აშშ მზადაა, სოჭის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შავ ზღვაში სამხედრო გემები განათავსოს. როგორც პენტაგონში განმარტავენ, საჰაერო და საზღვაო საშუალებები, მათ შორის, ორი გემი საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ, შავ ზღვაში შესასვლელად მზად იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონმა საკუთარი წინადადება რუსეთს ჯერ კიდევ 4 იანვარს შესთავაზა, თუმცა, პასუხი, ჯერჯერობით, არ მიუღია.
ამასთან ერთად, ამერიკული მედიის ცნობით, გერმანიაში განთავსდება თვითმფრინავები, რომლებსაც შეერთებული შტატები იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია გახდება საჭირო.
ამერიკული მხარის შეთავაზების პარალელურად, რუსეთმა საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარი 11 კმ-ით გადმოსწია, რაც ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარებით ახსნა. ფაქტობრივად, რუსებმა შექმნეს ე.წ. უსაფრთხოების საზღვარი, რომელშიც გაგრის რაიონის დიდი ტერიტორია მოაქციეს.
უკვე ჩნდება ეჭვი, რომ რუსეთის მადიდან გამომდინარე, შესაძლოა, საზღვარი ძველ ჩარჩოებს არც 21 მარტის, ანუ სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაუბრუნდეს. ამის საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სიღრმეში რუსეთის სასაზღვრო ზონის გადმოწევა თუ სოჭის ოლიმპიადის შემდეგაც შენარჩუნდა, მაშინ ქართული მხარის რეაგირება ძალიან მწვავე იქნება.
მართალია, ყველაფერი ერთი შეხედვით, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების გარშემოა ფოკუსირებული და არ აყოვნებს ჯიჰადისტების ვიდეომუქარაც ამ ოლიმპიადის მონაწილეებისა და ვიზიტორების წინააღმდეგ („ჩვენ მოვამზადეთ საჩუქარი თქვენთვის და ყველა იმ ტურისტისთვის, ვინც ოლიმპიადას დაესწრება. თუ თქვენ გამართავთ ოლიმპიადას, ჩვენგან მიიღებთ საჩუქარს იმ მუსლიმანების გამო, რომელთა სისხლიც დაიღვარა“), მაგრამ საინტერესოა, აშშ-ის გემების შემოსვლა შავ ზღვაში ხომ არ არის კონტრქმედება და ერთგვარი გაფრთხილება რუსეთის უსაზღვრო სურვილების მოსათოკად?!
მთლად ზუსტი პარალელი არ არის, მაგრამ ასეთი პრინციპულობა ჩვენ გვახსოვს აგვისტოს ომის დროს, როცა ათდღიანი ლოდინის შემდეგ ამერიკის საესკადრო ნაღმოსანმა და პოლონეთის ფერგატმა შავი ზღვის აკვატორიას მიაღწია და საქართველოს სანაპიროებთან რეიდზე გაჩერდა. იმ დროს სამხედრო გემების შესვლა ბათუმის აკვატორიაში, თუნდაც ჰუმანიტარული მისიით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო საქართველოსათვის. ამერიკულმა რაკეტსაწინააღმდეგო გემმა ჩამოიტანა 70 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის, ჰიგიენური, ბავშვთა კვების საშუალებები, რძე და ა.შ. აშშ-მ დახმარება საჰაერო გზითაც ჩამოიტანა საქართველოში, თუმცა აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ზღვით გაცილებით მეტი ტვირთის შემოტანა იყო შესაძლებელი, ვიდრე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით.
ამის პარალელურად, რუსეთის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობამ აშკარა კონფრონტაციას თავი აარიდა და შავი ზღვის ფლოტის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს გაარიდა. ამერიკული სამხედრო ხომალდების გარდა, 21 აგვისტოს შავი ზღვის აკვატორიაში, ასევე, შევიდა ესპანეთის და გერმანიის ფრეგატები, რამაც რუსეთის სამხედრო სარდლობას საფუძველი მისცა, ნატო სიტუაციის გამწვავებაში დაედანაშაულებინა. რუსეთის სარდლობის თქმით, ნატო საბაბად იყენებდა ჰუმანიტარულ დახმარებას, რეალურად კი შავ ზღაზე პლაცდარმს ქმნიდა.
რუსეთის სარდლობას, ალბათ, ამ იშვიათ შემთხვევაში, ვერ შევედავებით - წარმოუდგენელი იყო, ამერიკის ნაღმოსნებსა და ფრეგატებს საქართველოში მხოლოდ სასმელი წყლის ჩამოსატანად გაევლოთ ათასობით მილი...
ამჯერად რას უკავშირდება შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების გამოჩენა და რა იგულისხმება სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების მიღმა?!
For.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული სამხედრო ფლოტის შემოყვანა უკავშირდებოდეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, ვიდრე სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოებას. შესაბამისად, თუ ესკალაცია გაგრძელდება, ამან შეიძლება გადმოინაცვლოს ყირიმში და ეს რეგიონი იქცეს ცხელ წერტილად.
რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადას, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ამ ოლიმპიადაზე უსაფრთხოება მთლად დაცული და გარანტირებული რომ არ არის, ამას ყველა აღიარებს. როგორც ჩანს, რეალურია იმის საშიშროება, რომ სოჭის ოლიმპიადის დროს ტერაქტები განხორციელდეს და ეს იყოს უფრო მასშტაბური, ვიდრე საზოგადოება ამას ფიქრობს მის მასშტაბებთან დაკავშირებით. ისიც ცალსახაა, ასეთი სიტუაციის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის ყველა შეეცდება.
„რომც არ იყოს ეს ვერსიები, თავისთავად, ის, რომ ამერიკის სამხედრო ფლოტი ხშირად იქნება შავ ზღვაში, უკვე არის გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯი, რომ ამ წყლებში ამერიკის საზღვაო ძალების გამოჩენას მიეჩვიოს ამ რეგიონში არსებული ყველა ქვეყანა და სახელმწიფო. თუ მაინც მიზეზზე ან საბაბზეა საუბარი, ასეთი მიზეზი ყოველთვის მოიძებნებოდა და კვლავაც მოიძებნება. როგორც ჩანს, სერიოზული ინფორმაციები აქვთ და იძულებულნი არიან, უსაფრთხოების არეალი საკმაოდ გააფართოონ. თუ ეს ასეა, უსაფრთხოების არეალი, შეიძლება, გარკვეულწილად, უკავშირდებოდეს შავი ზღვის ტერიტორიასაც. გარდა ამისა, მე ვუსმინე პუტინის განცხადებას. მან თქვა, რომ მადლობას უხდის, რომ მონაწილეობენ უსაფრთხოების საკითხებში ჩრდილოეთ ამერიკა (აშშ, კანადა) და ა.შ. ამ შემთხვევაში, შტატების სწორედ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს უსაფრთხოების ზონის გაფართოებას. აგვისტოს ომის მსგავსად არა, მაგრამ გარკვეული დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ამერიკულ გემებს, მაგრამ ამჯერად არა მარტო საქართველოსთან, არამედ უკრაინასა და ყირიმთან მიმართებაშიც“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
მისივე განმარტებით, აშშ-ის ქმედება რუსეთის მიმართ რაღაც ფარულ განზრახვებს ან ღრმად და შორსმიმავალ ზრახვებს არ უნდა უკავშირდებოდეს. თუმცა, როცა ლაპარაკია უსაფრთხოების 11-კილომეტრიანი ზოლის გადმოწევაზე ფსოუს აქეთ, რა თქმა უნდა, სწორია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ფიქრობს, რომ ამერიკის სამხედრო გემების შავ ზღვაში შემოყვანა მხარდაჭერას გულისხმობს იმ ტერიტორიაზე, რომელზეც რუსეთის სუვერენიტეტი ვრცელდება და იმ წყლებზე, რომელსაც რუსეთი თავის ტერიტორიულ წყლებად თვლის. ამიტომ, რუსეთის ნებართვის გარეშე ასეთი ტიპის ღონისძიებას აშშ არ დააპირებდა. უფრო მეტიც, რუსეთის ნების და თანხმობის გარეშე, აშშ ვერ და არ განახორციელებს არანაირ სამხედრო ან სხვა ტიპის ღონისძიებებს, თუნდაც კეთილშობილური მიზნებისთვის, რასაც ჰქვია სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
რაც შეეხება აგვისტოს ომის დროს შავ ზღვაში შემოსულ გემებს, ექსპერტის თქმით, ეს სულ სხვა მოვლენა იყო. ეს იყო გარკვეული მტრული ქმედება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხარდასაჭერად და ეს ქმედება სამხედრო ღონისძიებით გახლდათ გამაგრებული.
„აგვისტოს ომის დროს რუსეთს როგორი უარყოფითი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონოდა ამ ქმედების მიმართ, ამერიკული გემების ლეგიტიმურობას და კანონიერებას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებდა. ეს იყო ორ ქვეყნას შორის ურთიერთმხარდაჭერის გამოვლინება. საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, სრული უფლება აქვს, ჰქონდეს ორმხრივი ურთიერთობა ნებისმიერ სახელმწიფოსთან. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში საქართველო გარკვეულ შეზღუდულ სამხედრო მხარდაჭერას იღებდა აშშ-სგან. დღევანდენდელ სიტუაციაში კი რუსეთის მხრიდან ე.წ. საზღვრის გადმოწევა რაიმე პოლიტიკურ აქტს არ უკავშირდება. ეს არის საოკუპაციო ზონა, სადაც რუსეთის დამოკიდებულება საოკუპაციო რეჟიმების მიმართ გარკვეულ იურიდიულ ჩარჩოებს მოიცავს, მაგრამ ეს იურიდიული ჩარჩოები არის არა საერთაშორისო მოხმარების, არამედ მხოლოდ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმისთვის იურიდიული ურთიერთობის დამდგენი. ამიტომ, ეს არაფერს წყვეტს და არ არის მნიშვნელოვანი. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეულ უპატივცემულობას ნიშნავს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე For.ge -სთან საუბარში.
მისივე თქმით, სანამ კონფლიქტი არ დარეგულირდება და სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთის მიერ 11-კილომეტრიანი ზოლის გადმოწევა იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთის პოლიტიკაში საქართველოს მიმართ პრინციპულ ცვლილებებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.