პირველადი და აუცილებელი მოთხოვნილების საქონელი ლარის დევალვაციას ვეღარ უძლებს. ფარმაცევტები და ნავთობიმპორტიორები გაძვირებისთვის ნიადაგს ამზადებენ. შედარებით სტაბილურია ვითარება პურპროდუქტების ბიზნესში.
ლარის კურსის ცვლილების ფონზე, საქართველოში პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. როგორც საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა განმარტავს, პანიკის საფუძველი არ არსებობს და პურის ფასის ზრდა არ იგეგმება, რადგანაც პურის მწარმოებლები საკმაოდ მაღალ მარჟაზე მუშაობენ.
სილაგავას განმარტებით, უცხოურ ვალუტასთან ლარის კურსის დაცემის გამო, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასმა ტონაზე 10 დოლარით მოიმატა. დამატებით 10 დოლარით გააძვირეს მომწოდებლებმაც და შესაბამისად, ახალი წლიდან დღემდე საქართველოში იმპორტირებული ხორბალი, ტონაზე 20 დოლარითაა გაძვირებული.
ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზით, თუ კი ლარის კურსის რყევა კვლავ გაგრძელდება, ფქვილის ფასმა, შესაძლოა, მაქსიმუმ 2-3 ლარით მოიმატოს, რაც დაახლოებით 1 თვეშია მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 35 ლარია.
მეხორბლეებისგან განსხვავებით მომავალს ეჭვის თვალით უცქერენ ფარმაცევტები. ისინი არ მალავენ, რომ ლარის გაუფასურებამ შეიძლება მოსახლეობისთვის ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული შედეგი მოიტანოს, რადგანაც მედიკამენტების გაძვირების საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება.
სხვათა შორის, წამლებზე ფასის მომატება უკვე კარგა ხნის დაწყებულია, მაგრამ ამას არ აქვს ნახტომისებული ეფექტი. ამიტომ, მომხმარებელი დიდ დარტყმას ვერ გრძნობს. ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილი მედიკამენტების 90% იმპორტირებულია და ფარმაცევტები საცალო გაყიდვის დროსაც კი პროდუქტის ფასს იმ დღის ლარის კურსზე ამრავლებენ. შესაბამისად, ბოლო 2 თვის განმავლობაში ერვონული ვალუტის 7%-იან ვარდნას, რასაკვირველია, ფასების კორექტირება მოჰყვა.
მაგრამ, ახლა, როგორც ჩანს, უფრო მასშტაბურ გაძვირებაზე მიდის საუბარი. „პეესპეს“ დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის თქმით, თუ ლარის კურსი 1.8-ის ნიშნულს გადასცდა, მედიკამენტებზე ფასები აუცილებლად გაიზრდება. როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, ამ შემთხვევაში ფასები ზრდა ეტაპობრივად მოხდება, ანუ რომელი მედიკამენტის მარაგიც არსებობს, ის შედარებით გვიან გაძვირდება და ა.შ.
თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდა, ფასები ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზეც გაიზრდება. ოქრიაშვილის განცხადებით, მის კომპანიას ნედლეული გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან შემოაქვს, ამიტომ კურსის ცვლილება ადგილობრივ ნაწარმზეც აისახება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ადგილობრივი წარმოების მედიკამენტები იმპორტირებულზე 20 პროცენტით იაფი იქნება.
კომპანია „ჯიპისის“ ხელმძღვანელი დავით კილაძეც „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ლარის კურსის ცვლილება მედიკამენტების ფასზე ჯერ არ ასახულა, მაგრამ თუ მსგავსი ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდა, პროცესს დააკვირდებიან და ამის მიხედვით გადახედავენ ფასებს. რაც შეეხება ადგილობრივ პროდუქციას, კილაძე ამ მიმართულებით ფასების ზრდას არ ელის.
ქართველი ავტომფლობელების გასახარად, ლარის მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, ბოლო დღეების განმავლობაში ნავთობპროდუქტების ბაზარზე საწვავი არ გაძვირებულა. პირიქით, სადღესასწაულო დღეებში ბენზინის ღირებულება შემცირდა კიდეც. ამის მიზეზი, საქართველოს ფარგლებს გარეთ არის საძიებელი. მსოფლიოში ნავთობპროდუქტები ბოლო პერიოდში პერმანენტულად იაფდება. ასე რომ, საქართველოში საწვავის გაუძვირებლობის მეზეზი სწორედ ეს არის.
როგორც ჩანს, საერთაშორისო ტენდენცია მაინც არ არის საკმარისი ადგილობრივ ბაზარზე სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად. „სოკარის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ საწვავის გაძვირება უახლოეს დღეებში მოსალოდნელი არ არის, თუმცა ირაკლი ზუბიტაშვილის თქმით, თუ ლარი გაუფასურებას გააგრძელებს, კომპანია იძულებული იქნება საწვავი გააძვიროს.
იგივე პოზიცია აქვს „გალფის“ ვიცე-პრეზიდენტს. კომპანიამ 4-7 თეთრით საწვავზე ფასი ორი კვირის წინ გაზარდა, თუმცა ლარის ვარდნის გაგრძელების შემთხვევაში, ფასის კიდევ ზრდა გამორიცხული არ არის.