თურქი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მოძრაობა FETO-ს ლიდერი ფეთჰულაჰ გიულენი მისი რეზიდენციის ტერიტორიაზე, პენსილვანიაში დაკრძალეს, - იტყობინება Anadolu Agency. დაკრძალვას ესწრებოდნენ ოჯახის წევრები და მასთან დაახლოებული პირები.
გიულენი 20 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის პენსილვანიაში ცხოვრობდა. თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მის ექსტრადიციას, თუმცა ამერიკულ მხარესთან ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა.
გიულენი და ერდოღანი მოკავშირეები იყვნენ, თუმცა 2016 წელს თურქეთის პრეზიდენტმა ის და მისი მომხრეები სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაში დაადანაშაულა. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, გიულენი სათავეში ედგა 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომლის შედეგად 252 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 734 დაიჭრა.
აშშ-ში გიულენი 1999 წლიდან ცხოვრობდა. თურქეთი მის ექსტრადიციას ითხოვდა, მის მიერ დაარსებული მოძრაობა FETO კი ტერორისტულად გამოაცხადა. გიულენი ამ ბრალდებებს უარყოფდა.