რამდენად საინტერესოდ განვითარდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება ნაცმოძრაობის აკრძალვის შემდეგ, თუკი მოვლენები იმ სცენარით წარიმართება, რასაც ბიძინა ივანიშვილი გვპირდება?! გასუფთავდება თუ არა პოლიტიკური სივრცე ახალი ძალების შემოსასვლელად, რომელთაც ნაცმოძრაობა ბლოკავდა?! აკრძალული ნაცმოძრაობა ხომ არ დაიწყებს „პარტიზანულ ბრძოლას“ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად და კიდევ უფრო რადიკალური ხომ არ გახდება?
ახლახანს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „უნდა აიკრძალოს ის, ვინც ხალხის და ქვეყნის მტერია, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ნაცმოძრაობა ავკრძალოთ და მოვიშოროთ“.
შესაძლოა, ზოგიერთს ალოგიკურად მოეჩვენოს, რატომ სჭირდება ბიძინა ივანიშვილს მესამე ძალა, ის ხომ ჩინებულად უმკლავდება ნაცმოძრაობას, მაგრამ აქ ორი ვერსიაა - ერთი, რომ ქვეყანას განვითარებისთვის სჭირდება მესამე ძალა, რომელიც ნაცებისგან დამყაყებულ პოლიტიკურ სივრცეს გააჯანსაღებებდა და, მეორე, ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ ცალკეულმა მისმა მოკავშირემ შეიძლება უფრო მეტად დააზიანოს იგი, ვიდრე თუნდაც ნაცები იზამდნენ ამას.
ე.წ. მოუშუშებელი ჭრილობა ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ გახარიამ არ მიაყენა, ასეთივე „მოუშუშებელი ჭრილობები“ აღმოჩნდნენ მისთვის ერთ დროს მისი მოკავშირეები მარგველაშვილი, ზურაბიშვილი და კიდევ არაერთი სხვა ადამიანი.
სხვათა შორის, ზურაბიშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი მესამე ძალის მანტიის მორგებას სთავაზობდა. წლების წინ ზუსტად ამ მიზნით შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ირმა ინაშვილს და ჯერ კიდევ პრეზიდენტად არმყოფ ზურაბიშვილს და პოლიტიკური გააქტიურება შესთავაზა. ბიძინა ივანიშვილმა იმ პერიოდში ნინო ბურჯანაძესაც შეუთვალა, კარგი იქნებოდა, თავისი პარტია გაეძლიერებინა კონსტრუქციული ოპონირებისთვის, მაგრამ ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა იმის გამო, რატომ არის ნაცმოძრაობა საპატიო მეორე ადგილზე, ანუ რატომ წარმოადგენს მეორე ძალას და არა მეთხუთმეტეს?! რიგითობა ხომ საზოგადოებამ უნდა მიანიჭოს პარტიას?! არის კი ნაცმოძრაობა ლეგიტიმური ოპოზიცია?!
მესამე ძალად გახდომის სურვილი ბევრს ჰქონდა ამ წლების განმავლობაში - ირაკლი ალასანიას, ალეკო ელისაშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, მაგრამ ყველა პროექტი ჩავარდა, რადგან მართლაც ხალხმა უნდა გაღიაროს მესამე ძალად. თორემ თვითაღიარების რეჟიმში იყო გიორგი ვაშაძეც, რომელმაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ შექმნის პერიოდში თავის პარტიას ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე „მესამე ძალა“ წააწერა და შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზებას შეეცადა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნაცმოძრაობის აკრძალვით პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღდება და ახალი ძალები დაწინაურდებიან.
მისივე მოსაზრებით, როდესაც აიკრძალება ნაცმოძრაობა, ეს გამოიწვევს იმას, რომ მისი წევრები და ე.წ. ვერხუშკა ვერ მიიღებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და არ ექნებათ სახელმწიფო სამსახურებში თანამდებობების დაკავების უფლება, არც პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება ექნებათ, შესაბამისად, პარტიზანებად ტყეებში თუ გავარდებიან, იქ კურდღლების მეტს ვერაფერს დაიჭერენ.
„მართლაც, საინტერესო საკითხია, თუკი ნაცმოძრაობა გაქრება პოლიტიკიდან, რა დაემართება მაშინ ოპოზიციას?! საერთოდ, ბუნებაში, მით უმეტეს, პოლიტიკაში ცარიელი ადგილი არ რჩება, ვაკუუმს ვერ აიტანს პოლიტიკა და აუცილებლად მოვლენ ის ძალები, რომლებიც ქვეყნის დეზორგანიზაციაზე, განადგურებაზე, ომში ჩართვაზე კი არ იქნებიან ორიენტირებულნი, არამედ ორიენტირებულნი იქნებიან ქვეყნის განვითარებაზე. ამაზე ისაუბრა ზუსტად ბიძინა ივანიშვილმა. მივაქციოთ ყურადღება ბიძინა ივანიშვილის ერთ ნათქვამს, ფაქტობრივად, მან ბოდიში მოუხადა მოსახლეობას, რომ მე-12 წელს ვერ მოგეცით იმის საშუალება, რომ კარგსა და უკეთეს შორის აირჩიოთო და ამის პირობას გაძლევთ, როდესაც ეს რყევები მოთავდება, რომელი რყევების „შემოქმედი“ და ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ იქნება, ამის შემდეგ მომავალი არჩევნების დროს თქვენ გექნებათ საშუალება, არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის გააჯეთოთო“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.
მანვე განმარტა, რომ თავისი ქმედებებით ნაცმოძრაობა ბლოკავდა მესამე ძალის შემოსვლას. ფაქტობრივად, 2016 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელიწადს იყო გადატრიალების მცდელობა, რასაც ეკონომიკურად ისეთი სუსტი და ახლადჩამოყალიბებული ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ვერ გაუძლებდა. საქართველო კი არა, ევროპის დიდ ქვეყნებში რა ხდებოდა. საფრანგეთში ყვითელჟილეტიანთა გამოსვლები რომ იყო, როგორი პრობლემები შეუქმნა უზარმაზარი სახელმწიფოებრიობის მქონე საფრანგეთს.
„ამიტომ ეს ძალა - ნაცმოძრაობა აუცილებლად დასამთავრებელია. ისევე, როგორც გერმანელებმა ამოისუნთქეს ნაცისტური მოძრაობის გასამართლების შემდეგ, ჩვენ ესენი უნდა გავასამართლოთ, მათი მოძრაობა პოლიტიკურად უნდა აიკრძალოს. მე არ ვლაპარაკობ, რომ მათი ჩამოხრჩობა მოხდეს, უბრალოდ, ვინც პასუხისმგებელია, მან აუცილებლად პასუხი უნდა აგოს აგვისტოს ომისთვის; ასევე ნაცებმა პასუხი უნდა აგონ ჩადენილ დანაშაულებებზე. რაც შეეხება გაქცეულ დამნაშავეებს, რომლებიც უკრაინას აფარებენ თავს, როგორც ებრაელებმა ჩაიყვანეს ისრაელში სამხედრო დამნაშავეები და სამართალში მისცეს, ისევე უნდა იყვნენ ისინი საქართველოში ჩამოყვანილნი, გასამართლებულნი და დასჯილნი იმიტომ, რომ მომავალში ეს არავინ გაბედოს“, - მიიჩნევს ედიშერ გვენეტაძე და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, თუ სად ეგულება მესამე ძალა.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, მესამე ძალა თავად იმ პოლიტიკური ძალიდან გამოვიდეს, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“. არც ისაა გამორიცხული, სხვა ეროვნული ძალებიდანაც გამოვიდნენ ისეთი ძალები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ამის პოტენციალი არსებობს. ასევე, შეიძლება სასულიერო წრეებთან დაახლოებული ძალებიც მოვიდნენ პოლიტიკაში მესამე ძალად. მისივე თქმით, საინტერესო განცხადება გააკეთა საპატრიარქომ, ჩვენ არც ერთ მხარეს არ წარმოვადგენთ, მაგრამ ოჯახური ღირებულებებისა და მშვიდობის გზას ვუჭერთ მხარსო. ედიშერ გვენეტაძის აზრით, ამით ყრუსა და ბრმას ვერ გააგებინებთ ვერაფერს, თორემ საპატრიარქოს მხრიდან ყველაფერია ნათქვამი.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ანალიტიკოსი მოელის, რომ უახლოეს ხანში გამოჩნდება მესამე ძალა.