნაც დააკმაყოფილა - კურორტის 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით. "საირმის განვითარების კომპანია" საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს ეკუთვნის.
"ბიზნეს-რეზონანსი" წერდა, რომ "საირმეში კერძო მესაკუთრეები მასობრივად დააყაჩაღეს". მაგალითად, 2010 წლის 13-დან 23 დეკემბრის ჩათვლით საირმეში სახელმწიფოსათვის ქონების ჩუქების 20 და უძრავი ქონების მიტოვების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ჩუქებით მიღებული მიწის ნაკვეთებისა, სახელმწიფომ საჯარო რეესტრისათვის მიმართვის გზით საკუთრებაში დაირეგისტრირა კურორტ საირმეში მდებარე არაერთი მიწის ნაკვეთი. მიწების უმრავლესობა კოხოძეს, ანუ შპს "საირმის განვითარების კომპანიას" გადაეცა. 2011 წლის 5 დეკემბერს კი, აჭარის მთავრობამ ჯავახიშვილის 5-ში (საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა) მდებარე 1556 კვ/მ ტერიტორია პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას მფლობელობაში არსებულ "საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას" სიმბოლურ ფასად - 1 ლარად აჩუქა“.
ასევე, ახსენებენ სააკაშვილის ძმებს, ძმებ ახალაიებს, მამა-შვილ გაბაშვილს, მაჭავარიანის და თარგამაძის ძმებს, გოგორიშვილის დას, ნადირაშვილის ქმარს, მერაბიშვილის დედასაც ახსენებენ, არ ვიცი რა კონტექსტში, მაგრამ ამდენი ნეგატივის შემდეგ, ჯობს პოზიტივზე გავამახვილოთ ყურადღება.
„შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დედას ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილსას "ეტალონი დირექტორის" წოდება მიენიჭა, სკოლა კი, რომლის დირექტორიც ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილია, წლის "ეტალონი საჯარო სკოლა" გახდა. ახალციხის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი გადაცემა "ეტალონის" ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გუშინდელი გადაცემის დროს დააჯილდოვა. „არსებობენ ადამიანები, რომლებიც პედაგოგობისთვის არიან დაბადებულები და ქალბატონი ჟენია თუმანიშვილ-მერაბიშვილი სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება", - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა დაჯილდოებისას”.
ეს უაღრესად სასიამოვნო ინფორმაცია 2011 წლის 15 დეკემბერს გავრცელდა, რამდენიმე წლით ადრე კი, ადგილობრივი არჩევნების წინ მთელი პროგრესული სამყარო ძმებ კოდუების დედას, ლაურა ღაჭავას ახსენებდა და აი, რატომ: „ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს მიმართა წერეთლის გამზირზე მცხოვრებმა პენსიონერმა ქალბატონმა, რომელმაც განაცხადა, რომ ტელევიზორის ეკრანზე შალვა ნათელაშვილის გამოჩენამ გააღიზიანა, თავი ვერ შეიკავა და ტელევიზორს ტაფა ესროლა. ბიზნესმენმა ლაურა ღაჭავამ მას შინ ახალი ტელევიზორი მიუტანა“.
ხშირად ახსენებდნენ გიგი უგულავას ყოფილ ცოლს და ასევე, გიგი უგულავას ცოლის მამიდას - ჩუღურეთის რაიონის უგვირგვინო დედოფალს.
საერთოდ კი, ცოლების თემა ყოველთვის აქტუალური იყო, რამეთუ, 2009 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით:
ნინო ლაშხი - ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის ცოლი მუშაობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად; მაია მესხიშვილი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ცოლი მუშაობს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად; მაია ირემაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრის, ლაშა თორდიას ცოლი მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანაშემწედ; ლელა ცქიტიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით დარჩიაშვილის ცოლი მუშაობს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში, მთავარ სპეციალისტად; ქეთევან კობიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი მინაშვილის ცოლი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარ სპეციალისტად; ნატო ბლუაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრის, ზურაბ მელიქიშვილის ცოლი მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილედ; მაკა მეტრეველი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ცოლი მუშაობს თბილისის მერიაში, სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის მთავარ სპეციალისტად; მანანა რობაქიძე - საქართელოს პარლამენტის წევრის, კობა ხაბაზის ცოლი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალისტია; ეკა კვესიტაძე - საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცოლი მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში და პირველ არხზე მიყავს საავტორო გადაცემა „აქცენტები“; თამარ ჩერგოლეიშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას ცოლი არის ჟურნალ „ტაბულას“ დირექტორი; ნატალია თოფურია - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, მირზა (პაპუნა) დავითაიას ცოლი მუშაობს ტელეკომპანია "იმედში" ჟურნალისტად; ნანუკა ჟორჟოლიანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ირაკლი კოდუას ცოლი მუშაობს ტელერადიოკომპანია იმედში, უძღვება გადაცემას (ნანუკას შოუ) როგორც ტელევიზიაში, ასევე – რადიო იმედში; ლელა კილაძე - თბილისის მერის, გიგი უგულავას ცოლი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გასართობი გადაცემა ბრავოს პროდიუსერია; იანა ფრემერი - აშშ-ში საქართველოს ელჩის თემურ იაკობაშვილის ცოლი მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, პირველი კავკასიურის მთავარ პროდიუსერად; ეკა ჯაფარიძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძის ცოლი შპს „ოპერას“ დამფუძნებელი; ირინა ონაშვილი - სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის, ვლადიმერ ვარძელაშვილის ცოლი შპს „ფეშენ ასოუსიეიშენის“ დირექტორია; ნათია ვერულაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის ცოლი არის ახალგაზრდული ცენტრების კავშირის დირექტორი; თამარ მერაბიშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილი ცოლი არის მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის შეხვედრების კოორდინატორი; მაკა ლაჩაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი მელაძის ცოლი არის „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მენეჯერი; სალომე წაქაძე - ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულ-გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ცოლი არის შოკოლადის საწამო „ბარამბოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი...
ეს სია რომ ჩავიკითხე, გამეცინა, გივილოს და ბაწროს მეუღლეები გამახსენდნენ ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“ - საკერავი მანქანებით, ნაწნავებით და „კარგად დაწკეპილი ულვაშებით.
მაგრამ, ისიც მახსენდება, სიმთვრალეში როგორ წამოცდა სოდის თუ კუდის ერთ თანამშრომელს - ყოველთვის ვცდილობთ, ქალები დავიჭიროთ, ასეთ დროს ოჯახი და საახლობლო ყველაფერს აკეთებს, ყველაფერზე მოდიან,ოღონდ ის დაიხსნან დათანხაზე საერთოდ არ გვევაჭრებიანო.
რამდენიმე ეპიზოდი დაყაჩაღებულთა ცხოვრებიდან
ირაკლი შ: „...ეს ქონება მე და დედაჩემმა შევიძინეთ 2003-2005 წლებში. 2005 წლის მარტიდან დირექტორად დაინიშნა მამაჩემი. ამჟამად გარდაცვლილ ჩემ მამას, რომელიც იურიდიულად არ იყო უფლებამოსილი, რომ ხელი მოეწერა გარიგებაზე, იმერეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის დავალებით, საოლქო პროკურატურის გამომძიებლებმა 2007 წლის 16 ნოემბერს იძულებით, დაშინებით, შანტაჟით და ძალადობით, ხელი მოგვაწერინეს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებაზე, თითქოსდა, შპს-მ თავისი ქონების ღირებული ნაწილი, - შენობა-ნაგებობები და 2 მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, აჩუქა ქუთაისის საკრებულოს“.
ნინო დ: „2006 წლის ოქტომბერში ნანა კალატოზიშვილი დაიბარეს თბილისის პროკურატურაში, სადაც დაკითხეს მისი საქმიანობის შესახებ და გააფრთხილეს, რომ საჭიროების შემთხვევაში კვლავ დაიბარებდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ დაიბარეს და უთხრეს, რომ უნდა დაეთმო მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი და მიასწავლეს ნოტარიუსი, რომელთანაც უნდა მისულიყო. ვინაიდან მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და ემუქრებოდნენ დაკავებით, რაც რეალური იყო, ნანა კალატოზიშვილი პროკურატურიდან ღამის 11 საათზე მივიდა ნოტარიუსთან, ნინო გინტურთან, სადაც გაფორმდა სანოტარო აქტი უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ამ აქტის თანახმად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს გადასცა 1990 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი".
იგივე წლის, იგივე თვეს, იგივე პროკურატურის იგივე გამოძიებელმა დაიბარა ვალტერ შაკაია. მუქარა - იგივე, მიზანი - იგივე, ნოტარიუსთან მისვლის დრო - იგივე, ღამის საათები, ნოტარიუსიც იგივე და შედეგიც იგივე - ვალტერ შაკაიამ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა თავისი წილი საერთო ქონებიდან, რომელიც მდებარეობდა თბილისში, რიყეზე.
იგივე მოხდა ლაშა შაკაიასთან მიმართებაშიც. ლაშა შაკაიამ ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა რიყეზე მდებარე 202 კვ. მეტრი სარდაფი, 225 კვ.მეტრი ანტრესოლი და 574 კვ. მეტრი პირველ და მეორე სართულებზე. რა თქმა უნდა, ნოტარიუსი ისევ და ისევ ნინო გინტური იყო.
მამუკა რ: „...და უთხრეს, რომ თუ იგი ნებაყოფლობით არ დათმობდა, მის წინააღმდეგ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე, და მისცეს მოსაფიქრებელი დრო.რამდენიმე დღის შემდეგ ხიზანეიშვილი ისევ დაიბარეს პროკურატურაში, მას თან ქონდა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა, რომ აღნიშნული ქონება შესყიდული იყო კანონიერად და არანაირ კორუფციულ გარიგებას ადგილი არ ქონია. იგი გამოუშვეს, თუმცა იმავე დღეს შპს-ში შესამოწმებლად შევიდა ფინანსური პოლიცია, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს და მხოლოდ დააჯარიმეს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადახდის რამდენიმე დღის დაგვიანებისთვის.
ამის შემდეგ იგი კვლავ დაიბარეს პროკურატურაში, სადაც უკვე მასზე განხორციელდა ზეწოლა, ემუქრებოდნენ ჯერ მისი დაჭერით, ხოლო შემდეგ მისი არასრულწლოვანი შვილისთვის, სკოლის მოსაწავლისთვის ნარკოტიკის ჩადებით. ხიზანეიშვილმა საფრთხე რეალურად ჩათვალა და იძულებული გახდა მისი კუთვნილი ქონება ჩუქების სახით ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაეცა.
ზურაბ ჯ: „...ბოლოს იძულებული გავხდი და მივედი, სადაც რამოდენიმე საათის ლოდინის შემდეგ შემიყვანეს ოთახში, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე, სიტყვიერი ზეწოლით, ნაწილობრივ შეშინებით, ნაწილობრივ რბილი საუბრით, ნაწილობრივ მუქარით, ოჯახის წევრების, ნათესავების და სამსახურების „თბილად“ მოხსენიებით, ბოლოს კი კატეგორიული მოთხოვნით, კატეგორიული წინადადებით გამომისტუმრეს და მითხრეს რომ მე და ჩემ ახლო ნათესავებს დროულად დაგვეწერა განცხადებები და სახელმწიფოსთვის ნებაყოფლობით ჩაგვებარებინა მიწის ნაკვეთები, რომლებსაც კერძო საკუთრებაში ჩვენ ვფლობდით კანონის სრული დაცვით, თანაც, გამაფრთხილეს, შენი ნათესავები შენ თვითონ წაიყვანე საჯარო რეესტრში ისე, რომ ზედმეტი საუბრები და მოქმედებები არ იყოსო...
გავითვალისწინე ოჯახებში სიმშვიდის შენარჩუნება, მოხუცი, ავადმყოფი მშობლების ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, თუმცა მამა ამ საქმეზე ნერვიულობამ შეიწირა და გარდაიცვალა“.
ამბროსი ჭ: „...ალექსი სომხიშვილმა განუმარტა მათ, რომ წყნეთში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჩატარებული რეფორმის შედეგად მიიღო მამამისმა, რომელმაც ასევე კანონიერად გადასცა მას და გახდა მისი მესაკუთრე. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ სომხიშვილი „ბევრს ბედავდა“ და პირდაპირ შეტევაზე გადავიდნენ - დაუწყეს გინება, ხელით იწევდნენ მასზე, ემუქრებოდნენ, რომ შენობის სარდაფში, ანუ იქ განთავსაებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩაიყვანდნენ, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ იქ ყოფნა ერჩია... უთხრეს ისიც, რომ არ აინტერესებდათ, რას იტყოდა ალქსი სომხიშვილი, მას აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ყველა შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის უნდა გადაეცა. ბოლოს ალექსი სომხიშვილის წინააღმდეგობა გატეხეს... სომხიშვილი დათანხმდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დათმობას და იგი, ორი პოლიციელის თანხლებით, საჯარო რეესტრში წავიდა მიწის ნაკვეთის გადასაფორმებლად. გზაში ერთ-ერთმა პოლიციელმა ალექსი სომხიშვილისთვის უცნობ პიროვნებას დაურეკა და უთხრა, ერთი კაცი კიდევ მოგვყავსო...“
ანზორ ი: „...მოგვიანებით, მათ აუხსნეს, რომ უნდა დახმარებოდა სახელმწიფოს და მისი ფირმის მიერ ჩამოტანილი სხვადასხვა დასახელების ამუნიცია უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფო უწყებისთვის. ისინი იძულებული გახდნენ თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის უსასყიდლოდ გადაეცათ 847 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ამუნიცია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ მიღებულ საქონელზე იქნა შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი“.
გენოა: „ვაწარმოებდი ტვირთების გადაზიდვას. ფინანსურმა პოლიციამ ჯერ ტერმინალის დირექტორი ბორის მჭედლიძე დაიჭირა და 10 დღეში მეც დამიჭირეს. ეს უკვე დავით კეზერაშვილის და დავით ქარსელაძის ინტერესში შედიოდა, რადგან თვითონ იყვნენ ამ ბიზნესით დაკავებული და არ უნდოდათ კონკურენტები. დაკავებამდე კონფლიქტი მოგვივიდა დავით კოდუასთან, რომელიც თავის დაცვასთან ერთად შემოგვივარდა ტერმინალში, რასაც მოჰყვა კონფლიქტი. ამ კონფლიქტის შემდეგ მეგობარმა მითხრა, რომ დამეტოვებინა საქართველო, რადგან ეს კონფლიქტი რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა და ცუდად დამთავრდებოდა. ასეც მოხდა, დამიჭირეს და ნამდვილი ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო“.
რუსუდან ქ: „...რადგან მის უკან იდგნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა და სხვა თანამდებობის პირები, ადვილი შესაძლებელი იყო ჩვენთვისაც იგივე გაეკეთებინათ, რაც მანამდე ბევრი სხვისთვის გაუკეთებიათ. მაგალითად, ჩაედოთ ნარკოტიკი, იარაღი ან სხვა სახის დანაშაულის პროვოკაცია მოეწყოთ ჩემი მეუღლისთვის ან ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. ჩემმა მეუღლემ იძულებით გააფორმა შეთანხმება მიწის ორ ნაკვეთზე“.
სერგო. ბ: „...გელამ მითხრა, როგორ ვერ ხვდები, ჩვენ უკან არის ვანო მერაბიშვილი და დაგიჭერენო. აღნიშნულის გამო მოგვიხდა შეხლა-შემოხლა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა, ვიცნობდი ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთ ნაცნობს, რომელმაც ჩემი შვილი შეახვედრაჟენია მერაბიშვილს, ვანო მერაბიშვილის დედას, რომელიც დაგვპირდა, რომ ერთ კვირაში შეხვდებოდა ვანოს და მოაგვარებდა საქმეს. ერთი კვირის შემდეგ მირეკავს მამუკა მ. და მეუბნება, ბიჭო, ლუხუმი კ. არის ქურდის ტოლი კაცი და როგორ ჩაუშვიო. სამ დღეში შეგხვდება და მოგიგვარებს საქმესო. მეც დავუჯერე. ამ ამბიდან 5-6 დღეში ჟენია მერაბიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ლუხუმი კ. და გელა გ. ბათუმში, კაფეში მელოდებოდნენ. მივედი დასახელებულ კაფეში და დავინახე, რომ კაფეში იჯდა ორი კაცი. მათ მითხრეს, რომ იქვე დავმჯდარიყავი და დავლოდებოდი ვანო მერაბიშვილს. ამ პროცესში კაფეში შემოვიდა 100-მდე ნიღბიანი ადამიანი, რომლებმაც დამაკავეს, ფული, 20 ათასი დოლარი იქვე მაგიდზე დადეს, ვიდეოკამერით გადაიღეს და მერე განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილის დედას მე გამოვძალე ეს თანხა“.
ბორის მ: „...ამრიგად, გარდა იმისა, რომ ჩემი უფლებები შეილახა და ვიმყოფებოდი უკანონო პატიმრობაში, პარალელურად წამართვეს ავტომანქანა BMV X6, 219 ათასი ამერიკული დოლარი, 6000 ევრო, 8000 ლარი, მეუღლის ოქროს ნაკეთობანი და ძვირფასი ქვები 799 გრამის ოდენობით. ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც იყვნენ ფირმის დამფუძნებლები, იძულებულნი იყვნენ კომპანიის წილი ეჩუქებინათ ეკონომიკის სამინისტროსთვის, რათა გავთავისუფლებულიყავი პატიმრობიდან. ამდენად, წამართვეს ბიზნესი, რომელშიც დასაქმებული მყავდა უამრავი ადამიანი და ოჯახის წევრები".
თეიმურაზ გ: „ნაცმოძრაობის მაღალი თანამდებობის პირებმა და მათმა ნათესავებმა ჩემი კუთვნილი წილები ძალადობრივად მიითვისეს. გაწეული წინააღმდეგობის გამო აბსურდული ბრალდებით დააკავეს ჩემი შვილი, მემუქრებოდნენ... ამ წილის სანაცვლოდ მპირდებოდნენ დაგეგმილ გაზგასამართ სადგურებში (წნორში) წილს. წნორში შემაძენინეს მიწა, ბანკიდან ამაღებინეს სესხი სადგურის ასაშენებლად, თუმცა ეს თანხაც გამომძალეს და მიითვისეს. პარალელურად, საზოგადოებაში გაავრცელეს ხმა, თითქოს ამ გაზგასამართ სადგურებს ზურაბ ზვიადაური აშენებდა, რათა თავისი მონაწილეობის კვალი დაეფარათ“.
დავით ვ: „2006 წლის 15 მაისს კუდ-მა, პროკურატურამ და პოლიციამ დაჭერის მუქარით ჩაატარებინა სამომხმარებლო კოოპერატივის კრება, რა დროსაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაგვაცემინეს 61 ობიექტი. ამ კრებას ესწრებოდნენ პროკურატურის, პოლიციის და საკრებულოს მაღალჩინოსნები, რომლებიც, რატომღაც, კრების ოქმში არ არიან შეყვანილები გასაგები მიზეზების გამო. გარდა ამისა, შენობა 20 პოლიციელით იყო ალყაშემორტყმული“.
ერთ-ერთი ასეთი რეპრესირებული ბიზნესმენის ადვოკატი ამბობს: „...პირდაპირ განუცხადა, რომ საკოლმეურნეო ბაზარი სახელმწიფოსთვის უნდა დაეთმო და ამის შემდეგ მას არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა. მან უარი განაცხადა ბაზრის დათმობაზე, რის შემდეგაც დაიწყო მისი შევიწროვება. ამის შემდეგ ბაზრის ტერიტორიაზე შედიოდნენ ქარელის ახლობლები ჟურნალისტების თანხლებით და ეძებდნენ კომპრომატებს, საქმე კი იმით დასრულდა, რომ ერთ ერთმა მათგანმა შეიძინა 10 კგ ხორცი და დაწერა საჩივარი, რომ 400 გრ. მოატყუეს და ამის გამო ითხოვს სს საქმის აღძვრას, აღიძრა საქმე 295 ათასი ლარის დამალვის ბრალდებით. 6 თვე იჯდა, სხვადასხვა თანამდებობის პირები (გორის პროკურორი, საოლქო პროკურორი, ქარელი) შედიოდნენ ციხეში, შეყავდათ ნოტარიუსი, ემუქრებოდნენ, ბოლოს კი ცოლის დაჭერით დაემუქრნენ.
გამგეობისთვის ჩუქების ხელშეკრულება ციხეში გაფორმდა, იმავე დღეს, ღამის ორ სააათზე ციხიდან გამოუშვეს, გაუფორმეს საპროცესო 2000 ლარი. საბოლოოდ ბაზარი 710 ათას დოლარად მიყიდეს „საქართველო-ისრაელის პროექტების მენეჯმენტს“, რომლის საწესდებო კაპიტალი 200 ლარი იყო“.
ელისო გ: "პირველი პრობლემები დაიწყო 2007 წლის ნოემბრის თვეში. 7 ნოემბრის მოვლენებიდან რამდენიმე დღეში, 15-16 ნოემბერს კომპანიის დირექტორს დაუკავშირდნენ ნაციონალური მოძრაობის და მოთხოვეს ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე „შემოწირულობის“ გაკეთბა. რამოდენიმე უსიამოვნო საუბრისა და ნაციონალების ოფისში დირექტორის დაბარების შემდეგ, კომპანია იძულებული გახდა ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე გადაერიცხა 100 ათასი ლარი. იგივე განმეორდა 2008 წლის 18 თბერვალს. ამჯერადაც დაუკავშირდნენ კომპანიას და მოთხოვეს შემოწირულობის სახით თანხის ჩარიცხვა. ალბათ არ არის რთული წარმოსადგენი ის ვითარება, თუ როგორ ხდებოდა თანხის მოთხოვნა. შედეგად კომპანიამ კიდევ ერთხელ გადარიცხა 50 ათასი ლარი. ორ თვეში კვლავ განმეორდა იგივე, თუმცა ამჯერად გიული ალასანიას სახელით. თანხის გადარიცხვა მოითხოვეს „ტრეინინგ-ცენტრ ინტელექტის“ ანგარიშზე. რამოდენიმე ეტაპად გადავრიცხა მთლიანობაში 30 ათასი ლარი. მათივე მითითებით, გადარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა „ტრეინინგ-ცენტრის“ მიერ გაწეული მომსახურება. სინამდვილეში, არანაირი მომსახურება არ ყოფილა, ამდენად, გადარიცხვის საფუძველი ფიქტიური იყო. 2010 წელს, მომდევნო „შემოწირულობის“ მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ჩვენთვის მოცემული პირობა, რომ „ამას მწარედ ვინანებდით, იმავე წლის 30 აგვისტოს შესრულდა“
მარინე ფ: „...დაპირდნენ დახმარებას, თუ ის გადაიხდიდა მათ მიერ დასახელებულ თანხას. ჩემი შვილი დაეთანხმა, გაათვისუფლეს საპროცესო შეთანხმებით 30 ათასი ლარის გადახდის შემდეგ, წაართვეს და მიითვისეს ა/მანქანა, რომლითაც ის შემოდიოდა ევროპიდან, ასევე ჩემს მიერ საბერძნეთიდან გამოგზავნილი 18 ათასი ევროთი სოდ-ის ჩინოვნიკისთვის ტოიოტას ცენტრიდან შეიძინეს ძვირადღირებული ავტომანქანა. ჩემი შვილის გათავისუფლებიდან ორ დღეში იმავე მეთოდებით (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა, მოხმარება, გასაღების ბრალდება) დააკავეს ჩემი შვილის ცოლის ძმა, ვინც მათ თანხა გადასცა“.
ვლადიმერ შ: „ჩემი ცრუ ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს ოთხი პიროვნება, რომლებიც გაასამართლეს (338 და 339 მუხლებით) და შესაბამისად მიუსაჯეს ალექსანდრე ბ-ს - 9 წლით, მერაბ ბ-ს - 7 წლით, და ზექი ი.-ს - 23 წლით პატიმრობა. შემდგომში (1 და 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ) თავისუფლების სანაცვლოდ საპროცესო და საგადასახადო შეთანხმებების (ქონების სახელმწიფოზე ჩუქების) გზით პროკურატურამ ზემოაღნიშნულ პირებს სახელმწიფოს სასარგებლოდ უკანონოდ გადაახდევინა მილიონამდე ლარის ქონება და ფული... გლდანის ციხეში ჩემზე ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა (ცემა) და ოჯახის წევრებზე მუქარა, რათა არ შემეცვალა პირველი ჩვენება. სასამართლოზე ცრუ ჩვენების დადასტურების შემდეგ, დაპირების შესაბამისად, გამათავისუფლეს...“
ფიზიკურმა პირმა კურორტ საირმეში 220 000 ლარად შეფასებული 3 694 კვ.მ. ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. სხვა ფიზიკურმა პირმა კი გარდაბანში 1.5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც იმ დროისთვის 140 000 ლარს შეადგენდა, უსასყიდლოდ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხა. შპს კორპორაცია „ივერია პლიუსმა“ თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე 8 496 კვ.მ. 2 000 000 ლარის ღირებულების არასაცხოვრებელი ფართი შესწირა სახელმწიფოს. შპს „სნაიპერმა“ 182 500 აშშ დოლარის ღირებულების 500 ცალი პისტოლეტი „იერიხო“ აჩუქა სახელმწიფოს. შპს „ოლიმპმა“ სახელმწიფოს 217 000 ლარად შეფასებული 8 მიწის ნაკვეთი, მათზე მდგარი შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, რომ ეს მიწის ნაკვეთები და მათზე აღმართული შენობა-ნაგებობების მისამართად დოკუმენტებში მითითებულია აღმაშენებლის გამზირი, N73 (ვარდების ბაღის ტერიტორია).
(გაგრძელება იქნება)