პრემიერმა მინისტრების ჯიბე 20%-ით შეამსუბუქა

პრემიერმა მინისტრების ჯიბე 20%-ით შეამსუბუქა

მინისტრებმა შესაშურად გაზრდილი ანაზღაურებით ერთი წელიც კი ვერ ისარგებლეს. საზოგადოებისა და მედიის ზეწოლის შედეგად, მათი ყოველთვიური სარგო 1300 ლარით შემცირდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო.

„ხარჯების შემცირებისა და მინისტრთა ხელფასებთან დაკავშირებით საზოგადოებაში მრავალგზის გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტის წევრებს სახელფასო დანამატი შეუმცირდებათ. ნაცვლად 6300 ლარისა, მინისტრთა სახელფასო სარგო სახელფასო დანამატთან ერთად 5000 ლარი გახდება“, - განმარტავენ პრემიერის პრესსამსახურში. ბრძანებას ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრების ყოველთვიური შემოსავალი 7835 ლარამდე 2013 წლის მარტში გაიზარდა. მინისტრის ხელფასი იქამდე 3500 ლარი იყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით კი, მათ ყოველთვიურად 4335 ლარის ოდენობის დანამატი დაუწესდათ. შესაბამისი ბრძანება ივანიშვილმა 2013 წლის 15 მარტს გამოსცა.

10 თვის შემდეგ კი ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა. ახალმა პრემიერმა საჭიროდ არ ჩათვალა მაღალი რანგის მოხელეებისთვის ხელფასზე მაღალი დანამატების გაცემა (ანაზღაურების შემცირების მხრივ მინისტრების ხელფასი იგივე რჩება, მცირდება სახელფასო დანამატის მოცულობა).

„მომხრე ვარ, რომ მინისტრებმა მიღწეული შედეგების მიხედვით მიიღონ პრემია თუ დანამატი“, - განაცხადა დავოსში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა, - „აქვე მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რატომ მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ მინისტრებს აქვთ საკმაოდ მაღალი ხელფასი. ეს განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით, თავისი დანამატის ჩათვლით. საერთოდაც არ უნდა იყოს ფიქსირებული ამა თუ იმ მინისტრის ხელფასის დანამატი ყოველთვიურად. მე უფრო მომხრე ვარ, რომ მინისტრებმა მიღწეული შედეგების მიხედვით მიიღონ პრემია თუ დანამატი. სწორედ აქედან გამომდინარე გამოვედი. ეს არის ჩვეულებრივი, თანამედროვე მიდგომა“.

შესაბამისად, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მინისტრის მინიმალური ხელფასი განისაზღვრა 5000 ლარის ოდენობით. „ამის შემდეგ კი, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ესა თუ ის მინისტრი არის ძალიან ეფექტური, რომ ის გამოირჩევა განხორციელებული პროექტებით თუ საქმიანობით, მათი ღვაწლი შესაბამისად იქნება დაფასებული. ეს არის ჩემი მიდგომა. არ არის აუცილებელი ყოველთვიურად მათ ჰქონდეთ მოჭრილი ფიქსირებული დანამატი მათთვის უკვე დადგენილ ხელფასზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომაა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც. მან მაგალითად ბალტიისპირეთი მოიყვანა და განმარტა, რომ იქ მინისტრებს აქვთ ფიქსირებული საკმაოდ დაბალი ხელფასი თავისი დანამატის ჩათვლით, თუმცა მათი პრემიების საკითხი წყდება და განიხილება მათ მიერ განხორციელებული ეფექტური საქმიანობის შედეგად.

„თუ მინისტრები გამოიჩენენ ინიციატივებს, იქნებიან უფრო მეტად მოტივირებულები, უფრო მეტად იქნებიან ხალხის სამსახურში და შეასრულებენ ზედმიწევნით კარგად მათზე დაკისრებულ მოვალეობას, მათი საქმიანობა იქნება ადეკვატურად დაფასებული და ამას ხალხი უფრო სწორად გაიგებს“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრემიერის მიერ მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის ხელფასის შემცირების გადაწყვეტილებას „ბიუჯეტის თანხების რაციონალურად ხარჯვის“ მიზეზით ხსნის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განუცხადა, დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი გადაწყვეტილება სწორედ ამის გათვალისწინებით მიიღო. „ხელფასი აქამდე რა იყო, ისიც არ ვიცი“, - აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ენერგეტიკის მინისტრი ერთადერთია, რომელიც სახელმწიფოს მიერ დანიშნული ანაზღაურებით პირადად არ სარგებლობს.

ყველსათვიოს ცხადია, რომ პრემიერის გადაწყვეტილებას საფუძვლად ბოლო პერიოდში საზოგადოების გაღიზიანება დაედო. ბობოლა მოხელეების ანაზღაურება ზედიზედ რამდენჯერმე გახდა კრიტიკის და განსჯის საგანი. მათი ხელფასი ლამის ბიზნესმენთა შემოსავლებს უტოლდება. საერთოდ, როდესაც საჯარო უწყებებში დასაქმებულებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე კერძო სექტორში მომუშავეებს, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკის სიმპტომები არ არის.