უკრაინაში კვლავ დაძაბული ვითარებაა. კიევში „ბერკუტმა“ წუხელ, სულ მცირე 15 მომიტინგე დააკავა და 9 ავტომობილი დაამტვრია. უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ირწმუნება, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ აპირებს, მაგრამ უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების მიზნით, დეპუტატთა ხელმოწერები გროვდება.
თუ რას ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიევში განვითარებულ მოვლენებზე, for.ge დეპუტატ აკაკი მინაშვილს ესაუბრა:
როგორ აფასებთ, მეგობარ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებს?
- ადგილი აქვს ღირებულებათა ომს. ერთი მხრივ, რუსეთს გავლენის სფეროების და საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, მეორე მხრივ კი, დღეს ბრძოლა დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს და ფრონტის ხაზი უკრაინაზე გადის. ათასობით უკრაინელი ქუჩაშია გამოსული და ფაქტიურად, ისინი ფრონტის ხაზზე დგანან. უკრაინის გამარჯვებით რუსეთის ზრახვები მარცხს იწვნევს, რაც მნიშვნელოვანი იქნება. კიევში მიმდინარე პროცესები მხოლოდ უკრაინას არ ეხება, არამედ მთელ მსოფლიოს და ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც ძალიან ღირებულია. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება, პრემიერის ხელმძღვანელობით, რუსეთის შიშის გამო, საკუთარ პოზიციას ვერ აფიქსირებს.
თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდა, საკითხები ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყვიტონ და არა - რომელიმე ქვეყნის რჩევით ან კარნახით. მსგავსი ტიპის განცხადება გააკეთა, პრემიერ-მინისტრმაც...
- ეს განცხადება ირონიულია, რადგან თურმე, ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობას გმობენ. მათ განცხადებებში რეალური ანატომიის აღწერა არ ხდება, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი და რა მნიშვნელობა გააჩნია ამ პროცესებს. როდესაც, საქართველო ამ პოზიციის დაფიქსირებას ერიდება, რუსეთი ჩათვლის, რომ ეს ხელისუფლება არის მშიშარა, რუსეთის ხელისუფლების მორჩილი და მათ აქვთ საშუალება იმის, რომ ასოცირების ხელმოწერამდე, საქართველოს მიმართ მეტი ზეწოლა განახორციელოს.
რუსეთთან მიმართებაში, რადიკალურ განცხადებებს თქვენი გუნდის წევრები აკეთებდნენ და ამ შემთხვევაში, მოსკოვთან ვითარების გამწვავების გარდა, რა შედეგს მოიტანს კრემლის ლანძღვა?
- საკითხს არასწორად სვამთ, რადგან აქ ღირებულებათა ომი მიმდინარეობს. კიევში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ძალიან მკაფიო უნდა იყოს. თუმცა, მმართველი ძალას პოზიციის დაფიქსირებას თავს არიდებს და როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მსოფლიოს არ აჩვენებს თუ სად დგას და ამავდროულად იძლევა სიგნალს, რომ არის მორჩილი და მშიშარა. ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს მიდგომა გააჩნია, რომ რუსეთთან დაყვავების პოლიტიკა და შეთანხმება უნდა აწარმოონ, რაც აბსურდია, რადგან ისტორიული პრაქტიკა აჩვენებს, რომ რუსეთს იმპერიული ზრახვები ამოძრავებს. ამის მაგალითია, ცივი ომი და ის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები პუტინის რეჟიმთან მიმართებაში. რუსეთი ნულოვანი შედეგის თამაშს თამაშობს - მას უნდა ან ყველაფერი, ან არაფერი და არავითარ საუბარზე არ მოდის.
როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს საქართველოზე უკრაინაში მიმდინარე პროცესები?
- ძალიან მნიშვნელოვანია ის, ეს ბრძოლა თუ როგორ დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა უკრაინელი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, მაგრამ სამწუხაროა, ამ ყველაფერს მსხვერპლი მოჰყვა. დარწმუნებული ვარ, უკრაინა ევროპულ გეზს გააგრძლეებს და ამ მოვლენების წარმატებით დასრულება, საქართველოსაც სიკეთეს მოუტანს.
მსხვერპლი ახსენეთ და საქართველოში დარბეული ორი აქცია გამახსენდა. 7 ნოემბერს ადამიანები სცემეს, 26 მაისს კი, რამდენიმე ადამაინი დაუღუპა. უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, ნაციონალები გმობთ, მაგრამ აქციებს თქვენ რატომ არბევდით და ხალხს რეზინის ტყვიებით, რატომ უსწორდებოდით?
- თუ რა ბრძოლა მიმდინარეობს უკრაინაში და თუ რა ხდებოდა საქართველოში, ამას კარგად მოაზროვნე ადამიანი გაარკვევს. 26 მაისს, ჩვენი მოწინააღმედეგეების მთავარი მიზანი სამხედრო აღლუმის ჩაშლა იყო და მათი გეგმა იყო, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება არ უნდა გამართულიყო.
თუმცა, ბატონო აკაკი, ამ აქციის დარბევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ეს ცერემონია ღირდა კი, ამად?
- სამწუხაროდ, ამ ყველაფერს მსხვერპლი მოჰყვა და ძალიან კარგად ვიცით, თუ რატომ მოჰყვა. ერთ-ერთი ლიდერის ავტომანქანამ პატრულის თანამშრომელს ზიანი მიაყენა.
თუმცა, მაღაზიის შენობის თავზეც იყვნენ მკვდარი ადამიანები „შემოწყობილნი“...
- სამწუხაროდ, მსხვერპლი პროვოცირებული იყო იმ ჯგუფის მიერ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ზრახვებს იზიარებს და რომელიც, საქართველოს დღესაც რუსეთისაკენ ექაჩება. გარკვეულწილად, ბრძოლა ღირებულებებს შორის იყო. გამიზნული იყო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩაშლილიყო და მათ სპეციალური ქმედებები განახორციელეს, რომ ეს ფაქტები მოხმდარიყო.
რაც შეეხება 7 ნოემბერს, მაშინ რატომ გაუსწორდით ადამიანებს წყლის ჭავლით და ასევე რეზინის ტყვიებით?
- ანალოგიური შემთხვევა იყო. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიციამ გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას. 7 ნოემბერზე ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მყისიერად აიღო და საქართველოს პრეზიდენტი პოსტიდან გადადგა. სამართლებრივად შეიძლება, ძალის გადამეტება იყო, მაგრამ ეს არ იყო როგორც დარღვევა.
დარღვევა ის არ იყო, რომ 7 ნოემბერს ადამიანმა თვალი დაკარგა?
- სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტი მოხდა. 7 ნოემბერზე მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაუყონებლივ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აიღო. როგორც 26 მაისის შემთხვევაში, ასევე 7 ნოემბერს, ჩვენი მოწინააღმდეგების მიზანი იყო, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე გასულიყო.