საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ეკონომიკას საფრთხე ემუქრება. უკრაინის პოლიტიკა ეკონომიკასაც ჩაითრევს. რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე?
კიევში დაძაბულობა პიკს აღწევს და ამ დროს უკრაინაში პურის ფასი, საშუალოდ, 2,4-3,2%-ით გაიზარდა. პურზე ფასის ზრდას ანალიტიკოსები დანახარჯების ზრდას უკავშირებენ, უფრო კონკრეტულად კი ნედლეულისა და ენერგომატარებლებზე ფასების აწევას. ქვეყნის მასშტაბით მომუშავე ზოგიერთი საწარმო წაგებაზეც კი მუშაობდა და ამიტომაც ივნისში ფქვილის ფასების გაიაფებამ, ზოგადად პურის ფასზე გავლენა ვერ მოახდინა.
2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინაში მაღალი ხარისხის ფქვილისაგან მომზადებული პურის ფასი კილოზე 5,97 გრინვას შეადგენდა, რაც 2,8%-ით მეტია 2012 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
პირველი ხარისხის ფქვილისაგან დამზადებული პურის ღირებულება კილოზე 5,09 გრინვა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ხარისხის ფურზე ფასი 2,74%-ით იყო გაზრდილი. რაც შეეხება საშუალო ხარისხის ფქვილისაგან დამზადებული პურის ღირებულებას ის ერთ წელიწადში 3,2%-ით გაიზარდა და 5,1 გრინვა შეადგინა.
პროდუქტებზე ფასების ზრდა ქვეყანაში სულ უფრო შესამჩნევი ხდება. პოლიტიკური არეულობა სამომხმარებლო ბაზარზე დიდ გავლენას ახდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მუდმივი დაძაბულობისა, უკრაინული გრივნა თავს მყარად გრძნობს და მისი გაუფასურების ნიშნები არ ჩანს.
მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციები ეკონომიკურ საფრთხეებს უკვე თვალნათლივ ხედავენ. მაგალითად, სააგენტო FITCH-ი, უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, ქვეყნის ეკონომიკისთვის რისკებს ამჩნევს. როგორც გავლენიანი სააგენტოს ანალიტიკოსები აცხადებენ, რაც დიდხანს გაგრძელდება აქციები, მით მეტი რისკია უკრაინიდან კაპიტალის გადინებისთვის, რეზერვების შემცირების და სავალუტო კურსის რყევისთვის.
ცოტა ხნის წინ FITCH-მა კიევს საკრედიტო რეიტინგი უკვე გაუუარესა. მას შემდეგ უკრაინაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, შესაბამისად, ეკონომიკური პერსპექტივები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.
ეს ყველაფერი საქარველოსთვისაც არასახარბიელოა და არახელსაყრელია. უკრაინა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პარნიორია და ექსპორტის-იმპორტის მონაცემების მიხედვით მუდმივად მოწინავე სამეულშია. რა ელის საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს თუკი კიევში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა?
ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ნეგატიური ეკონომიკური გავლენა, რა თქმა უნდა, იქნება - ექსპორტსაც გაუჭირდება და იმპორტიც შეზღუდული იქნება.
„უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობებს მეტი მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც რუსული ბაზარი ნაკლებად სანდოა და თანაც არც ისე მრავალფეროვანია, როგორი ეკონომიკური კავშირებიც უკრაინასთან გაგვაჩნია. შესაბამისად, უნდა ვივრაუდოთ, რომ ექსპორტსაც გაუჭირდება და იმპორტიც შიეზღუდება”, - ამბობს ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია კი აღნიშნავს, რომ რუსეთის ემბარგოს შემდეგ უკრაინა ჩვენთვის დიდი ბაზარი გახდა. ახლა კი ყველაფერი საფთხის წინაშეა.
„ეს იყო უზარმაზარი ბაზარი და დღესაც ქართული პროდუქციის გასაღების კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ ახლა იმ სიტუაციაში ვართ, როდესაც არ გვაქვს გარანტია, რუსეთი მომავალში ემბარგოს ისევ დაგვიწესებს თუ არა. აქედან გამომდინარე, მეორე მნიშვნელოვანი ბაზრის დაკარგვა, ჩვენთვის კატასტროფა იქნება.
თუ უკრაინა საბოლოოდ ევრაზიული კავშირისკენ შებრუნდა, მაშინ, რა თქმა უნდა, მათ ერთიანი საგარეო, უსაფრთხოების და საბაჟო ეკონომიკური პოლიტიკა იქნებათ და უკრაინას რომც არ უნდოდეს, ერთიანი კავშირის პირობებში ერთიანი კანონებით იმომედებს. ეს კი საქართველოსთან ურთიერთობების თავისთავად შეზღუდვას გამოიწვევს“, - ამბობს კაკაჩია.