„ჩვენი „კეთილების“ მთავარი მიზანი კრებსითი მიშას მოყვანა - იმ ბერკეტით არ ებრძვიან რუსეთს, რომლითაც მასთან საერთოს პოულობენ“

„ჩვენი „კეთილების“ მთავარი მიზანი კრებსითი მიშას მოყვანა - იმ ბერკეტით არ ებრძვიან რუსეთს, რომლითაც მასთან საერთოს პოულობენ“

დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე, პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნება. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოიცა მთავრობის შესაბამისი დადგენილება.

დოკუმენტით ზუსტდება ის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ობიექტების ჩამონათვალშია ცესკო. არსებული ინფორმაციით რადიკალური ოპოზიცია დღის მეორე ნახევრიდან გეგმავს როგორც ცესკოს, ასევე საოლქო კომისიების ბლოკირებას.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რატომ შეიყვანა მთავრობამ ცესკოს შენობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალში და აცხადებს, რომ შესაძლოა, მთავრობას, გადაწყვეტილების მიღებისას, 2020 წლის არჩევნების შემდგომი გამოცდილებით ეხელმძღვანელა.

„გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობამ მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი მოტივები და წინაპირობა ჰქონდა იმის თაობაზე, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ. შესაძლოა, ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ეს მათ შორის ეფუძნებოდეს იმ გარემოებას, რაც წინა წლებში, განსაკუთრებით, 2020 წლის შემთხვევას თუ გავიხსენებთ, როცა გარკვეული დემონსტრაციები ხორციელდებოდა ინსტიტუციის შემოგარენში.

ასევე, თუ გავიხსენებთ იმ შედეგებს, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ იყო; ის საფრთხეები, რომელიც ზოგადად ინსტიტუციის გამართულ ფუნქციონირებას აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ალბათ, შესაბამისი გარემოებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ნებისმიერი კანონდარღვევა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, იქნება აღკვეთილი - ასეთია მთავრობის დადგენილება. ოპოზიცია რომ პროცესების რადიკალიზაციისთვის ემზადება, ამას მოწმობს რადიკალების განცხადება, რომ მზად არიან აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვის და არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ საკუთარი ნებით დათმოს ხელისუფელბა. პრემიერ-მინისტრი კი დარწმუნებულია, რომ დღეს ქუდზე კაცი გამოვა და დაფიქსირდება ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მყარ და ღირსეულ განვითარებას. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, არსებითად მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მიმართულებით.

„ვიღაცებს აქვთ მცდელობა, არჩევნებზე მოახდინონ გავლენა, შეიცვალოს ხელისუფლება. როგორც კი გადაივლის ეს ყველაფერი, მაშინვე ასეთ მცდელობებიც დასრულდება. რაც შეეხება ხალხის დამოკიდებულებას, ყველამ დაინახა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გაჭრა შანტაჟმა, არც ხალხის მიმართ, არც ხელისუფლების მიმართ, არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების მთავარი გარანტი. დარწმუნებული ვარ, ხვალ ქართველი ხალხი გამოვა, ქუდზე კაცი და დაფიქსირდება ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის მყარ და ღირსეულ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამომრჩეველს მიმართვს პრეზიდენტიც და მოუწოდებს მივიდნენ არჩევნებზე, რომლებსაც საკუთარი არჩევანის გამო არავინ დასჯით და პირობასაც აძლევს, რომ არანაირი რევანში არ იქნება. თუ რას გულისხმობს პრეზიდენტი, როდესაც ამ მძიმე შინაარსის განცხადებას აკეთებს, რასაკვირველია არ კონკრეტდება.

„ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება. მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი გახარიას განცხდებით, თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ მივა 1 მილიონი, მაშინ 60%.

„ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას. თუ ამომრჩეველი ხმას მისცემს პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ , ისინი არ დაუშვებენ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების.

ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა დავამყაროთ მშვიდობა ამ ქვეყანაში ბალანსის პოლიტიკით, რადგან ჩვენ გვენდობიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ცივსისხლიანად, გონივრულად, პრაგმატულად ესაუბროს რუსეთის ფედერაციას ქვეყნის დეოკუპაციის მიზნებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე თავს გამარჯვებულად აცხადებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია და დღეს ამის გაფორმება მოხდება. ხაზარაძის თქმით, ყველა უბანზე იქნება „ძლიერი საქართველო“ წარმოდგენილი და ერთი ხმის მითვისების საშუალებასაც არავის მისცემენ.

„არავის მივცემთ ერთი ხმის მითვისების უფლებას, რადგან ეს არჩევნები არის ისტორიული. ამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და აირჩიოს ის ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას მოემსახურება და არა ისეთი, როგორიც დღეს ჰყავს „ქართული ოცნების“ სახით, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ყველანი არჩევნებზე! ჩვენ გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ უკვე დამარცხებულია, მაგრამ ხვალ ამის გაფორმება მოხდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რადიკალებისგან განსხვავებით არჩევნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა, რომელის განცხადებით, მსოფლიო გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა ქართველ ხალხს კოლონიალური მარწუხებიდან თავის დაღწევის ისტორიული შანსი მისცა. ასეთი შანსი შესაძლოა კიდევ თაობებს აღარ ჰქონდეთ.

„ის, რომ ჩვენი ხალხი კარგად არ ცხოვრობს, დიდწილად, სწორედ, ამ კოლონიალური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც უცხოეთი ჩვენს მიმართ ატარებს. ბიძინა ივანიშვილმა ანტიკოლონიალური აჯანყება სწორედ იმ დროს გამოაცხადა, როდესაც გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მსოფლიოში მას ამის საშუალება მისცა. ამ პროცესს უპირობოდ მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგან ყველა ჩვენი უბედურების წყარო ეს არის. სხვაგვარად უხცო ქვეყნის მოსამსახურეებად დავრჩებით და ერს განვითარების შანსი არ ექნება, ეს კი ქვეყნის შემდგომ დემოგრაფიულ დაცლას და ზნეობრივ-მორალურ დაკნინებას აუცილებლად გამოიწვევს“, - წერს გოგავა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში უნდა გვესმოდეს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში მეგობრები არ არსებობენ, ჩვენი სიკეთე ჩვენს გარდა არავის სურს. ყველა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. არც ევროკავშირში და არც ნატო-ში საქართველოს მიღებას არ აპირებენ და არც არასდროს აპირებდნენ. გოგავას თქმით, ეს მხოლოდ სატყუარაა იმისთვის, რომ თავისი მიზნებისთვის გამოგვიყენონ. ირაკლი გოგავას განცხადებით, 26 ოქტომბერს ქართველ ერს სამი სიღრმისეული ამოცანა აქვს - საქართველოს მოვუპოვოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი; თავი დავაღწიოთ კოლონიალურ უღელს და შევინარჩუნოთ მშვიდობა.

„მათი რეალური მიზანი კი გამოვიდა სააშკარაოზე: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დანთებულ კოცონში ფიჩხად სჭირდებათ. გვაომეს 90-იან წლებში, 2004 წელს, 2008 წელს და ახლაც ჩვენი ომში ჩათრევა სურთ და საქართველოს ტერიტორიაზე მრავალწლიანი პარტიზანული ომის გაჩაღება. ასეთ ომს ათიათასობით ქართველი შეეწირება, ხოლო მოსახლეობის მესამედი ქვეყანას დატოვებს. აქ კი შიმშილი და არსებობისთვის ბრძოლა გაჩაღდება საძმოებით, შეიარაღებული ფორმირებებით და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შედეგად, საქართველო სახელმწიფოს დაკარგავს და მის ტერიტორიას კი გადაინაწილებენ. რეალურად ეს რისკები გვიდგას. ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად არის ეს „მეხუთე კოლონა“ დაქირავებული.

ამ ფსევდო-ლიბერალურ პარტიების კოჰორტას რომ ვუყურებთ, სწორედ ეგენი არიან კოლონიალური ადმინისტრაცია და მათი უცხოელი პატრონების ჯამაგირით და დავალებებით უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს არ ჰქონდეს თავისი გზით, სუვერენული განვითარების საშუალება. მკაფიოდ მინდა ვთქვა: ფსევდო-ლიბერალურ პარტიებს შორის არ არსებობს არც ერთი, რომლის უკან რომელიმე უცხო ქვეყანა არ იდგეს.

ეს აგენტურაა, უცხოეთის აგენტურა, რომელიც ქართველი ერის და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ დიდი ჯამაგირის სანაცვლოდ მუშაობს. თუ დღეს სისუსტეს, სიბეცეს ან სიზარმაცეს გამოვიჩენთ, ჩვენს შვილებს მუდმივი მონობა და სიდუხჭირე ელოდებათ. მორიგ ანტიკოლონიალური აჯანყებას კი ჩვენი შვილიშვილები წამოიწყებენ. მოდით, ეს ჩვენ გავაკეთოთ“, - წერს ირაკლი გოგავა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ომი არაა ჩვენი „კეთილების“ მთავარი მიზანი ახლა. მათ კრებსითი მიშას მოყვანა უნდათ და მერე მათი მართვით, ომის თუ სხვა არეულობის გაჩაღება, თუ დასჭირდებათ. იმ ბერკეტით არ ებრძვიან რუსეთს, რომელთანაც მასთან საერთოს პოულობენ, როცა სჭირდებათ. დასავლეთი ებრძვის ჩინეთის შემოსვლას კავკასიაში, რაც გამოჩნდა სალივანის განცხადებაში.

„ჩინეთის ტრანზიტის შესაჩერებლად სჭირდება შენთან არეულობა, რისი სპეციალისტიც არიან ნაცები. ამ დეტალს ვამატებ იმიტომ, რომ ბიძო-სკეპტიკების დიდ ნაწილს ახლა აქ ომის გაჩაღებაზე ლაპარაკი ბიძინას პროპაგანდა ჰგონიათ.

ჩინური ფაქტორი გასაგებს ხდის, რომ მუდმივი არეულობის მექანიზმის შექმნა უნდა დასავლეთს, რომ უკრაინის ომის დამთავრების შემდეგაც ვერ შემოვიდეს ჩინეთი კავკასიაში. ამ არჩევნებით დესტაბილიზაციის მუდმივმოქმედი მექანიზმის შექმნა უნდათ, რომლის სამართავი პულტი მათ ხელში იქნება. დასავლეთის ინტერესებში ეს მექანიზმი უფრო არის, მე მგონი, ვიდრე უკრაინის თემაზე ჩვენი მიწებება, თანაც ეგ თემა დასრულებისკენ მიდის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.