„პრეზიდენტისგან დიდი კეთილშობილება იყო, ჯერ თავისი რეზიდენციის ჩვენება სანაპიროზე ბათუმში, მეორე დღეს კი თბილისში ჩავფრინდით.
პრეზიდენტს იმდენი დაცვა ჰყავს, მეც გამიზიარა. მათ უბრძანა, თვალი არ მოეშორებინათ ჩემთვის, ამიტომ სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. ისინი ყველანი ძალიან პუნქტუალურები არიან, პროფესიონალები, მათ შეიძლება დაეყრდნო, ეს მართლაც საოცარია.
კვლავ ვივახშმე პრეზიდენტთან და მის შეიარაღებულ გარემოცვასთან ერთად შესანიშნავ რესტორანში, მაგარია, როგორ ახდენენ ეს მცველები უსაფრთხოების ორგანიზებას? დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე კილომეტრში დგანან პოლიციელები, მცველები. ეს უსაფრთხოების მოქნილი სისტემაა. სანამ მისტერ პრეზიდენტს გავიცნობდი, ვფიქრობდი, რომ „როლინგ სტოუნზი“ იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა. ძალიან მომწონდა დაცვასთან ურთიერთობა. ჩემ გვერდით ყოველთვის იყო ერთი-ორი კარგი აღნაგობის შეიარაღებული მამაკაცი, რომლებიც კარს მიღებდნენ და ჩემ მაგივრად იხდიდნენ ფულს“.
გასათვალისწინებელია როდის და რა პერიოდში დაურეკა სააკაშვილმა მომხიბვლელ მასაჟისტს - 2008 წლის 9 აგვისტოს, ომი, უბედურება, სისხლი...
ცნობისთვის: როგორც დოროთი შტეინი აცხადებს, მისი მომსახურების ღირებულება ყველასთვის ერთნაირია, კერძოდკი, 1 საათი - 150 აშშ დოლარი, 1 საათი 22:00 საათის შემდეგ - 200 აშშ დოლარი, შუაღამის შემდეგ 1 საათი - 250 აშშ დოლარი, 02:00 საათის შემდეგ ერთი საათი - 300 აშშდოლარი, 04:00-დან 06:00 საათის შუალედში ერთი საათი - 350 აშშდოლარი. გასათვალისწინებელია, როდის გვესტუმრა გერმანელ-ამერიკელი ლამაზმანი, რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში.
სოფიო გ. იხსენებს: ...როცა დააპატიმრეს, წაიყვანეს ბინაში ჩხრეკაზე. ისე იქცეოდნენ, თითქოს სიკეთს აკეთებდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, მასხარად გვიგდებდნენ და ვიღაცეებს ურეკავდნენ - იცი, ბიჭო, კაპიტანი დავიჭირეთო.
რამაზის საკმაოდ ძვირადღირებული საათი სოდ-ის იმდროინდელმა უფროსმა აიღო და დაცინვით მიმართა: „გიყვარს, ბიჭო, კარგი ცხოვრება?“ და მას შემდეგ ის საათი აღარ მინახავს. სხვა ნივთები, რაც მოეწონათ, წაიღეს. შემდეგ ჩემი ხელჩანთა გადმოატრიალეს და ბოლო თეთრამდე წაიღეს, რაც მქონდა. რას შვრებით, მგზავრობის ფული მაინც დამიტოვეთ-მეთქი, ვუთხარი. „ფულის მეტი რა გაქვს, დაახურდავე და გექნებაო“ - მიპასუხეს. ამის შემდეგ წაგვიყვანეს სოდ-ის შენობაში დაკითხვაზე. მე უფროსის კაბინეტში შემიყვანეს დაკითხვაზე, იქ გამომიცხადეს, რომ მიმეტანა 200 ათასი დოლარი და ჩემს მეუღლეს გამატანდნენ სახლში. გაკვირვებულმა ვუთხარი, საიდან მოვიტანო ამდენი ფული-მეთქი. მაშინ, 100 ათასი გადაიხადე და ერთ წელზე მეტს არ მივუსჯითო. ამ დროს კი, ჩემს მეუღლეს ემუქრებოდნენ, რომ მოეწერა ხელი და ეღიარებინა, თორემ მეც დამიჭერდნენ და შვილი, რომელსაც ველოდებოდი, ციხეში დაიბადებოდა“.
უბედურება, სისხლი და...
გაზეთი Hurriet. 2009 წლის 26 აპრილი: „საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 25 აპრილს 4 დღით დასასვენებლად ბოდრუმ-მილას აეროპორტში დღისით გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩამოფრინდა. აეროპორტში მყოფ ჟურნალისტებს ფოტოების და ვიდეოს გადაღების უფლება არ მისცეს. სააკაშვილის თვითმფრინავიდან 15 ჩემოდანი ჩამოტვირთეს. საქართველოს პრეზიდენტმა "ვი-აი-პი" გასასვლელით არ ისარგებლა და მისი ესკორტი, რომელიც 6 მანქანისგან შედგებოდა ბოდრუმის სასტუმრო "მარმარასკენ" (Marmara Hotel) გაემართა. ბოდრუმში 4-დღიან არდადეგებზე სააკაშვილი 8 თანმხლებ პირთან ერთად ჩამოვიდა, მათ შორის გახლდათ მისი პირადი მდივანიც. პრესას, რომელიც შეეცადა აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე სააკაშვილის ესკორტს უკან გაჰყოლოდა, გზა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გადაუღობეს.
დასვენების დროს საქართველოს პრეზიდენტს იზმირის საპატიო კონსული უმასპინძლებს. ის სპეციალური იახტით კუნძულებზე (Orak Island, Cedar Island) გაეგზავრება, სადაც, დროს იქ მიმდინარე დღესასწაულზე გაატარებს. პრეზიდენტი ბოდრუმს დასასვენებლად ბოლოს 2007 წლის 23 ივნისს ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტი ბოდრუმში "მარმარა ჰოტელში" გაჩერდა, სადაც ის გარკვეულ დროს აუზთან ატარებს და ირუჯება. ლურჯ შორტებში, თეთრ მაისურსა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი საქართველოს პრეზიდენტი ბოდრუმის ციხე-სიმაგრის ხედით ტკბება, კითხულობს ჟურნალ-გაზეთებს, ბევრ საუბრობს ტელეფონზე, სვამს ფორთოხლის წვენს და სასტუმროს გერმანელი და დანიელი ტურისტების ბავშვებს ეკონტაქტება“.
სააკაშვილის კომენტარი: ”სხვათა შორის საეჭვოდ დაინტერესდა ბევრი თურქეთში რატომ გამოვიარე ამას წინათ და მინდა გითხრათ, ერთ-ერთი მიზეზი რისთვისაც მე და ლევან ვარშალომიძე ვიყავით, არის ის, რომ ჩვენ ვიყავით სასათბურე მეურნეობების სანახავად, ახალი ტექნოლოგიების სანახავად, რომელიც უახლოეს თვეებში ჩამოგვაქვს. დაისვა კითხვა რას აკეთებს ვარშალომიძე-სააკაშვილი თურქეთში, ემირატებში და ა.შ. მაგრამ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ სიარულს, მაინც გავაგრძელებთ მოძიებას, მაინც გავაგრძელებთ ხალხთან ურთიერთობას”.
რაღა ბევრი გავაგრძელო? წლები გადიოდა და ყველასთვის ყველაფერი ხდებოდა ცნობილი. ჩვენ ხშირად ვამბობთ: „9 წელიწადი“, მაგრამ გვავიწყდება მეათე წელი, 2013, რომლის განმავლობაშიც სააკაშვილმა 112 დღე გაატარა მივლინებაში, ზურგს და ჯიბეს კი საკუთარი, 2011 წლის 14 წელს გამოცემული ბრძანებულება უმაგრებდა: „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის #231 ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული #3 დანართის შენიშვნების მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 900 აშშ დოლარის ექვივალენტი შესაბამისი ვალუტით“.
2013 წელს მიხეილ სააკაშვილი 112 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა მივლინებაში, საიდანაც დღიური ნორმა აღებული აქვს 106 დღისთვის – სულ დაახლოებით 87 500 დოლარი. აღნიშნული თანხიდან მხოლოდ 5300 დოლარი შეადგენს განსაზღვრულ ნორმას კონკრეტული ქვეყნის შესაბამისად, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 82 200 დოლარი, ყოფილმა პრეზიდენტმა აიღო მივლინების სადღეღამისო ნორმის დანამატის სახით. სადღეღამისო ხარჯი არ იბეგრებოდა და არ აისახებოდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში. მივლინებების დროს გამოყოფილი სადღეღამისო ხარჯი დარიცხვის ნაცვლად გაიცემოდა ხელზე.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევა: „ქვეყნის ბიუჯეტის მიზანმიმართულ განკარგვასთან დაკავშირებით კითხვები ოფიციალური ვიზიტების დროს გაწეული სასტუმროს ხარჯების შემთხვევაშიც ჩნდება. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არა იმდენად თავად ნომრების საფასური, რამდენადაც გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდი ოდენობა.
2013 წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტების ფარგლებში სასტუმროსთვის გადახდილმა თანხებმა ჯამში შეადგინა დაახლოებით 362 000 დოლარი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, დაახლოებით 43 300 დოლარი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს პრეზიდენტის სასტუმროში განთავსება აშშ-ში ცხრა დღიანი ვიზიტის მანძილზე.
აშშ-ს ვიზიტის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული ნომერი რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გაჩერდა იყო სასტუმრო Peninsula New York-ში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ერთ ღამეში 3500 დოლარი გადაიხადა. სულ 2013 წლის 28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სასტუმროში გადახდილია 10 500 დოლარი. აღნიშნულ თანხაში შედის ორი ღამის საფასური (2 X 3500 დოლარი) და ნომრიდან დაგვიანებით გამოსვლის საფასური (3500 დოლარი).
როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, აშშ-ში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილი მეორედაც გაჩერდა იმავე სასტუმროში, 2013 წლის 2 მაისს, და ერთ ნომერში გადაიხადა 950 დოლარი. ამას გარდა Peninsula New York-ში ჯამში 2521,26 დოლარი იქნა გადახდილი – გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. სულ სასტუმროში Peninsula New York-ში ორი გაჩერებისას – 28-30 აპრილსა და 2-3 მაისს – პრეზიდენტმა გადაიხადა 15 721.26 დოლარი, შეხვედრების ოთახის ხარჯების ჩათვლით.
მთლიანობაში, აშშ-ში 9-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მხოლოდ სასტუმროს ნომრებში გადახდილი თანხა მერყეობს 950 დოლარიდან 3500 დოლარამდე, ხოლო საშუალო თანხა დაახლოებით 2400 დოლარია. შესაბამისად, 10 ღამისთვის სასტუმროს ხარჯები დაახლოებით 23 500 დოლარი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ნომრიდან გვიან გასვლის საფასურისა და სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდი რაოდენობის გამო მთლიანობაში გადახდილია 43 804.74 დოლარი – თითქმის ორჯერ მეტი. განსაკუთრებით საინტერესოა ქ. სედონას Enchantment Resort-ის შემთხვევა, სადაც 25 აპრილიდან 27 აპრილამდე ოთახის ხარჯმა შეადგინა 2 328,94 დოლარი, ხოლო დამატებითმა გადასახადებმა 4,25-ჯერ მეტი – 9 899,35 დოლარი“.
იმავე კვლევიდან: „2013 წლის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი ხუთჯერ იმყოფებოდა ვიზიტით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. IDFI-მ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ორი ყველაზე ძვირადღირებული ვიზიტის შესახებ, რომლებიც შედგა 26-27 მაისსა და 20-24 ივლისს. აღნიშნული ვიზიტებისას ქვეყნის ყოფილი პირველი პირი გაჩერდა სასტუმრო „One and Only Royal Mirage Jumeira Beach“-ში.
2013 წლის 26-27 მაისის ვიზიტი დუბაიში სახელმწიფო ბიუჯეტს სულ დაახლოებით 33 000 დოლარი დაუჯდა. ორი ღამის საფასურმა „One and Only Royal Mirage Jumeira Beach“-ში შეადგინა 7 000-მდე დოლარი.
რაც შეეხება დუბაიში 2013 წლის ივლისის ვიზიტს, მისმა მთლიანმა ხარჯმა დაახლოებით 25 000 დოლარი შეადგინა, საიდანაც სასტუმროს ხარჯები იყო დაახლოებით 12 500 დოლარი. აღნიშნულ თანხაში 2 ღამის საფასურის გარდა შედის 4 000 დოლარი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის და 2 800 დოლარი ნომრიდან გვიან გამოსვლისთვის.
დუბაიში ვიზიტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირით გაემგზავრა სინგაპურში, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 41 000 დოლარი.
სინგაპურში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი ორ სხვადასხვა სასტუმროში გაჩერდა – „Marina Bay Sands Singapore“-სა და „Mandarin Oriental Singapore“-ში. „Marina Bay Sands Singapore“-ში ნომრის ერთი ღამის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 3000 დოლარი გადასახადების ჩათვლით. ამას გარდა დაახლოებით 2400 დოლარი გადაიხადა ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულ სასტუმროში გაუთვალისწინებელი ხარჯების სახით. რაც შეეხება „Mandarin Oriental Singapore“-ს, ერთ ღამეში ქვეყნის პირველმა პირმა გადაიხადა დაახლოებით 2500 დოლარი გადასახადების ჩათვლით, ხოლო გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა დამატებით 2100 დოლარი შეადგინა. სულ სინგაპურში ყოფნისას სასტუმროში განთავსება დაახლოებით 21 300 დოლარი დაჯდა.
რომში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი სარგებლობდა „Jumeirah Grand Hotel Via Veneto“-ს მომსახურებით, სადაც 15-16 ივნისის სტუმრობისას პრეზიდენტმა გადაიხადა 7 000 დოლარი. აღნიშნული თანხიდან ოთახის ხარჯმა შეადგინა 900 დოლარი, დამატებით 3 500 დოლარი იქნა გადახდილი სასტუმროს პაკეტისთვის, ხოლო 1900 დოლარი დაემატა ოთახიდან გვიან გასვლისთვის.
ავსტრიაში ყოფილი პრეზიდენტის ერთდღიანი ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხულია დაახლოებით 11200 დოლარი, საიდანაც სასტუმროს ხარჯებმა შეადგინა 6200 დოლარი. ერთ ღამეში სასტუმრო „Hotel Sacher Wien“-ში გაჩერებაში ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა გადაიხადა დაახლოებით 4100 დოლარი, ხოლო დამატებით 2100 დოლარი შეადგინა ნომრიდან გვიან გასვლის ხარჯმა.
რაც შეეხება საბერძნეთში ვიზიტს, მისი მთლიანი ხარჯი იყო დაახლოებით 9500 დოლარი. საბერძნეთში ორი ღამით გასაჩერებლად ქვეყნის ყოფილმა პირველმა პირმა სასტუმრო „Divani Apollon Palace & SPA“ აირჩია, რომლის მთლიანმა ღირებულებამაც 3200 დოლარამდე შეადგინა.
2013 წლის ზემოთ მოყვანილი 7 ვიზიტის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ თუკი სასტუმროს ნომრის ხარჯი შეადგენდა დაახლოებით 61 000 დოლარს, გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ნომრიდან გვიან გამოსვლის საფასური კიდევ დამატებით 39 000 დოლარი იყო. სხვა სიტყვებით, აღნიშნული ვიზიტების შემთხვევაში სასტუმროს ნომრის ღირებულების 64% დამატებით იქნა გადახდილი“.
შევეშვათ წინა წლებს და მხოლოდ 2013 წლისა ვთქვათ. ამ წელს სააკაშვილს ქონდა 41 ვიზიტი, დახარჯა მილიონნახევარზე, მეტი, მაგრამ არც მისი ქვემდებარე-შემასმენლები ისხდნენ გულხელდაკრეფილნი. 2013 წელს ლელა კილაძის მივლინებებში ჩვენ, გადასახადის გადამხდელებმა, დავხარჯეთ 1970 ლარი, მანანა მანჯგალაძის ვოიაჟებში - 3800 ლარი, ალანა გაგლოევას „არვიცირაში“ – 4132 ლარი, ნინო კალანდაძის სიამოვნებაში - 9999 ლარი, ნათია ბანძელაძის გავლა-გამოვლაში - 20192 ლარი, ანდრო ბარნოვის მიდი-მოდიში - 28000 ლარი.
რა გასაკვირია, რომ სააკაშვილს მუდამ თან ახლდა პროტოკოლის სამსახურის უფროსი და უსაყვარლესი თანაშემწე, ზურაბ დარჩიაშვილი, რომლის მოგზაურობებისთვისაც იმ ადამიანებმა, რომლებსაც პირიდან უკანასკნელ ლუკმას აცლიდნენ, ასახიჩრებდნენ და უნგრევდნენ ცხოვრებას, საერთო ჯამში, მხოლოდ 2013 წელს, თითქმის 174 ათასი ლარი გაიღეს.
და ეს ყველაფერი მხოლოდ 2013 წლის ათ თვეში. ადვილი წარმოსადგენი, მაგრამ რთულად გასააზრებელია, თუ რა იქნებოდა წინა წლებში
თვე არ გავიდოდა, რომ არ გავრცელებულიყო ოფიციალური ინფორმაცია: სააკაშვილი მონაწილეობას იღებს ფორუმში, სემინარში, კონფერენციაში, სამიტში... თუმცა, სინამდვილეში, გადადიოდა სასტუმროდან სასტუმროში, რესტორნიდან რესტორანში, ბუტიკიდან ბუტიკში. რამდენჯერმე, ასევე ოფიციალურად ითქვა, რომ სააკაშვილი მონაწილეობას იღებდა პერუს, კოსტა-რიკის, ეკვადორის, არგენტინის და სხვა ეგზოტიკური ქვეყნების ახლადარჩეული პრეზიდენტების ინაუგურაციაში. იქვე ამაყად იყო მითითებული, რომ მსოფლიო სახელმწიფოების პირველი პირებიდან მხოლოდ გიული ალასანიას ბიჭი იყო დაპატიჟებული, რაც, რა თქმა უნდა, აღარავის ჯეროდა, რადგან ეს უკვე აღარ იყო არც 2003, არც 2004 და არც 2005.
და რაზეა საუბარი, რომ მას უკვე აღარც თავისი ხელის ბიჭები, მსხვილ-მსხვილი თუ წვრილი და საშუალო ნაციონალები ჩამოუვარდებოდნენ. ასეთი შემთხვევაც იყო, რომ ერთ-ერთი მინისტრი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში კონფერენციაზე გაემგზავრა, მაგრამ თავი სხვა ქვეყნის საკურორტო ქალაქში ამოყო, სადაც საკუთარი კოლექციისთვის ძვირფასი ნივთი ქონდა შეკვეთილი.
გიგი უგულავამ რამდენჯერმე იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლას-ვეგასში, როგორც თვითონ ამბობდა - ნაგვის გადამამუშავებელი ტექნიკის დასათვალიერებლად.
და კიდევ რამდენი, რაც ყველამ ვიცით, მაგრამ აღარ გვახსოვს და კიდევ რამდენი, რაც ჯერ არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ბოლოს მაინც არაფერი იმალება.
აი, ასეთი ამბები, ფაქტები და მოვლენები, ციფრები და დასკვნები, მაგრამ გეუბნებათ რამეს სიტყვა „ფხუკეთი?“ ალბათ - არაფერს. ცხრუკვეთი არის სოფელი ჭიათურაში, ხოლო ფხუკეთი ტაილანდის უძვირესი კურორტია.
სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ხარჯების ამსახველი დოკუმენტების მიხედვით, სააკაშვილის ტაილანდის კურორტ ფხუკეთში დასვენებისთვის თანხა ბიუჯეტიდან დაიხარჯა. სააკაშვილმა და მისმა სტუმრებმა – მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და პრეზიდენტის მრჩეველმა რაფაელ გლუქსმანმა ორი ღამე გაატარეს ფხუკეთის სასტუმრო “Amanpuri”-ში, სადაც სამხრეთ კორეიდან ჩავიდნენ. სამხრეთ კორეაშიკი, ჩავიდნენ მიუნხენიდან.
სასტუმროს მომსახურების ხარჯებისთვის სააკაშვილის სახელზე რამდენიმე ინვოისი გამოიწერა ერთი და იგივე თარიღებით (2012 წლის 22 მარტიდან 24 მარტამდე) და, საერთო ჯამში, გადახდილია 60 542 ლარი.
უკვე ვიცით, რა არის ფხუკეთი. ახლა, რაფაელ გლუქსმანი გავიცნოთ.
გაზეთ „კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებული ხათუნა ელბაქიძის მასალა სათაურით - „ვის უხდიდა სააკაშვილი დაბადების დღეებს 200-მილიონიან იახტაზე და რა სკანდალები შეიტყო „ქრონიკამ?" გლუქსმანს გვაცნობს. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, პირველი, ვისაც „სწრაფზე" დაბადების დღე გადაუხადა, სააკაშვილის მრჩეველი, რაფაელ გლუქსმანი იყო.
„შეგახსენებთ, გლუქსმანი საააკაშვილის კარზე 2008 წელს გამოჩნდა, ის საფრანგეთის ექსპრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეგობრის, ცნობილი ფილოსოფოსის. ანდრე გლუქსმანის შვილია და სააკაშვილს სწორედ სარკოზის წყალობით დაუახლოვდა. რაფაელ გლუქსმანი პარალელურად უშიშროების საბჭოს კონსულტანტად მუშაობდა. საქართველოს ხელისუფლებაში მისი დასაქმების იდეა გიგა ბოკერიას ეკუთვნის. რაფაელ გლუქსმანი ბოლოს ჩვენი სიძეც გახდა, ცოლად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძე შეირთო. სააკაშვილის, გლუქსმანისა და ზღულაძის გარდა, „სწრაფზე" იყვენენ გიგა ბოკერია, ბათუ ქუთელია, სოფო ნიჟარაძე, ალანა გაგლოევა, ვანო მერაბიშვილი და მისი მეუღლე თაკო სალაყაია, ამირან მესხელი, დავით კეზერაშვილი, თემურ ჯანაშია, ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები... ეს ის დათა ახალაიაა, საქართველოს უსაფრთხოების მთავარ სამსახურს -კუდ-ს რომ თავკაცობდა 7 წლის განმავლობაში და სააკაშვილმა ამას წინათ რომ განაცხადა, სულ სამჯერ მყავს ნანახიო. ერთ-ერთი მათი შეხვედრა, ეტყობა, „სწრაფზე" შედგა და ისიც შემთხვევით - ბაჩო ახალაიამ ძმა, ალბათ, „ჩანგალზე" წაიყვანა.
რაფაელ გლუქსმანის დაბადების დღეზე სულ 30 კაცი იყო მიწვეული. ვინც ჩამოგითვალეთ, წყარომ მათ გარდა, სხვების დადგენა ვერ მოახერხა. ეს დაბადების დღე ორ დღეს გაგრძელდა. ერთ დღეს ხომ იახტაზე მოულხინეს, შემდეგ, სააკაშვილის ბრძანებით, იახტა საბერძნეთს ეახლა თავისი კომპანიით და ერთი დღეც კუნძლ როდოსზე გაატარეს. ამის შემდეგ ნაგრიალები კომპანია საქართველოში დაბრუნდა და საქვეყნო და სახალხო საქმეების „კეთება" განაგრძო. სხვათაშორის, ეს ის რაფაელ გლუქსმანია, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის" დირექტორს, გიორგი არველაძეს „მოდელირებული ქრონიკის" გაკეთება შესთავაზა. არველაძემაც დაუჯერა გლუქსმანს, გააკეთა ეგ „მოდელირებული ქრონიკა" და კი გეხსომებათ, ახალგორში, ცხინვალსა და გალში მდგარი რუსეთის ჯარები კინაღამ რომ დაიძრნენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ - მზადყოფნა N1 ჰქონდათ გამოცხადებული და ბოლო მომენტში მიაწოდეს რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარის ნაწილები, ბრძანების გარეშე, თბილისისკენ არ მოიწევდნენ. აბა, ამისთანა კაცს იახტაზე უნდა გადაუხადო დაბადების დღე, სხვაგან როგორ ეკადრება?“
რაც შეეხება ნაციონალ-სააკაშვილის იახტის დასახელებას - „სწრაფი“ - ეს სახელი ჟიულ ვერნის ერთ-ერთ რომანში მეკობრეების გემს ქვია. გემი ჩაიძირა, მაგრამ გადარჩა 5 მეკობრე, რომლებიც კიდევ დიდხანს ატერორებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.
ნაციონალებს უყვარდათ სიმბოლოები.
რამდენიმე ეპიზოდი ყაჩაღთა ცხოვრებიდან
რა თქმა უნდა, შლოპანცების ადგილი კვერცხებზეა, შადრევანი იმისია, რომ ხან იქ დადგამ და ხანი იქით გადაიტან, პრომეთე-ამირანის ქანდაკებას ხან ერთგან მიაჯაჭვავ და ხან მეორეგან, ან იმას რა ჯობს, ხიდის გახსნისას, ლენტს რომ ჭრი და რომ იცი, გათენდება თუ არა, ხიდის დანგრევას დაიწყებენ, ან იმას რა ჯობს, ქუჩაზე ქვაფენილს რომ დააგებ, მერე აყრი, ასფალტს გადააგებ, ის ასფალტი მალევე აიყრება, ისევ დააგებ, ისევ აიყრება... მაგრამ ყველაზე მაგარი გრძნობა ის არის, ჯერ ახლადგახსნილ აეროპორტს ქარი სახურავს რომ გადახდის და მერე ახლადგახსნილ პარლამენტში წყალი რომ ჩამოვა! რა ჯობს იმის ცქერას, როგორ ასხამს სოფლის მეურნეობის მინისტრი, პეტრე ცისკარიშვილი კანალიზაციის ორმოში მირონივით ღვინოს! რა ჯობს ჰოლანდიელი რძლის მშობლებისთვის აგარაკის აშენებას! როგორი სასიამოვნო მოსასმენია, როცა განათლების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, სკოლების დირექტორებს მათი გადახსნილი ვენებიდან სისხლის დალევას პირდება და რა ტკბილია, როცა მინისტრები და მათი მოადგილეები ფარული მიყურადების აპარატებით დარბიან.
ო, რა ტკბილი ხარ, ჩემი სამშობლოს ცხრაწლიანო რეალობავ!
ო, რა რომანტიულია, იდგე ამერიკის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, სახელი რომლისაც არს აკონკაგუა, გერქვას გია-პადოშა, გვარად იყო თორთლაძე და ამაყი თრთოლვით იქიდან ითხოვდე ოკუპირებულის დეოკუპაციას.
ტკბილი, რომანტიული ეპოქის დროინდელი მედიის ერთი, მცირე ნაწილი ბოროტად ხაოდა:
- „ჭოპორტში ერთი პატარა ხელოვნური წყალსაცავია, რომელიც სასმელი წყლის ბუნებრივ ფილტრაციას ახდენს. თბილისის მოსახლეობა სასმელი წყლით სწორედ ამ მაგისტრალიდან მარაგდება. ამ ტერიტორიაზე თიბვა და ფეხის დადგმაც კი აკრძალულია. პარლამენტარ ბესო ჯუღელის სახლი კი სოფელ ჭოპორტში სწორედ აკრძალულ ზონაში მდებარეობს. ჯუღელმა სახლი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს აიშენა. „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემდეგ კი ჯუღელის მეზობლად ორი სახლი აშენდა, რომელთაგან ერთი პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძას - თემურ ალასანიას, ხოლო მეორე პირველი ლედის, სანდრა რულოვსის, მშობლებს ეკუთვნით. აღნიშნული სახლები სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა ააშენა, მას შემდეგ, რაც ჯუღელის სახლის კანონიერების საკითხზე უკვე არსებობდა დავა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუღელმა სანამ სააკაშვილს „გაუნაწყენდებოდა“ და იტალიაში გაიქცეოდა, ძირძველი ქართული სოფლის სახელწოდება ჭოპორტი ძველმოდურად მიიჩნია და „მშვენიერა“ უწოდა“.
- „დილით დამირეკეს მეც და ყველა ჟურნალისტსაც და გვთხოვეს, რომ გამგეობის წინ შევკრებილიყავით, არ ვიცოდით სად მივყავდით, პეტრე ცისკარიშვილი სულ რამოდენიმე დღის გადაყვანილი იყო მინისტრის მოადგილედ. მოკლედ ეს ხელისუფლების წარმომადგენლები რაღაც ჯგუფი ჩვენთან ერთად შეცვივდა ბადაგონი ღვინის ქარხანაში ეს სასოწარკვეთილი თანამშრომლები კივიან არ შეიძლება ასე სიარული რა ხდებაო? ამათ დაიწყეს კასრებს შორის სიარული, არ ვიცი ეძებდნენ თუ არა დანიშნულ კასრს მაგრამ, რაც მე ვნახე, იქ არ ყოფილა არავითარი არც ექსპერტის დასკვნა არც ვინმე ვინც ღვინის სინჯს შეამოწმებდა, ერთ კასრიდან მოუშვეს ღვინო და ოპერატორები სანამ კადრებს იღებდნენ, ღვრიდნენ კანალიზაციაში... მაგრამ ეს იყო, იცი, რა ღვინო? უმაღლესი ხარისხის საფერავი, მახსოვს, ჟურნალისტებს ისე შეგვეცოდა გადასაღვრელად, რომ ჭიქით ვიღებდით“.
(გაგრძელება იქნება)