გლეხებს სახელმწიფო 2015 წლის ჩათვლით დაეხმარება

გლეხებს სახელმწიფო 2015 წლის ჩათვლით დაეხმარება

დღე-დღეზე მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროექტი დაიწყება, რასაც სულ მალე უფასო ხვნა-თესვის პროგრამის  ამოქმდება მოჰყვება. როგორც გაირკვა, გლეხებს გაისადაც შეეშველებიან, შემდეგ კი ყველამ უნდა მოახერხოს მეურნეობის ფეხზე დაყენება ან თოხი და ბარი გვერდზე უნდა გადადოს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო თებერვლიდან „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“ იწყებს. საამისოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ბუკია კახეთის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში დახმარებას 96826 ბენეფიციარი მიიღებს. „სახელმწიფო ყველაზე ენერგოტევად, ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოებში - ხვნის პროცესში ეხმარება მათ. პროექტის ბიუჯეტი 90 მლნ ლარმდეა. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს, ხოლო ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად. როგორც უწყებაში განმარტავენ, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სიების დაზუსტებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 800 000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უფროსი გიორგი ჩხეიძე აცხადებს, რომ ეს პროგრამა გაისადაც გაგრძელდება, თუმცა მასშტაბები უფრო შემცირდება.

„ჩვენი ფერმერები ამ სამწლიანი დახმარების შემდეგ ნელ-ნელა უნდა გადაეწყონ კომერციულ რელსებზე, მათ თვითონ უნდა შეძლონ თავიანთი საქმიანობის დაფინანსება და დამოუკიდებლად წარმოება, რადგან მათ სოლიდური მრავალწლიანი დახმარება ექნებათ მიღებული. ამის შემდეგ თუ ვიღაც ვერ შეძლებს, ეს მისი უნარისა და შესაძლებლობების საკითხი იქნება. ეტაპობრივად არა მარტო კერძო დაფინანსება, არამედ სახელმწიფო დაფინანსებაც კი უნდა შეწყდეს“, - ამბობს გიორგი ჩხეიძე.

ამის შემდეგ იქნება სხვა ტიპის დახმარება. მაგალითად, იმ ფერმერებს, რომლებიც კოოპერატივებში გაერთიანდებიან, ექნებათ ხელშეწყობა, როგორც საგადასახადო შეღავათების კუთხით, ასევე გარკვეული ტიპის პროექტებით. იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები მელიორაციის სისტემაში, ასევე მიწის რეგისტრაციისა და მიწის ბაზრის განვითარება და ა.შ.

„საერთო ჯამში, 240 მილიონის ლარის სასესხო პორტფელი არის სულ გაცემული. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ სასოფლო-სამეურნეო სფეროში გაცემული სესხების პორტფელი 56 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს თანხა კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან ამის ინტერესი აქვს ყველას - სახელმწიფოს, ბანკს, ფერმერს და, შესაბამისად, პროექტი გაგრძელდება. ცხადია, რაღაც ეტაპზე ეს პროექტიც უნდა შეწყდეს, თუმც, ეს გრძელვადიანია და წლების განმავლობაში იქნება“, - აცხადებს ჩხეიძე.

რაც შეეხება წლევანდელ დახმარების ფორმატს, ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად: ა) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთი ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო-სამეურნეო ბარათი (ხვნის ბარათი, 2013 წლის პროექტით გათვალისწინებულის ანალოგიური), 2) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად, გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფერმერები ისარგებლებენ საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. „აგრობარათით“.

„აგრობარათი ფერმერს ურთიერთობას გაუმარტივებს სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელთან, მას შესაძლებლობა ექნება სასურველი პროდუქტი მიიღოს ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებს, რომელიც ნიადაგის ხვნას და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურებას გულისხმობს, შპს „მექანიზატორი“ და 117 კონტრაქტორი შეასრულებს“, - აცხადებენ სამინისტროში.