აზერბაიჯანულმა მხარემ ქვეყანაში ევროკავშირის ელჩს, პიტერ მიხალკოს საპროტესტო ნოტა გადასცა ევროპარლამენტის მიერ 24 ოქტომბერს მიღებული უსაფუძვლო და მიკერძოებული ანტიაზერბაიჯანული რეზოლუციის გამო.
„ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების მეშვეობით აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის გაგრძელება, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემლახველი განცხადებები და ნაბიჯები, ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა ხელს უწყობს რევანშიზმს სომხეთში და აზიანებს რეგიონში მშვიდობის დამყარების ძალისხმევას“, - განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირთან ურთიერთობას აშენებს საერთაშორისო სამართლის, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპებზე და ევროკავშირს მოუწოდეს, მკაცრად დაიცვას ეს პრინციპები.