საპარლამენტო არჩევნებამდე ორი რადიკალურად განსხვავებული სოციოლოგიური კვლევა ქვეყნდება. „გორბის“ კვლევა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ბარიერს მხოლოდ 3 პარტია ლახავს. „ქართული ოცნება“ ხმათა 60,2%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 15,4%; „გორბის“ კვლევით 9.0% ხმას აძლევს გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას.
ამავე კვლევით ბარიერს მიღმა რჩებიან - მამუკა ხაზარაძის გაერთიანება - 3.3 %; გიორგი გახარიას პარტია - 2.9 %; იაგო ხვიჩიას „გირჩი” - 2.8 %; „ლეიბორისტული პარტია“ - 2.0 %; „პატრიოტთა ალიანსი“ „ალტ ინფო“ - 1.9 % და სხვა პარტიები - 2.5 %.
რადიკალურად განსხვავებულია „ედისონ რისერჩის“ კვლევა, რომელსაც „ფორმულა“ აქვეყნებს. გამოკითხულთა 34% „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, „ნაციონალურ მოძრაობა“ - 18%; „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 14%, „გახარია საქართველოსთვის - 11%, „ძლიერი საქართველო“ - 10%.
ამერიკული ორგანიზაცია ამბობს, რომ ბარიერს ლახავას ლეიბორისტული პარტია - 5%-ით, ხოლო ბარიერს მიღმა რჩებიან გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%; პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3% და სხვა პარტიები - 1%.
რა მიზანი აქვს არჩევნებამდე ორი დღით ადრე ამ შინაარსის კვლევების გამოქვეყნებას, ამას პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, შაბათს გავიგებთ. მისი თქმით, საქართველოში სოციოლოგია არა შესწავლის, არამედ ზემოქმედების ინსტრუმენტი გახდა, როდესაც ხალხს აჩვენებენ რამდენი ამომრჩეველია კონკრეტული პარტიის უკან, რომლის მიზანია გაუზარდონ მას ამომრჩევლების რიცხვი.
„საინტერესო ის არის, რომ „გორბის“ კვლევებში მეორე საპრიზო ადგილზე ამოტივტივდა „ახალი“, არც „ახალი“ არ უნდა იყოს მეორე ადგილზე. არ არის „ახალი“ ისე აქტიური, რომ მეორე ადგილზე იყოს. ადრე უფრო აქტიური იყო გვარამია, დარბოდა, ყვიროდა, ჩხუბობდა, იგინებოდა, იწყევლებოდა და ახლა ჩუმად არის. მელია ბუჩქებში ზის და არიან ასე. საიდან გაჩნდა ის რეიტინგი, სიმართლე გითხრათ, არ მესმის. ნაციონალები, გასაგებია, რომ ყოველთვის რეიტინგიანი იყვნენ. ჯერ ერთი, რომ ამომრჩევლის რაღაცა ჯგუფის მიერ ნაციონალების მიმართ ტრადიციული სიყვარულია და მეორე, მაგათი სიყვარულის ძირითადი გმირი ყოველი სასამართლო პროცესიდან ჩართულია პოლიტიკაში, ანუ არ ავიწყებს თავს ადამიანებს. რეიტინგს დავიწყება არ უყვარს, რეიტინგს პირიქით აქტიურობა უყვარს. ამიტომ, ჩემში ამ შედეგებში ყველაზე უფრო გაუგებარი გვარამიას გუნდის ამოტივტივებაა“, - აცხადებს საყვარელიძე.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევა არ გამოდგება რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის, თუმცა თვლის, რომ კვლევას აქვს სადაზვერვო ფუნქცია.
„ალბათ, ეს ციფრები იმითაც არის განპირობებული, რომ რეალობიდან ძალიან შორს თუ წავიდნენ, მაშინ რაღაცა ფუნქციებს ვერ შეასრულებენ. ძალიან ვერ მოიტყუებიან, რადგან ძალიან რომ მოიტყუო, სინამდვილეს უნდა გავდეს, ძალიან დიდი ტყიულის შემთხვევაში არავინ გამოგყვება. ამიტომ არის, რომ ორივე გამოკვლევა კონსტრუქციით ერთმანეთს გავს - თავში არის ოცნება და მერე იწყება გაუგებრობები და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ერთმანეთსაც ებრძვიან.
რაც შეეხება რევოლუციურ სცენარს, ალბათ, რევოლუციური სცენარი რომ მზადდებოდეს უფრო მეტი ხმები ექნებოდათ სხვებს. იმიტომ, რომ თუ რევოლუცია სჭირდებათ ე.ი. სჭირდებათ, რომ ბევრი ადამიანი აპროტესტებდეს რაღაცა მოვლენას და ამ შემთხვევაში არჩევნების შედეგებს. ბევრი ადამიანის პროტესტი თუ სჭირდებათ, მაშინ სოციოლოგიაში ამ ბევრ ადამიანს უნდა აჩვენონ, რომ ჰქონდათ შანსი და ხელისუფლებამ წაართვა.
ასეთ სურათს არ აკეთებენ „ფორმულის“ სოცილოგები. ამიტომ ვერ დავარქმევდი ამას რევვოლუციის სოციოლოგიას, თუმცა ძალიან მოსწრებული თქმაა და მახვილი თვალით დანახული მოვლენაა, ოღონდ შესაძლებლობა მეჩვენება უფრო საინტერესოდ, ვიდრე რეალობა. არის შესაძლებლობა, რომ სარევოლუციო სოციოლოგია გააკეთო? - საინტერესო იდეა არის, მაგრამ მეეჭვება, რომ ეს სოციოლოგია რევოლუციას აკეთებდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერი კვლევა შესაძლებელია წარმოადგენდეს უცხო სახელმწიფოს სადაზვერვო ინტერესებით განხორციელებულ კვლევას, რომლის ერთ-ერთი და ძირითადი ამოცანა შეიძლება იყოს პოლიტიკური დესტაბილიზაციის ინსპირირება. რაც შეეხება ამ კვლევებს და იქ გამოქვეყნებულ მონაცემებს, კუხალაშვილის შეფასებით, ალბათობის მაღალი ხარისხით, მრავალი უცხო ქვეყანა არის ჩარეული სწორედ ამ პოლიტიკური ხასიათის სადაზვერვო პროპაგანდაში, რომ საზოგადოებაზე სათანადო ზეგავლენით მიაღწიონ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას.
„ეს კვლევები პირდაპირ მიმართულია იმისაკენ, რომ სეგმენტარულად მოახდინონ საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების დემორალიზაცია და, რა თქმა უნდა, მისი მეორე მხარე არის ხელისუფლება. შესაბამისად, ძირითადად ეს კვლევები გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებსაც მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, მაგრამ არ გამოირჩევიან ამ გადაწყვეტილების სიმყარით და ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მომენტი, რომ უცხო ქვეყნებმა სიტუაცია გამოიყენონ თავისი ინტერესების სასარგებლოდ.
იმ პროცესში, რაც, სავარაუდოდ, გაწერილია უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებში, ალბათობის მაღალი ხარისხით, მას თავისი შედეგი ექნება. რამდენად წარმატებული და მასშტაბური იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ რეალურად რომ შედეგი ექნება, ეს უკვე ჩანს და ყოველ შემთხვევაში იმ დესტაბილიზაციის კერების შექმნისათვის ამ კვლევებს თავისი როლი უკვე ნათამაშევი ექნებათ არჩევნების შემდეგ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.