2024 წლის 26 ოქტომბრის საარჩევნო გარემო უპრეცედენტოდ მშვიდ და ყველა სხვა არჩევნებისგან განსხვავებით, საკმაოდ წყნარ ვითარებაში წარიმართა. მმართველი გუნდის თქმით, წინასაარჩევნო გარემო კონკურენტული და თავისუფალი იყო. თუმცა არ უარყოფენ ფაქტს, რომ ოპოზიცია არჩევნებსის დღეს არეულობის შემოტანას ეცდება, მაგრამ პოლიცია და სახელმწიფო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და ოპოზიციას ამის საშუალებას არ მისცემენ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ სიმშვიდე შეინარჩუნოს არა მხოლოდ არჩევნების ბოლომდე, 26 ოქტომბრის ჩათვლით, არამედ პოსტსაარჩევნო პერიოდშიც.
ოპოზიცია კი კვლავ თავის სტიქიაშია და მიუხედავად მშვიდი საარჩევნო გარემოსი, ხელისუფლებას სხვადასხვა ბარლდებებს უყენებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მათ შორის კრიმინალური წარსულის მქონე პირები ცდილობენ, პირადობის მოწმობები ჩამოართვან მოქალაქეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ არ უჭერენ.
„ჩვენ ეს მტკიცებულებები გადავეცით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ექნება ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას. ეს ადამიანები კონფიდენციალურობის დაცვით ისაუბრებენ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თქვენ ვერ შეძლებთ, რომ სამეგრელოში ტერორით წაართვათ ადგილობრივებს პირადობები, რადგან მეგრელებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ თქვენ დასრულდებით 26 ოქტომბერს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საარჩევნო კამპანია ტარდება ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რეკლამის განთავსება შეიძლება ჩვეულებრივად, არავითარი ხინჯი არ აქვს არჩევნების კონკურენტულობას. რაც შეეხება პირადობების ჩამორთმევას, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს „ფეიკი“ ოპოზიციას უკვე მოუძველდა და სჯობს უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები წარმოადგინონ.
პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშში, რომელიც პრაქტიკულად თითქმის მთლიანად წინასაარჩევნო პერიოდს მოიცავს, პოლარიზაციის გარდა, რაიმე არსებითი პრობლემა იდენტიფიცირებული არ არის.
„რა თქმა უნდა, პოლარიზაცია ვერ იქნება გამოყენებული ვერავის მხრიდან, როგორც არჩევნების არალეგიტიმურად აღიარების საფუძველი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მრავალმხრივი და კომპლექსური პრობლემა. ამაში მმართველ პარტიას ვერავინ დასდებს ბრალს. კონკურენტულობას რაც შეეხება, ხომ უნდა არსებობდეს რაღაც ხელმოსაჭიდი, რომ ვიღაცამ რეგისტრაცია ვერ გაიარა, ვიღაცას დაუბლოკეს არჩევნებში მონაწილეობა, ვიღაცას რეკლამა არ განათავსებინეს. პირიქით, ჩვენ ვართ მმართველი პარტია და დაახლოებით ხუთი საათის, კომერციული ფასის მიხედვით, ხუთი მილიონის ღირებულების რეკლამა გაგვიჩერეს ოპოზიციურ არხებზე. ვინმეს კონკურენციაში პრობლემები თუ შეექმნა ხელოვნურად, ეს არის სწორედ მმართველი პარტია, რომლის რეკლამები არ განათავსეს ოპოზიციურმა არხებმა. რაც შეეხება კონკურენტულობას, რეგისტრაცია პრობლემა არ არის, კამპანია ტარდება ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რეკლამის განთავსება შეიძლება ჩვეულებრივად, ანუ არავითარი ხინჯი არ აქვს არჩევნების კონკურენტულობას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, არ არსებობს არც ერთი მიმართულება, რაზეც ვინმემ რაიმე პრეტენზია შეიძლება წამოაყენოს.
„ახლა რჩება არჩევნების დღე. არჩევნების დღისთვის ჩვენ არსებითად შევცვალეთ კანონმდებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოვიღეთ ელექტრონული რეგისტრაციის, ხმის მიცემის და ხმის დათვლის წესი. მიდის ამომრჩეველი, ელექტრონულად გადის რეგისტრაციას, შემდეგ ელექტრონული აპარატის მეშვეობით აძლევს ხმას და შემდეგ აპარატი წამში ითვლის შედეგებს და მარტივად იბეჭდება ერთგვარი ჩეკი, საარჩევნო ოქმი, სადაც ასახულია უკვე წამში არჩევნების შედეგები. ადრე იყო გარკვეული ადამიანური შეცდომები, დისბალანსები ოქმებში და ა.შ. ესეც გამორიცხულია. სისტემა არის აწყობილი მთლიანად ისეთი, რომ საბაბსაც კი არ ტოვებს არაფერზე საუბრისთვის. დაუბალანსებელი ოქმიც კი არ იქნება. პირდაპირ ღილაკზე აჭერ თითს და ამოდის გამზადებული ოქმი, დათვლაც კი არ სჭირდება ამ შედეგებს. ესეც კი გადაზღვეული გვაქვს და ვამბობთ, რომ, კი ბატონო, ამოიბეჭდა ეს ოქმი, მაგრამ მერე აპარატიდან ამოიღებთ ამ ბიულეტენებს ფიზიკურად და ფიზიკურად გადათვლის თითოეული უბანი. აქაც კი გადაზღვეულია, რომ რაღაც არ მოხდეს, ჯერ იბეჭდება ეს წინასწარი ელექტრონული ოქმი და ამის შემდეგ ხელითაც ხდება გადათვლა, შეგიძლია ხუთჯერ გადაითვალო ნებისმიერ უბანზე არჩევნების შედეგები. იმდენად გადაზღვეულია ყველაფერი, რომ არჩევნების დღეს არაფერზე საუბრის საფუძველი არ რჩება. ხომ არ შეიძლება, ჰაერიდან რაღაც მოიტანო, წინასაარჩევნო გარემო იყო კონკურენტული, თავისუფალი, სამართლიანი, არჩევნების დღეს რისკები დაზღვეულია, ყველანაირი ადამიანური შეცდომაც კი დაზღვეულია. არ ვიცი, რანაირად შეიძლება, ვინმემ რამე სხვა დაწეროს?“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე და სტაბილური საარჩევნო გარემო, 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს „ოცნებას“ აწყობს. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ დიდი ალბათობით, დაძაუბლობა პიკს არჩევნების დღეს და მის შემდეგ მიაღწევს. თუმცა ყველაზე ნაკლებად ამაში „ოცნება“ იქნება ჩართული.
„ახლა ყველაზე მეტად მშვიდი გარემო მმართველ გუნდს აწყობს. „ოცნება“ ყველა მხრიდან გამადიდებელი შუშით დაკვირვების ქვეშ არის. ამიტომ, ლოგიკურად, საკუთარი თავის მტერი ხელისუფლება არ არის, რომ რაიმე დებოში და დაპირისპირება უნდოდეს. „ოცნება“ ახლა საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. დასავლეთიდან მას აქვს უკვე პრობლემები, არის კითხვის ნიშნები, ეჭვით უყურებენ, ამიტომ განსაკუთრებით უნდა, რომ 26 ოქტომბრის დღე ყველაზე მშვიდი იყოს. შესაბამისად, ხელისუფლებიდან რაიმე ინიციატივას არ ველი. რა თქმა უნდა, ოპოზიცია სიტუაციის მაქსიმალურად გამოყენებას შეეცდება და ამაში გასაკვირიც არაფერია. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, კი ბატონო, არ ხდება ქვების სროლა, არ დასდევენ ოპოზიციას, როგორც ეს ხდებოდა თუნდაც სააკაშვილის დროს და გვახსოვს ასეთი მძიმე ინციდენტები. ამ მხრივ ეს არჩევნები მართლაც გამორჩეულია. ოპოზიციას პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ჯერ ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. თუმცა წინ არის არჩევნების დღე და საკმაოდ მძიმე დღე იქნება, ამიტომ მოვლენები ყველანაირად შეიძლება განვითარდეს“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ დაპირისპირება არჩევნების დღეს აწყობს იმ ძალას, რომელმაც იცის, რომ ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ასეთი კი ოპოზიციაა. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ყველანაირი სახის პრვოკაციების მოწყობას ეცდება და არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ.
„რა თქმა უნდა, მძიმე დღე გველის და ეჭვი არავის ეპარება, რომ ოპოზიცია ხელოვნურად პორვოკაციების მოწყობას შეეცდება. მას საკმაოდ კარგი რესურსი აქვს ამისთვის და გამოცდილებიც არიან ამაში.
„ნაციონალებს“ მსგავს რამეებში ბადალი არ ჰყავს. ასევე ძალიან ბევრი ისეთი დამკვირვებლები ჰყავთ და პარტიული რესურსი აქვთ, რომ შესაძლოა, ხელოვნურად ვიღაცები პორვოკაციაზეც კი წამოაგონ. ეცდებიან ასევე საარჩევნო უბენებზე უცხოელი დამკვირვებლების თანდასწრებით, საკუთარი მედიების თვალწინ, დებოშის მოწყობას. მერე ამას ტელევიზია გააშუქებს და გაყიდიან ისე, როგორც საარჩევნო დარღვევას. ამიტომ ხელისუფლებას ძალინ დიდი დაკვირვება და სიფრთხილე მართებს. ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული. ამიტომ ამის საბაბი ოპოზიციას არ უნად მიეცეს. ახლა ცემა და შეხლა- შემოხლა ყველაზე მეტად მათ აწყობთ. ამით უნდათ, რომ მსხვერპლის როლში იყვნენ, რადგან მერე ეს დასავლეთის თვალში გაყიდონ ისე, თითქოს არჩევნები არ ჩატარდა თავისუფალ გარემოში. ამიტომ „ოცნება“ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს“, - ამბობს საყვრელიძე.