უკრაინაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, საქართველოს პარლამენტმა რიგით მესამე საგანგებო განცხადება 118 ხმით დაამტკიცა.
ქართული მხარე მეგობარ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებს გმობს და უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დღეებში, უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, რამაც ადამიანების დაღუპვა და მათი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანომ განცხადების ტექსტზე მთელი დღის განმავლობაში იმუშავა და უმრავლესობასა და უმცირესობას შეჯერებული ტექსტი კენჭისყრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა წაიკითხა.
„მძიმე მწუხარებას გამოვთქვამთ და უკრაინელ ხალხს ვუსამძიმრებთ. საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებასა და ვითარების ესკალაციას, რამაც შესაძლებელია, ქვეყანა ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს. საქართველოს პარლამენტი იზიარებს, ევროპის კავშირისა და აშშ-ს მიერ გაკეთებული განცხადების სულისკვეთებას და მიაჩნია, რომ ძალის გამოყენება და დაძაბულობის გაზრდა ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. ორივე მხარეს მოვუწოდებთ, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ დიალოგის გზით გამონახონ.
ამ პროცესში უმთავრესი პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც შექმნილი კრიზისის დაძლევის მიზნით, ასევე ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგის დაწყებისათვის და ვითარების განმუხტვისთვის ყველა ღონე უნდა იხმაროს“, - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ განცახდებაში.
ამასთან, განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენეტი სრულ სოლოდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის მისწრაფებას გახდეს თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
„ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ რუსეთი ასორცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულულების გზით, ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერ შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს“, - ნათქვამია განცახდებაში, რომელიც თავდაპირველად, დღეს, „ნაციონალურმა მოძრაობა“ მოამზადა და უმრავლესობას წარუდგინა.
გოკა გაბაშვილი პარლამენტის მიერ მიღებული განცხადების შინაარსით კმაყოფილია, თუმცა, ამბობს, რომ ნაციონალები უფრო „მკვეთრი ენის“ მომხრეები იყვნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი და მკვეთრი ენის მომხრე ვიყავით, რაც რუსეთს შეეხება, კმაყოფილები ვართ, რომ ამ ტექსტის მიღებას მივაღწიეთ. ამ განცხადების მიღება იმ ხალხისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ვინც უკრაინაში არის შეკრებილი. პარლამენტის მიერ მიღებული წინა განცხადებები ბევრად უფრო სუსტი იყო, რის გამოც იძულებული ვიყავით ცალკე განცხადება მიგვეღო. ამ განცხადებაში კი ჩვენი მხარდაჭერაა გამოხატული და ამასთანავე, რუსეთს ვეუბნებით „არას“, რომ ვერ მიაღწევს იმას, რომ ევროპულ გზას გადავუხვიოთ“, - აღნიშნავს გაბაშვილი, რომლის მსგავსად, პარლამენტის გადაწყვეტილებით კმაყოფილია თინა ხიდაშელი.
კანონმდებელი თვლის, რომ საქართველო ოჯახის წევრია, რომლისთვისაც დღეს, უკრაინელი ხალხი ქუჩაში დგას.
„ამ განცხადებით მხოლოდ უკრაინელი ხალხის სოლიდარობაზე არ არის საუბარი, არამედ ცივილიზებულმა სამყარომ უნდა უცოდეს - თუ სად არის საქართველო დღეს! ამიტომ, ჩვენი ხმამაღალი განაცხადია, როგორც უკრინელებისთვის, ასევე ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ იმ ოჯახის წევრები ვართ, რომლისთვისაც დღეს უკრაინაში ხალხი ქუჩაში დგას და რომლისთვისაც, ისინი ამხელა რისკზე მიდიან. იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები უშედეგო არ იქნება და უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი არ დაიწყება“, - დასძინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, საქართველოს პარლამენტმა უკვე ორი განცხადება მიიღო. კერძოდ, პირველ ტექსტში, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებამდე მომზადდა, ყურადღება ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე იყო გამახვილებული, ხოლო მეორე განცხადებაში ხაზგასმული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა იყო.