20 ოქტომბერს დედაქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის თავყრილობა გაიმართა. პარტ-აქტივი, NGO-ბი და ქართველი ტურისტები შეადგენდნენ ხალხის მასას. ეს უკანასკნელნი, ტურისტები, არიან ისინი, ვისაც დასავლეთის ქვეყნები, მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში აქვთ დათვალიერებული. ნანახი აქვთ ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, განსაკუთერებით ღამის კლუბები და სავაჭრო ცენტრები. ვგულისხმობ მათ უმრავლესობას. ამ ტურისტული შთაბეჭდილებებით სამშობლოში დაბრუნებულნი, შინაგანი განცდითა და შთაბეჭდილებებით, ტურისტებადვე რჩებიან. ამ ტურისტული შთაბეჭდილებებით აკეთებენ (ქვეყნისათვის ურთულეს ისტორიულ დროს) პოლიტიკურ არჩევანს. ასევე ქვეყანაში გვყავს ვირტუალური ტურისტები, რომელთაც ინტერნეტის მეშვეობით „იციან“ დასავლეთის შესახებ და ისეთებიც, ვისაც ყური მოუკრავს დედამიწაზე არსებულ „სამოთხეზე“. რამდენად სერიოზული და პასუხისმგებლიანი მიდგომაა ეს, იმ ქვეყნის მოქალაქისათვის, რომელსაც დანაწევრებული აქვს ესავე ქვეყანა? გასაგებია, რომ ყველას უნდა კარგი ცხოვრება. ეს ბუნებრივიც არის, რადგან სამომხმარებლო კულტურაა გაბატონებული, მაგრამ შენს გარშემო არსებული სინამდვილე უნდა შეაფასო და ამ შეფასებამ გიკარნახოს არჩევანი. შეფასება კი, რა თქმა უნდა, არსებულ სინამდვილეს უნდა ემთხვეოდეს. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს არ არის ადვილი. ის რაოდენობა ხალხისა, რაც თავისუფლებაზე იდგა, ჩემი შეფასებით, კარგი ცხოვრების სურვილმა გაიყვანა დიდწილად. გასაოცარია, რომ პოლიტიკურ აქციაზე, პრეზიდენტის გარდა არც ერთი პოლიტიკოსი არ გამოჩენილა. როგორც ჩანს, მათი განვლილი ცხოვრება ჩრდილს მიაყენებდა, ხალხისათვის კარგი ცხოვრების დაუფლების ოცნებას. მათ ვერ გაბედეს გამოჩენა და არანაკლებ უარყოფითი რეპუტაციის მატარებელ პრეზიდენტს მიანდეს წინამძღოლობა. პოლიტიკოსები და მათი რეპუტაცია იქით იყოს. ჩემთვის, როგორც სოციოლოგისათვის, ჩემი თანამემამულეების რწმენა-წარმოდგენები და ქცევა-სურვილებია საინტერესო. რას ვერ ხედავენ ისინი და რატომ არიან ამ კარგი ცხოვრების დანაპირებს გამოდევნებულნი? პროპაგანდისა და მანიპულაციის ზემოქმედებასთან ხომ არ უნდა გვქონდეს საქმე? ვისგან შეიძლება ამაზე, რომ მივიღოთ განმარტება? ალბათ იმისგან, ვინც ნომერ პირველ მანიპულატორად ითვლება მსოფლიოში! თქვენ გამოიცანით, ეს არის ედვარდ ბერნეისი. კაცი, რომელმაც გეცაფი სიტყვა „პროპაგანდა“, უწყინარ სიტყვათა შეთანხმებად (Public Relation, PR-ად) გარდაქმნა.
ცნობისათვის მკითხველს ვეტყვი, რომ ბერნეისი, ფსიქოანალიზის ფუძემდებლის ზიგმუნდ ფროიდის დის შვილი გახლდათ. მან წიგნიც გამოსცა, სათაურად „Propaganda“. რას ვკითხულობთ ამ წიგნის პირველივე აბზაცში. ორიგინალის ციტირება თუ არ მოვახდინე, შეიძლება არ დამიჯეროთ, იმდენად გულწრფელი და თავხედური სითამამეა. „The conscious and Intelligent manipulation of the organized habits and opinions of the masses is an important element in democratic society. Those who manipulate this unseen mechanism of society constitute an invisible government which is the true ruling power of our country.“ „შეგნებული და გონებრივი მანიპულირება, მასების ორგანიზებული ჩვევებითა და შეხედულებებით, დემოკრატიული საზოგადოების მნიშველოვან ელემენტს წარმოადგენს. ისინი, ვინც მანიპულირებენ საზოგადოების ამ უხილავი მექანიზმით, წარმოადგენენ უხილავ მთავრობას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მმართველი ძალა.“ იმედი მაქვს, რომ მკითხველმა გაიაზრა თუ რასთან გვაქვს საქმე! წიგნი დაწერილია 1928 წელს. აქ საუბარია, უკვე ყველასათვის ნაცნობ და ამავე დროს იდუმალ Deep State-ზე. ხალხზე და ორგანიზაციებზე, რომელიც არავის აურჩევია. ავტორიტარულ სახელმწიფოებში ყველაფერი გარკვეულია, რადგან ერთი კაცის მმართველობა და იერარქიული სისტემაა. ეს მოვლენა კი, მხოლოდ დემოკრატიულ წყობას ახასიათებს. იმიტომ ახასიათებს, რომ დემოკრატიას მწარე გამოცდილება აქვს. დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით, წარსულშიც არსებულა და მომავალშიც შეიძლება შეიქმნას საშიროება, რომ ხალხმა დიქტატორი აირჩიოს, ან საერთოდ გადაუხვიოს დემოკრატიისაგან ავტორიტარიზმისაკენ. ამიტომ, სიღმისეული სახელმწიფო გვევლინება, როგორც საზოგადოების განწყობების მაკონტროლებელი. ამ საიდუმლო და დაფარული ძალის არსებობას ძალიან ჩვეულებრივი რაციონალური ახსნა აქვს. რომ არა ეს მაკონტროლებელი, ხალხის მასის ნების მართვა ძალზედ გაჭირდებოდა. ლიბერალური დემოკრატია განსაკუთრებით „პოპულიზმს“ უფრთხის, რადგან პოპულისტი (ხალხოსანი) წინამძღოლები, ხალხის ნებასა და მოთხოვნილებას გამოხატავენ. მაქსიმალური ანტი-PR წარმოებს ასეთი პიროვნებებისადმი. მაგალითად, რომ ისინი ხალხის მასებს ცრუ ნარატივებს სთავაზობენ, იმას ეუბნებიან რისიც თავად არ სჯერათ და არჩევის შემთხვევაში, ამომრჩეველი რჩება მოტყუებული.
სხვათა შორის, ხალხი არ არის ბრბო და თავადაც მშვენივრად უწყის, თუ რა უჭირთ და რა ულხინთ. თუკი ჩნდება ისეთი პიროვნება, რომელსაც საზოგადოების მაჯისცემაზე უდევს ხელი და გრძნობს ხალხის მოთხოვნილებებს, ასეთ შემთხვევაში იგი, ხდება ხალხის რჩეული და აშენებს თავის პოლიტიკურ კარიერას. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მას ეძლევა შესაძლებლობა კეთილსინდისიერად შეასრულოს დანაპირები, ააშენეოს და განავითაროს ქვეყანა. ასეთი პიროვნებები-ხალხოსნები და პოლიტიკური ჯგუფები, ხშირად შანტაჟსა და დევნას განიცდიან. შესაბამისად, სიღრმისეული სახელმწიფო, სწორედ ძლიერი პიროვნებისა და ხალხის მასების კავშირს ეწინააღმდეგება. იმისათვის, რომ სიღრმისეულმა სახელმწიფომ შეარყიოს ამგვარი კავშირი, იგი ყველა მის ხელთ არსებულ საშუალებას იყენებს, რაც მასების ცნობიერსა თუ არაცნობიერზე მოქმედებს. აქტიურად გამოიყენება პრესა, რადიო, ტელევიზია სოცქსელები და ა.შ.
როგორც ბერნეისი აღნიშნავს, „თანამედროვე პროპაგანდა ეს არის თანმიმდევრული, გრძელვადიანი ძალისხმევა, რათა შექმნას და ჩამოაყალიბოს მოვლენები იმისათვის, რომ გავლენა მოახდინოს საზოგადოების დამოკიდებულებაზე რაიმე წამოწყებასთან, იდეასთან, ან ჯგუფთან დაკავშირებით. მაგალითისათვის, კანონი „გამჭვირვალეობის შესახებ“ წარმოჩინდეს რუსულ კანონად, ხოლო LGBTQI(legion)+ პროპაგანდის აკრძალვა, სიძულვილად და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვად. როდის მერე გახდა არატრადიციული სექსუალური ცხოვრების წესის პროპაგანდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლება?! როგორც ბატონი ბერნეისი გვამცნობს, პროპაგანდის უფლება და შესაძლებლობა, მხოლოდ სიღრმისეულ სახელმწიფოს გააჩნია. მაგრამ იმისათვის, რომ ბრძოლა პიროვნებებისა და ხალხის ნების წინააღმდეგ უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, მხოლოდ პროპაგანდა არ კმარა. ამისათვის დამატებით საჭიროა Weaponized Narrative-ი. ეს რთულად სათარგმნი სიტყვა ჟღერს ასე „შეიარაღებული ნარატივი“ Weapon იარაღს ნიშნავს. ეს ტერმინი ქ. არიზონის უნივერსიტეტის პროფესორ აჯიტ მაანს ეკუთვნის. ქ-ბ მაანი, საერთაშორისოდ აღიარეული ექსპერტი გახლავთ, უსაფრთხოების, თავდაცვითი ანალიზისა და ნარატივების დაგეგმარების საკითხში. იგი თავის წიგნში (Narrative Warfear) წერს, „ნარატივი ცენტრალურ ადგილს იკავებს შემეცნებაში. Weaponized ნარატივი დიდ საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისათვის. როდესაც ნარატივი(ები) არის იარაღად ქცეული, მას შეუძლია ეროვნული უსაფრთხოება მოშალოს. დააკნინოს მოქალაქეთა რწმენა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და კანონის უზანაესობისადმი“. რაზეც პროფესორი მიგვითითებს, პირდაპირ შეიძლება პარალელების გავლება ქართულ სინამდვილესთან. „რუსული მთავრობა“, „რუსი ოლიგარქი“, „პუტინის პროექტი“, „სასამართლო არ არსებობს“, „საპატრიარქო ФСБ-ს კანტორა“ და ა.შ. არა და რამდენია ჩვენს ქვეყანაში სტერილური გონების ადამიანი, რომელიც უაპელაციოდ ისრუტავს ასეთ ნარატივებს?! სამწუხაროდ, - არც თუ ისე ცოტა. მოდით, უფრო ჩავუღრმავდეთ წიგნის მნიშვნელოვან მომენტებს. პროფესორი მაანი ძალიან მნიშვნელოვან აზრს ანვითარებს და მკითხველს ეუბნება, რომ „This warfare is all about influence. But this is not information warfare; this is warfare over the meaning of information“. „ეს ომი, მხოლოდ გავლენისთვის არის. მაგრამ ეს არ არის საინფორმაციო ომი; ეს არის ომი ინფორმაციის საზრისისათვის“. ჩემი შეფასებით, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ინფორმაციული საზრისი არის ის, რომ ასეთი ხელისუფლებით, უცილობლად დავკარგავთ დანაპირები კარგი (კაკლის ჩრდილში წამოკოტრიალების) ცხოვრების შესაძლებლობას. რაც არ უნდა გააკეთოს „ოცნებამ“, საბაგირო გახსნას თუ სასტუმრო, გზა დააგოს თუ დევნილები ახალ ბინებში შეასახლოს, მოსახლეობის გარკვეული კატეგორიის გულს ვერ მოიგებს, რადგან ინფორმაციულმა საზრისმა, მასზედ, რომ „ოცნებასთან“ ერთად „ნამდვილი“ ოცნების ახდენის შანსი გაქრება, ცნობიერში შეაღწია და დაიბუდა. პროფესორს უფრო ღრმად ჩავყავართ საკითხში და გვეუბნება, რომ Narrative is the power shifter, ნარატივს ხელისუფლების შეცვლა შეუძლიაო. მოწინააღმდეგის ხელისუფლების ცვლილებაზეა საუბარი, მაგრამ პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება თუ გაურჩდა, ამგვარი (საბრძოლო) ნარატივები, ბუნებრივია, მის მიმართაც გამოიყენება. აქვე პროფესორი აღნიშნავს, რომ მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა, რომ გამოყენებული იყოს Multi-level narratives, როგორიც არის Meta, Strategic და Tactical Narratives. „Metanarrative will influence the perceptions of the international community by framing the big picture“. „მეტანარატივი საერთაშორისო საზოგადოების აღქმებზე მოახდენს გავლენას, რათა საერთო სურათი ჩამოაყალიბოს“.
გახსოვთ, ალბათ, ევროპარლამეტის მიერ უმრავლესობით მიღებული ბოლო რეზოლუცია, მეტანარატივები ასეთი შინაარსის არის. „The democratic backsliding and threats to political pluralism in Georgia“. „დემოკრატიის უკუსვლა და საფრთხე პოლიტიკური პლურალიზმისათვის საქართველოში“. ჯანსაღი უმცირესობა ვერ მოატყუეს და მათ ხელი არ მოაწერეს ამ სამარცხვინო რეზოლუციას. რაც ჩვენთვის დაფარულია და პოსტფაქტუმ ვგებულობთ, ეს არის სტრატეგიული და ტაქტიკური ნარატივები. სტრატეგიული ნარატივები მათ მრავლისმომცველ მოქმედებებს განსაზღვრავენ. ხოლო ტაქტიკური, როგორც პროფესორი გვამცნობს, „Tactical, ground level narratives will erode the confidence of the native populations of our adversary“. „ტაქტიკური, საველე ნარატივები, მოწინააღმდეგის მოსახლეობის თვითდაჯერებულობას ძირს გამოუთხრის“. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ დაეთანხმება არჩევნების შედეგებს, რომელიც გაყალბებულად გამოცხადდება და ამ პოზიციის „გაპრავება“ ქვეყნის გარედან მოხდება. ჟანრის კლასიკა! და აი, მივადექით კულმინაციურ მომენტს. We need (...) to understand how brains work-not just the brains of our adversaries but also our own. It is a fight over meaning and identity –the meaning of the truth and the meaning of the lies. We need to focus on what kind of identities layers (personal through national) are being constructed by both and which identities are being undermined“. „ჩვენ გვჭირდება, რომ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს არა მხოლოდ ჩვენი გონება, არამედ ჩვენი მოწინააღმდეგეებისაც. ეს არ არის ბრძოლა, მხოლოდ ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის. ეს არის ბრძოლა საზრისსა და იდენტობაზე, ჭეშმარიტების საზრისზე და სიცრუის საზრისზე. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იდენტობის თუ რა ფენები (პიროვნული თუ ეროვნული) იქმნება ორივე მხრის მიერ და რომელი ირღვევა“.
საუბარია იმაზე, თუ რომელი ნარატივები ახერხებენ ადამიანის-ერის ცნობიერში არსებული არქეტიპების და მითების მოშლას და რომელი ახერხებს ახლის შექმნას. თუ წარსულს გავიხსენებთ, როდესაც, მხოლოდ ბეჭდური საშუალებები არსებობდა, რუსეთის იმპერია ქმნიდა თავის ნარატივებს. ეს ხდებოდა პრესის, პოეზიისა და ლიტერატურის მეშვეობით. ასეთი კარგი მაგალითია, ლერმონტოვის პოემა
„Мцыри“
Теперь один старик седой,
Развалин страж полуживой,
Людьми и смертию забыт,
Сметает пыль с могильных плит,
Которых надпись говорит
О славе прошлой — и о том,
Как, удручен своим венцом,
Такой-то царь, в такой-то год,
Вручал России свой народ.
И божья благодать сошла
На Грузию! Она цвела
С тех пор в тени своих садов,
Не опасаяся врагов,
За гранью дружеских штыков.
პოემის ამ მონაკვეთში ჩანს, თუ როგორ ცდილობს პოეტი, რომ გააქროს ისტორიული პიროვნების ვინაობა და გადღაბნოს დროის მონაკვეთი (Такой-то царь, в такой-то год) და წარმოაჩინოს რეალობა, როგორც მადლი ღვთისა გარდამოსული საქართველოზე. ობიექტურობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ თურქობა, სპარსობა და ლეკიანობა შეწყდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიის ნაწილი (За гранью дружеских штыков) გახდა საქართველო, თუმცა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის ხარჯზე, რომელიც დომინოს პრინციპით მიჰყვა და ნაწილ-ნაწილ შეიერთეს საქართველოს დანარჩენი სამეფო-სამთავროები. არც აჯანყებები და სისხლისღვრა დაჰკლებია ჩვენს ქვეყანას. თუმცა, აქაც ობიექტურობა უნდა გამოვიჩინოთ და ვთქვათ, რომ საქართველოს ტერიტორია გაერთიანდა და მოსახლეობამაც იბარტყა.
დღევანდელი სიტუაცია კი გვაჩვენებს სურათს, რომ დასავლური ნარატივები იგივე პრინციპით მუშაობს. მტრის ხატი რუსეთის სახით, როგორც აბსოლუტური ბოროტება, ხოლო ერთადერთი მეგობარი დასავლეთია. და გამოდის, რომ ეს ჩვენი ქვეყანა ხელიდან ხელში გადადის. რეალურმა ძნელბედობამ და დასუსტებამ, ვფიქრობ, ჩვენში ჩაკლა თვითმყოფადობის ჟინი. იმ თვითმყოფადობისა, რომლის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი გეოგრაფია. განხორციელება იმგვარი პროექტისა, რაც აგერ უკვე 500 წელიწადია აღარ გვქონია. ვგულისხმობ შუა დერეფნის პროექტს, რომელშიც საქართველოს მნიშვნელოვანი და ღირსეული ადგილი უჭირავს. პროექტში, სადაც ჩვენი პოტენციალი გამოიცდება, შევძლებთ თუ არა თვითმყოფადობის დაბრუნებას და ნანატრი ოცნების ასრულებას, რაც ჩვენი სამშობლოს გაერთიანებას გულისხმობს. იმისათვის, რომ ამ ეროვნული პროექტის განხორციელება შევძლოთ, ყველანაირი პროპაგანდა და სამხედრო ნარატივების გაფილტრვა უნდა შევძლოთ, რომელიც ასე ძალიან აბინძურებს ჩვენი საზოგადო ქსოვილის ცნობიერს.
ქვეყნის უმრავლესობა ვართ ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ქვეყნის დანარჩენ ეროვნულ თუ რელიგიურ უმცერესობებთან ჰარმონიულად მაცხოვრებელნი. გვაქვს მიზანსწრაფვა ჩვენი საერთო ქვეყნის აღორძინებისაკენ და ამ ფონზე, ხელს ვუწვდით ჩვენს აფხაზ და ოსს და-ძმებს.
დავუბრუნდეთ ისევ პროფ. მაანს, იგი თავის თანამემამულეებს ურჩევს, რომ მტერს არა მხოლოდ Weaponized ნარატივებით დაუპირისპირდნენ, არამედ with a comprehensive narrative strategy-ნარატივების კომპლექსური სტრატეგიით. პროფესორი ამბობს, რომ ასეთი კომპლექსური სტრატეგია თავის თავში მოიცავს კონტრ-ნარატივებს და რაც მთავარია operationalized (offensive) narratives-ოპერატიულ (შეტევით) ნარატივებს. გაინტერესებთ როგორია ეს ოპერატიულ-შემტევი ნარატივები? თურმე ასეთი ტიპის ნარატივები საჭიროა იმისათვის, რომ „To tell the story of who we are and why we are doing what we are doing. We need to tell our own story effectively so that we get out ahead of our adversaries and frame to our advantage“ „მოვყვეთ ამბავი, თუ ვინ ვართ ჩვენ და რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ უნდა მოვყვეთ ჩვენი ამბავი ეფექტურად იმისათვის, რომ დავასწროთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს და შევქმნათ მოვლენები ჩვენს სასარგებლოდ“.
კი ბატონო, გასაგებია. ეს ამერიკაა და მას მასზე არანაკლები ძალის მოწინააღმდეები გამოუჩნდნენ, რომელნიც მას ჰეგემონიაში ეცილებიან. ე.წ. რევიზიონისტები. რა უნდა ქნას ისეთმა მცირე ქვეყანამ, როგორიც არის საქართველო? ვის რა უნდა დააკლოს საქართველომ საკუთარი ოპერატიუ-შემტევითი ნარატივებით, ან რა პროპაგანდა უნდა აწარმოოს ისეთი, რომ მის მხარეს გადახაროს ისინი, ვინც დღეს მას ავტორიტარიზმისაკენ გადახრაში ადანაშაულებენ? ასეთს საქართველო ვერაფერს ვერ გააკეთებს. ჩვენ არც რესურსი გვაქვს ამის და არც მასშტაბი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს მაინც აქვს ის, რაც მის მოწინააღმდეგეებს არ აქვს. ეს არის სიმართლე და ქრისტიანული თავმდაბლობა, რომელიც გამოიხატება ქართველი ადამიანის მიერ, საუკუნეების მანძილზე ნაშენებ კულტურაში. ძალას, რომელსაც ქართველი ძალით ვერ ჯობნიდა, ყოველთვის ჯობნიდა მარადიული კულტურით, რადგანაც საქართველოა თავად მარადიული. ზუსტად, რომ ამ მარადიული კულტურის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს დაარტყა შიდა თუ გარე მტერმა. სცადეს ქართული სუფრის აყირავება, როგორც წარსულის უბადრუკი გადმონაშთისა და „ღიპიანი-მელოტი“ კაცების თავყრილობის ადგილისა. უნიკალური ქართული (სვანური) ცეკვა, ვარდისფერ კაბაში გამოწყობისლ „კაცს“ წააბილწინეს. ეკლესია-მონასტრები დაგვირბიეს, ეკლესიის საჭეთმპყრობელი შეგვიგინეს, ეკლესიის გასახლეჩად ოპერაცია „მიტროპოლიტი“ ჩაგვიტარეს, წმინდანები პრეზერვატივებზე გამოგვისახეს და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ზოგიერთი მომიბრუნდება და მეტყვის, რუსეთმა ეკლესიები შეგვიღება, ქართული გალობა აგვიკრძალა და ა.შ. და მერე კარგი იყო ეს ყველაფერი? იგივეს და უარეს არ მოველოდი 21-ე საუკუნეში. სხვაგვარად წარმომედგინა ყველაფერი.
ამ პროპაგანდითა და ოპერატიულ-შემტევი ნარატივებით, „მეგობრები“ ცდილობენ, რომ თავისათვის სასურველ რეალობა შექმნან ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ხალხს ისეთ რამეზე მოაწერინონ ხელი, რაც წარმოუდგენელია ჩვენი გარემოსათვის და უდიდეს დაბრკოლებად აღიმართება ქვეყნის გაერთიანების გზაზე. ვგულისხმობ უკლებლივ ყველა პოსტმოდერნული დასავლეთის ფასეულობებზე თავის დახრასა და მიღებას. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჯიგიტებით გარშემორტყულ საქართველოში, დაკანონდეს სოდომია, მისი უკიდურესი გამოვლინება ტრანს და პოსტჰუმანიზმი? წარმოიდგინეთ, რომ ამ ანტიადამიანურ იდეოლოგიაზე ნისიად დავთანხმდით და მოხდა ისე, რომ ან არ მიგვიღეს, ან საერთოდ მოჭამა დრო ევროკავშირმა და დაიშალა. ჩვენ, ნაზი და ცუნცულა (ასე აღიქმება) ქართველები, ვრჩებით ჰიპერმასკულინური UFC ჰამზატ ჰაბიბ ჯიგიტების გარემოცვაში და პლიუს რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20% ჩვენი სამშობლოსი. გამოდის, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც ეს ბიბლიური უბედურების ბაცილა შეიტანა კავკასიაში. წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მოხდეს. ლეკიანობა შეიძლება სანატრელი გაგვიხდეს.
არ მინდა, რომ სიტყვა გამიგრძელდეს და ვიტყვი ერთს. ქართველს არასოდეს ეშინოდა ხილული თუ უხილავი მტრის. არ ეშინოდა, რადგანაც მუდამ იცოდა, რომ მარტო იყო მტერთან ბრძოლაში, ხოლო უხილვთან კი, ღმერთის მოიმედე იყო. ახლა მოვიდა ის დრო, რომ საქართველომ გამოიყენოს ისტორიული შანსი და ჩვენი დალოცვილი სამშობლოს მდებარეობა, საკუთარი თვითმყოფადობასა და დამოუკიდებლობას მოახმაროს. ასეთ შემთხვევაში გვეცოდინება, რომ მარტონი ვართ, მაგრამ ვითვალისწინებთ ჩვენი სამეზობლოსა და პარტნიორების ინტერესებს, საკუთარის დაუთმობლად. თუ სამკვდრო სასიცოცხლო ომი მოგვიწევს, კვლავ საკუთარი თავის, ღმერთის და წმინდანთა დასის მოიმედენი ვიქნებით. აქამდე თუ ასე მოვედით, ესეიგი დროში გამოცდილი და მყარი პოზიციაა.
26-ში საქართველო გაიმარჯვებს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!