„ნამუსის გაყიდვა არ შეიძლება და ყველაფერი სხვა, რაც შენდება ქვისა და აგურისგან, ამ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება“, - თავის დროზე კახა ბენდუქიძის ამ სიტყვებს კონკრეტული შედეგი მოჰყვა და ნაციონალები სტრატეგიულ ობიექტებს სავაჭრო ობიექტთა ნუსხაში განიხილავდნენ. თუმცა ეკონომიკის „ბენდუქიზაციამ“ ქვეყანას წარმატება არ მოუტანა. დღესაც ბენდუქიძისთვის სტრატეგიული ობიექტის ცნება გაუგებარია. იგი არ მალავს, რომ არ ესმის ამ საკითხის ფილოსოფია. პირიქით, ფიქრობს, რომ ეს მავნებლური სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის, რომ ჩვენ რაღაცნაირად შევზღუდავთ მათ ბიზნესაქტივობას. სწორედ მისი ეკონომიკის მინისტრობის დროს ამოიღეს კანონიდან სტრატეგიული ობიექტის ცნება.
ბენდუქიძისგან განსხვავებით, მოვლენებს სხვაგვარად უყურებს ახალი ხელისუფლება. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სტრატეგიული ობიექტების ნუსხა შეიქმნება, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ცნება „სტრატეგიული ობიექტების შესახებ“ გაუქმებული იყო, ახალი ხელისუფლება კი ამგვარი ობიექტების ნუსხის შექმნაზე მუშაობს.
ასე რომ, წარსულს ჩაბარდება ის დრო, როცა აღარავისთვის გახდება სადავო, უნდა გაიყიდოს თუ არა სატელივიზიო ანძა, საქართველოს რკინიგზა, ცენტრალური გაზსადენი, ჰესები...
თუმცა, რა კრიტერიუმით განისაზღვრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქონება, რომელი ობიექტები მოხვდება განახლებულ ნუსხაში, რას ნიშნავს ცნება „სტრატეგიული ობიექტი“, ჯერ უცნობია. გარკვეულია მხოლოდ, რომ კრიტერიუმები ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით განისაზღვრება და სტრატეგიული მნიშვნელობის სტატუსი მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ქონებას მიენიჭება.
„ნაცმოძრაობა“ კვლავინდებურად არ ცნობს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს. გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სტრატეგიული ობიექტები კიდევ ერთი ძველი გადმონაშთია, რაც შემდგომში ხელს შეუშლის ეკონომიკის განვითარებას.
ნაციონალი ზურაბ ჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ სტრატეგიული ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ სამხედრო დანიშნულების, ეკონომიკაში კი ასეთი რამ არსებობს. აქედან გამომდინარე, ზურაბ ჯაფარიძეს ის დრო ახსენდება, როცა სტრატეგიულ ობიექტებად პურის ქარხნები ითვლებოდა და ამ ქარხნებს „აკონტროლებდა“ მხედრიონი.
მისი თქმით, შეუძლიათ, ასეთი რაღაც გააკეთონ და პურის ქარხანა აქციონ სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტად, რომ მშიერი არ დარჩეს მოსახლეობა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე თვლის, რომ, თუ ჩვენ ფიქსირებას გავაკეთებთ გარკვეულ ობიექტზე, მაგალითად, რკინიგზაზე, მაშინ ჩვენ მას ვწირავთ, რომ ის არ განვითარდეს და მომხმარებელი მუდმივად იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და არა ეკონომიკურ მოგებაზე.
ფაქტია, რომ ნაციონალების დროს სტრატეგიული ობიექტების საპრივატიზაციოდ გამზადებას ეწინააღმდეგებოდნენ ექსპერტები. ისინი ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხეს ხედავდნენ რუსეთის მხრიდან, რომელიც შეეცდებოდა, ხელში ჩაეგდო საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მით უფრო, რომ რუსეთი სომხეთის ეკონომიკას მთლიანად აკონტროლებდა. ასეთ შემთხვევაში, საუბარბი საქართველოს სწრაფვაზე ევრო-ატლანტიკური ვექტორისკენ სასაცილო იქნებოდა.
ცნობილია ისიც, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თავის დროზე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისგან სტრატეგიული ობიექტების გასხვისებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვა. „ყველა სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტი არის ხალხის და არა რომელიმე ხელისუფლების ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საკუთრება“, - წერდა ალასანია გილაურს და და ამ ობიექტების გასხვისებას აპროტესტებდა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ წინა ხელისუფლება აშენებდა ნეოლიბერტარიანულ სისტემას, რომლისთვისაც სტრატეგიული ობიექტები გამორიცხული იყო. აქედან გამომდინარე, ბენდუქიძის ცნობილი თეზა, ყველაფერი იყიდება სინდისის გარდა, მოქმედებდა ამ სფეროზეც და ყველა ობიექტი შეიძლება გაყიდულიყო. თუმცა, მაშინაც კი არსებობდა ჩამონათვალი იმ ობიექტების, რომელთაც არ უნდა შეხებოდა პრივატიზაცია -ასაფრენ-დასაფრენი ზოლები და სხვა. მიუხედავად ამისა, არცერთი ობიექტი არ განიხილებოდა, როგორც სტრატეგიული. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს სტრატეგიული ობიექტები, მას არ აქვს სტრატეგიული ინტერესები და, აქედან გამომდინარე, მისთვის ქვეყნის სუვერენიტეტი არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას. ამ თვალთახედვით, ექსპერტის აზრით, ღარიბაშვილის გადაწყვეტილება სტერატეგიულ ობიექტა ნუსხის შექმნის შესახებ მართებულია.
„თუმცა გააჩნია, რას მოიცავს ეს სტრატეგიული ობიექტები, რა შევა მასში, რამდენად ფართო იქნება სტრატეგიული ობიექტების ნუსხის წრე, როგორი იქნება დამოკიდებულება ამ ობიექტების მიმართ, რას ნიშნავს ევროკავშირისკენ ჩვენი სვლის პარალელურად, ასეთი ობიექტების ნუსხის შემოღება. გარკვეული თვალსაზრისით, ფოთის პორტიც სტრატეგიული ობიექტია, მაგრამ რეალურად იგი უკვე გაყიდულია. ამიტომ, ცოტა დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს ამ კანონპროექტისადმი დაბრუნება“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი პირველი ტიპის ობიექტები - ენერგეტიკა, სატრანზიტო ტიპის (პორტი, აეროპორტი) და ენერგეტიკული ობიექტები განსაზღვრავს ქვეყნის გეოპოლიტიკური განვითარების პერსპექტივებს. ეს ობიექტები მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების მქონე სამხედრო, თავდაცვითი და უსაფრთხოების დანიშნულების ტიპის ობიექტები.
„კახა ბენდუქიძის პრივატიზებიდან გამომდინარე, წინა ხელისუფლება ამით არ იყო დაინტერესებული, ის ატარებდა ჩუბაისისეულ შიშველი კაპიტალიზმის პოლიტიკას, რამაც რუსეთი თვითონ დაღუპა, ბენდუქიძემ იგივე შემოგვიბრუნა ჩვენ, ეს იყო მარაზმი და იდიოტიზმი. წინა ხელისუფლება ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებდა. საბჭოთა კავშირი იქნება, დამოუკიდებელი საქართველო თუ აფრიკაში უგანდის სახელმწიფო, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები. ამასთან, ყველა ქვეყანას თავისი გეოპოლიტიკური განვითარების სხვადასხვა პარამეტრები აქვს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში.
ცნობისთვის, სტრატეგიულ ობიექტთა ჩამონათვალს სპეციალური სამთავრობო კომისია შექმნის. თავის დროზე ამ ჩამონათვალის 21-პუნქტიანი ნუსხა არსებობდა, სადაც მაგისტრალურ ნავთობსადენთან თუ გაზსადენთან ერთად შედიოდა ხიდები, გვირაბები, აეროპორტი, საკონცერტო და სამაყურებლო, სპორტული თუ სამედიცინო დაწესებულებები. 2008 წელს კი მთავრობამ ნუსხა შეამცირა და 5 პუნქტამდე დაიყვანა. განსაკუთრებულ მნიშვნელობის ქონებაში შევიდა მხოლოდ სენაკისა და მარნეულის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ფოთის ახალი ნავსადგური (შუქურა, შუქნიშნები, აკვატორია), ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შუქურა, შუქნიშნები და აკვატორია.